„გვესაუბრეთ, რათა ვიცოდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვა, რით უზრუნველვყოფთ ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებას“ - აკია ბარბაქაძე პარლამენტის წევრებს მიმართავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფეისბუქზე ექსპერტი აკაია ბარბაქაძე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს მიმართავს : „

ღია წერილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს
მოგმართავთ, თქვენ: ქალბატონ თეონა აქუბარდიას, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გენერალ დევი ჭანკოტაძეს.
 
ჩვენ დიდიხნის ნაცნობობა გვაკავშირებს, საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მსახურის, ხანგრძლივი პერიოდის გამო.
თქვენ ახლა ხალხის ნდობის მანდატით სარგებლობთ და გაკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.
უკრაინაში მიმდინარე ბარბაროსული ომისა და გლობალური კატასტროფის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობა 27 -ე დღეა შიშით აკვირდება მოვლენების განვითარებას, ყველა ერთად განვიცდით უკრაინელი ხალხის ტრაგედიას. იმედი გვაქვს, რომ რუსული ფაშიზმი დამარცხდება, ხოლო ომის საცეცები საქართველოს არ მოწვდება.
ქართველ დედებს ეშინიათ შვილების, ცოლებს ქმრების, შვილებს კი მშობლების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გამო. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, რომ ესაუბროთ ხალხს, საზოგადოებას. ყოველგვარი წინასწარი უარყოფითი განწყობის გარეშე შემოდით დისკუსიაში ჩემთან, რომ ვიცოდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვა, რითი შევძლებთ ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
მთავრობის განცხადება: “არ გვსურს და არ უნდა დავუშვათ ომი”, მისასალმებელი სურვილია, მაგრამ არ ჩანს პასუხი მთავარ შეკითხვაზე, როგორ ავიცილოთ ომი თავიდან ?! ამ შეკითხვაზე პასუხი მთავრობას არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში, ომის არ დაშვების ერთადერთი წინა პირობა მტრის შეკავებაა, რომელიც ძირითად შემაკავებელ ფაქტორად თავდაცვის ძალებს განიხილავს.
ისმის კითხვა, ვხელმძღვანელობთ ამ დოკუმენტებით, თუ ვიღაცის კერძო და სუბიექტური ახირებების იმედათ ვართ?
თუ დეკლარირებულ შეკავების პოლიტიკას ვახორციელებთ, საზოგადოება ითხოვს შემდეგ ლოგიკურ კითხვაზე პასუხს: არის ჩვენი თავდაცვის ძალები იმ კონდიციაში, რომ ითამაშოს რუსეთის შემაკავებელი ფაქტორის როლი? თუ თვლით კი, აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მოსახლეობას მიეცით გარანტია, რომ რუსეთი თავს არ დაგვესხმება. თუ ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი მოწინაამღდეგის შეკავების ალბათობაში, მაშინ რატომ არ შეინიჩნევა რაიმე ტიპის სამზადისი ომისათვის?!, რატომ არაფერი ხდება თავდაცვის უნარიანობის ფორსირებული გაზრდისათვის?!.
ჩვენ არ ვითხოვთ სამხედრო საიდუბლების გამოაშკარავებას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომმა დაგვანახა, სამხედრო საიდუმლოების შენახვაზე, გაცილებით მნიშვნელოვანი მოსახლეობის ნდობა და საბრძოლო განწყობაა!.
აუცილებლად საჭიროა პირველ რიგში შემდეგ კითხვებს გაეცეს პასუხი: გვყავს თუ არა 37 ათასიანი საკონტრაქტო არმია? მზად არიან, თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები, თუნდაც მეორე ხარისხოვანი საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად?
რატომ არ ვზრდით აქტიური რეზერვის რაოდენობას? გვაქვს თუ არა საკმარისი საბრძოლო მასალა? ვცდილობთ თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიების უსწრაფესად შეძენასა და ათვისებას? რა ტიპის დახმარებას მოველით მეზობელი თურქეთიდან? გვექნება თუ არა მხარდაჭერა დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებისაგან? უზრუნველყოფილია თუ არა საჰაერო თავდაცვა საჭირო და საკმარისი საბრძოლო სისტემებით? და საერთოდ, რა გარანტიებს იძლევა თავდაცვის ძალების გენერალიტეტი ომის შემთხვევაში?
სტრატეგიული კომუნიკაცია არც ლამაზი სადღეგრძელოა და არც მთავრობის პიარ სამსახური. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს პირველ რიგში არის მოსახლეობასთან, პარტნიორებთან ღია და ეფექტური დიალოგი: მთავრობის განზრახვაზე, გეგმებზე, შესაძლებლობებზე, პრობლემებზე, რისკებზე და ა.შ
ეს ძლიერი და ეფექტური ბერკეტია, რთულ ვითარებაში მოსახლეობის კონსოლიდაციისათვის. მაგრამ ახლა დრო არ არის მთავრობას ვასწავლოთ რა არის სტრატეგიული კომუნიკაცია, მათ დუმილის პოლიტიკა აირჩიეს. ამიტომ ამ კითხვებზე პასუხს თქვენგან მოელის საზოგადოება.
ეს არ არის, არც ჩასაფრებულის პოზიციიდან და არც ნიშნის მოგებით საუბარი აქამდე გაუკეთებელი საქმეებისა ან შეუსრულებელი მოვალეობის გამო, არამედ არის მცდელობა ფორსმაჟორში მაინც გამოვასწოროთ მდგომარეობა, იმდენად რამდენ დროსაც შექმნილი ვითარება მოგვცემს.
ან აიღეთ პასუხისმგებლობა: პოლიტიკური, მორალური, იურიდიული, ან პრობლემები საჯარო გახადეთ.
დისკუსიაში კიდევ ბევრი კითხვა გამოჩნდება, რომელზეც ვსაჭიროებთ პასუხს. დუმილი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ უპასუხისმგებლობის, ხოლო ადამიანების სიცოცხლის მიმართ ცინიკური გურგრილობის მაჩვენებელი იქნება.
საქართველოს მოქალაქე პოლკოვნიკი ა.ბარბაქაძე“