ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ პასპორტი... შეჭამა! - რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში და რატომ ცხოვრობს ავთო კოპალა დღემდე ავიალაინერში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 საოცარი რამ ხდება უკრაინაში. ჰო, სწორედ ახლა ხდება, რადგან პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ეჭვი გვაქვს, საინტერესო გაგრძელება ექნება. მოკლედ, უკრაინელმა სამართალდამცავებმა „კანონიერი ქურდი“, ავთანდილ კობეშავიძე (მეტსახელად, „ავთო კოპალა“) დააკავეს. სასამართლომ ქვეყნიდან მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო და კობეშავიძეს ორი არჩევანი შესთავაზა - რუსეთი, სადაც ის 2019 წლის შემდეგ იძებნება და საქართველო, სადაც სტატუსისთვის უეჭველად ციხე ელოდება. თავად დაკავებულს უკრაინაში დარჩენა სურდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - 10 ივლისს, ის ბორისპოლის აეროპორტში მიიყვანეს და ბათუმის რეისზე დასვეს. იმავე რეისით, აჭარაში ექსკურსიაზე, 100 ბავშვი მიფრინავდა და შესაბამისად, პირველად ლაინერში კობეშავიძე ავიდა, რათა ბავშვებს არ დაენახათ ბორკილდადებული კაცი როგორ მიჰყავდათ სამართალდამცავებს.

 

ყველაზე საინტერესოც აქ დაიწყო - თვითმფრინავში ასვლისთანავე, კობეშავიძეს პასპორტი დაუბრუნეს, რომელიც მან... იქვე, სამართალდამცავთა თვალწინ შეჭამა. ცხადი გახდა, პასპორტის გარეშე, მას ქართული მხარე არ მიიღებდა, თუმცა...

„უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, უსაბუთო კაცს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მივცემთ“, - ეს უკვე უკრაინელი სასაზღვრო დეპარტამენტის განცხადებაა ანუ კობეშავიძე არც უკრაინაში შეუშვეს და საერთოდ, თვითმფრინავიდანაც არ ჩამოიყვანეს.

სანამ ეს იწილო-ბიწილო გრძელდებოდა, გაირკვა, რომ ლაინერი სამართალდამცავებს კობეშავიძის დროებითი დაკავების იზოლატორად სჭირდებოდათ და ამიტომ, რეისი, რომელიც ბათუმში უნდა გამოფრენილიყო და 100 უკრაინელი ბავშვი ჩამოეყვანა, საერთოდ გაუქმდა.

YanAir-ს წარმომადგენლებმა ბავშვებსა და მშობლებს ბოდიში მოუხადეს შეფერხებისთვის და აუხსნეს, რომ თავისუფალი ლაინერი იმ დროისთვის არ ჰყავდათ, ფრენა კი 11 ივლისს განხორციელდა.

საქმე ამით რომ არ დასრულდება, ცხადია. საავიაციო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ შეფერხება სამართალდამცავთა გამო შეექმნათ და როგორც მორალური, ისე მატერიალური ზარალი, რეისის სხვა მგზავრებს, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აუნაზღაუროს.

შსს ხელს ავიაკომპანიისკენ იშვერს და აცხადებს, რომ მგზავრების სასტუმროში დაბინავება და კვება მათი პრეროგატივა გახლდათ ანუ ამ 100-მა ბავშვმა მშობლებთან ერთად, ღამე... „ბორისპოლის“ აეროპორტში გაათენეს და ისინი ჩივილს აპირებენ.

ყველაფერი ეს კარგი, მაგრამ კობეშავიძესთან დაკავშრებით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის ისევ ლაინერში ცხოვრობს.

საქმე ის გახლავთ, რომ მას ქართული პასპორტი ჰქონდა, რომელსაც უკრაინა ვერანაირად ვერც დაამზადებს და ვერც გასცემს, დაკავებული კი პასპორტის გაცემის თაობაზე, საქართველოს საელჩოსთვის მიმართვას არ აპირებს.