Menu
RSS

საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. მართალია, სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხისადამი გულგრილი არ არის და შეიძლება ითქვას, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყველა ზომას მიმართავენ, მწეველთა რაოდენობა რომ შემცირდეს, მაგრამ საკითხავია _ ეს ზომები რამდენად ეფექტურია? არასრულწლოვნებზე თამბაქოს მიყიდვა, სასწავლო დაწესებულებებთან ამ პროდუქციის გაყიდვა და აქციზის გადასახადის გაძვირება, წესით, პრევენციული ღონისძიებები უნდა გამხდარიყო და ზოგ ასპექტში შეიძლება ასეცაა, მაგრამ სურვილი და რეალობა ამ შემთხვევაშიც მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან _ თამბაქოს ნაწარმის გაძვირებამ სხვა პრობლემები წარმოშვა:
საქმე ის გახლავთ, რომ თავის დროზე, როცა სიგარეტის ღერებით გაყიდვა აიკრძალა, ბევრი ამ ინიციატივას დადებითად შეხვდა და ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიგარეტის გაძვირებამ კვლავ წარმოშვა მოვაჭრეებში კოლოფის დაშლის აუცილებლობა. მიზეზი მარტივია: ა) რაც მეტს ივაჭრებენ, მით უკეთესი; ბ) ღერებით თამბაქოს გაყიდვა ორმაგ მოგებას ტოვებს, რადგან ერთი ღერი 40 თეთრი ღირს; ც) ეს ის თანხაა, რომელიც არასრულწლოვნებსაც მოეპოვებათ და შესაბამისად კლიენტთა ასაკობრივი სპექტრი უფრო ფართოა... ალბათ, ეს მიზეზები საკმარისია, რომ მოვაჭრეებმა მაღალი მატერიები გვერდზე გადადონ და შემოსავლის გაზრდაზე იფიქრონ.
სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევით, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30,6 პროცენტი მწეველია. მეორადი კვამლის ზემოქმედებას კი მოსახლეობის 38 % განიცდის.
თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის თანახმად, საქართველოში თამბაქოს რეგულარულად სკოლის მოსწავლეების 12% მოიხმარს, ეს მონაცემები სიმშვიდის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება არაეფექტურია:
ქვეყანაში არ მოქმედებს თამბაქოს პროდუქციის რეკლამირების აკრძალვის სრულყოფილი და ყოვლისმომცველი სისტემა და თამბაქოს კონტროლის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტები მინიმალურადაა დაკმაყოფილებული; ასევე, რეგულაციები არ ეხება ელექტრონულ სიგარეტსაც, რასაც სახალხო დამცველის აპარატი ნაკლად მიიჩნევს.
სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან. კერძოდ: მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს დაწესებულებების დახურულ შენობებში. საკანონმდებლო დონეზე უნდა გამარტივდეს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევის ადმინისტრირება;
აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მყისიერად უნდა უზრუნველყოს თამბაქოს პროდუქციის მავნებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და პირთათვის თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის კონსულტაციისა და მკურნალობის შესაბამისი სერვისების განვითარება.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის საკონსულტაციო ცხელი ხაზის მომსახურებით მხოლოდ 29 ადამიანმა ისარგებლა, თუმცა სერვისი მხოლოდ სატელეფონო ზარს მოიცავს.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ მომავალი თაობა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან დავიცვათ, საკმარისია თუ არა არსებული რეგულაციები და ზოგადად, არის თუ არა გამოსავალი თამბაქოს ნაწარმის გაძვირება? _ ,,ვერსია'' პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრს, დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.
,,ეს ძალიან პრობლემური თემაა. გამოვიყენებ არასახარბიელო სტატისტიკურ მონაცემებს და გეტყვით, რომ საქართველოში თამბაქოთი გამოწვეული დაავადებით დაახლოებით 11 ათასი ადამიანი იღუპება, აქედან სამი ათასი ე.წ. პასიური მწეველია. გარდა იმისა, რომ ჩარჩო კონვენციით ჩვენ გვაქვს ნაკისრი ვალდებულებები, რეკომენდებულია, რეგულაციები შემოვიღოთ და გავხადოთ ქმედითი. ვფიქრობ, ის ძირითადი რეგულაციები, რაც ამ მიმართულებით მივიღეთ, მაგალითად, აქციზის გაძვირება, ეფექტური იქნება. მსოფლიო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ ეს ნორმა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია და პირდაპირ მოქმედებს მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე'', _ აცხადებს ხუნდაძე, თუმცა ეს საკითხი სადავოა და სიმართლე რომ ვთქვათ, მწეველებისთვის თამბაქოსთვის დავის დანებების მოტივაციად რამდენად გამოდგება, გაუგებარია. განწყობა _ ფასი ათ ლარამდეც რომ ავიდეს, მაინც მოვწევ _ არსებობს და ამას ვერსად გავექცევით.
,,ვფიქრობ, აქციზის გაძვირება ნამდვილად არაა საკმარისი... მკაცრად უნდა განისაზღვროს მოსაწევი ადგილები, მაგალითად, საჯარო სამსახურებსა და ჯანდაცვის ობიექტებში კი მოწევა საერთოდ უნდა აიკრძალოს; ასევე სასწავლო დაწესებულებებთან ახლოს არ უნდა ხდებოდეს თამბაქოს რეალიზაცია და ესეც მკაცრად უნდა იყოს დაცული. ყოველგვარი რეკლამა უნდა აიკრძალოს; ასევე დაუშვებელია ღერებით გაყიდვა, პიქტოგრამებზე კი ფართი უნდა გაიზარდოს, რათა შესამჩნევი და ვიზუალურად ადვილად აღქმადი იყოს თამბაქოთი გამოწვეული ზიანი, _ აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე და აქცენტს საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობაზე აკეთებს, _ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს ინფრომირებული საზოგადოება, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს თამბაქოს მოხმარებამ და უნდა გაიზარდოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
მცდარია დამოკიდებულება, თითქოს ამ ტიპის რეგულაციები დააზიანებს ეკონომიკას. ვფიქრობ, წონადობითაც და მნიშვნელობითაც გაცილებით დიდია ის ზიანი, რასაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ახდენს თამბაქოს მოხმარება და ამას სტატისტიკაც მოწმობს. ეკონომიკის გაჯანსაღება მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდით ყოვლად მიუღებელია. ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და განსაკუთრებით ჩვენთან _ როცა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პასუხს აგებს სახელმწიფო. ესაა ჩემი დამოკიდებულება _ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ რეგულაციები, ისინი უნდა იყოს ქმედუნარიანი, აღსრულების მექანიზმი კი დახვეწილი და არ დარჩეს მხოლოდ ფურცელზე''.
საკითხავია, რამდენად შემცირდა მწეველთა რაოდენობა თამბაქოს ნაწარმის გაძვირებით და ზოგადად, რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მოვაჭრეებმა არასრულწლოვნებზე სიგარეტი ღერებით არ გაყიდონ:
,,როგორც აღვნიშნე, მსოფლიო სტატისტიკით, მწეველთა რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი ქმედითი რეგულაცია აქციზის გაძვირებაა, თუმცა მხოლოდ ეს არასაკმარისია. ჩემს გარშემო რამდენიმე ადამიანმა უარი თქვა სიგარეტის მოწევაზე... ამ ყველაფერმა სტატისტიკაში ასახვა რომ ჰპოვოს, გარკვეული დროა საჭირო. რაც ჩვენ აქციზის მატების რეგულაცია ავამუშავეთ, დიდი დრო არ გასულა, რომ სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს... რაც შეეხება არასრულწლოვნებზე თამბაქოს ნაწარმის ღერებით მიყიდვას,
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა საჭირო და საამისოდ ყველა საინფორმაციო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული. ერთია ხელისუფლების გადაწყვეტილება, საკანონმდებლო რეგულაციების შემოტანა, კონვენციით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულება, მაგრამ საზოგადოების პასუხისმგებლობაც ამ დროს უმნიშვნელოვანესია.
საუბარი იმაზეა, რომ ქვეყანაში მწეველთა რიცხვი ძალიან დიდია _ 11 ათასი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს და შობადობა დაბალია. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოება და აქ ვგულისხმობ მოვაჭრესაც, რეალიზატორსაც, მომხმარებელსაც, მშობელსაც... უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ,,აკრძალული ხილის'' მიღება ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს''.
კითხვაზე, თამაბქოს წინააღმდეგ ბრძოლა მოვაჭრეების კეთილსინდისიერებამდე ხომ არ დაგვყავს, დიმიტრი ხუნდაძე პასუხობს:
,,არა, ყველას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. საკანონმდებლო ორგანო მოახდენს საკანონმდებლო უზრუნველყოფას, აღსრულების მექანიზმი უნდა იყოს ეფექტური და ისევ და ისევ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაღალი _ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე''.
თამარ ლომსაძე

დაბრუნება დასაწყისში