„კონსტიტუციის ჩანაწერის მიხედვით, საქართველოში ნეიტრალიტეტის თემა დახურულია“ - ანალიტიკოსების შეფასება აღნიშნულ საკითხზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ავტორი: თათია გოჩაძე

 

ბოლო დღეებში განხილვის საგანი გახდა თემა - უნდა გამოაცხადოს თუ არა საქართველომ ნეიტრალიტეტი რუსეთისგან საფრთხის ასარიდებლად იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ნატო ჯერჯერობით საქართველოს შეერთების გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე წამოიჭირა და აქტიური განხილვის საგანია ისიც, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მიღება ავტომატურად ნიშნავს ნატო-სა და ევროკავშირზე უარის თქმას, რაც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გამორიცხულია. საქმე ის გახლავთ, რომ 2017 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ევროკავშირისა და ნატო-სკენ საქართველოს სვლა, საქართველოს მოსახლეობის ნების გათვალისწინებით,  სავალდებულოა და მას ყველა მმართველი ძალა უნდა დაემორჩილოს. ამ საკითხის გათვალისწინებით, საინტერესოა, რაღატომ გახდა აღნიშნული საკითხი განხილვის საგანი და რამდენად არის მზად საქართველო, ყველა ასპექტის გათვალისწინებით, ნეიტრალურ სტატუსზე იმსჯელოს? - ამ საკითხზე „ვერსია“ ანალიტიკოსებს ესაუბრა:

კონსტიტუციონალისტი, ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერის გამო, საქართველოში ნეიტრალიტეტის თემა დახურულია:

 „სამწუხაროა, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის და მისი მხარდამჭერების მეცადინეობით, ეს თემა იშლება და მსჯელობის საგანი ხდება, არადა ეს საკითხი დიდი ხანია, დახურულია, რადგან გვაქვს მოცემულობა, რომელიც ვერ შეიცვლება უახლოესი წლების განმავლობაში. პოლიტიკური სურათი მაქვს მხედველობაში, კერძოდ, საერთო სახალხო ნება უკვე გამოხატულია საქართველოს  ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და გარდა ამისა, კონსტიტუციაში ღიად წერია, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ყველა სახელმწიფო კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა. ეს არის ვალდებულება და შესაბამისად, ყველა მთავრობა, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, უნდა დაემორჩილოს კონსტიტუციას და შესაბამისად, იმოქმედოს საქართველოს ნატო-ში, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მე თუი მკითხავთ, ჯერ ევროკავშირში და შემდეგ ნატო-ში, რადგან თუ ევროკავშირის კრიტერიუმებს დავაკმაყოფილებთ, ეს უკვე ნატო-ს წევრობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება და ფორმალობაღა იქნება ნატო-ში გაწვრიანება.

ასე რომ, საქართველოში ნეიტრალიტეტის გამოცხადების თემა დახურულია და ხელისუფლების წარმომადგენლები ჩუმად არიან, თუმცა რეალურად, თემა არ მგონია, რომ მათი მეცადინეობის გარეშე იშლებოდეს მედიაში.

აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ ვახტანგ ძაბირაძესაც ესაუბრა, რომელიც 2017 წელს საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო:

_ კონსტიტუციაში ცალსახად არის ეს ჩაწერილი. ვერ გეტყვით, რომ მაშინ ამის ძალიან დიდი მომხრე ვიყავი. იმიტომ კი არა, რომ იმას ველოდი, ჩვენი პროდასავლური ორიენტაცია შეიცვლებოდა, უბრალოდ, როცა ამას აკეთებ, სპეკულაციის სუნი ასდის და არა სერიოზულობის. ამიტომაც არ ვიყავი დიდად მომხრე ამისა, თუმცა უმრავლესობამ ასე გადაწყვიტა, რადგანაც ხომ იცით, რა ვითარებაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - მუდმივი ბრალდებებია და ორივე მხარეს თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ორივე რუსი ყოფილა... მოკლედ, ეს ვალდებულება გაჩნდა კონსტიტუციაში და რა თქმა უნდა, ეს გამორიცხავს ნეიტრალიტეტის თემას. თუ არადა, უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია და ამოღებულ იქნას ეს ნაწილი, მაგრამ თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ნეიტრალიტეტზე დაიწყოს საუბარი, ასეც მოიქცევა და გვერდის ასაქცევი გზა არაპირდაპირ, მაგრამ მაინც ექნება. პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს...

_ თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ახლა მმართველ ძალას არ გააჩნია...

_ საკონსტიტუციო ცვლილებას კი არ შეიტანენ, პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს ხელისუფლება, თუ ამ გზით წავა, შესაცვლელია კონსტიტუცია, გვინდა ნეიტრალიტეტიო... თუ უკრაინის მაგალითს ავიღებთ, იქ რუსეთი არ ეუბნებათ, კონსტიტუციაში შეიტანეთ ცვლილებაო...

_ ესე იგი, პოლიტიკურ ნებაზეა საუბარი, არა?...

_ დიახ.

_ ბატონო ვახტანგ, თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ საკითხზე - პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური მდგომარეობის და ყველა სხვა ასპექტის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია, საქართველოში ნეიტრალიტეტის სტატუსის საკითხი განიხილებოდეს?

_ დღეს ნეიტრალიტეტის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ რჩები რუსულ სივრცეში - ეს ცალსახაა. იმიტომ ცდილობს რუსეთი, ნეიტრალობაზე დაითანხმოს ქვეყნები, რომ მისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ეს პირველი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ შემდეგ მართლა აღადგინოს საბჭოთა კავშირი, უფროსწორად აქ საუბარი უარესზე  - რუსეთის იმპერიაზეა. ის, რასაც რუსეთი ითხოვს, პირველ ეტაპზე იქნება ნეიტრალიტეტი, ამას არ დასჯერდება და მოითხოვს სამხედრო ფორმირებების დაშლას, რათა საფრთხე არ შეექმნას... 1956 წლამდე არსებობდა ნაციონალური სამხედრო შენაერთები, მათშორის, საქართველოში იყო ქართული დივიზია. 1956 წლის მარტის მოვლენების შემდეგ საერთოდ გააუქმეს ნაციონალური შენაერთები, როგორც კი გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლებელი იყო, ეს იმ ძალად გადაქცეულიყო, რომელიც ქუჩაში გამოსულ ძალას მხარს დაუჭერდა. ამიტომ ძალიან კარგი საშუალება გვაქვს ანალიზისთვის, თუ რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან. ამ ანალიზს თუ გავყვებით, პირველი ეტაპი იქნება ნეიტრალიტეტი; მეორე ეტაპი იქნება „ლუკაშენკოები“ ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში და მესამე ეტაპი იქნება ის, რასაც ეხვეწება ლუკაშენკო რუსეთს, გავერთიანდეთო...

_ აქვე ჩნდება კითხვა - თუ საქართველოს ნატო არ იღებს, რა გამოსავალი რჩება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ პროდასავლური ორიენტაცია და პარალელურად გავუძლოთ რუსეთისგან წნეხს და მოსალოდნელ საფრთხეს?

_  ნატო-ში გაწევრიანება გვინდა იმიტომ, რომ გვინდა უსაფრთხოება და დაცვა რუსეთისგან. ნატო მიგვიღებს თუ არა,  ისედაც რუსეთის პირისპირ ვრჩებით... შეიძლება, ნატო დღეს არაა მზად, რომ მიგვიღოს, მაგრამ ხვალ პოლიტიკური პროცესები ისე განვითარდეს, რომ ეს სიტუაცია მოულოდნელად გადაწყდეს. მაშინ გვექნება საშუალება, გავხდეთ ნატო-ს წევრი და მივიღოთ ეს დაზღვევა. თუ წავალთ ნეიტრალიტეტის გზით, ეს ხსნა აღარ გამოჩნდება.

_ ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, უკრაინის მაგალითი განვიხილოთ - უკრაინა არაა ნატო-ს წევრი და არც ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, ვხედავთ, რომ დასავლური სამყაროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უპეცედენტოდ მასშტაბურია... უკრაინას რომ ნეიტრალიტეტი ჰქონდეს გამოცხადებული, რუსეთთან ომი მაინც მოუწევდა და მსგავს მხარდაჭერას დასავლეთისგან ვერ მიიღებდა, არა?

_ დიახ, ამის თქმას ვცდილობ. მხარდაჭერა მაინც ექნებოდა, მაგრამ არა ამ მასშტაბის, როგორიც დღეს აქვს. გახსოვთ, ომის დაწყების წინ რა მოითხოვა პუტინმა? გასაგებია, უკრაინისგან რას ითხოვდა, მაგრამ აქ არ გაჩერდა და თქვა, 97 წელს დავუბრუნდეთო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი აღმოსავლეთ ევროპის თემა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. გაბედავს თუ არა ნატო-სთან ომს პუტინი, ეს ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ საკითხი ასე დადგა - დასავლეთი გრძნობს თავის თავზე ამ საფრთხეს და საშიშროებას. ჩვენც გამოგვიცხადეს მხარდაჭერა 2008 წელს, თუმცა არა ამ მასშტაბის, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი... ავღანეთშიც რომ შეიჭრა საბჭოთა კავშირი, მაშინაც დაუწესეს ეკონომიკური სანციები... დღესაც უფრო შორს არ წავა დასავლეთი ამ ეტაპზე, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება ხვალ... ამიტომ თემა, რომ გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი და არაფერში ეს ხელს არ შეგვიშლის, არ მგონია, სწორი მიდგომა იყოს, რადგან ეს საფრთხე კი არ გვაცილებს, არამედ მასთან გვაახლოებს. ის, კავშირები, რაც გვაქვს, თუ გაწყდება, მაშინ არაფერი აღარ გვრჩება. გამოვაცხადებთ თუ არა ნეიტრალიტეტს, ეს იმ საფრთხეებისგან ვერ და არ დაგვიცავს, რა საფრთხეებიც რუსეთისგან მოდის.