დიდი ომი „ნაცებში“: „დაცვას რომ ეფარება, ეგ ჩმორი“... - რა პრეტენზია აქვს გიორგი მუმლაძეს ნიკა მელიასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი განხეთქილებაა. როგორც ჩანს, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია ისევ დაშლის პირასაა, რადგან აშკარად ჩანს, რომ პარტიის წარმომადგენლები „ორ ბანაკად“ გადანაწილდნენ და ერთმანეთს უკვე ფიზიკურად უპირისპირდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ენმ-ის ოფისში პარტიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „იყო დიდი ჩხუბი“ - ამის შესახებ დეტალურად ყვება დაპირისპირების მონაწილე, მოძრაობა „საქართველოსთვის“ ლიდერი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე, რომელიც საზოგადოებას არაერთ აქციაში მონაწილეობითა თუ მწვავე პროტესტის გამოხატვით ახსოვს. ასე, მაგალითად, 2020 წლის არჩევნების დროს, მუმლაძე ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი გახდა, აღსანიშნია მუმლაძის არაერთი დაკავების ფაქტიც აქციებში მონაწილეობის დროს, ე.წ. მასობრივ შიმშილობაში მოანაწილეობა და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩანს, რომ მუმლაძე ნაცმოძრაობის იმ ფრთას განეკუთვნება, რომელთაც პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვა და ქუჩის აქციებში მონაწილეობა სწორ სტრატეგიად მიაჩნიათ. როგორც ირკვევა, აქტივისტს ბოლო დროს პარტიის „ლიდერშიფთან“, კერძოდ, თავმჯდომარე ნიკა მელიასთან არაერთი კითხვა, სწორედ მოქმედების სტრატეგიულ გეგმასთან და როგორც თავად ამბობს, უფუნქციობასთან დაკავშირებით გაუჩნდა, რის გამოც პარტიის ოფისში მისულს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდარის შესახებ გიორგი მუმლაძემ Facebook-Live-ით, 25 სექტემბერს, ღიად ისაუბრა და ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან „პანღურით გაგდება“ დაუანონსა.

„ვერსია“ გიორგი მუმლაძის მიერ, „ფეისბუქ-ლაივით“ გაკეთებულ განცხადებას გთავაზობთ:

... NDI-ის კვლევებიდანაც ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხალხს ოპოზიციის მიმართ, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის ერთადერთი გზა, რომ რაღაც ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას, რათა „შევაწუხოთ“ ხელისუფლება. რაც შეეხება მოვლენებს, რომელიც ენმ-ის ირგვლივ ვითარდება, ბოლო პერიოდში მქონდა ლეგიტიმური კითხვა პარტიასთან, რომელსაც წლების განმავლობაში ვაძლევ ხმას და მერე ვიცავ ამ ხმებს... განსაკუთრებით პარტიის თავმჯდომარესთან, რომელსაც ბევრი დაპირება აქვს გაცემული, რასაც არ ასრულებს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, პარლამენტში არ შევალთო, რომ ამბობდა და შევიდა პარტია პარლამენტში. შემდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე ისაუბრა და აქაც არაფერი ხდება... ამ ფონზე, ოპოზიციის მხრიდან ბევრმა ცრუ დაპირებამ და უუნარობამ ოპოზიიციის მხარდაჭერა გაანულა და ბუნერბივია, კრიტიკა მნიშვნელოვანია. დაახლოებით, ათი დღის წინ, „ფეისბუქ-ლაივში“ გავაჟღერე კონკრეტული კითხვები ნიკა მელიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა შემდეგს - მან ერთ-ერთ განცხადებაში ისაუბრა, მოოლიგარქო ადამიანებთან მქონდა ურთიერთობაო. ასევე, მქონდა კითხვა იმაზე, თუ რატომ არაფერი ხდება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის მოთხოვნის შესახებაც მან განცხადება გაავრცელა. როგორც ჩანს, ძალიან გაღიზიანდნენ ამ საკითხზე, რადგან ყველა სივრცეში გავავრცელეს ეს თემა. დაახლოებით, ათი დღის წინ, ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნოდარ მელაძე საუბრობდა პარტიაში „ჩანერგილ“ აგენტებზე და ამ სიუჟეტიდან გამომდინარე, ჩვენს ერთ-ერთ თანამებრძოლზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ის არის სუს-ის აგენტი. ეს იყო მთავარი საკითხი, რაზეც გადავწყვიტეთ, პასუხი მოგვეთხოვა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასე უაპელაციოდ ავრცელდებდა ასეთ უბინძურეს ინფორმაციას. ნოდარ მელაძესთან და ყველასთან გადავამოწმეთ ინფორმაცია და სიმართლეა ის, რომ ჩემი მეგობარი არანაირ კავშირში არ იყო იმ ფაილებთან და გავრცელებულ ხმებთან. მოვითხოვეთ, ეს უბინძურესი საკითხი მოგვარებულიყო და მათ, ვინც ამას ავრცელებდა, მოეხადათ ბოდიში ამ ადამიანისთვის. გადაწყდა, რომ ნიკა მელიას თაოსნობით, პარტიაში იქნებოდა შეხვედრა და უნდა გვესაუბრა ამ საკითხზე. მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები, პრაქტიკულად, ფაქტის წინაშე დაგვაყენეს, რომ ჩვენს პარტიაში იყო სუს-ის აგენტი და, თურმე, ამდენი ხანი აგენტის გარშემო ვიბრძვით... ჩვენი საქმიანობა ტალახში ამოსვარეს. ორშაბათს დაიგეგმა პარტიაში შეხვედრა და ამის მოტივაცია იყო ის, რომ მათ, ვინც უარგუმენტოდ ადამიანების „გაშავებით“ არიან დაკავებულნი, სათანადო პასუხი გასცემოდათ. იმისთვის არ გვიბრძოლია ამდენხანს, რომ ვიღაცამ ეჭვით, რამე მოგვაკეროს და მერე, აქეთ მოგვთხოვოს, დამიმტკიცე, რომ აგენტი არ ხარო! ეს უბინძურესი მეთოდია ადამიანების გაშავებისა! ამ შეკრებაზე მივედით, დაახლოებით, შვიდი-რვა ადამიანი, რომლებიც მოძრაობაში „საქართველოსთვის“ ვსაქმიანობთ ყოველთვის. შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ პარტიის თავმჯომდარე, გენერალური მდივანი და გაირკვეოდა, რატომ გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია. როცა შეხვედრაზე შევიდა ოთხი ადამიანი, მეც მოგვიანებით შევედი, დანარჩენები კი კარებში შემომყვნენ და მათ მიმართ ნიკა მელიამ თქვა, ამათ აქ რა უნდათო, რაც გამიკვირდა, რადგან ჩვენი მეგობრები არიან, რომლებსაც უნდოდათ, დასწრებოდნენ შეხვედრას იმიტომ, რომ მათ თანამებრძოლზე ვრცელდებოდა უბინძურესი ინფორმაცია. მელიამ მითხრა, რომ მას არ უნდოდა, ეს ხალხი ამ შეხვედრას დასწრებოდნენ. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან მისი მიზანი სიმართლის გარკვევა უნდა ყოფილიყო. მელიამ მითხრა, არ მინდა, რომ შენც აქ იყოო და როცა ვკითხე, რატომ-მეთქი? (კი, მივხვდი, რომ ეს მანამდე, ჩემს მიერ ჩაწერილ „ლაივსა“ და მის მიმართ კრიტიკულ კითხვებს ეხებოდა და როგორც ჩანს, ამაზე გაღიზიანებული იყო)... მელიამ მიპასუხა, შენ ცალკე გინდა პარტია, თუ ეს პარტია გინდაო. მე ვკითხე, ოდესმე, რამეში გვერდში არ დაგიდექი-მეთქი? - როცა ეს ვკითხე, გაჩუმდა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რაში დავუდექი მელიას გვერდით და როდის. მხოლოდ რამდენიმე ფაქტს ჩამოვთვლი, რატომაც ხმა ვერ ამოიღო და ვერასდროს ექნება პრეტენზია ჩემ მიმართ: როცა მისი დაკავება ხდებოდა, პარტიაში ვიყავით შეკრებილი და ოთხი დღე-ღამე, იქ ვიცხოვრეთ ჩვენი მოძრაობის წევრებმა, ბოლოს კი თქვა, პროვოკაცია არ არის საჭიროო ანუ ოთხი დღე-ღამე მზად ვიყავით იმისთვის, რომ სპეცრაზმს პირველი შევჩეხებოდით და ვის რა მოგვივიდოდა, არავინ იცოდა, მაგრამ სულისკვეთება ამ ადამიანის დაცვა იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მელიამ გვთხოვა, ჩვენს ჯგუფს მიეღო მონაწილეობა დამკვირვებლად. ვუთხარით, რომ ზუგდიდში წავიდოდით, სადაც ანზორ მელია იყრიდა კენჭს. ზუგდიდში თავს დაგვესხა, დაახლოებით, 40 ადამიანი, გვცემეს და დაკითხვაზე წაგვიყვანეს, დაგვაკავეს. ათი დღე გავატარე პატიმრობაში. შემდეგ იყო მასობრივი შიმშილობა, როცა ვიცოდით, რომ გარე სივრცეში უნდა მომხდარიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში უნდა გვეშიმშილა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი არ მოგვწონდა, პარტიის თავმჯდომარის ამ გადაწყტვეტილებას დავეთანხმეთ და ჩვენი მოძრაობის ყველა წევრმა ვიშიმშილეთ. ამ ფონზე, ხომ იცის ამ ადამიანმა, რომ სადაც დასჭირდა, ყველგან გვერდში დავუდექი?! შეხვედრაზე, შემდეგ მკითხა, რა კითხვებს მისვამ, „ფეისბუქზე“ რა დღეში ხარო? - ვუპასუხე, რამე არასწორია, რაზეც არ უნდა გამცე პასუხი-მეთქი? - ამაზე გაბრაზდა და მითხრა, შენ პროვოკატორი ხარო, რაზეც ვუპასუხე, მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც-მეთქი. უმძიმესი ბრალდებაა, როცა ადამიანს უწოდებ პროვოკატორს, ლეგიტიმურად დასმული კითხვების გამო. ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც მისი დაცვის წევრების ნაწილი, ასევე, მძღოლი და სხვა პირები იყვნენ ჩართულნი. რა თქმა უნდა, ჩვენც ვუპასუხეთ სათანადოდ, იყო ძალიან დიდი ჩხუბი. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა საჯაროდ გაიგონ, რეალურად რა ხდებოდა, რადგან საჯაროობა არის მთავარი იარაღი დემოკრატიისთვის. ჩემი სიტყვების დასტურია ის, რომ რამდენიმე ადამიანს აქვს ფიზიკური დაზიანებებიც. ყველაზე ცუდი იყო ის, რომ ადამიანები, რომელთანაც მოგვივიდა ფიზიკური დაპირისპირება, საკმაოდ ბრუტალურად იქცეოდნენ, რადგან ისინი უმრავლესობაში იყვნენ, ჩვენ კი - უმცირესობაში. რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი როლი იყო წარმოუდგენლად ცუდი, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ამ პროცესში მედიატორის როლი ეთამაშა, ეს არ გააკეთა და რაღაც მომენტში, პირიქით, წამახალისებელი იყო ამ დაპირისპირებისა. „ქართული ოცნება“ მდევნის სიტყვის თავისუფლებისთვის და აქაც ჩემი „ფეისბუქ“ აქტიურობის გამო, პრაქტიკულად, აღმოვჩნდი მსხვერპლი ფიზიკური ძალადობისა. დავადასტურე ეს ფაქტი, რადგან ათასნაირი ჭორი ვრცელდება, რომ თითქოს იმიტომ დავუპირისპირდით ნიკა მელიას, რომ ის კეზერაშვილთანაა დაპირისპირებული და გამოვყავართ ისე, თითქოს, ვიღაცის საქმეს ვაკეთებთ. სისულელეა, ხალხო, ჩვენ მივედით პარტიაში ღირსების დასაცავად და აბსურდია, რომ ეს ვიღაცის დავალებით გავაკეთეთ! ამიტომ, ყველას მივმართავ, არ დაგცდეთ სიტყვა იმაზე, რომ ვინმეს ინტერესების გამო მოგვივიდა დაპირისპირება. დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ ვცადეთ, გაგვერკვია, რა და როგორ ხდებოდა. აგრესია მოდის მელიასგან, რადგან მის მიმართ სულ კითხვები მაქვს... ვინც ამ ჩხუბში მონაწილეობდნენ, არიან ლაჩრები და წარმოუდგენელია, ასეთ ხალხთან ერთად, რამე ბრძოლას ჰქონდეს აზრი, რადგან სუსტ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადათელვა რომ სიამოვნებას განიჭებს და ეს ეხება ნიკა მელიასაც, პირდაპირ ვასახელებ მას - ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, რომელიც აფარებულია დაცვას და ისე „ებლატავება“ ხალხს. სადაც შემხვდება, სათანადო პასუხს გავცემ სიტყვით და თუ იქნება საჭირო, თავსაც დავიცავ, რადგან ეს ადამიანი არის ლაჩარი... ეს ადამიანი არ უნდა იყოს ამ პარტიის თავმჯდომარე! ამ ამბის შემდეგ, ნიკა მელია გამოვიწვიე დებატებში, რათა დამემტკიცებინა, რომ ის უნდა გადადგეს პარტიის თავმჯდომარეობიდან. ერთი სიტყვა არ დამიძრავს შურისძიებაზე და დღეს ჩემზე ათასი სიბინძურე ვრცელდება, რომელსაც პარტიაში დასაქმებული ხელფასიანი ტიპები ავრცელებენ. მათ მინდა, ვუთხრა: თქვენ ხართ ჩმორები, „ფეისბუქ-ლომები“ და სინამდვილეში, არაფერი შეგიძლიათ. დღეს ასტრალში გავიდა პარტიის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც გადაწყვიტა, ჩემზე გაევრცელებინა ყალბი ინფორმაცია, რომელიც მონაწილეობდა დაპირისპირებაში. დაწერა სტატუსი, რაზეც კომენტარი დავუწერე, წაშალა ეს კომენტარი და პირად მიმოწერაში დაიწყო მუქარა, რომ გამიხვრეტდა შუბლს. მართლა მეცინება, რომ ასეთი ლაჩარი შუბლის გახვრეტით მემუქრება. ამიტომ, ეს „ლაივი“, პირველ რიგში, ამისთვისაა - როცა თავს დავიცავ ასეთი გარეწრებისგან და ჩემი აზრით, ეს ხალხი მოქმედებს „ქართული ოცნების“ ხელდასმით, რადგან ვერ გაბედავს ოპოზიციონერი მუქარას, თუ გარკვეული „კრიშა“ არ აქვს. ეს ადამიანი არის თენგო სანაია და მეცინება, როცა იარაღით გაგორებით მემუქრება... თუ სადმე გაიგეთ, რომ ამ ხალხიდან რომელიმესთან მომივიდა კონფლიქტი, არ მაქვს იმედი საგამოძიებო ორგანოების, მე არ მაქვს უფლებები ამ ქვეყანაში, მე ვარ ადამიანი, რომელიც 14-ჯერაა დაჭერილი... ვაცხადებ, რომ პირველ რიგში, ჩემი თავის იმედი მაქვს და ამ პროვოკატორებს სათანადო პასუხს გავცემ. ჩემი მიზანია, ეს პარტია გაიწმინდოს ასეთი ხელფასჩამოკიდებული ლაჩრებისგან, რომელთა თავშესაფრადაც აქცია მელიამ ეს პარტია. ამ „ბანდიდან“ ერთ-ერთმა დღეს რაც იკადრა, ამაზე საჯაროდ უნდა განმეცხადებინა, რადგან მქონდეს ალიბი, რომ ვინმეს მიმართ პროვოკაციას კი არ ვაწყობ, არამედ, ეს ადამიანი თუ მსგავს რამეს ჩაიდენს და რაღაც მოხდა, რომ მემუქრება ეს ნაძირალა, მას გაეცეს სათანადო პასუხი. ეს არის უბინძურესი პროვოკაცია, რაც მოაწყო თენგო სანაიამ, რომელიც ასევე მონაწილობდა პარტიის დაპირისპირებაში და ჩემი მთავარი მიზანია, რომ ნიკა მელია პანღურით იქნას გაგდებული პარტიიდან, რადგან ის არის მოძალადე ელემენტი, რომელსაც შეუძლია, განსხვავებული აზრის გამო, ადამიანი დაჩაგროს, მაგრამ ჩემთან ამას ვერ გააკეთებს... მელიას მივართავ - დაცვას რომ ეფარება, ეგ ჩმორი, როგორ უნდა სუსტის დაჩაგვრა, მაგას ვანახებთ ცოტა ხანში. არავის მოვუთმენ, რომ ვიღაცამ, ჩემი აზრების გამო, ცენზურა დამიწესოს, თან ვის? - მის გამო, მზად ვიყავი, სპეცრაზმს დავხვედროდი პარტიის ოფისში! მის გამო, ათი დღე მომიწია ფოთის იზოლატორში პატიმრობა... მასობრივი შიმშილობის დროს, კინაღამ დავიხოცეთ და დაგვცინოდა ხალხი იმ სივრცის გამო, სადაც ვშიმშილობდით, პარტიის ოფისში. ეს ხალხი, რომელიც ახლა მელიას იცავს, დასცინოდა მაშინ ამ გადაწყვეტილების გამო“...

გიორგი მუმლაძის აღნიშნული სკანდალური განცხადების შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

„რამდენიმე კვირის წინ, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას წარუდგინა ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხების კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ამ მიზნით, პარტიამ გაააქტიურა ორგანიზაციული რეფორმები და გადადგა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანობა, კონსოლიდაცია და აღნიშნულ გეგმაზე სრული კონცენტრირება. ამ ფონზე, გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო, გვიხდება ამ განცხადების გაკეთება, რაც სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის არ იქნებოდა პრიორიტეტული. „ტვ პირველზე“, „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუს-ის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიური ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით, მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია. ერთი კვირის წინ, ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ, სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში. ...რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში, პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით. ...ამ ვითარებაში, მთავარი აქცენტი ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დამარცხებაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი „რუსული ოცნების“ სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებისა და შიდა განხეთქილების განცდის შექმნას. რიგ საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, რაზეც დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, პარტიაში დისკუსია საჯაროდ მიმდინარეობს. ეს ჩვენი არჩევანია, რადგან ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ თავს ჩვენს ამომრჩეველთან. ამავე დროს, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანია სტრატეგიაში - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით, დაჩქარებული ტემპით აუცილებელი რეფორმების გატარება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება. ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წინაპირობა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, როგორ დავაჩქაროთ ოლიგარქის მმართველობის დასასრული საქართველოში. ჩვენთვის პარტიის არჩეული თავმჯდომარისა და პარტიის მმართველობის მიმართ კრიტიკული და საქმიანი შენიშვნები მისასალმებელია. ამავე დროს, შეურაცხყოფა და ურთიერთობის ქუჩური წესი მიუღებელი და დაუშვებელია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გადაუხვევს ხელისუფლების ვადამდელი არჩევნების გზით ცვლილების არჩეულ სტრატეგიას და ამ გზაზე, აქტიურად ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთვისაც ეს იდეა არის მნიშვნელოვანი. ძალა ერთობაშია!“