Menu
RSS

„აქ მოსვლა აღარ ღირს, სეანსი სულ დაგვიანებით იწყება!“ _ რატომ აწყვეტენ ნერვებს მაყურებელს

,,რუსთაველში'' პოპკორნი, ,,პეპსი'' და საათნახევრიანი კინოსიამოვნება ფუფუნებაა _ კინოთეატრში მისულ მაყურებელს, ტექნიკური ხარვეზის გამო, შინ უშვებენ და ეუბნებიან, რომ ბილეთის ფულს დაუბრუნებენ ან სხვა დღის სეანსზე შესვლის უფლებას მისცემენ. უკეთესი ვარიანტი ჩვენების დაწყებაა, ოღონდ _ დაგვიანებით. ,,თუ გაგიმართლა და ჩვენება 10-15 წუთით გვიან დაიწყეს, ბედნიერი უნდა იყო'', _ ეს ფრაზა ბოლო დროს ხშირად მსმენია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დაჯერება მიჭირდა. ჯერ კიდევ ბნელ 90-იანებში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, სადაც მისვლა დღემდე ჭირს, შუქრი ბიძია უზრუნველყოფდა, რომ თუ შუქი იყო, ყოველ საღამოს, ათ საათზე სოფლის კლუბში კინოსთვის გვეყურებინა. ძირითადად, ინდურ კინოებს უშვებდა, მაგრამ ისეთ ფილმებსაც იქ ვეზიარე, როგორიცაა მაგალითად, ,,ერთხელ ამერიკაში'' და ,,ნათლია''. კინოჩვენებისას ერთადერთი ხარვეზი ის იყო, რომ ლენტის გადაბმის ადგილას ეკრანზე შავი ხაზები გაიელვებდა. ჰოდა, ვფიქრობდი, 21-ე საუკუნეში, დედაქალაქის ცენტრში, კინოთეატრ ,,რუსთაველში'' ასეთი რამ როგორ მოხდება-მეთქი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხდება და ამას თავადაც შევესწარი.
მოკლედ, რამდენიმე დღის წინ, კარგად გარეკლამებულ ,,ზოოსტარზე'' შვილის წაყვანა გადავწყვიტე. სეანსი 3-ის ნახევარზე უნდა დაწყებულიყო. ხანგრძლივი რეკლამის განმავლობაში, ეკრანზე ხმა და გამოსახულება, ერთმანეთის მიყოლებით, რამდენჯერმე გაითიშა, თუმცა ამისთვის ყურადღება დიდად არც ჩვენ მიგვიქცევია და არც კინოთეატრის წარმომადგენლებს. მულტფილმი დაიწყო და დაახლოებით 5 წუთში, გამოსახულება ისევ გაქრა. 2-წუთიანი შესვენების შემდეგ, ჩვენება გაგრძელდა, ოღონდ, რამდენიმე წუთში, ხმა გაითიშა. ისევ შეწყვიტეს ჩვენება და მოგვიანებით გააგრძელეს. მალე გამოსახულება ისევ გაქრა, რამაც მაყურებლების აღშფოთება გამოიწვია. დარბაზი თითქმის სავსე იყო. მაყურებლის უმრავლესობა ბავშვი გახლდათ. შესაბამისად, ალბათ, ადვილად წარმოიდგენთ, მულტფილმის დაწყება-შეწყვეტის შემდეგ, დარბაზში რა ხმაური ატყდებოდა.
_ მამა, რატომ გაითიშა მულტფილმი? რამეზე გაგვიბრაზდნენ? _ 4 წლამდე გოგონა მამას შეშინებული ჩაეხუტა.
_ არა, შვილო, ალბათ რამე გაფუჭდა, გააკეთებენ და ჩაირთვება, _ დააიმედა მამამ.
_ ვეღარ ვნახავთ მულტფილმს? _ ჩუმად მკითხა ჩემმა იმედგაცრუებულმა შვილმაც და უცებ, იგივე კითხვა ჩემს გარშემო რამდენიმე ბავშვმა თითქმის ერთდროულად დასვა. ჩვენც, სხვა რა გზა გვქონდა, დავამშვიდეთ.
რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და კონტროლიორი შემოვიდა. დარბაზის ბოლოში სინათლე გამოჩნდა და ხალხმაც ერთხმად დაიყვირა, თუ ჩვენებას არ აგრძელებთ, შუქი მაინც აგვინთეთო. აანთეს. შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ხდებოდა. გვითხრეს, რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზია და ჩვენებას, დაახლოებით 10 წუთში განაგრძობდნენ.
_ 10 წუთი რომ გავიდეს, ათჯერ უნდა დავითვალო სამოცამდე, ხო, დე? _ მკითხა ლუკამ. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ერთი, ორი, სამი, ოთხი... 26, 27, 28 _ მალე ლუკას წინა რიგიდანაც აჰყვა თვლაში 10 წლამდე გოგონა, თუმცა მეორე სამოცზე გადავიდნენ თუ არა, დაიღალნენ და გვთხოვეს, თქვენ დაითვალეთო. ავუხსენით, რომ დრო დათვლის გარეშეც გავიდოდა და ბავშვებმაც პოპკორნის ჭამა ისტერიულად განაგრძეს.
უცებ შუქი ჩაქრა და მულტფილმის ჩვენება იმ ადგილიდან დაიწყეს, სადაც გაითიშა _ ეკრანზე ნანატრი პერსონაჟები გამოჩნდნენ. გახარებულმა ბავშვებმა ერთხმად შეჰყვირეს. მოვირგეთ სათვალე, განვეწყეთ სეანსისთვის, 2-3 წუთიც და... ბაც, გამოსახულება ისევ გაქრა. ამჯერად, ბავშვებმა გაოგნება და იმედგაცრუება ჯერ ,,წუთიერი დუმილით'' გამოხატეს, მერე კი, ზოგმა ყვირილი დაიწყო, ზოგმა _ ბუზღუნი, რამდენიმემ კი ცრემლებიც ვეღარ შეიკავა. შუქი ისევ აინთო და ისე დავუბრუნდით საწყისს _ ისევ შემოვიდა კონტროლიორი. ამჯერად ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, რომ 8 წუთში დაიწყებოდა ჩვენება. ბავშვებმა ხმამაღლა გააპროტესტეს და კიდევ უფრო ხმამაღლა _ მშობლებმა, რომლებმაც ისიც მოვითხოვეთ, ტექნიკურ ხარვეზს რომ გამოასწორებდნენ, მულტფილმის ჩვენება თავიდან დაეწყოთ, ოღონდ, რეკლამების გარეშე!
ზოგმა ისევ თვლა დაიწყო ხმამაღლა, ზოგი ისევ პოპკორნს მიეძალა.
_ დედაა, მშია! _ წამოიყვირა უცებ ერთმა. აყვა მეორე მოშიებულიც. პატარები იყვნენ _ 3-4 წლისები და როგორც აღმოჩნდა, არც პოპკორნს ეტანებოდნენ, არც გაზიანს. ინ¬სტინქტურად საათს დავხედე, სადილის დრო გადასულიყო და... ლუკაც პოპკორნს უკვე მუყაოს ყუთის ფსკერზე ეძებდა.
_ ეს მულტფილმის დროს აღარ მეყოფა, _ თითქოს მიმიხვდა, რაზე ვფიქრობდი და მეორე პოპკორნის შესაძენად გავედით. რამდენიმე მშობელი გამოგვყვა. ჩვენება არც დათქმულ 8 წუთში დაიწყო. კიდევ 3 წუთი გვაცადეთო, გვითხრეს.
_ ეს უკვე მეტისმეტია. აქ მოსვლა აღარ ღირს. ბოლო დროს სულ ასე ხდება! _ წამოიყვირა ვიღაცამ უკანა რიგებიდან.
_ მართალია, 2 დღის წინ, ცოლთან ერთად, კინოს საყურებლად მოვედი. ძლივს დავამთხვიეთ ისეთი დღე, ორივეს რომ გვეცალა და ბავშვის დატოვების პრობლემაც არ გვქონდა. ნახევარ ფილმს გვაყურებინეს, მერე გათიშეს, ტექნიკური ხარვეზია, ვეღარ გავუშვებთო, გვითხრეს და თუ გნებავთ, ხვალინდელ სეანსზე მოდით, შემოგიშვებთო. მეორე დღეს არც ერთს გვეცალა.
_ ანუ, დღესაც შეიძლება, ასე გაგვყარონ? _ აღშფოთდა შუახნის ქალი, რომელსაც 4 ბავშვი ახლდა და ოთხივე ერთდროულად ეკითხებოდა, მულტფილმს ჩართავენ თუ არაო.
_ მამა, შეიძლება მართლა ვეღარ ვნახოთ მულტფილმი? _ ისევ დაინტერესდა ჩემს ზურგსუკან 4 წლამდე გოგონა.
ამასობაში, კარი გაიღო და ისევ შემოვიდა კონტროლიორი. ოღონდ, ამჯერად იბარტყა _ სამნი იყვნენ. დადგნენ ეკრანის წინ და გააბეს ჭორაობა. მათ დანახვას გაღიზიანებული მაყურებლისთვის ისეთი ეფექტი ჰქონდა, როგორც ხარის შემთხვევაში წითელ ქსოვილს აქვს ხოლმე.
_ გაგვაგებინეთ, ბოლოს და ბოლოს, წავიდეთ სახლში თუ რა ვქნათ? _ აღშფოთდა ხალხი.
_ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. 20 წუთი კიდევ გვაცადეთ და თუ ვერ გავუშვებთ მულტფილმს, სალაროში თანხას დაგიბრუნებენ.
_ მათხოვრები ვართ? ვის სჭირდება თქვენი ფული? თუ ასეა, მაშინ პოპკორნისა და ,,პეპსის'' ფულიც დაგვიბრუნეთ! _ ყვირილზე გადავიდა ახალგაზრდა მამაკაცი.
_ ვერ ხვდებით, ხალხო, გარეთ ნაციონალების აქციაა. ეტყობა გვაიძულებენ, გავისეირნოთ და იქ დავფიქსირდეთ!
_ აქცია კი არა, საერთოდ უნდათ, აქ აღარავინ მოვიდეს და დახურონ. რაც ,,კავეა'' გაიხსნა, აქ ისედაც აღარავინ დადის. ჰოდა, ეტყობა, დახურვა უნდათ კინოთეატრის, ეტყობა, ამჯერად ამ ადგილს დაადგა თვალი ბატონმა.
_ რას ამბობთ, ,,რუსთაველს'' ვინ დახურავს? ამას ისიც კი ვერ გაბედავს.
_ ოხ, ამაზე ნაკლები გაუბედავთ და გაბედავენ კიდევაც, _ გარემოების გამო გაშინაურებული მაყურებლის გადალაპარაკება, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, 4 წლის გოგონას გაბრაზებული ტონით, უჩვეულოდ ხმამაღლა რომ არ ეკითხა მამისთვის, მულტფილმი როდის დაიწყებაო.
_ აი, ჩაირბინე და ეკრანთან სამი დეიდა რომ დგას, მათ ჰკითხე, _ უთხრა მამამ. ბავშვი წამოხტა და გაიქცა. ,,დეიდა, მულტფილმს გვაჩვენებთ?'' _ ბუნდოვნად მოაღწია ჩემამდე პატარა გოგონას კითხვამ. კიო, დაუქნიეს თავი. გოგონამ მამასთან ამოირბინა და ახარა.
20 წუთის შემდეგ, ისევ ითხოვეს 4 წუთი და თუ ამ უკანასკნელადაც არ ჩაირთო, მიბრძანდით სალაროსთანო, გვითხრეს ეკრანის წინ გამოჯგიმულმა ქალბატონებმა.
_ მოგვატყუეს, მამა? _ ატირდა გოგონა.
_ მოგვატყუეს, მამიკო, _ მამა აშკარად უშედეგოდ ცდილობდა შვილის დამშვიდებას. ზოგმა კიდევ ერთი პოპკორნი მოითხოვა, მშობლებმა კი უკვე გააპროტესტეს, ჯერ ის მაინც გავიგოთ, მულტფილმი იქნება თუ არა, ტყუილად ხომ არ ვიყიდითო. ზოგ მშობელს, სხვა გეგმების გამო, ბავშვების ტირილით წაყვანა მოუწია. სიმართლე გითხრათ, მეც ბევრჯერ დავაპირე წამოსვლა, მაგრამ მთელი 2 დღე ბავშვი ისე ემზადებოდა ამ დღისთვის, იმედს ხავსივით ჩავეჭიდე _ იქნებ, გვეღირსოს მულტფილმის ნახვა-მეთქი.
გვეღირსა... და იმ დღეს იყო ბევრი პოპკორნი, ბევრი ,,პეპსი''... იყო კინოსეანსიც, ოღონდ საათნახევარზე მეტი ხნის დაგვიანებით და შესაბამისად, არ იყო სიამოვნება, რომელიც კინოთეატრში უნდა მიიღო. პირიქით, ბავშვებს ის დღე აშკარად ჩაშხამდათ _ ჯერ ერთი, ყველა იმ ადგილას შეეკრათ სუნთქვა, სადაც მანამდე მულტფილმი გაითიშა. ყვიროდნენ, ვაიმე ახლაც რომ გაითიშოსო... მერე კი, დაახლოებით ნახევარ საათში, აღარც სასმელი უნდოდათ, აღარც პოპკორნი და აღარც მულტფილმი.
_ დე, მალე დამთავრდება? მამა, სახლში მალე წავალთ? _ სეანსის ბოლო 45-მა წუთმა ამ კითხვების ფონზე ჩაიარა. სახლში მისულს კი, ალბათ ჩემსავით, ბევრ მშობელს სთხოვა შვილმა, ,,ზოოსტარზე'' კიდევ ერთხელ წამიყვანე, კარგად რომ ვუყუროო. ისინიც, ალბათ, ჩემსავით დაპირდნენ წაყვანას, ოღონდ, სადმე სხვა კინოთეატრში და არა ,,რუსთაველში'', სადაც ერთი ბილეთის ფასი 9-10 ლარიდან იწყება, ყველაზე პატარა პოპკორნში 3,5 ლარის გადახდა გიწევს, ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებამდე ყავის დალევა თუ გადაწყვიტე, მინიმუმ, 5 ლარი უნდა გადაიხადო, შესასვლელში კი, კანფეტ-დესერტების განყოფილებაზე რომ არაფერი ვთქ¬ვათ, პოპულარული ,,ტყლარწების'' მინიმაღაზიაცაა გახსნილი, სადაც ასევე გიწევს ფულის გადახდა, რადგან იმ ერთ დღეს, როცა მოახერხე, მოიცალე და ბავშვი სასეირნოდ წაიყვანე, გინდა, მაქსიმალურად ყველა კაპრიზი შეუსრულო. და ასეთ პირობებში, როცა კინოთეატრი შემოსავლის სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის, ტექნიკის გამართვა და კინოსეანსის უზრუნველყოფა რა გახდა, უბრალოდ, გაუგებარია. სხვათა შორის, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კინოთეატრის პიარსამსახურს დავუკავშირდი, მაგრამ რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, კომენტარი არ გააკეთეს. სამაგიეროდ, იმ დღეს, ჩემთან ერთად, დარბაზში მყოფმა არაერთმა ადამიანმა გააკეთა დასკვნა _ მიუხედავად იმისა, სახლთან ახლოსაა თუ არა, ,,რუსთაველში'' მისვლა აღარ ღირს!
ნინო ლურსმანაშვილი

back to top