Menu
RSS

რა არის საჭირო გამოცდებზე უმაღლესი შედეგის მისაღებად

ნებისმიერი ეპოქისთვის ,,თაობათა ბრძოლა'' დამახასიათებელია... დღესაც ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ამბობენ: „რა თაობა მოდის“, „ვის ხელში ვტოვებთ სამშობლოს?!“ არადა საქართველოში მსოფლიო დონის ბევრი წარმატებული სტუდენტია, რომელთა შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. ,,ვერსიის'' დღევანდელი რესპონდენტები _ გიორგი წიკლაური და დავით სოსელია, სწორედ მათ რიცხვში არიან.
 
გიორგი წიკლაური, ,,თავისუფალი უნივერსიტეტის'' კომ¬პიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი:
_ გიორგი, აბიტურიენტობის პერიოდში რა სირთულეების გადალახვა მოგიხდა და თუ მიიღე ისეთი გამოცდილება, რომელსაც, რჩევის სახით, მომავალ აბიტურიენტებს გაუზიარებდი?
_ სირთულეები არ მქონია. რეპეტიტორებთან ბოლო წელი დავდიოდი, უნარებში კი მხოლოდ ბოლო თვეს მოვემზადე. მათემატიკა, ინგლისური და ქართული ისედაც კარგად მესმოდა, ამიტომ მარტივად და სწრაფად ავითვისე ეროვნული გამოცდების მასალა; უნარები კი ისედაც ლოგიკურ აზროვნებას ცდის და არა მასალის ცოდნას. რამდენიმე ნიუანსის გარდა, ვფიქრობ, სპეციალური მომზადება ამ საგანში საჭირო არცაა. აბიტურიენტებს ვურჩევდი, სტრესი მოიხსნან, მითUუმეტეს, უნივერსიტეტში ბევრად რთული გამოცდები იქნება.
_ ზოგმა აბიტურიენტმა ზღვარი ვერ გადალახა. ეს განათლების სისტემის ბრალია და ზოგადად, ამ სფეროში რა პრობლემებია?
_ ვფიქრობ, ყველა საგანში ზღვარი იმდენად კარგადაა დაწესებული, ნორმალური მომზადებით არავის უნდა გაუჭირდეს გადალახვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს აბიტურიენტთა ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ზღვარს ვერ აღწევს. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც არ მოემზადნენ, მე-4 საგნად ისეთი საგანი ჩააბარეს, რომელიც, როგორც იტყვიან, მათი არაა ან უბრალოდ, არ გაუმართლათ. განათლების სისტემის დადანაშაულება არასწორია. შეიძლება, რაღაც სისტემის ბრალი იყოს, რაღაც სკოლის, რაღაც აბიტურიენტის (რასაც ბევრი არ აღიარებს), თუმცა იმდენად ბევრი ფაქტორი ირევა ერთმანეთში, რომელიმეს გამოყოფა, არასწორია. სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ხშირად იცვლებოდნენ მინისტრები და შესაბამისად, იცვლებოდა იდეოლოგია. ამ სფეროში ორი სხვადასხვა, თუნდაც რადიკალურად განსხვავებული მიდგომა არ ნიშნავს, რომ ერთი კარგია და მეორე ცუდი; არც ერთ-ორ წელიწადშია შესაძლებელი სისტემის სრული აწყობა _ ამას დრო სჭირდება.
_ მომავალში რაიმე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას ან მაგისტრატურის გავლას უცხოეთში გეგმავ?
_ გაცვლით პროგრამაში ჩართვას არა, მაგისტრატურის უცხოეთში გაგრძელებას კი ვაპირებ. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, რომელ უნივერსიტეტში ან რა განხრით, თუმცა ვფიქრობ, ან აშშ-ში წავალ, სადაც ყველაზე ძლიერი ტექნიკური უნივერსიტეტებია, ან რომელიმე გერმანულენოვან ქვეყანაში.
_ მაგისტრატურის გავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდები თუ კარიერას უცხოეთში აიწყობ?
_ სამომავლო გეგმებს არასოდეს ვსახავ, თუმცა ალბათ ვიმუშავებ პროგრამირების რომელიმე სპეციალიზებულ დარგში, მაგალითად კიბერუსაფრთხოება. არ მგონია, ერთ ქვეყანაში დიდი ხნით გავჩერდე. მრავალფეროვნება მიყვარს.
დავით სოსელია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი:
_ გამოცდებზე წარმატება სკოლის დამსახურებაა, რეპეტიტორისა თუ რაიმე თანდაყოლილი ნიჭის? სკოლა მოსწავლეს საკმარის განათლებას აძლევს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარაბელად?
_ ვერ ვიტყვი, რომ აბუტურიენტობისას ძალიან დავიტვირთე. შედეგი, ალბათ, ფაქტორების კომბინაციის დამსახურებაა. სკოლაში მიღებული ცოდნა კი, უმეტესად, ნამდვილად საკმარისია იმისთვის, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარო.
_ მიუხედავად ამისა, აბიტურიენტების ნაწილი დადგენილ ბარიერს ვერ ლახავს. ამის მიზეზი რაღაა?
_ კომპლექსური პრობლემაა... გააჩნია, რა საგანში დააკლდა ქულა. თუ ჩაიჭრა არჩევით საგანში, ალბათ სკოლის პრობლემაა, რადგან სკოლის პასუხისმგებლობაა საგანი ისე გასწავლოს, ჩაბარება არ გაგიჭირდეს. რაც შეეხება უცხო ენას, ამ საგანში ჩაჭრა აბიტურიენტის ბრალი იქნება, რადგან ამ ეტაპზე, უცხო ენის გამოცდის ჩაბარება მარტივია.
_ რატომ დაინტერესდით კომპიუტერული ინჟინერიით, საქართველოში ეს სფერო დიდად განვითარებული არაა?
_ ჯერ არ არის, მაგრამ მთავრობის პროექტია სტენდარგინგის განვითარება. ჩვენ ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიისა და სტარტაპების განვითარების დიდი პოტენციალია. საზღვარგარეთ თავის დამკვიდრების შანსიც გვაქვს. კომპიუტერი ბავშვობიდან მაინტერესებდა. უკვე დაახლოებით 5 პროექტი მაქვს და გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე.
_ ფიქრობ, სამომავლოდ შენი პროფესიით მუშაობას მოახერხებ?
_ უკვე ვმუშაობ რამდენიმე ადგილას და იმავდროულად, ჩემი სტარტაპი მაქვს. იმედია, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები შეძლებენ, საქართველოში დარგი განავითარონ. მეც, მუშაობის გაგრძელებას საქართველოში ვაპირებ. ზოგადად, დაინტერესებული ვარ ხელოვნური ინტელექტის განხრით და პროექტებიც სწორედ ამ მიმართულებით მაქვს. კვლევაზეც ვმუშაობ და კონფერენციაშიც ვმონაწილეობდი. იმედია, სხვა ქვეყანაში წასვლა არ დამჭირდება და მუშაობას აქ შევძლებ.
_ არც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას გეგმავ ან მაგისტრატურის უცხოეთში გავლას?
_ სან დიეგოს სტუდენტებს აქვთ შანსი, ყოველ სემესტრში წავიდნენ აშშ-ში. უმრავლესობას იქ ცხოვრებისა და სწავლის ხარჯებს უნივერსიტეტი უფინანსებს. პირადად, ამ ეტაპზე, საზღვარგარეთ წასვლა საჭიროდ არ მიმაჩნია, თუმცა შესაძლოა მე-4 კურსიდან წავიდე და მაგისტრატურა იქ გავიარო.
_ რამდენიმე პროექტში მონაწილეობ. ერთ-ერთზე მაინც გვიამბე.
_ ერთ-ერთი ახალი პროექტია პერსომედიკი... ეს აპლიკაცია პაციენტს აკავშირებს ექიმთან. პაციენტი რომ მივიდეს პროფესიონალთან, რამდენიმე საათია საჭირო. ამ დროს ვამცირებთ დაახლოებით 85%-ით _ დასაწყისში მინიმალურ გამოკითხვას აკეთებს ,,ჩაკპოთი'', რომელიც შემდეგ პაციენტს ექიმთან ონლაინაკავშირებს. ასე პაციენტი გაიგებს, კონკრეტულად სად მივდეს და რიგში დგომაც აღარ მოუწევს. სისტემა სამსაფეხურიანია, რომელიც გატანილი იყო ევრაზიის ჩელენჯში. სომხეთში ვიყავით, სადაც რამდენიმე ინვესტორი გავიცანით და იდეის დანერგვა-განვითარებას ვაპირებთ.
_ რას ურჩევ აბიტურიენტებს, როგორ მიაღწიონ წარმატებას?
_ უმნიშვნელოვანესია დროის განაწილება. ვურჩევ, შესვენებებით იმეცადინონ და დრო წინა წლების ბილეთებსაც დაუთმონ.
გიორგი იდუკაშვილი

back to top