Menu
RSS

საქართველოში შემოტანილ მომწამვლელ სათამაშოებს არავინ აკონტროლებს _ რა რეკომენდაციები გაუგზავნა მთავრობას ომბუდსმენმა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა'' საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ ათიდან ცხრა თოჯინა დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებას შეიცავდა. მოგვიანებით, ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმაც გასცა რეკომენდაციები, თუმცა საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივასთან, მხოლოდ 2019 წლისთვისაა გათვალისწინებული, არადა ,,საერთაშორისო სამართლებრივი აქტები და ეროვნული კანონმდებლობა აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას, ,,განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით; კონტროლის არარსებობამ კი შესაძლოა აღნიშნულ სიკეთეებს საფრთხე შეუქმნას''. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მიმართა – ,,რეაგირება მოახდინოს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში 2019 წლამდე დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული ქმედებები საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად, სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლებში''.
მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP), რომელსაც საქართველოში არსებული თოჯინები შეიცავს, ჯანმრთელობისთვის საზიანოა და აღნიშნულიდან გამომდინარე სათამაშოებში მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია 1907/2006 რეგულაციით (დაშვებული ზღვრული შემცველობაა 0.1 წონითი პროცენტი). სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დავუკავშირდით. რა გახდა სათამაშოების ბაზრის შესწავლის მიზეზი, რატომ არავინ ამოწმებს მათ უსაფრთხოებას და როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ,,მკვლელი'' სათამაშოებისგან, ,,ვერსიას'' ,,მომხმარებელი Ge'' პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა ესაუბრება.
_ ჩვენი კვლევის მიზეზი ისაა, რომ პროდუქციის ბაზრის უსაფრთხოება საქართველოში არ კონტროლდება _ არავინ ამოწმებს, არავინ აკონტროლებს და ნორმებიც არ არის დადგენილი, რას ნიშნავს უსაფრთხოება. მართალია, ნელ-ნელა სურსათის მიმართულებით მდგომარეობა მოწესრიგდა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. აუცილებელია მოწესრიგდეს არასასურსათო მიმართულებითაც. სწორედ ამას ვუხსნით მთავრობას, მაგრამ ისინი რატომღაც ფეხს ითრევენ და პრობლემა მოუგვარებელი რჩება.
ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, 2014 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო კონტროლი ბაზრის უსაფრთხოებაზე, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა... გვეუბნებიან _ როცა შევძლებთ, გავაკეთებთო.
_ კონკრეტულად სათამაშოების კვლევა რატომ გადაწყვიტეთ?
_ სურსათის მერე, ყველაზე მნიშვნელოვანია სათამაშოები, რადგან მათთან შეხება აქვთ ბავშვებს. გადავწყვიტეთ, რეალობა გვენახა _ იქნებ უსაფრთხო იყო ჩვენი ბაზარი და სანერვიულოც არაფერი იქნებოდა. ვნახეთ, რა დარღვევები შეიძლება იყოს ამ ტიპის პროდუქციაში, ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში ,,რატექსი'' ქვეყნდება შეტყობინებები, თუ რომელ ქვეყანაში, რა პროდუქცია შეიცავს მავნე ნივთიერებებს. თოჯინებსა და სხვადასხვა ტიპის სათამაშოებში აღმოჩნდა ფტალატები, რომლებიც რეპროდქუციულ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ღვიძლსა და თირკმელებს აზიანებს. ასეთი თოჯინები საქართველოშიც იყიდება და შევამოწმეთ მათი უსაფრთხოება.
_ საქართველოში, როგორც ვიცი ლაბორატორია არ არსებობს...
_ საქართველოში არც ერთ ლაბორატორიას სათამაშოების შემოწმების აკრედიტაცია არ გააჩნია, ამიტომ უცხოეთში, გერმანიის ერთ ლაბორატორიაში გავგზავნეთ ნიმუშები. ათი თოჯინა შევიძინეთ მაღაზიებში (ბაზრობაზე არსებული სათამაშოები არ შეგვიმოწმებია) და შედეგი შემაშფოთებელი იყო _ ათიდან 9 აღმოჩნდა მავნე ნივთიერების შემცველი. ჯამში 34 თოჯინიდან 22 დაბინძურებული აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვი აფთიაქებში არსებულ სათამაშოებსა და ღრძილების მასაჟორზე _ ისინი მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს.
_ ეს თოჯინები ჩინური იყო?
_ ყველაფერი ჩინურია... ჩინური არ ნიშნავს ცუდს, კარგიც ჩინეთიდან შემოდის.
_ კვლევა ჩაატარეთ და შედეგიც სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. თქვენი აზრით, ვინ უნდა გააკონტროლოს სათამაშოების უსაფრთხოება, ახალი სამსახური უნდა შეიქმნას?
_ არსებობს ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექცია, რომელსაც სამომხმარებლო ბაზარზე არსებული პროდუქციის შემოწმების უფლება უნდა მისცენ; ჩვენ კი აღმოვაჩინეთ, რომ ეს სათამაშოები შეიცავს მავნე ნივთიერებას, მაგრამ ისინი კვლავაა ბაზარზე _ მათი გაყიდვა არ აკრძალულა. დღეს საქართველოს არ აქვს ნორმა, რომლის მიხედვითაც მავნე ნივთიერების შემცველი სათამაშოების გაყიდვა აიკრძალებოდა. ეკონომიკის სამინისტრომ უნდა შემოიღოს ეს ნორმა, მისი ინიციატივით კი საქართველოს პარლამენტმა ამ ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექციას უნდა მისცეს უფლება, აკონტროლოს ბაზარზე განთავსებული პროდუქცია
_ ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული _ ნიმუშების კვლევა ალბათ საკმაოდ ძვირია.
_ სწორედ ამ ფაქტორის გამო მხოლოდ ერთი პარამეტრით შევამოწმეთ ეს თოჯინები, სრული შემოწმება _ შეესაბამება თუ არა ესა თუ ის პროდუქტი ევროპულ პარამეტრებს, 2000 ევრო ღირს. მესმის, ძვირია, მაგრამ საბოლოოდ, დაავადებული ბავშვების მკურნალობა უფრო ძვირად დაგვიჯდება. ომბუდსმენმაც გაავრცელა რეკომენდაციები, თუმცა წინააღმდეგობა მთავრობის მხრიდან დიდია.
_ რას გულისხმობთ?
_ ისინი ამბობენ რომ ჯერ გასაკეთებელია უამრავი რამ... იცით, ყოველთვის შეიძლება თქვა, ასე სწრაფად ამას ვერ იზამო, მაგრამ ყველაფერი სურვილზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარებას არ სჭირდება იმდენი დრო, რამდენსაც ეკონომიკის სამინისტრო ითხოვს.
_ გამოდის, უვარგისი სათამაშოსთვის საქართველოს ბაზარი გახსნილია?
_ რა თქმა უნდა, ასეა. არავინ ამოწმებს, რამდენად უსაფრთხოა ეს პროდუქცია და სანამ ნორმა არ შემოვა, რომლის თანახმადაც აიკრძალება მავნე ნივთიერებები, მანამ არაფერი შეიცვლება.
თამარ ლომსაძე

back to top