„თუ ჩემმა ყოფილმა ქმარმა ეს საშინელება ჩაიდინა, რატომ არ დამირეკა და ქვეყანა არ დააქცია - ეს რატომ გამიკეთა, რატომ გამაუბედურაო?!“ - ექსკლუზიური ინტერვიუ 13 წლის დაზარალებული გოგონას ბებიასთან

ჟურნალისტური გამოძიება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ აგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის  გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, რომ  მამის მამა მასზე  თითქმის 5 წლის განმავლობაში ძალადობდა ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ექსკლუზიური ინტერვიუ დაზარალებული გოგონას მამასთან -ამჯერად „ვერსია“ ბრალდებულის ყოფილ მეუღლეს - დაზარალებულის ბებიას დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. ქალბატონი 12 წელია მეუღლესთან განქორწინებულია, თუმცა შესაძლებლია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს (სტილი დაცულია):

- როგორი ადამიანია თქვენი ყოფილი მეუღლე და ხომ არ შეგინიშნავთ მასში რაიმე საეჭვომ სანამ მათან ერთად ცხოვრობდით?

-არაფერი შემინიშნავს არასდროს. პირიქით, სერიოზული მამაკაცი იყო. შინაური და გარეული იცოდა, ქალისკენ გვერდითაც კი არ გაუხედავს.

- როგორც ვიცით, თქვენ 12 წელია განქორწინებულები ხართ,  რა გახდა დაშორების მიზეზი?

-ჩვენ ხასიათებით ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. მერე საზღვარგარეთ წავედი და იქიდან დავცილდით ერთმანეთს. 23 წელი ვიყავით ერთად, მაგრამ ჩვენ შორის უხეში და ძალადობრივი არაფერი ყოფილა.

-როგორი ურთიერთობა გქონდათ თქვენ შვილიშვილებთან და როდის გქონდათ ბოლოს მათთან კომუნიკაცია?

-შვილიშვილებს ველაპარაკე 8 ოქტომბერს. პატარას მივულოცე დაბადების დღე, სიცხიანები იყვნენ. მერე ვურეკე ცხრაში თუ ათში. ეგ ამბავი რომ ყოფილა, წინა საღამოს გაუგია და სანამ პოლიციაში წავიდოდა, ზუსტად ეგ პერიოდი იყო. ზუსტი რიცხვი არ მახსოვს. წინა საღამოს ვურეკე და არ მიპასუხა. ბავშვები ხშირად არ მპასუხობდნენ. დედამისისგან მიჩვეულები იყვნენ ამას.

საბერძნეთში ვიყავი 10 წელი. სანამ ფინანსურად კარგად ვიყავი, კარგადაც მეკონტაქტებოდნენ და კარგი ბებიაც ვიყავი, მაგრამ რაც ფინანსურად გამიჭირდა, მერე დამბლოკა. 

ჩემს ვაჟს უჩივლა, დავურეკე და  ვუთხარი - რატომ აბოროტებ,  რატომ იქცევი ასე-მეთქი? - რძალმა „წიკვინი“ დამიწყო. ვეუბნებოდი, თიკო დამშვიდდი, ნუ უწევ ტონს-მეთქი. ამის შემდეგ  გამითიშა და დამბლოკა. ამ ამბის შემდეგ აღარ მიკონტაქტია. ბავშვებს იშვიათად ვნახულობდი და იშვიათად ვეკონტაქტებოდი.

- როდესაც ერთად ცხოვრობდნენ, მაშინ როგორი ურთიერთობა გქონდათ რძალთან?

- მანამდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მითუმეტეს, როდესაც ფინანსები სჭირდებოდა, ძალიან კარგად მირეკავდა იმიტომ, რომ ჩემგან სარგებელს მოელოდა, მაგრამ ჩვენს ოჯახში როდესაც იყო, მეუბნებოდა, ვითომ ჩემი ყოფილი დედამთილი და ჩემი ყოფილი მეუღლე უშლიდნენ ჩემთან დარეკვას და არ სიამოვნებდათ. მერე მაგას იმიზეზებდა და როცა რამე უნდოდა, მხოლოდ მაშინ  მირეკავდა.

-რას ამბობდა, რატომ უშლიდნენ თქვენთან დარეკვას?

-არ უშლიდნენ, ეს იგონებდა მიზეზად.  შვილს ველაპარაკებოდი ყოფილი დედამთილისა და ქმრის წინაშე და რძალს რატომ დაუშლიდნენ? უბრალოდ, თვითონ იმიზეზებდა, როცა ფული სჭირდებოდა, მარტო მაშინ მირეკავდა. როცა ჩამოვედი და ფული აღარ მქონდა, აღარ მეკონტაქტებოდა. მე როცა ჩამოვედი, უკვე 2-3 წლის დაშორებულები იყვნენ.

-როგორც გავიგეთ, რძალი თქვენ და თქვენს ყოფილ მეუღლეს გადანაშაულებთ ოჯახის დანგრევაში, ეს მართალია?

-არავისი ბრალი არ არის. მე პირშიც ვეუბნებოდი, ძალიან ცივი იყო ქმართან. სანამ პატარას გააჩენდა, მე და ჩემი ქალიშვილი სულ ვეუბნებოდით, რომ ყურადღებით ყოფილიყო ქმართან. ვარიგებდი - ქმარს დახვდი სახლში, დახვდი ენერგიულად-მეთქი, ვეხვეწებოდით... მერე დარჩა მესამეზე ფეხმძიმედ. ჩემს გოგოზეც ნაწყენი იყო, რატომ არ გესიამოვნა ფეხმძიმედ რომ დავრჩიო? იმიტომ, რომ ოჯახს ვერ შეინარჩუნებდა მესამე ბავშვით... პირიქით, ქმართან ყურადღებით უნდა ყოფილიყო და მიფერებოდა. ხან სურპრიზებს ვუწყობდით, რომ ქმართან დაელაგებინა ურთიერთობა, მაგრამ თვითონ იყო ჭიამკვდარა გოგო. სულ იღლებოდა, სულ არ შეეძლო...

-მართალია, რომ როდესაც ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი იყვნენ, თქვენმა შვილმა მაშინ დაიწყო სხვა ქალთან ურთიერთობა და ეს გახდა დაშორების მიზეზი, იცოდით ამ ფაქტის შესახებ

- ვიცოდით, რომ ჩემს შვილს საყვარელი ჰყავდა. კიდევაც ვეჩხუბე ჩემს შვილს, ასევე რძალს ვეუბნებოდი, რომ უფრო მეტი ყურადღებით ყოფილიყო. ამ ამბავზე ნერვიულობამ მხედველობა დამაკარგვინა. მაგრამ არავის არაფერი შეეძლო, ქმარს თუ არ მიეფერები და ყურადღებას არ გამოიჩენ, სხვისკენ გაიხედება. მე რძალს სულ ვეუბნებოდი, ქმარი შენ თვითონ მიიყვანე კლდესთან შენი საქციელით  და ხრამში გადააგდე-მეთქი. მისი ბრალი რომ იყო, პირშიც ვეუბნებოდი.

- თქვენ ყოფილ რძალს ქმართან თავიდანვე ასეთი ურთიერთობა ჰქონდა?

- არა ოჯახში, როდესაც პრობლემებმა იჩინა თავი, მაშინ გახდა ასეთი ცივი. ქმარი რომ ჯარში მსახურობდა, ორი კვირა ნანახი არ ჰყავდა ქმარი და მიდიოდა და  იძინებდა, არ ელოდებოდა. ქმარმა ამ ყველაფრის გამო აიცრუა გული მასზე.

-ყოფილ რძალს თქვენთან  და თქვენს ყოფილ ქმართან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

-გადასარევი. როცა გასცილდნენ, მერე დაიწყო ცუდი ურთიერთობა. ვინც სჭირდებოდა, ყველასთან კარგად იყო თავიდან. ჩემს ყოფილ ქმარს, მის მამამთილს არ მოსწონდა მისი შვილის საქციელი და ცდილობდა, პირიქით, შვილი გაეგდო სახლიდან და რძალი დაეტოვებინა. მამამთილი თან ჰყვებოდა, მერე კი ისიც აღარ უნდოდა, როგორც მე.

-ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაშორების შემდეგ თქვენი რძალი მშობლებმა აღარ მიიღეს, ეს მართალია?

-ეგ ნამდვილად არ ვიცი. მისი მშობლები რას ეუბნებოდნენ, არც ეგ ვიცი, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ახლო ურთიერთობა მათთან არ მქონია. მე მაგათი ფინანსებისა და ჯანმრთელობის გამო წავედი საქართველოდან. ჩემი ყოფილი მეუღლე ცალი ფეხით ამდენს ვერ აუვიდოდა, ამიტომ მე მომიწია სამუშაოდ წასვლა.

-თქვენი ქალიშვილი მამასთან არ კონტაქტობდა დიდი ხნის განმავლობაში. რა იყო ამის მიზეზი?

-რძალი ჩემზეც იგონებდა რაღაცეებს და კონფლიქტს იწვევდა ჩვენს ოჯახში. მერე ვურეკავდი და ბოდიშებს მიხდიდა, პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, რას ვაკეთებდიო.

ჩემმა ყოფილმა ქმარმა მითხრა, თავიდან მჯეროდა ყველაფრის რასაც მეუბნებოდა, მაგრამ მერე მივხვდი რომ მატყუებდაო. ასევე ჩემს გოგოზეც ეუბნებოდა მამამის, რომ ცუდად იქცევაო. მერე ოჯახი რომ ჩაერია და ბებიამ უთხრა, მამას შვილს სახლიდან რატომ აგდებინებო, გაჩუმდა და უთხრა, არ გააგდო და როცა დააშავებს, მერე გააგდეო.

-თქვენთან თუ უთქვამთ შვილიშვილებს რაიმე უცნაური ფაქტის შესახებ?

-არა, არაფერი. ჩემთან ძალიან მოზომილად ლაპარაკობდნენ. ძალიან იშვიათად მოდიოდნენ და მელაპარაკებოდნენ. თუ მოდიოდნენ, საერთოდ არაფერს არ მეუბნებოდნენ.

მე ისიც მიკვირს, რატომ არაფერი მითხრა მომხდარი ფაქტის შესახებ ყოფილმა რძალმა, მე ხომ  ჩემი ყოფილი მეუღლის მოწინააღმდეგედ ვითვლები?! თუ ჩემმა ყოფილმა ქმარმა ეს საშინელება ჩაიდინა, რატომ არ დამირეკა და მითხრა ამ ამბის გაგების მერე  - ეს რატომ გამიკეთა, რატომ გამაუბედურაო?! სანამ გაასაჩივრებდა, მე ხომ დარეკილი მქონდა, მაგრამ არ მიპასუხა. ან საერთოდ ეგ ამბავი რომ გაიგო, რამ გააჩერა? აბა წარმოიდგინეთ, ეგ ამბავი რომ ვიცოდე, ეგრევე გავიდოდი, ყველას დავურეკავდი, ყოფილ ქმარსაც და ბაბუასაც. როგორ გაძლო?! მაგან მთელი დღე შეინახა და მეორე დღეს დარეკა პირდაპირ პოლიციაში. რატომ არ გამცა პასუხი, თუნდაც რატომ არ მიმალანძღა?

- როგორ ფიქრობთ, რა მოტივით შეიძლება იგონებდეს თქვენი ყოფილი რძალი ამ ყველაფერს?

-როგორც დედა ამ კითხვას მეც ვერ ვპასუხობ,  არ ვიცი... მაგრამ მაგან ბევრი რამე მოიგონა, ქმარს პოლიციაშიც უჩივლა, ბავშვებიც მიიყვანა, უჩივლა რომ როდესაც ჩემი შვილი და მისი ცოლი ავსტრიაში იყვნენ წასულები, რძალი ბაბუას ბავშვებს არ ატანდა. მიიყვანა ბავშვები და უჩივლა, მიზეზად იძახდა, რომ რა უნდა გააკეთონ ბავშვებმა ბაბუასთანო, მეტი არაფერი ვიცი დეტალურად.

სასამართლომ მიანიჭა უფლება, რომ მამას შაბათ-კვირას წაეყვანა ბავშვები თავისთან, ეგეც მხოლოდ ბავშვების უფლებით, თუ სურვილი ექნებოდათ. მაგრამ ჩემი რძალი ისე აკეთებდა ყველაფერს, რომ მაგ დღეებშიც კი არ შესძლებოდა მამას ბავშვების წამოყვანა თავისთან. მაშინ უნდებოდა ბავშვების პიკნიკი და ყველაფერი, რაც ხელს შეუშლიდა. სულ ვეუბნებოდი რძალს, როცა იცი, რომ მამის დღეა, რატომ უკანონებ და უგეგმავ ბავშვებს სხვა რაღაცეებს-მეთქი? მაშინ არაფერი აღარ მითხრა. ასე ამწარებდა მამას, პაპას კი სულ არ ჰქონდა უფლება ბავშვების წამოყვანის.

-როგორ ფიქრობთ, ხომ არ ჰყავს თქვენს ყოფილ რძალს ვინმე, ვინც ამ საქმეში ზურგს გაუმაგრებს და დაეხმარება?!

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა ცხოვრებით ცხოვრობს, არ ვერევი. არც მისი ახლობელი ვიცი ვინმე, ვინც ასე დაიცავდა. არ მახსენდება ვინმე მისი ახლობელი თანამდებობაზე იყოს. არ მაინტერესებს მისი ცხოვრება, ჩემი საქმე არაა, ქმარი არ ჰყავს და შეიძლება ვინმე პატრონობს. არ ვიცი ნამდვილად ვინ ეხმარება მას. ძმა დაღუპული ჰყავს.

-რას ფიქრობთ, შეუძლია თქვენს შვილიშვილს, ეს ამბავი მოიგონოს ? გჯერათ თუ არა, რომ თქვენი ყოფილი ქმარი ამას აკეთებდა?

-99% მჯერა, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე ამის გამკეთებელი არ არის. დამალული იყოო, მოიგონეს, არადა, თბილისში იყო თავის შვილთან, არსად დამალულა. როცა ერთად ვიყავით, არ არსებობდა, ქალისთვის შეეხედა, ძალიან სხვანაირი კაცი იყო. ასეთი რაღაცები არ ახასიათებდა. მანდ ტერმინებია კიდევ, რაც მოვისმინე და საერთოდ არ ახასიათებს ეგეთი ტერმინებით ლაპარაკი.

-გამორიცხავთ, რომ თქვენს ყოფილ მეუღლეს ვიღაც განგებ აბრალებს ამ ამბავს?

-არ გამოვრიცხავ არც მაგ ვერსიას. ვალი არ ჰქონია, არც დაპირისპირება, როგორც ვიცი. თვითონ რძალს აქვს, ალბათ, რაღაც ინტერესი, ამას გამოძიება დაადგენს. შეიძლება ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა და ჩემი წასვლის შემდეგ დავშორდით, მაგრამ არ იყო ასეთი მექალთანე.  არაკაცი რომ იყოს და მექალთანე, შეიძლება, მაგრამ არ იყო და ტყუილს ვერ ვიტყვი.

- შეიძლება, რომ თქვენს რძალს ქონებრივი ინტერესი ჰქონდეს?

- შეიძლება, რა თქმა უნდა, ერთხელ ოქროს ყელსაბამზეც ჰქონდა მთელი სასამართლო ამბავი. შესაძლებლია, სხვა ინტერესიც იყოს -  ჩემი ქმრის სახელზეა პროდუქტის მაღაზია თბილისში, მანქანები. შეიძლება, ამის გამო სწამებენ ცილს - ჩემი ბიჭის სახელზე არაფერია, ყველაფერი მამამისის სახელზეა.

ავტორი სალომე ნოზაძე