Menu

რატომ არ შეიძლება ქუჩაში საკვები პროდუქტისა და ტანსაცმლის გაყიდვა ანუ შორია ევროპამდე!

დღეს, 20 მარტს, 09:00 საათზე მეტროსადგურ ,,მარჯანიშვილთან“ გარემოვაჭრეები აქციას გამართავენ და თბილისის მერიის იმ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომლითაც უნებართვო გარევაჭრობა აეკრძალათ. 19 მარტს, აღმაშენებლის გამზირზე, კერძოდ, მეტროსადგურ ,,მარჯანიშვილთან“ დასუფთავების სამსახურმა მოვაჭრეების კონსტრუქციები, ნივთები წაიღო და ტერიტორიის დასუფთავებას შეუდგა. როგორც მერია განმარტავს, ამ მოთხოვნით რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.
 
_ გარდა იმისა, რომ ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები იმ პრობლემებზეც საუბრობენ, როგორებიცაა: გადაადგილების შეფერხება, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება. გარემოვაჭრეები არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ თბილისში გარევაჭრობა, ნებართვის გარეშე, დაუშვებელია, თუმცა აღნიშნული ქმედება ამ დრომდე არ აღკვეთილა, _ აცხადებენ თბილისის მერიაში და აანონსებენ, რომ ანალოგიური ღონისძიებები უახლოეს მომავალში სხვა ლოკაციებზეც განხორციელდება, თუმცა თბილისის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი თვეების განმავლობაში სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ...
...მეტროსადგურ ,,მარჯანიშვილთან“ დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების გარდა, პატრულის რამდენიმე ეკიპაჟიცაა და დასუფთავებას მონიტორინგს უწევენ. აქვე რამდენიმე გარემოვაჭრეც დგას...
_ რა გითხრა, შვილო, ულუკმაპუროდ დავრჩი, _ შემომტირა მოხუცმა ქალბატონმა.
_ ბოლო საარსებო წყარო წაგვართვეს, არ გაუფრთხილებივართ, ჩვენი ნივთები ისე წაიღეს! _ საუბარში ახალგაზრდა ქალი ერევა, რომელიც ნარმანიას კრიტიკა არ იშურებს _ რომ მთხოვდა, ხმები მომიგროვე არჩევნებშიო, ახლა ნახოს, რასაც ვიზამ!
დავით ნარმანიას თანარეგიონელს სიტყვას სათვალიანი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი აწყვეტინებს:
_ მოიცა, აბა, არ უნდა აეკრძალათ?! ვერ გაივლიდა კაცი, ფეხებში გვედებოდა ეს ანტისანიტარია!
_ უპასუხისმგებლოდ მოგვექცნენ, წინასწარ მაინც გავეფრთხილებინეთ, ბანკიდან სესხს არ ავიღებდით, სად გავყიდოთ საქონელი?! _ ანაზდეულად დაიყვირა ურნაზე მიყრდნობილმა ახალგაზრდა მამაკაცმა და პროტესტის ნიშნად სიგარეტის ნამწვი დემონსტრაციულად მოისროლა...
_ მერიამ ბაზრობებზე ალტერნატიული ფართი რომ შემოგთავაზოთ, დათანხმდებით? _ ვკითხულობ.
_ კი, ოღონდ ტყეში არ წაგვიყვანონ! _ მპასუხობს ახალგაზრდა...
ისე, ,,მარჯანიშვილის'' აკრძალული მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ მათ აქციას ისინიც შეუერთდებიან, ვინც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ვაჭრობდა.
_ მარტო ისინი კი არა, ხალხი ნავთლუღიდან და სადგურის მოედნიდანაც მოვა, ასე ადვილად ვერ გაგვაჩერებენ! ან დაგვაბრუნონ, ან დაგვასაქმონ! ძალიან რომ არ გვიჭირდეს, თოვლსა და ქარში ქუჩაში ხომ არ დავდგებოდით?! _ ამბობს მოხუცი მამაკაცი, რომლისგანაც ერთი თვის წინ წიგნი 2 ლარად შევიძინე.
ისე, დედაქალაქის ისეთ ტურისტულ უბნებში, როგორიც მაგალითად, მარჯანიშვილია, საკვები პროდუქტითა თუ ტანსაცმლით ვაჭრობა მართლაც არაეთიკურია. გასაგებია, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ თუკი გვინდა, ევროპის ნაწილი გავხდეთ, ევროპული ცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ და სახელმწიფო უწყებებს ულტიმატუმის ენით არ ველაპარაკოთ. ამასთან, ისიც უნდა გავითავისოთ, რომ წესიერი ქვეყნის მეგაპოლისების ცენტრალურ ქუჩებში მხოლოდ ჟურნალ-გაზეთბი და სუვენირები იყიდება!
თათია გოჩაძე

back to top