რატომ არ შესთავაზეს ქუთაისში ვიცე-მერობა გოგი წულაიას და ნაწყენია თუ არა ის ოპოზიციაზე - ექსკლუზიური ინტერვიუ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

30 ოქტომბერს საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური კანდიდატები კი ამომრჩეველს საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობას აცნობენ. ქუთაისში სახელისუფლებო კანდიდატს ოპოზიციიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე უპირისპირდება და საინტერესოა, მოხვდა თუ არა მის მიერ დაკომპლექტებულ ჩრდილოვან კაბინეტში ქუთაისის ერთ-ერთი გამორჩეულად აქტიური პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე „ვერსია“ პარტია „ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმდჯომარეს, გოგი წულაიას ესაუბრა:

_ბატონო გოგი, თუ თბილისის მსგავსად, ქუთაისშიც ოპოზიცია კოალიციურ ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს, ამაზე რა აზრის იქნებით?

_ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯი იმ ჭაობიდან, რაშიც ვართ უკვე ოცდაათი წელიწადია. თუ კი კოალიციურ გუნდს ჩამოაყალიბებს, მაგას რა სჯობს?! მივესალმები ამ ყველაფერს.

_ როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წინადადებას, რომ დასხდნენ ნაციონალური მოძრაობა, „ქართული ოცნება“ და გახარია და შედგეს ამ სამი პარტიის მოლაპარაკება?

_მე მგონია, რომ გახარიას საბოლოდ მოუწევს, თავისი პოზიცია ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს - რა უნდა, არის თუ არა „ქართული ოცნების“ ოპოზიცია და რას აპირებს რეალურად. მგონია, რომ სჯობს, ის ასე მოიქცეს.

_გასაგებია. დამისახელეთ ხუთი კანდიდატი, ვისაც ქუთაისის მერიაში მმართველ პოსტებზე წარადგენდით?

_ მერად დავასახელებდი, რა თქმა უნდა, ჩემს თავს და სხვადასხვა პოზიციაზე ასე გამიჭირდება ვინმეს დასახელება, რადგან ეს შესაძლებლობა ამ წუთას არ მაქვს. ადამიანს ვერ გამოვარჩევ ახლა და ვიღაცას დასწყდება გული და არ ვარ ახლა მაგ სიტუაციაში ნამდვილად. ამიტომ თავს შევიკავებ. ისე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ნორმალურად იხელმძღვანელებს.

_ბატონო გოგი, თქვენი პარტია მონაწილეობს თუ არა ოპოზიციის  ჩრდილოვან კაბინეტის დაკომპლექტებაში? და თუ არა - რატომ?  პირადად თქვენთან იყო მოლაპარაკება?

_ჯერჯერობით არა. ბიძინა ივანიშვილმა ჩემი ბოლომდე განადგურება გადაწყვიტა და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმეს ხმა მოპარეს, ერთ-ერთი მე ვარ. ქუთაისში, ჩემგან გასაკვირად, ძალიან ცოტა ხმა მაქვს აღებული და არ მაქვს იმის მოთხოვნის პრეტენზია,რომ კოალიციურ მთავრობაში შემიყვანონ. ვიცე-მერობა რომ მოვითხოვო, ეს იქნება ძალიან დიდი პრეტენზია, რომელიც არ მაქვს გამყარებული ჩემი ხმებით. გამიყალბეს, თუ არ გამიყალბეს - ასეა. ამიტომ ვიცე-მერობა არ შემოუთავაზებიათ. მე გული არ მწყდება, რადგან დაბალი პროცენტი მაქვს აღებული, 0,8% და არ მგონია, რომ კატასტროფული პოლიტიკური შეცდომა მაქვს დაშვებული და რამით მყავს ხალხი გადამტერებული. მაგათ რომ ჰკითხო, თურმე, დავდიოდი შარვალჩახდილი, დავრბოდი და ხალხს ვემტერებოდი. არ ვიცი, როგორ უნდა გადამემტერებინა ამდენი ადამიანი?  ვთქვათ, ვაშაძეზე ვიტყვი, რომ პოლიტიკური შეცდომა იყო, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი, მაგრამ ჩემი რა პოლიტიკური სვლა დაინახეს, რომ შემიძულეს? - არ ვიცი... პროცენტების მიხედვით, უნაწილებენ თანამდებობას,ზოგს მინისტრობა შეხვდება, ზოგს მინისტრის მოადგილეობა, მაგრამ მე დაბალი ხმა მაქვს და ჩათვალეს, რომ არ უნდა ვმონაწილეობდე ქალაქის მერის ხელისუფლებაში, არ ვიცი... შეიძლება სხვა რაღაცაში გამითვალისწინონ და შევხვდეთ დავილაპარაკოთ. მე ვიბრძვი და ვიბრძოლებ იმის მიუხედავად, თანამდებობაზე ვიქნები თუ არა.

_ხომ არ ფიქრობთ, რომ არჩევნებში თქვენი დაბალი შედეგი იმ სკანდალურმა საქმემ განაპირობა, რის გამოც საპყრობილეში მოხვდით?

_ კი ეგეც შეიძლება იყოს მიზეზი, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ვთვლი, რომ გაყალბებაა ამის მიზეზი. არ მინდა, დავიჯერო, რომ ადამიანები არიან მატყუარები ამ ქვეყანაში და ის ათასობით ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ ჩემი მხადრამჭერია, იტყუება. თუ ეს დავიჯერე, მე გამიჭირდება ამ ქვეყანაში და ამ საზოგადოებაში ცხოვრება. ამიტომ ეს არ მჯერა. მჯერა, რომ ამომრჩეველმა მომცა ხმა, ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან, მიღიმიან და მხარდაჭერას გამოხატავენ, ქუთაისის მოსახლეობის 70% მაინცაა და დავიჯერო, რომ ესენი ყველანი მატყუარები არიან?! ციხეს რაც შეეხება, არ მგონია ჩემთვის ხმები დაეკლო, პირიქით, ვთვლი, რომ უფრო მომიმატებდა. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ წევრსაც არ სჯერა, რომ მე ვარ მოძალადე, რომ მე ქალზე ვიძალადე. ყველას სჯერა, რომ ეს მომიგონეს. ამიტომ არ მგონია, რომ ჩემი დაჭერა ხმებზე იმოქმედებდა.

_ ბატონო გოგი, თქვენ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით რა ხდება და რა ეტაპზეა გამოძიება?

_არაფერზე, აი, ახლაც დღეს მაქვს სასამართლო. სასამართლო პროცესები ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მერე იქნება კიდევ ერთ თვეში და ასე გაგრძელდება, ალბათ, ერთი ორი წელიწადი.

_ გასაგებია. ახლა ის ამიხსენით, კახა კუკავას პარტიიდან რატომ წამოხვედით?  

_ არაფერი, ჩვენ დღემდე მეგობრები ვართ. დიდი ხანია, ვართ ერთად და ყველა არჩევნები წავაგეთ. ამას მას არ ვაბრალებ, მაგრამ ესაა ფაქტი და რეალობა, რომ ყველა წავაგეთ ერთად და გადავწყიტეთ, რომ გვეცადა ცალ-ცალკე. ჩვენი არჩევნების შედეგები გახდა ჩემი წამოსვლის მიზეზი. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის დროს შექმნილი პარტია ვიყავით, ვმეგობრობდით მიშას ორივე დაჭერილი და ნაცემები ვყავართ. ჩვენ დიდი ხანია პოლიტიკაში ვართ ერთად. ერთად სიკვდილისთვისაც კი ჩაგვიხედავს თვალებში და საჩხუბარი ნამდვილად არაფერი გვაქვს. ჩვენ ვთქვით, მიშას დროსაც და ბიძინას დროსაც არჩევნები წავაგეთ ყველა და ვსინჯოთ ცალ-ცალკე-თქო.

_როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას?

_ მე ვთვლი, რომ მიხელ სააკაშვილის ციხეში ყოფნა აძლიერებს მას და ასუსტებს „ქართულ ოცნებას“. რაც უფრო დიდხანს გააჩერებენ მიშას ციხეში, მით მეტ ქულებს მოიპოვეს ის. რაც უფრო დიდხანს გააჩერებენ, ეს იმოქმედებს მათ საწინააღმდეგოდ და ასევე ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ამიტომ სჯობს ამ პრობლემიდან გამოვიდნენ.  ჩემი აზრით, მიშა უნდა გამოუშვან და პრობლემა სანამ უფრო გამძაფრდება, გადაწყვიტონ და მოაგვარონ.

ავტორი: სალომე ნოზაძე