ყველაზე უცნაური საგზაო წესები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუ ავტომობილით მოგზაურობა ძალიან გიყვართ, მაშინ ამ წესების ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ. მაგალითად, ავსტრიაში, შესაძლოა, სიჩქარის გადამეტებისთვის დაგაჯარიმონ, რომელსაც რადარით კი არა... თვალით ზომავენ. ჩინეთში, ტურისტებს მანქანის საჭესთან ჯდომა მხოლოდ მართვის უფლების ადგილობრივი მოწმობის აღების შემდეგ შეუძლიათ, რაც თეორიის ჩაბარებას გულისხმობს. აშშ-ში, კენტუკის შტატში, მანდილოსნებს შეუძლიათ, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილებმა მართონ ავტომობილი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თან აქვთ თავდაცვის საშუალებები ან... ორი პოლიციელი აცილებს.

ყველამ იცის, რომ გერმანია ძალიან ლიბერალური ქვეყანაა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მანქანის მართვისას ტანსაცმლის არჩევას. რაკიღა ავტომობილი კერძო საკუთრებად ითვლება, შეგიძლიათ, საჭე შიშველმაც მართოთ. თუმცა, თუ ფეხზე არაფერს ჩაიცვამთ და შემთხვევით, ავარიაში მოჰყვებით, დაზღვევის თანხას ნუღარ დაელოდებით - ამ შემთხვევაში, გერმანიის სადაზღვევო კომპანიები ზარალს არ აანაზღაურებენ. ინგლისის გზებზე მანქანით მოსიარულეებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოგინდათ და საპირფარეშო ახლოს არსადაა, შეგიძლიათ, გზის პირას გააჩეროთ, მანქანის უკანა ნაწილისკენ წახვიდეთ და მოშარდოთ, ოღონდ მარჯვენა ხელი აუცილებლად საკუთარ ავტოზე უნდა გედოთ. სხვა შემთხვევაში, ჯარიმა არ აგცდებათ.

იტალიაში მოგზაურობისას, თუ თან საყვარელი ოთხფეხა მეგობარიც გყავთ, აუცილებელი მოთხოვნაა, უსაფრთხოების ქამარი მასაც გადაუჭიროთ. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აქლემი მაღალი სტატუსის სიმბოლოდ მიიჩნევა. უდაბნოს ამ კუზიანი მეფეების მიმართ პატივისცემა საგზაო წესებშიც აისახა - გზებზე მოზრაობისას, პრიორიტეტი აქლემებს ენიჭებათ და მათ გზა აუცილებლად უნდა დაუთმოთ. თქვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩეხეთსა და ხორვატიაში, აკრძალულია მანქანით ბენზინის კანისტრების გადატანა. სამაგიეროდ, აუცილებლად უნდა გქონდეთ სათადარიგო სანათების კომპლექტი. ამერიკაში, მინესოტას შტატში, გორილებს შეუძლიათ ავტომობილით მგზავრობა, მაგრამ მხოლოდ მძღოლის გვერდით სავარძელზე, თუ გორილას უკანა სავარძელზე მიუჩენთ ადგილს, მძღოლს აუცილებლად დააჯარიმებენ.