Menu
RSS

როგორ იცავს კანონი კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ყოფილმა თანამშრომლებმა პროფესიული კავშირების ოფისში პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მარკეტების გასახდელებში სათვალთვალო კამერები ძირითადად ქალების განყოფილებაშია დამონტაჟებული და მათ ადმინისტრაცია ტანსაცმლის გამოცვლასა და უნიფორმის ჩაცმას ავალდებულებს. პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ მონიტორინგის ოთახში შესვლაზე წვდომა მამაკაცებსაც _ დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს აქვთ; მეტიც, ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ამ ოთახიდან ხშირად სიცილის ხმაც ისმის. ,,ვერსია’‘ შეეცადა გაერკვია, არის თუ არა აღნიშნული ფაქტი თანამშრომლების უფლების დარღვევა და არეგულირებს თუ არა კანონი საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებული პირის უფლებათა დაცვას. პროფკავშირებში განმარტეს, რომ აღნიშნულ ფაქტს თვენახევრის განმავლობაში იკვლევდნენ. აქვთ მტკიცებულება _ ტელეფონით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს გასახდელში დამონტაჟებული ვიდეოკამერა. ორგანიზაციამ ფაქტით დაინტერესებისთვის პერსონალური მონაცემთა დაცვის ინპექტორსა და პროკურატურას მიმართა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ,,ფრესკოს’‘ დავუკავშირდით, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მარიამ აფრიდონიძემ დაგვიდასტურა, რომ ვიდეოკამერები ქალების გასახდელშია დამონტაჟებული, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ კომპანიის დაცვის სამსახური მხოლოდ ქალებისგანაა დაკომპლექტებული და ამ კამერებთან წვდომაც მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აქვთ. „ამის შესახებ ბრძანება 2016 წლის 17 თებერვალს გამოიცა, რითაც გათვალისწინებულია, რომ მხოლოდ ცვლის მენეჯერები უყურებენ ამ კამერებს’‘, _ განმარტა აფრიდონიძემ და კამერების დამონტაჟების მიზეზებზეც ისაუბრა: ,,გოგონების გასახდელში ქურდობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება თანამშრომელ გოგონებს შორის მძიმე ფორმებში. იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, საჭიროდ ჩავთვალეთ, დაგვეყენებინა გასახდელში ვიდეოკამერები, რის შემდეგაც აღმოიფხვრა აღნიშნული პრობლემები’‘.
ეს გასაგებია, მაგრამ საინტერესო ისაა, მიიჩნევს თუ არა ,,ფრესკო’‘ აღნიშნულ ფაქტს თანამშრომლების უფლების შელახვად? ამ კითხვაზე კომპანიაში ასე გვიპასუხეს: ,,ეს კამერები საჯარო ადგილასაა დამაგრებული, ამიტომ არანაირი ფარული მიყურადება და თვალთვალი არ ყოფილა. ყველა თანამშრომელს აქვს ინფორმაცია ამის შესახებ. არ მიგვაჩნია, რომ ამით უფლებებს ვარღვევთ და თუ ვინმეს ასე ჰგონია, შესაბამის უწყებებს მიმართოს’‘.
ვითარებაში უკეთ გასარკვევად შესაბამის უწყებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს მივმართეთ. ინსპექტორის აპარატში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული ინფორმაციის შეტყობისთანავე დაიწყეს „ფრესკოს“ ფილიალების შემოწმება. ე.წ. ინსპექტირება გულისხმობს ადგილზე ვითარების გაცნობას, დოკუმენტების, ჩანაწერებისა და ინფორმაციის გამოთხოვა/გაცნობას, ასევე ზეპირი განხილვის ჩატარებას, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, ისე მონაცემთა სუბიექტისგან ახსნა-განმარტებების მიღებას და სხვ: „ინსპექტორის აპარატი გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო უფლებამოსილებას, რათა სრულყოფილად შემოწმდეს და ყველა გარემოება გამოკვლეულ იქნას’‘.
კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული ფაქტი პიროვნების პერსონალური უფლების დარღვევა, ასე გვიპასუხეს: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი გულისხმობს, რომ ვიდეოთვალთვალი გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახებში დაუშვებელია. ეს გარკვევით წერია კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში. გარდა ამისა, კანონი განსაზღვრავს სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის მიზნებსა და საფუძვლებსაც და განმარტავს, რომ: „სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ“. პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატში ისიც განგვიმარტეს, რომ თუ გარემოებების შესწავლის შედეგად კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევა დადგინდება, დამრღვევი დაწესებულება გაფრთხილებას მიიღებს ან 500 ლარით დაჯარიმდება; განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმა 2000 ლარამდე იზრდება. გარდა ამისა, კანონმდებლობა ინსპექტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის განადგურება.
ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე _ როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ მოქალაქეები მსგავსი უფლების დარღვევისგან და როგორ არეგულირებს კანონი კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს ამ კონტექსტში, ამგვარი პასუხი მივიღეთ: ,,მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. გარდა ამისა, მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვას არეგულირებს „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი მოქმედება ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციაზე ვრცელდება, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობს. კანონი ადგენს იმ საფუძვლებს, პრინციპებსა და წესებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და შეასრულოს მონაცემთა დამმუშავებელმა ნებისმიერმა ორგანიზაციამ. მონაცემები უნდა მუშავდებოდეს სამართლიანად და კანონიერად, მოქალაქის ღირსების შეულახავად, კონკრეტული და მკაფიო მიზნით, ადეკვატურად და პროპორციულად. სწორედ, ეს პრინციპები ვრცელდება მონაცემთა დამუშავების ნებისმიერ ფორმაზე, მათ შორის ვიდეოთვალთვალზეც’‘.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ზედამხედველობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე და მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენციაა და თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ ინსპექტორის აპარატს.
ისე, საინტერესოა, რომ ინსპექტორის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილია 2 შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა ტანსაცმლის მაღაზიის გამოსაცვლელ ოთახებსა და სავაჭრო ცენტრის საპირფარეშოში შესაძლო ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით ინსპექტორის აპარატს მიმართეს. შეტყობინებების საფუძველზე დაიწყო ინსპექტირება და დადგინდა, რომ გამაფრთხილებელი ნიშნის არსებობის მიუხედავად, ფაქტობრივად, ვიდეოგადაღებას ადგილი არ ჰქონია. ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია, მოეხსნათ ვიდეოთვალთვალის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები.
ზოგადად, ვიდეო და აუდიოჩაწერასთან დაკავშირებით ინსპექტორის აპარატმა გასული წლების განმავლობაში არაერთი დარღვევა გამოავლინა. მაგალითად, 2015 წელს ინსპექტორმა დააჯარიმა სამი ფარმაცევტული კომპანია, რომლებიც ვიდეოკონტროლს და მომხმარებელსა და ფარმაცევტს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერას აწარმოებდნენ. ინსპექტორმა ეს მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში არაპროპორციულ ჩარევად მიიჩნია და ჯარიმასთან ერთად თითოეულ კომპანიას აუდიოჩაწერის შეწყვეტა, ასევე მოპოვებული მასალის განადგურება დაავალა. 2016 წელს ინსპექტორის აპარატმა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის 11 შემთხვევა დაადგინა.
,,ვიდეო და აუდიო ჩაწერის სისტემები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს და ინსპექტორის აპარატი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით როგორც მოქალაქეების ინფორმირების, ისე ორგანიზაციების მხრიდან კანონის შესრულების მონიტორინგის კუთხით“, _ განგვიცხადეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურში
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში