Menu
RSS

ცდილობს თუ არა შერლოკის იმიჯის მორგებას და როგორ გახდა იურისტი ოთარ რამიშვილის შვილი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვა დაიწყო. შეიძლება ითქვას, საპატრიარქოს სკანდალმა პირადად მას პოპულარობა მოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ ,,ჩრდილში'' არც მანამდე უცხოვრია _ იურისტი ცნობილი მომღერლის, ოთარ რამიშვილის შვილი გახლავთ; თავად არაჩვეულებრივად უკრავს გიტარაზე და მღერის კიდეც, თუმცა ნიჭზე მეტად, საზოგადოება დღეს მის იმიჯზე საუბრობს _ ამბობენ, ვექილ რამიშვილს, ტროსტი არაფერში სჭირდება და უბრალოდ იმიტომ ატარებს, შერლოკ ჰოლმსს დაემსგავსოსო. სხვათაშორის, შერლოკ ჰოლმსი მეც დამიდგა თვალწინ, როცა მასთან ინტერვიუზე მივედი. საუბრისას, ბასკერვილების ძაღლიც კი ამოტივტივდა გონებაში, რადგან რესპონდენტთან ერთად, მისმა ოთხფეხა მეგობარმა, ბუჩომაც ,,მიმასპინძლა''. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მიხეილ რამიშვილთან, ერთობ მტკივნეულ თემაზე სასაუბროდ მისულს, ინტერვიუს ბოლოს, ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია და ვცადე გამერკვია, ტროსტი უბრალოდ მისი იმიჯის ნაწილია თუ ადვოკატს ის ნამდვილად სჭირდება.
როგორც გაირკვა, მიხეილ რამიშვილი სულაც არ ცდილობს თანამედროვე შერლოკის იმიჯის მორგებას და ტროსტი მისთვის აუცილებელი ატრიბუტია: ,,როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ტროსტი ჩემთვის სავალდებულოა. ოფიციალურად ინვალიდი ვარ, ტრეპანაცია მაქვს გაკეთებული. გარდა ამისა ერთი თირკმელი ამოჭრილი მაქვს. ინვალიდის პენსიასაც ვიღებ. სივრცეში რომ გავდივარ, ზოგჯერ, წონასწორობას ვკარგავ. ტროსტი ,,სამარიაჟოდ'' ნამდვილად არ მჭირდება (იცინის). ბოლო შემოწმებაზე რომ ვიყავი, ექიმებმა მითხრეს, წესით, სიარულიც კი უნდა გიჭირდესო, მაგრამ... უფლის ნებაა, რომ დავდივარ...''.
,,ციანიდის საქმე'' მიხეილ რამიშვილისთვის პირველი გახმაურებული საქმე არაა. ის სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატიც გახლდათ და ამ საქმეს აწგანსვენებული ირინა ენუქიძის სურვილით მოკიდა ხელი. ერთ-ერთ ინტერვიუში, რამიშვილი ამბობს, რომ გირგვლიანს პირადად არ იცნობდა, თუმცა საერთო მეგობრები ჰყავდათ. ნაციონალებისთვის ერთობ საბედისწერო საქმეში კი მას შემდეგ ჩაერთო, რაც გამოძიებამ ახალი ვერსია _ სვანური კლანების დაპირისპირების თემა წამოჭრა. ამბობს იმასაც, რომ გირგვლიანის საქმეზე მუშაობა ძალიან რთული იყო. ფულიც კი შესთავაზეს, იმის სანაცვლოდ, რომ საქმეს ჩამოშორებოდა, მაგრამ უარი თქვა. დღესაც ხშირად ახსენდება თავგანწირული დედა, ირინა ენუქიძე, რომელთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ერთი ისტორიაც უამბო: ,,სანდრო ახალი გარდაცვლილი იყო. ამ საქმეზე ვმუშაობდი. იმ პერიოდში ვაჟი შემეძინა. ერთ დღეს ქალბატონმა ირინამ ცალკე ოთახში მიხმო. ოქროს ბეჭედი გადმომცა და მითხრა: ამ ბეჭედს სანდროს ცოლისთვის ვინახავდი. შენი შვილი რომ გაიზრდება და ცოლს მოიყვანს, აჩუქეო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, ემოციის გარეშე ამ ისტორიას ვერასოდეს ვიხსენებ''. სხვათა შორის, როგორც ირკვევა, მიხეილ რამიშვილი თავდაპირველად იურისტობას სულაც არ აპირებდა. ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა, მევიოლინე იყო და ,,თავიდან, ყველაფერი, რასაც ვსწავლობდი, მუსიკის ფონზე ნამდვილი „სატანჯველი'' იყო. ნელ-ნელა დავინტერესდი, ჩამითრია ამ საქმემ. ის, რაც ამ პროფესიაში ძალიან დამეხმარა, ჩემი თვისებაა – ვერასოდეს ვიტანდი, როცა სადმე უსამართლობას ვაწყდებოდი – ვხედავდი, რომ ვიღაცას ჩაგრავდნენ, ამიტომაც ავირჩიე ადვოკატურა და არ წავედი პროკურატურაში. თუმცა მქონდა კარგი შემოთავაზება. ვარჩიე, ვყოფილიყავი დამცველი და არა – ბრალმდებელი'', კონსერვატორიაშიც ჩააბარა. ალტზეც უკრავდა. 90-იან წლებში მიხვდა, რომ არეულ ქვეყანაში ოჯახის რჩენას ვერ შეძლებდა და უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. _ იხსენებს რამიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში და ამხელს, რომ მუსიკა ამ პროფესიაშიც დაეხმარა: ,,იურისპრუდენცია, ადვოკატურაც თავის მხრივ ხელოვნებაა. ხომ გინახავთ, სასამართლო პროცესზე ადვოკატი მონოტონურად, მოსაწყენად რომ საუბრობს. არადა, ადვოკატს სიტყვის წარმოთქმისას, მოსამართლესთან წარმოდგენის შესაქმნელად, საპაექრო სიტყვაში ძალიან ადგება ორატორული თვისება – დაბალი და მაღალი ინტონაცია, რაც არსებობს მუსიკაში და მე ხშირად ვიყენებ. მოსამართლისთვის ისიც კი შემითავაზებია, თუ გინდათ, ჩემს სიტყვას სიმღერით ვიტყვი-მეთქი. რატომაც არა (იცინის)!'' როგორ შეხვდა მის გადაწყვეტილებას ოთარ რამიშვილი? ამბობს, ლიბერალმა მამამ იცოდა, რომ ხელოვნებასა და მუსიკას ვერასდროს ჩამოვშორდებოდიო. ასეც მოხდა. სხვათა შორის, გენეტიკამ ოთარ რამიშვილის მეორე თაობაში იმძლავრა _ ადვოკატის 19 წლის შვილი, ლიზი, ჟენევაში, უმაღლეს მუსიკალურ აკადემიაში სწავლობს, სოლოკონცერტები „კარნეგი ჰოლში'' ჰქონდა, არაერთი კონკურსის გამარჯვებულია და სახელოვანი ადამიანების სტიპენდიანტია. საინტერესო შემოთავაზებები აქვს და მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ ლიზის წარმატებული მუსიკალური კარიერა ექნება. ამბობენ, მიხეილ რამიშვილი მამას სამართლიანობით, პრინციპულობით, ერთგულებითა და თავდადებით ჰგავს; მასაც განსაკუთრებით უყვარს მეგობრები. მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო, _ ამბობს და იმასაც ამხელს, რომ მათგან მხოლოდ მაშინ „იკარგება'', როცა რთულ საქმეზე მუშაობს. სხვა დროს, მეგობრებისთვის, სულ სცალია. ერთ-ერთ ინტერვიუში კი, ოთარ რამიშვილთან კიდევ ერთ მსგავსებაზე საუბრობს: ,,მამაჩემის მსგავსად, ჩემთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა. არასდროს მადევს პროფესიული ან ბიუროკრატიული ბორკილები. აგერ, ხელწერილიც არ დავწერე პროკურატურაში გაუთქმელობაზე. ჩემთვის თავისუფლებას ყველაზე დიდი „ფასი'' აქვს.
თათია გოჩაძე

back to top