ვინ დაუპირა მოკვლა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელ ქალბატონს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ აშანტაჟებდა ქალი ყოფილ ქმარს და რა ჩვენება მისცა შვილმა საქმროს წინააღმდეგ

 

ბათო ჯაფარიძე

 

მკვლელობის მცდელობა - დანაშაული, რომელიც მძიმე კატეგორიაში გადის, თუმცა საქართველოში, ჩემი აზრით, ცოტა უცნაური კლასიფიკაცია აქვს: საკმარისია, ადამიანი წელს ზემოთ, დანით გაკაწრო, მკვლელობის მცდელობის მუხლს გიყენებენ და იგივე ადამიანს რომ ფეხები იარაღით დაუცხრილო, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებად ჩაითვლება. არადა, რეალურად, დანით ნაკაწრ-ნაფხაჭნიც კი, რომელიც მკვლელობის მცდელობად კვალიფიცირდება, ბევრად უწყინარია, ვიდრე ფეხში მოხვედრილი ტყვია. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, ერთი შეხედვით, სწორედ უწყინარი მკვლელობის მცდელობით დაიწყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ ვინ გახლდათ დაზარალებული, მთელი შსს ფეხზე დადგა.

 

„ჩემი მეგობარი და კოლეგა ქალბატონი, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი საკუთარ სადარბაზოში დაჭრეს. მას ჭრილობა ყელის არეში, ზედ საძილე არტერიასთან ჰქონდა მიყენებული, იმდენი სისხლი დაკარგა, უგონო მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირდათ. მთელი სამნისტრო ფეხზე დადგა, კორპუსის სრული ბლოკირება მოხდა, შიგნით და გარეთ არავის ვუშვებდით და ვჩხრეკდით ყველაფერს, რისი გაჩხრეკაც კი შეიძლებოდა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

დაჭრილ ქალბატონს საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა. მას ერთი ქალიშვილი ჰყავდა, ქმარს კი მას შემდეგ დაშორდა, რაც მის წინააღმდეგ, საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა. გარეთ 90-იანი წლები იდგა, ყველა ისე ცდილობდა თავის გატანას, როგორც შეეძლო. ჰოდა, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლის ქმარმაც თაღლითური სქემა მოიფიქრა: თბილისში, რამდენიმე ადგილზე, დიდი ორმო ამოთხარა, აქაოდა, კორპუსების მშენებლობას ვიწყებო, „ბინები“ იაფად გაყიდა, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი მოაგროვა და როცა საქმე გასკდა, გამომძიებელმაც დაშორება გადაწყვიტა. თანაც, კოლეგებმა იცოდნენ, რომ ქმრის გამო, არავისთვის უთხოვია, ეგებ, შეღავათიანი სასჯელი მისცეთო და ქმარიც ბოლომდე გაწირეს - იმ დროისთვის მაქსიმალური სასჯელი, 7 წელი მისცეს. ყოფილი ქმრის არსებობა, ალბათ, არავის გაახსენდებოდა, რომ არა მეზობელი, რომელიც დაჟინებით იმეორებდა, დღეს დილით, დაჭრილის ყოფილი ქმარი იყო მოსული და მის კარზე აკაკუნებდაო. გამომძიებლებმა გონებაში გადათვალეს, 7 წელი გასული უნდა ყოფილიყო და მაინც გადაამოწმეს. დადასტურდა - ქმარმა საპატიმრო ორი კვირის წინ დატოვა. ამასობაში, უბნის რწმუნებული, რომელიც იქვე, სანაგვეში იქექებოდა, გაბრწყინებული სახით წავიდა კოლეგებისკენ, მას ხელში სისხლიანი ნივთი ეჭირა. გამომძიებლებმა დახედეს და ე.წ. „ზატოჩკა“ ამოიცნეს, რომელსაც ციხეში ამზადებდნენ. მას წვეტზე სისხლის კვალი ჰქონდა და რა თქმა უნდა, ექსპერტიზაზე გაუშვეს.

ექსპერტიზის დასკვნა მალე დაიდო - „ზატოჩკაზე“ დაჭრილი გამომძიებლის სისხლის კვალი და რაც მთავარია, სახელურზე, მისი ყოფილი ქმრის ანაბეჭდი იყო. საქმე გახსნილად ჩაითვალა, მამაკაცზე ძებნა გამოცხადდა.

„ჩემი კოლეგა სიკვდილს ებრძოდა, ქალიშვილი და მისი საქმრო თავზე ადგნენ. საქმრო მომავალი პოლიციელი, ძალიან ნერვიულობდა, ეს როგორ დაგვემართაო, შვილი კი ტიროდა და გასაგებიც იყო - გამოძიების ვერსიით, მამამ დედა სასიკვდილოდ გაიმეტა. როცა ვკითხე, სად შეიძლება იყოს მამაშენი-მეთქი, მხრები აიჩეჩა, მაგრამ გამოხედვაში შეეტყო, რომ ზუსტად იცოდა, სადაც იმალებოდა კაცი. ამიტომ, მასზე თვალთვალი დავაწესეთ. არც შევმცდარვართ - გოგონამ ღამით მშენებარე კორპუსთან მიგვიყვანა, მეორე სართულზე ავიდა და მამას შეხვდა. ოპერმუშაკებმა მამა-შვილი ადგილზე დააკავეს“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

რა თქმა უნდა, მთავარი ეჭვმიტანილის დაკავებას ყველა ზეიმობდა, მაგრამ ამაოდ. მამაკაცმა კეტეგორიულად უარყო ცოლის მკვლელობის მცდელობა, თუმცა როცა „ზატოჩკა“ დაუდეს წინ, გაოცდა, მერე დაფიქრდა და თქვა, რომ ნივთი მისი იყო, რომელსაც სამახსოვროდ ინახავდა, მაგრამ ვიღაცამ სახლიდან მოპარა. მან გაიხსენა ყველა, ვინც კი სტუმრად ჰყავდა, მაგრამ ეჭვი ვერავისზე მიიტანა. მასთან სტუმრად არა მარტო ძველი მეგობრები, არამედ, ყოფილი ცოლი, შვილი და შვილის საქმროც კი იყვნენ. დაკავებულმა არც ის დამალა, რომ ცოლმა კი არ სთხოვა, მოსთხოვა, რომ იმ გადამალული თანხიდან, რომელიც ვერ გათქმევინეთ, სად გაქვს, 50% უნდა მომცე, თუ არადა, ისევ ციხეში შეგაბრუნებ, ნარკოტიკს ჩავადებინებ, ამის გაკეთება არ გამიჭირდებაო. კაცი ჯიუტად ამტკიცებდა, არანაირი ფული არ მაქვსო, მაგრამ ყოფილი ცოლი არ უჯერებდა და იმ დღესაც, მასთან, სწორედ საქმის საბოლოოდ გასარკვევად იყო მისული. კარზე დააკაკუნა, არავინ გაუღო და უკან გაბრუნდა, შემდეგ კი გაიგო, რაც მოხდა და იმასაც მიხვდა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი თავად იქნებოდა, ოღონდ მკვლელობის მცდელობის იარაღი თუ მისი იქნებოდა და თან თითის ანაბეჭდებით, ნამდვილად არ ეგონა. იმის მიუხედავად, რომ ძალოვნებს საქმე გამოცდილ კრიმინალთან ჰქონდათ, შინაგანად მაინც დაიჯერეს, რომ დაკავებული მკვლელი არ იყო. ამას გარდა, პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდათ და ამიტომ, იმ სტომრების შესწავლას შეუდგნენ, რომლებიც დაკავებულთან ბინაში იმყოფებოდნენ ანუ რომლებსაც შეეძლოთ „ზატოჩკა“ მოეპარათ.

სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრე ისე შემცირდა, რომ გამოძიებას ხელში შვილი და მისი საქმრო შერჩათ. დანარჩენ სტუმრებს ან მყარი ალიბი ჰქონდათ, ან ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ამის გაკეთებას, რადგან საამისოდ, უბრალოდ, ძალა არ ეყოფოდათ. თითქოს შვილი გამოირიცხა, რადგან ის დედაზეც და მამაზეც ერთნაირად წუხდა, აი, საქმრო კი... საქმრო მომავალი პოლიციელი იყო და ცდილობდა, გამოძიებაში სრულად ყოფილიყო ჩართული. რა თქმა უნდა, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას ამის უფლებას არ აძლევდნენ, მაგრამ რაღაც ამბებს მაინც უზიარებდნენ ხოლმე. ერთადერთი იმედი დაჭრილი ქალის გამოჯანმრთელება იყო და აკი ისე მომჯობინდა, მისი დაკითხვა შესაძლებელი გახდა.

„სიხარულით შევედი დაკითხვაზე და წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როცა კოლეგამ მითხრა, არ ვიცი, ვინ დამჭრა, არ მახსოვსო. პირი დავაღე, გამორიცხული იყო, არ ხსომებოდა ანუ ის რაღაცას მალავდა და ფიქრებით ისევ მისი ყოფილი ქმრისკენ წავედი. სავარაუდოდ,  არ სურდა, რომ ყოფილი ქმარი ისევ დაგვეჭირა, მაგრამ რატომ? თუ დამნაშავე ის იყო, სასიკვდილოდ გაიმეტა, თუმცა... დავიბენი, ძალიან დავიბენი და ჩემს კოლეგას ზედ ეწერა, რომ გადასარევად იცოდა, ვინ მიაყენა ჭრილობა, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

პალატიდან გამოსვლისას, ყოველი შემთხვევისთვის, გამომძიებელმა იკითხა, ჩემამდე ქალთან ხომ არავინ შესულაო და მორიგემ მორიდებით უთხრა, მხოლოდ სასიძო შევუშვი, ძალიან მთხოვაო. ეჭვი, რომ სასიძო საქმეში იყო გარეული, კიდევ უფრო გამძაფრდა და რაც მთავარია, დაჭრის მომენტისთვის, მას ალიბიც არ ჰქონდა. მისი დაკავება უაზრობა იყო, სამხილი სამართალდამცავებს არ გააჩნდათ და სავარაუდოდ, თვალთვალიც არაფერს მოიტანდა - სასიძოს თუ რამე ჰქონდა გასარკვევ-დასლაგებელი მომავალ სასიდედროსთან, უკვე დაალაგა, რაც გამოჩნდა კიდეც.

შსს-ს მაღალჩინოსნები კი კატეგორიულად ითხოვდნენ საქმის უმოკლეს დროში გახსნას და არცთუ ირიბად მიანიშნებდნენ, რომ ყოფილი ქმრისთვის ბრალის დამტკიცება ძალიან მარტივი იქნებოდა, მაგრამ გამომძიებელთა ჯგუფი ჯიუტობდა და თითქოს, რაღაცას ელოდა.

ეს რაღაც კი არ ჩანდა, დამნაშავე შეცდომას არ უშვებდა. ამიტომ, ისევ დაკავებული ქმრის დაკითხვა გადაწყდა, ოღნოდ მას კითხვები მომავალ სიძეზე დაუსვეს.

„რა უნდა ვთქვა? ჩვეულებრივი ბიჭია, ძალოვნებში სურს მუშაობა. ჩემთან სამჯერ იყო მოსული, ორჯერ შვილთან ერთად, მესამედ - მარტო. შინ სასმელი არ მქონდა, მაღაზიაში ჩავედი, სასიძო მარტო დავტოვე, მაგრამ არ მგონია, „ზატოჩკა“ მას მოეპარა, რაში უნდა დასჭირვებოდა მომავალი სიდედრის მოკვლა? ისე, იცოდა, სასიდედრო ფულს რომ მთხოვდა და სიცილით მკითხა კიდეც, როდის აძლევო, მეც სიცილით ვუპასუხე, ზეგ, 12.00 საათზე-მეთქი“, - გაიხსენა დაკავებულმა.

აი, სწორედ „ზეგ“ იყო ის დღე, როცა გამომძიებელი დაჭრეს. დაკავებულმა ისიც თქვა, იმ დღეს, ცოლის სანახავად 13.00  საათზე მივედი და კარი არ გამიღოო. წრე შეიკრა, მაგრამ სასიძო მკვლელობის მცდელობას არ აღიარებდა, რადგან დაზარალებული არ ადებდა ხელს და გამოძიებას მოწმეც არ ჰყავდა.

მაშველად ისევ გოგო მოევლინათ, ის მამას შეახვედრეს და დააჯერეს, რომ უნდა ეთანამშრომლა. ჰოდა, ისიც დათანხმდა და საქმროს პირდაპირ უთხრა, დედამ სიმართლე მომიყვა და სასიკვდილოდ რატომ გაიმეტეო? საქმრო გაფითრდა, შემდეგ გაწითლდა, ბოლოს კი ხელი აიქნია, შეიკურთხა და წასვლა დააპირა, თუმცა ოპერმუშაკებმა არსად გაუშვეს. დაკითხვაზე, გამომძიებელს, დაზარალებულის ჩვენებაც წინ ედო, სადაც ხელს, სწორედ სასიძოს ადებდა.

„როცა სასიმამრო პირველად ვნახე, გვითხრა, მალე ბინასაც გიყიდით, ბიზნესსაც დავიწყებ, ყველაფერი კარგად იქნებაო. მივხვდი, ის ფული გადამალული ჰქონდა და ამაში უფრო დავრწმუნდი, როცა ცოლმაც მოსთხოვა თანხა. გადავწყვიტე, ფული ხელში ჩამეგდო და დანარჩენი არაფერი მაინტერესებდა. „ზატოჩკაც“ იმიტომ მოვიპარე, რომ ეჭვი ქმარზე მიეტანათ. დარწმუნებული ვიყავი, ფულს მართლა მიიტანდა, ამიტომ სახლში შევედი თუ არა, დავარტყი, მაგრამ ფული ვერ ვიპოვე. მერე სასიმამროც მოვიდა, თუმცა აივნიდან დავინახე, რომ ხელში არაფერი ეჭირა და იმასაც მივხვდი, ფულის მოტანას რომ არ აპირებდა. ამიტომ, კარი არ გავაღე და შემდეგ, როცა გაბრუნდა, მეც წავედი. რაც შეეხება გამომძიებელს, ვუთხარი, რომ ჩავუშვებდი, ქმარს როგორ ატერორებდა, კარიერას დავუნგრევდი, თუ ხელს დამადებდა და ამიტომ გაჩუმდა“, - დაასრულა დაკავებულმა.

გარდა იმისა, რომ მკვლელობის მცდელობისთვის სასიძოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ქალბატონი, ყოფილი ქმრის შანტაჟის გამო, სამსახურიდან უხმაუროდ გაუშვეს. ციხიდან გამოსულმა კი, ორიოდე თვეში, სოლიდური ბიზნესი მართლაც წამოიწყო...