Menu
RSS

ქუჩაში შეიძლება დღის განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო ამბავი მოხდეს, თან ქუჩასაც გააჩნია, მაგრამ თურმე არსებობს ისეთი „თავგადასავლები“, რომლებიც მხოლოდ ქალებს/ გოგონებს გადახდენიათ თავს, კაცებს/ბიჭებს კი მათ შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს. 
ცოტა ხნის წინ შეიქმნა Facebook-გვერდი სახელწოდებით „რა მოხდა ქუჩაში?“, სადაც სხვადასხვა ასაკისა და გარეგნობის ადამიანები მუდმივად წერენ ისტორიებს. ისტორიები, შინაარსით მეტ-ნაკლებად იდენტურია და მათ ავტორებსაც ერთი ნიშანი აერთიანებთ: სქესი. ყველა მათგანი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია და ყველა საუბრობს იმაზე, როგორ იქცნენ სექსუალური შევიწროვების ობიექტებად სხვადასხვა დროს, ადგილასა და სიტუაციაში.
ისტორიები მრავალფეროვანია, მათი უმრავლესობა კი შოკისმომგვრელი. მაგალითად, რამდენიმე არასრულწლოვანი გოგო საუბრობს, როგორ იქცნენ ხანშიშესული („ბაბუისხელა“) კაცის მასტურბაციის მოწმეებად საზოგადოებრივ ტრანსპორტში. უამრავი ისტორიაა იმაზე, როგორ ეკვრებიან ხოლმე უკნიდან ავტობუსებში კაცები და ხელებს უფათურებენ. მიწისქვეშა გადასასვლელები რომ სექსუალური მანიაკების ბუდედაა ქცეული, ეს ისედაც ბევრისთვის ცნობილია. ამ ისტორიებში კარგად ჩანს ფსიქოლოგიური სტრესი და ხშირ შემთხვევაში ტრავმაც, რომელსაც ამგვარი სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი განიცდიან. ათობით ისტორია დაკავშირებულია ტაქსში მომხდარ ამბებზე, როცა მძღოლები მასტურბირებენ, ხელებს უფათურებენ მგზავრებს ან სხვა მიმართულებით მიჰყავთ ისინი.
„ბევრი ისტორია არაფრით განსხვავდება სხვა გოგოების ისტორიებისგან, მაგრამ დასასრული ყველას თითქმის ერთნაირი გვაქვს. არ ვიცი, რა ძალით და ენერგიით, რომელიც აქამდე არასდროს შეგვიმჩნევია ჩვენში, ვუსხლტებით ხელიდან და გავრბივართ უფრო სწრაფად, ვიდრე ნასას რომელიმე კოსმოსური ზონდი შევა ვარსკვლავთშორის სივრცეში (ანანო, 19 წლის)’‘.
ეს ის ისტორიებია, რომლებიც გოგონების უმრავლესობას სულაც არ უკვირს, რადგან მსგავსი რამ რამდენჯერმე მაინც გამოუცდიათ საკუთარ თავზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მამაკაცების უმრავლესობისთვის მათ მიერ მოყოლილი ამბები ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება და ამ ყველაფრის დაჯერება რთულია. დაიწერა უამრავი სკეპტიკური კომენტარი, რომ ეს ქალები ყველაფერს იგონებენ, რადგან უბრალოდ წარმოუდგენელია მსგავსი რამ საჯარო სივრცეში ხდებოდეს. ეს აზროვნება ბუნებრივიცაა იმ გაგებით, რომ რთულია დაიჯერო ის, რაზეც არასოდეს გიფიქრია, რაც არასოდეს გადაგხდენია თავს და მოულოდნელად იგებ, რომ ყოველ წუთას და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება.
ამგვარი სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა უმრავლესობა გარბის, პირდაპირ კონფლიქტს, მხილებასა და დაპირისპირებას თავს არიდებს, რადგან იციან, საზოგადოება მათ მხარს არ დაუჭერს, პირიქით, შეიძლება დაადანაშაულონ კიდეც.
„აქ წაკითხულ ისტორიებში ჩემს თავს ვხედავ. სხვების მსგავსად, მეგონა, მე ვიყავი დამნაშავე იმაში, რომ მამაჩემისხელა კაცები მხოლოდ შვილივით არ მიყურებდნენ. 4-5 შემთხვევა უკვე საკმარისი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მისაღებად _ საკანცელარიო დანით სიარული დანაშაულად არ უნდა ჩამთვლოდა (ანა, 26 წლის)’‘.
საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს კონკრეტული მუხლი, რომლის საფუძველზეც ამგვარი სექსუალური შევიწროება და ზეწოლა დაისჯება. მაგრამ არსებობენ ისეთი ქალები, რომლებიც კბილებით იცავენ საკუთარ სივრცეს და როცა დაპირისპირება გარდაუვალი ჩანს, უკან არ იხევენ.
„ბევრი ჩემი ნაცნობი გოგოსგან გამიგია, რომ მსგავს სიტუაციაში ისევ თვითონ რცხვენიათ და თავს იდანაშაულებენ, ამიტომ მინდა, ყველა გოგოს ვუთხრა, ნუ გეგონებათ, რომ თქვენ აშავებთ რამეს. შეეწინაღმდეგეთ, ეჩხუბეთ, შეაგინეთ. ყველანაირად დაიცავით თავი (ტაო ჭალიძე, 26 წლის)’‘.
ფაქტი სახეზეა, სექსუალური შევიწროება და ძალადობა ქუჩებში თუ სხვა საჯარო ადგილებში დღისითაც და ღამითაც ხშირია. ვისაც ამ ყველაფერში ეჭვი ეპარება, შეუძლია უახლოეს მდედრობითი სქესის ნაცნობს/ნათესავს გამოელაპარაკოს და მაღალსავარაუდოდ ეს ეჭვები გაეფანტება. დღემდე არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვით ამ ყველაფერზე საუბარი სირცხვილთან და „ქალური ღირსების“, „პატიოსნების“ შებღალვასთან ასოცირდება. ბუნებრივია, ეს ტენდენცია ერთ დღეში ვერ გაქრება, მაგრამ საბედნიეროდ სოციალურ ქსელში შეიქმნა საჯარო სივრცე, სადაც ქალებს, გოგოებსა თუ მოზარდებს აღარ ეშინიათ ამ თემაზე საუბრის, ამხნევებენ ერთმანეთს და წინააღმდეგობისკენ მოუწოდებენ.
ამგვარად, ნათელია, რომ სანამ იმას, რაც ქუჩაში მოხდა, შესაბამისი პასუხი არ გაეცემა, როგორც ცალკეული ინდივიდების, ასევე საზოგადოების მიერ, უფრო მეტი გოგო აარიდებს თავს იმაზე საუბარს, რა მოხდა ქუჩაში.
ბექა ბერულავა

back to top