„ჩემი და ცოტნეს ლოგინი კოლხური კოშკის ეზოში დაწვეს“ - რატომ არ მიიყვანეს გერმანიიდან დაბრუნებული ცოტნე გამსახურდია მშობლიურ სახლში - ექსკლუზიური ინტერვიუ ანა ჯაბაურთან

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ცოტნე 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს, რის შემდეგაც მკურნალობას თურქეთისა და გერმანიის წამყვან კლინიკებში გადიოდა. როგორია ახლა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რატომ გადაწყდა მისი სამშობლოში დაბრუნება? - „ვერსია“ ცოტნეს მეუღლეს, ანა ჯაბაურს ესაუბრა:

 - საქართველოში დაბრუნება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან გაგრძელდა ცოტნეს ჰოსპიტალიზაცია. გერმანელი პროფესორების რეკომენდაციითა და თითქმის მოთხოვნით, ამ ეტაპზე, აუცილებელია ცოტნეს დაბრუნება საკუთარ სახლში და გარემოში, რომელსაც მიჩვეულია და რომელიც უყვარს. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ტიპის პაციენტის რეაბილიტაციისთვის წარმატების პირველი გარანტია მისი გაწონასწორებული და პოზიტიური ფსიქო-ემოციური მდგომარეობაა. სანამ ცოტნეს ჰქონდა ინფექციების დიდი რისკი, გართულებები და იყო საჭიროება ქირურგიული ოპერაციების, მანამდე მოთავსებული იყო ჰოსპიტალში. ამ ეტაპზე კი მისთვის საჭიროა მხოლოდ ვარჯიშები, ფიზიოთერაპია, ერგოთერაპია, კოგნიტიური თერაპია, დადებითი ემოციები და უსტრესო გარემო.

თავდაპირველად, დაგეგმილი გვქონდა მისი ჩამოყვანა 10 აპრილს, რადგან ცოტნეს მდგომარეობა იყო კარგი და იმედისმომცემი. მან უკვე დაიწყო ლაპარაკი, შეეძლო საკუთარი ნების გამოხატვა და ამა თუ იმ, მისთვის საჭირბოროტო საკითხზე პოზიციის დაფიქსირება. ყოველდღიურად იმდიდრებდა ლექსიკას, ამბობდა ახალ სიტყვებს და წინადადებებს, მაგრამ მოულოდნელად, მარტის ბოლოს, მდგომარეობა გაურთულდა დაავადებით, რომელიც თავის ტვინის ამგვარი დაზიანების მქონე პაციენტებში, პირველი 5 წლის განმავლობაში, 80%-ში გვხვდება. ცოტნეს მდგომარეობა აღნიშნული დაავადების გამო გართულდა და საჭირო გახდა სასწრაფოდ მისი გადაყვანა სპეციალიზებულ ცენტრში. ეს პერიოდი, ჩვენდა სავალალოდ, დაემთხვა კათოლიკურ წინასააღდგომო დღეებს, რომლის დროსაც მთელი გერმანია ისვენებს რამდენიმე დღის განმავლობაში და ახალი პაციენტის მიღებას კლინიკები თავს არიდებენ. ამას დაემატა ის სირთულეც, რომ გერმანიაში პაციენტის გადაყვანა სწრაფად არ ხდება, გადასალახია ბიუროკრატიული საფეხურები და რაც მთავარია, წინასწარ შესატანია მკურნალობის თანხა. რადგან გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, პროცესში ჩავრთეთ საქართველოს საელჩო გერმანიაში. მათ დაიწყეს ზემოაღნიშნულ ცენტრებთან ინტენსიური დაკავშირება, დაუკავშირდნენ 30-მდე ასეთ კლინიკას, თუმცა ასე მოკლე დროში, ბიუროკრატიული საფეხურების გავლისა და თანხის წინასწარი შეტანის გარეშე, ჩვენს მიღებაზე ყველამ უარი თქვა. ძირითადად, გვიბარებდნენ სადღესასწაულო დღეების გასვლის შემდეგ. სასოწარკვეთილი ინტერნეტში ვეძებდი მსგავსი ტიპის სხვა კლინიკებსაც და შემთხვევით წავაწყდი ერთ-ერთი კლინიკის დირექტორის სახელსა და გვარს. ეს იყო ბატონი ალი გორჯი. მეხსიერებაში ამომიტივტივდა, რომ „გორჯი“ ირანულად ნიშნავს „ქართველს“ და ხავსივით მოვეჭიდე მის შესაძლო ქართულ წარმომავლობასა და სისხლის ყივილს. დავრეკე საელჩოში და ვთხოვე, რომ მას დაკავშირებოდნენ. ჩვენდა საბედნიეროდ, ჩემი ვარაუდი გამართლდა, ბატონი გორჯი აღმოჩნდა ქართული წარმოშობის ირანელი და როცა გაიგო, რომ პაციენტი იყო ქართველი და ზვიად გამსახურდიას ვაჟი, მან, ფაქტობრივად, უპრეცედენტო შემთხვევა დაუშვა გერმანიისთვის. ყოველგვარი ბიუროკრატიული საფეხურების გავლის, გადასახადის შეტანისა და ათასი სხვა წვრილმანის გათვალისწინების გარეშე, განაცხადა: „დიახ, მე ვარ ქართული წარმოშობის ირანელი და დღესვე მიმყავს ცოტნე!“

რამდენიმე საათში, მანქანით გადაგვიყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში და მოგვამაგრა გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტი ამ დარგში, პროფესორი კრისტოფ კელინგ ჰაუზი. მართლაც, ბატონმა კელინგ ჰაუზმა ყველაფერი გააკეთა ცოტნეს მძიმე მდგომარეობიდან უხიფათოდ გამოსაყვანად და მდგომარეობის მყარად დასასტაბილურებლად. აქვე, მინდა აღვნიშნო ამ პროფესორის  არაჩვეულებრივი თავმდაბლობა და ადამიანურობა - არასამუშაო დღეებში თავზე ადგა ცოტნეს და ხშირად მისთვის ასრულებდა, როგორც ექიმის, ასევე, ექთნის მოვალეობას. როდესაც ცოტნეს გადაყვანის აუცილებლობა შეიქმნა ინტენსიურ განყოფილებაში, ის  სპეციალურ მედპერსონალს არ დალოდებია, თავად მოჰკიდა ცოტნეს საწოლს ხელი და მიიყვანა ინტენსიურ განყოფილებაში. ერთი თვის წინ, ბატონი ჰაუზი დაჟინებით მირჩევდა, რომ ცოტნე თბილისში წამომეყვანა, რადგან მას საკუთარი გარემო და სამშობლო სჭირდებოდა. ძმებთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ ერთი თვით კიდევ დაგვეტოვებინა ცოტნე, რათა დავრწმუნებულიყავით სტაბილური მდგომარეობის სიმყარეში და მხოლოდ ორი დღის წინ დავბრუნდით სამშობლოში.

- ქალბატონო ანა, როგორც გაირკვა, ცოტნე არ იმყოფება „კოლხურ კოშკში“, არადა, ექიმი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში, ნაცნობ გარემოში ყოფნა... რატომ არ მიიყვანეთ თავის სახლში?

- ეს მთელი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, რომელზეც ლაპარაკი ჩემთვის ნამდვილად არ არის ადვილი. საზოგადოების ნაწილისთვის, მგონი, ცნობილიცაა ის ობიექტური მიზეზები, რის გამოც ცოტნე საკუთარ სახლში ვერ დაბრუნდა მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამჟამად ვიმყოფებით ჩემს ბინაში და დიდი იმედი გვაქვს, ცოტნე დაბრუნდება იქ და ისე, სადაც და როგორც 2019 წლის 19 დეკემბრამდე იმყოფებოდა და რაც, ფაქტობრივად, მისი არჩევანია.

- დიახ, ბოლოს ინტერვიუ ბატონ ცოტნესთან „კოლხური კოშკის“ ეზოში ჩავწერე და მივხვდი, მისთვის როგორი მნიშვნელოვანი იყო ის გარემო... იმედი მაქვს, ძალიან მალე შეძლებს იქ ცხოვრებას...

- დიახ, თქვენ მართალი ხართ, ცოტნე შეყვარებულია თავის კოშკზე, უბანზე და ეზოზე. ეს კარგად ვიცით მისი ოჯახის ყველა წევრმა თუ ახლობელმა, ამიტომ ყველანაირად ვეცდებით, ცოტნე საკუთარ სახლში დავაბრუნოთ. განსაკუთრებით, ამაზე ზრუნავს მისი ძმა, გიორგი გამსახურდია, რომელიც ადგას სამართლებრივ გზას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გზა დროის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. ცოტნეს პროფესორმა ხაზგასმით გვითხრა, რომ თუ იქნება თავის სახლში, ჩვეულ გარემოში და ადამიანებთან, რომლებიც მას უყვარს, ჩათვალეთ, რომ წარმატების კიდევ 50%-იანი შანსი გემატებათ ცოტნეს გამოჯანმრთელების გზაზეო.   

- ქალბატონო ანა, შეიძლება ითქვას, რომ დედაა წინააღმდეგი მისი „კოლხურ კოშკში“ დაბრუნებისა?

- იმ ქალბატონის შესახებ კომენტარის გაკეთება არ მსურს. ფაქტია ერთი რამ - დღესდღეობით, „კოლხურ კოშკში“ სწორედ იმიტომ ვერ ვბრუნდებით, რომ ცოტნეს იქ არ ექნება მშვიდი, უსტრესო და პოზიტიური გარემო ამ ეტაპზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს ბინაშიც კი ერთი დღის ჩამოსულები ვიყავით, როცა ვანდალური აქტი განხორციელდა და რომლის გამოც პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. მესმის, რომ არავის უფლება არ უნდა დაირღვეს - არც სხვისი და არც ჩემი, მაგრამ ამჟამად უპირველესია ცოტნეს უფლებების დაცვა. ვერავინ გამოიყენებს მის უმწეო მდგომარეობას და ვერ წავა ცოტნეს საკუთარი არჩევანის წინააღმდეგ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ მეც და ცოტნეს ძმებიც და არა მარტო - ცოტნეს ყველა მეგობარი და მთელი სამეზობლო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ცოტნეს უფლებების დაცვაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ისე, როგორც ცოტნეს სურს და არა - ისე, როგორც ვინმე სხვას, მით უმეტეს, თუ ამ „ვინმე სხვასთან“, ათეულობით წლების განმავლობაში, ცოტნეს უკიდურესად დაძაბული და მტრული ურთიერთობა ჰქონდა.

- ძალიან სამწუხაროა, რასაც მიამბობთ, ქალბატონო ანა...

- გუშინ ერთი სამწუხარო ფაქტიც გავიგეთ, რაზეც ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ, განსაკუთრებით ცოტნეს ძმებს (სამწუხაროდ, პანდორას ყუთივით, ახალ-ახალი „სიურპრიზი“ ჩნდება). ცოტნემ  2016 წელს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტს მწერლის ცნობილი, ხის სავარძელი საზეიმოდ გადასცა, რომელზეც მწერალს არაერთი ფოტო აქვს გადაღებული. გუშინ კი „კოლხური კოშკის“ ერთ-ერთმა მკვლევარმა გაარკვია, რომ 2020 წლის 15 ივნისს, ძალიან უსიამოვნო ფორმით მივარდა მავანი თანამოაზრეებთან ერთად და ძმების მიერ, ფაქტობრივად, მუზეუმისთვის შეწირული ნივთი გამოიტაცეს და სახლში წაიღეს. გარდა ამისა, გეტყვით, რომ „კოლხური კოშკის“ ეზოში მოხდა ცოტნეს მიერ ჩაყრილი 180 ძირი ვაზის აჩეხვა და დაწვა, რის შემდეგაც, თვითმხილველების გადმოცემით, გამოიტანეს ჩემი და ცოტნეს ლოგინი და კოცონზე დაწვეს. ორი-სამი დღის წინაც დაგვირეკეს მეზობლებმა და გვამცნეს, რომ ისევ დაინთო კოლხური კოშკის ეზოში დიდი კოცონი, ამოვიდა შავი, ჭვარტლიანი ბოლი ეზოდან და ისევ მოხდა ცოტნეს სახლიდან გამოტანილი ნივთების დაწვა. ესაა ფაქტები, რომელსაც ცოტნეს ახლო მეზობლები ჰყვებიან. ახლა თქვენ განსაზღვრეთ, ასეთ პირობებში, შეიძლება, იქ ცოტნეს დაბრუნება?!