ისევ კვარაცხელია და გრანდების რიგი იზრდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ უქმეებზე, იტალიის ჩემპიონატშ ქართული დერბი გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს სტუმრობდა. ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა განსხვავებულად. ნეაპოლელებმა მეტოქე 4:1 დაამარცხეს და ამ საქმეში კვარაცხელიას წვლილი უდიდესია. მან პენალტიც მოიპოვა, 93-ე წუთზე კი თანაგუნდელს საუცხოო პასი მისცა და ცარიელ კარში გაატანინა. შესაბამისად, კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ყველა გამოცემამ, მას ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის, უმაღლესი შეფასება დაუწერა. თუმცა, მთავარი ეს კი არა, ის გახლავთ, რომ ხვიჩამ ყველა ტურნირზე, „ნაპოლის“ მაისურით 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მისი უშუალო მონაწილეობით, ნეაპოლელებმა 14 გოლი გაიტანეს. 14 გოლიდან 6 უშუალოდ თავად კვარაცხელიამ შეაგდო, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი აიკიდა, რომლებიც გოლად მისმა თანაგუნდელებმა აქციეს.

შესაბამისად, აღარავის უკვირს ის, რომ კვარაცხელიას შეძენის მსურველთა რიგი იზრდება. ყველა აღიარებს, რომ ქართველი ისეთ დონეზე ასპარეზობს, ნებისმიერ ჩამპიონატსა და გუნდს გაქაჩავს. არაოფიციალური ინფორმაციით, კვარაცხელიას თამაშის სანახავად უკვე დადიან „რეალის“, „ლივერპულის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნის“ წარმომადგენლები. ნეაპოლელი გულშემატკივრებიც ხვდებიან, რომ ძალიან დიდია იმის ალბათობა, ქართველი ვარსკვლავი მათ გუნდს „ფუკასავით“ ააცალონ, ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობას კატეგორიულად სთხოვენ, რომ ქართველს ჯამაგირი გაუზარდონ. საქმე ის გახლავთ, რომ ანაზღაურების მხრივ, ხვიჩა გუნდში მე-17 ადგილზეა და მისი წლიური ჯამაგირი 1.5 მილიონი ევროა. ეს მაშინ, როცა სხვები მასზე გაცილებით მეტს იღებენ.

კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამბობს, რომ ზამთარში ქართველის კონტრაქტს გადახედავენ. სავარაუდოდ, ჯამაგირის გაზრდის გარდა, გაიზრდება კვარაცხელიას გამოსასყიდი ფასიც და ის... 100 მილიონი გახდება. სწორედ ეს ციფრი თქვა დე ლაურენტისმა, როცა ჰკითხეს, რა ფასად შეელეოდა ქართველ ვარსკვლავს. მეორეს მხრივ, 100 მილიონის გადახდა, „რეალსაც“ შეუძლია, „ლივერპულსაც“ და „მანჩესტერ სიტისაც“. რაც შეეხება გერმანულ „ბაიერნს“, ეს კლუბი ფეხბურთელებში კოლოსალური თანხების გადახდას ყოველთვის ერიდება და ურჩევნია, პერსპექტიული ფეხბურთელები იაფად იყიდოს და თავად გაზარდოს. ხვიჩას შემთხვევაში ეს არ გამოვა, ის უკვე გაზრდილია.

რადგან სხელფასები ვახსენეთ< მოდით, იმ ფეხბურთელთა ათეულიც ვნახოთ< ვინც მიმდინარე წელს ყველაზე მეტი მიიღო. ხელფასების და პრემიების გარდა, აქ სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებული თანხებიცაა გ ათვალისწინებული:

კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) – 128 მილიონი დოლარი

ლიონელ მესი (პსჟ, საფრანგეთი) – 120 მილიონი დოლარი

კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, ინგლისი) – 100 მილიონი დოლარი

ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი) – 87 მილიონი დოლარი

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ინგლისი) – 53 მილიონი დოლარი

ერლინგ ჰოლანდი (სიტი, ინგლისი) – 39 მილიონი დოლარი

რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, ესპანეთ) – 35 მილიონი დოლარი

ედენ აზარი (რეალი, ესპანეთი) – 31 მილიონი დოლარი

ანდრეს ინიესტა (ვისელ კობე, იაპონია) – 30 მილიონი დოლარი

კევინ დე ბრუინი (სიტი, ინგლისი) – 29 მილიონი დოლარი