"ერთხელ მგზავრმა მითხრა, რომ შემეძლოს წკეპლით ვცემდი ჯაფარიძესო“ - ცოტნე კობერიძე „ბიუჯეტურ ტაქსიზე“ გვიამბობს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„გირჩი- მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ ერთი თვის წინ Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ საკრებულოში დაუნიშნეს მანქანა, რომლითაც განახორციელებდა ინიციატივას „ბიუჯეტური ტაქსი“ და აღნიშნული მანქანით ხალხს უფასოდ მომსახურებოდა.

„საკრებულოში დამენიშნა მანქანა, ყოველ თვიურად სამასი ლიტრა ბენზინით. ეს მანქანაც და ბენზინიც ხალხის ფულითაა შეძენილი, ამიტომ ვაპირებ უფასოდ ვიტაქსაო და გადავიყვანო ადამიანები. ამ ფორმით კი დავაბრუნო მათი ფული. ხვალიდან ქალაქში თუ დაინახავთ თეთრ გირჩის სტიკერიან მანქანას, ხელი დაუქნიეთ. ყოველი გასვლის წინ დავსთორავ და შეგიძლიათ მომწეროთ მისამართი სად ხართ.

ჩემი სარგებელი ისაა, რომ ბევრ ადამიანს ვნახავ, მოვუსმენ, პირდაპირი კომუნიკაცია მექნება თბილისელებთან, გავესაუბრები გირჩზე.

მგზავრი საჩუქრად მიიღებს გირჩის ლოლიპოპს.

ერთადერთი შეზღუდვა: მანქანაში მხოლოდ pink floyd-ი იქნება ჩართული. 

როცა ამოიწურება ბენზინი გავჩერდები და შემდეგ თვეს დაველოდები. არც ერთ მეტრს არ გავივლი ჩემი საქმეებისთვის.“ - წერს ცოტნე კობერიძე „ფეისბუქის“ გვერდზე

რამდენად ხშირად სარგებლობს ხალხი აღნიშნული ინიციატივით და როგორი დამოკიდებულებით ხვდება საზოგადოება „ბიუჯეტურ ტაქსის“, ამის შესახებ „ვერსია“ „გირჩი- მეტი თავისუფლების“ წევრს, ცოტნე კობერიძეს ესაუბრა:

დაახლოებით ერთი თვეა „ბიუჯეტური ტაქსის“ ფარგლებში ხალხს ვემსახურები, ბოლო ორი დღეა რომპეტროლით ვეღარ ვსარგებლობ, რამდენადაც ვიცი დახაკეს, კიბერთავდასხმა იყო და ველოდები ინფორმაციას, ჯერ-ჯერობით ვერ ვასხამთ საწვავს ტალონებით, ამიტომ ეს ორი დღეა გაჩერებული ვარ. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ საიტზე გაავრცელა.

ძირითადად გაჩერებებთან მივდივარ და ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება, უფასო მგზავრობას ვთავაზობ, მათი დამგზავრება მირჩევნია, რადგან არ იციან ჩემი ინიციატივის შესახებ. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მირეკავენ მათ უკვე აქვთ ინფორმაცია აღნიშნული წამოწყების შესახებ. დღის განმავლობაში დაახლოებით 15 ადამიანს ვემსახურები. აღნიშნული ინიციატივის გაგრძელებას იქამდე ვაპირებ სანამ შესაძლებლობა მექნება, რადგან პარლამენტშიც ჩემს საქმეს ვაკეთებ და ბუნებრივია „ბიუჯეტური ტაქსის“ ინიციატივის განხორციელებას სულ ვერ შევძლებ.

რამდენიმე მგზავრმა საკუთარი პრობლემის შესახებ მომიყვა, მაგალითად კორპუსში არსებულ საკითხზე და მე კომპეტენტურ პირებთან დავაკავშირე, რომლებიც მათ დახმარებას შეძლებდნენ. შესაბამისად ჩემი ინიციატივა დროის კარგვა არ არის და საქმიანობაში ხელს არ მიშლის.

საწვავი რომელსაც უსასყიდლოდ მოვიხმარ დღეში დაახლოებით 20 ლიტრი იხარჯება, დღეგამოშვებით  ან სამ დღეში ერთხელ ვახორციელებ ჩემს წამოწყებას, დანარჩენ დღეებში საკრებულოში ვარ ან  სხვა საქმეებს ვაკეთებ.

მგზავრები რომლებიც მცნობენ მარტივად მენდობიან, სხდებიან მანქანაში და შესაბამისად მათთან უფრო მიმარტივდება საუბარი, უცნობები მაკვირდებიან, თუმცა მაინც ვახერხებ კომუნიკაციას, მაგრამ  შემდეგ მეკითხებიან რატომ ვაკეთებ ამას, მგზავრობის ბოლომდე უკვე იმხელა ნდობა მაქვს ხოლმე, რომ შემდეგ მეუბნებიან „კარგი ხალხი ყოფილხართ ეს გირჩელებიო“ და ბოლოს მგზავრობაც დადებითად მთავრდება.

ყველაზე სასაცილო ის მომენტია, როდესაც არ მცნობენ და თუ პოლიტიკაზე ჩამოვარდება საუბარი როდესაც გირჩს აკრიტიკებენ, ჩემზეც არაერთხელ უთქვამთ რაიმე ნეგატიური რაზეც, რა თქმა უნდა, გამცინებია. ერთხელ ერთმა მგზავრმა მითხრა „რომ შემეძლოს წკეპლით ვცემდი ჯაფარიძესო“

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი