მამუკა არეშიძე: „დასავლეთის ქმედება მეძავი ქალის საქციელს ჰგავს“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

უნდა ველოდოთ თუ არა კრემლისგან ახალ პროვოკაციებს და რა საკითხში თვლის რუსეთი საქართველოს მოკავშირედ

 რუსეთის პრეზიდენტმა 4 აგვისტოს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ ცხინვალთან ისეთი შეთანხმებ გაფორმდება, როგორიც ამჟამად, რუსეთს მხოლოდ ტაჯიკეთთან აქვს გაფორმებული. პროექტი და თხოვნა რუსეთში წლების წინ იყო გაგზავნილი, მაგრამ მოსკოვი მხოლოდ ახლა ამოქმედდა. განკარგულების თანახმად, მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, პირველი ქვეყნის მოქალაქის სტატუსის დათმობის გარეშე; ორმაგ მოქალაქეს შეუძლია სამხედრო სამსახური გაიაროს იმ ქვეყანაში, სადაც ის მუდმივად იცხოვრებს; რომელიმე ერთ ქვეყანაში მანამდე გავლილი სამხედრო სამსახური მხედველობაში იქნება მიღებული მეორე ქვეყნის მიერაც; ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი სოციალური დაცვით, სამედიცინო მომსახურებითა და განათლების შესაძლებლობებით სარგებლობს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობს; თუმცა არცერთ მხარეს არ ეზღუდება უფლება - მიანიჭოს უფლებები და პრივილეგიები არა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირს, რომელიც ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს; შეთანხმება ძალაში იქნება 5 წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო 5-წლიანი ვადით, თუკი რომელიმე მხარე 6 თვით ადრე არ გამოხატავს სურვილს შეთანხმების შეწყვეტის შესახებ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კმაყოფილია მოსკოვის გადაწყვეტილებით, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიცეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის იმ მცირე ნაწილსაც, რომელსაც დღემდე რუსეთის პასპორტი არ ჰქონდა. რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწვეტილება მაინცდამაინც ახლა? - „ვერსია“ კავკასიის საკითხების ექსპერტს, კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 - პუტინი ახლა იმიტომ გააქტიურდა, რომ კავკასიაში, ყარაბაღის მოვლენების ფონზე, გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება. დასავლეთი ცდილობს, დაკარგული პოზიციები დაიბრუნოს და ამ კუთხით ძალიან აქტიურია. წვრთნების ის უზარმაზარი ფორმატი, რომელიც ახლა სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში, კერძოდ, შავი ზღვის აუზში მიმდინარეობს, ქართული საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება, არადა, ნატო-ს ამ აქტიურობის გამო, რუსეთი კონტრღონისძიებებს ახორციელებს.

წვრთნების გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთი, როგორც ინდივიდუალური პოლიტიკური მოთამაშე, სამხრეთ კავკასიის სამხედრო პოლიტიკურ სივრცეში, ასი წლის შემდეგ, ძალიან აქტიურად დაბრუნდა და აზერბაიჯანთან ბაზის გახსნას, ასევე, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო კონტიგენტის ჩამოყალიბებას გეგმავს. ყველაფერი ეს კი რუსეთისთვის „წითელი ნაჭრის“ ტოლფასია.

ამას ემატება საქართველოში მიმდინარე პროცესები და აქედან გამომდინარეობს პუტინის გეგმა, რომელსაც ამუშავებს და ეს არაღიარებული ტერიტორიების -  აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის, ლუგანსკის, დონეცკისა და ზოგი სხვა ტერიტორიის ერთი მმართველობის ქვეშ გაერთიანებაა.

- ანუ, ამ ტერიტორიების ხელახალი ანექსიის საშიშროება დგას?

- ეს მოქალაქეობის საკითხი ანუ თეატრალური ფრაგმენტია იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეობას ისედაც იღებდნენ და უნდა ითქვას, რომ ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელთა თითქმის 100%, ისედაც რუსეთის მოქალაქეა.

მოკლედ, ეს უფრო გზავნილია, რომ რუსეთი თავისას არ მოიშლის, მიდგომებს არ შეცვლის, ანექსიას გააგრძელებს და დასავლეთის ზეწოლა მასზე გავლენას არ მოახდენს.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზემოთქმულზე საპროტესტო განცხადება გაავრცელა. ამის გარდა, სხვა ბერკეტი, თუნდაც დასავლეთის თანამეგობრობის ყურადღების მისაქცევად გვაქვს?

- მაღალი პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველოს ახლა შანსი არ აქვს, მდგომარეობა შეცვალოს, რადგან დასავლეთის საქციელი, ხშირ შემთხვევაში, „მეძავი ქალის“ საქციელს ჰგავს - ერთი მხრივ, სანქციებს უწესებს რუსებს, ვითომ იმ ფასეულობის ხელყოფისთვის, რაც მსოფლიოში აღიარებულია და მეორე მხრივ, მაგალითად, უკრაინაზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება მაკრონისა და მერკელის მხრიდან, რათა დათმოს პრინციპები, რომელსაც დასავლეთი აქამდე მხარს უჭერდა. ყველაფერი იცვლება ახალ გაზსადენზე, რომელიც გერმანიისთვის მნიშვნელოვანია და უკრაინის ინტერესები არავის აღელვებს.

ჩვენი ოპოზიცია რომ გაჰკივის, არიქა, საქართველო რადარებიდან გაქრაო, მეტი რაღა აქტიური უნდა ვიყოთ?! ნატო-ს წვრთნები დღეს ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს და სამხრეთ კავკასიაში ასეთი მასშტაბის წვრთნები, სხვათა შორის, აქამდე არასდროს ყოფილა. სხვა საკითხია, რაშიც საქართველოს ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, რომ აბსოლუტურად შეიზღუდა თავი ე.წ. რბილი ძალის გამოყენების თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იქ მაცხოვრებელ ადამიანებზე მეტი ზემოქმედება უნდა მოახდინოს. მხოლოდ ერთი - ჯანდაცვის პროგრამა, საკმარისი არაა. როდესაც აქ ხან აფხაზეთისა და ხან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უმაღლესი თანამდებობის პირი  მკურნალობს და შენ აქედან შედეგს ვერ იღებ, ეს ნონსენსია.

- ბატონო მამუკა, საქართველოში წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარება მყიფეა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ჯერ ოპოზიციურმა პარტიამ არ მოაწერა და ახლა შეთანხმება მმართველმა ძალამაც გაანულა. ამ ფონზე, რუსეთის ზემოხსენებული მკვეთრი ნაბიჯი ხელისუფლების ერთგვარი გაფრთხილება ხომ არ არის ანუ კრემლისგან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ?

- რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტიურობას არ ველი. ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, რუსეთმა თავისას მიაღწია - თურქეთის მსგავსად, მასშტაბურად დაბრუნდა სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკურ სივრცეში. რუსეთს დასავლეთის კი არა, არამედ, თურქეთის აქტიურობა აინტერესებს სამხრეთ კავკასიაში და ეს მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აქ მოკავშირედ, გარკვეულწილად, საქართველოს მოიაზრებს, რადგან თურქეთის მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის განწყობა იცის, მაგრამ ვიდრე რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს უკან არ წაიღებს, ქართული საზოგადოება რუსეთის აქტიურობის წინააღმდეგიცაა. ე.ი. ორ ცეცხლშუა ვართ. არავითარი გაფრთხილება, დეკორატიული ღონისძიებები და თეატრალიზებული წარმოდგენა აღარ მუშაობს, რაც მოსკოვში ვერაფრით გაიგეს. კი, არის ანტითურქული განწყობები ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ განწყობა რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება.

დიდ ქვეყნებს, სიტუაციიდან გამომდინარე, მიღებული ფორმატების შეცვლა არ უყვართ,  ამის ნათელი მაგალითია აშშ-ისა და რუსეთის საქციელი. ერთადერთი ქვეყანა დასავლურ სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო მოქნილია კავკასიურ პოლიტიკაში, ბევრად მეტი გამოცდილება აქვს და სწორ ნაბიჯებს დგამს, დიდი ბრიტანეთია. დანარჩენები იმ კალკის მიხედვით მოქმედებენ, რომელიც შემუშავებული აქვთ, გინდა რუსეთი იყოს, გინდა - აშშ და გინდ - ჩინეთი.

სიტუაციაზე მორგება არც ერთს უნდა. ყველას უნდა, რომ მიღებული ფორმულა, მაგალითად, უგანდაში და საქართველოში ერთნაირად მუშაობდეს.