თაღლითობა სამართალდამცავის სახელით - ვინ იყო პათანატომი, რომელიც ქალებს შურისძიების მიზნით აუპატიურებდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში თაღლითობა ნაკლებად იყო გავრცელებული. ამის მიზეზი კი ჩვენი ქვეყნის მცირე მოსახლეობა გახლდათ. ახლაც ხომ ასეა - ყველა ყველას იცნობს და დამალვა შეუძლებელია. ამიტომ, კომუნისტების დროს, ადამიანები თაღლითობასა და ერთმანეთის მოტყუებას ერიდებოდნენ, თორემ სახელმწიფოს ატყუებდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა და ყველა ისე უყურებდა, როგორც მეწველ ძროხას, რომელსაც არაფერი შეეტყობოდა, თუ ცოტას მოპარავდნენ.

 

„ერთ საღამოს, შინ გვიან მივედი, როგორც წესი, ცოლი გაფრთხილებული მყავდა, რომ არ დამლოდებოდა, რადგან იყო იმის შანსი, რომ 2-3 დღე საერთოდ არ მივსულიყავი, თუმცა იმ დღეს ფეხზე დამხვდა, სამზარეულოში ყავის ჭიქებს ცლიდა და მელოდა. ტირილით მითხრა, მილიციამ დამაკავა და 200 მანეთს მთხოვსო. კინაღამ გადავირიე - ჩემს ანუ განსაკუთრებულ საქმეთა მთავარი გამომძიებლის ცოლს, ვიღაც 200 მანეთს სძალავდა, თან სწორედ იმ მომენტში, უცნაური გაუპატიურებების სერიას ვიძიებდი და ამ დროს ახალი პრობლემა“, - იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

როგორც მეუღლე ამბობდა, ქუჩაში მიდიოდა, როცა ახალგაზრდა კაცმა გააჩერა და ლამის ტირილით უთხრა, რომ გაქურდეს, ის კი ბათუმში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც ორსული ცოლი ელოდა. გზის ფულის ანუ სულ რაღაც 20 მანეთის სანაცვლოდ, ვერცხლის საყურეებს სთავაზობდა, რომელიც ძალიან, ძალიან ლამაზი იყო. ქალმა დააპირა, სასოწარკვეთილი ადამიანისთვის ფული ისე მიეცა, მაგრამ კაცმა საყურეები ლამის ძალით ჩაუდო ჯიბეში, მადლობა გადაუხადა და წავიდა. ზუსტად ათი მეტრის გავლის შემდეგ, ქალს წინ იმ უბნის რწმუნებული გადაუდგა, იქვე ქუჩაში გაჩხრიკა, საყურეები უპოვა და უთხრა, რომ ისინი მოპარული იყო და სამართალდამცავები ეძებდნენ. ქალს იქვე მოურიგდა, მეორე დღეს 200 მანეთი უნდა მიეტანა, სხვა შემთხვევაში, საქმეს აღძრავდა და როგორც ნაქურდალის გამსაღებელს, ისე დააპატიმრებდა. მძევლად უბნის რწმუნებულმა ქალის პასპორტი დაიტოვა. როგორც ბატონ თენგიზს ცოლმა უთხრა, სპეციალურად არ დაასახელა, ვინ იყო მისი მეუღლე, რადგან ეშინოდა, ქმრისთვის პრობლემები არ შეექმნა.

„გაოგნებული დავრჩი. უბნის რწმუნებულმა ცოლს მილიციის მოწმობაც უჩვენა, ცოლმა სახელი და გვარი დაიმახსოვრა. მაშინვე გადავამოწმე და ჰოი, საოცრებავ, ასეთი თანამშრომელი, მართლაც, არსებობდა. ვერ მოვისვენე, პირადი საქმე ერთ საათში ხელში მეჭირა, ცოლს სურათი ვანახე და თავი დამიქნია, ეს არისო. ამ დროს კოლეგამ დამირეკა და მითხრა, ხომ არაფერი გეშლებათ, ეგ უბნის რწმუნებული ორი კვირაა, შვებულებაშია და ოჯახთან ერთად, თბილისიდანაა წასული, სოფლად ისვენებსო. კოლეგის მჯეროდა, მაგრამ ცოლის უფრო მჯეროდა, ამიტომ მეორე დღეს, ცოლს 200 მანეთი ჩავუთვალე და გადავაცემინე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ის მეორეც მასთან ერთად მოქმედებდა და ისიც უნდა დაგვეკავებინა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ფოტოებზე აღვბეჭდეთ და საქმეც ოფიციალურად აღვძარით. იმავე დღეს, ორი თანამშრომელი ქალი გავუშვით იმავე უბანში, სადაც საღამოს, ერთ-ერთს ვერცხლის საყურეები შესთავაზეს. სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

როგორც გაირკვა, უბნის რწმუნებული მართლაც დასასვენებლად იყო ოჯახთან ერთად, მისი ფორმა კი ტყუპისცალმა ძმამ მოირგო და გადაწყვიტა, ცოტა ფული ეშოვნა. სანამ გამომძიებლის ცოლს გადაეყრებოდნენ, შვიდი ადამიანის გაცურება მოახერხეს და 1400 მანეთიც ჩაიჯიბეს. ფულის უდიდესი ნაწილი ამოღებულ იქნა, ორივე თაღლითი გაასამართლეს, ძმა კი სამართალდამცავი ორგანოებიდან დაითხოვეს, რადგან ის ფორმასა და მოწმობას არ გაუფრთხილდა.

რაც შეეხება გაუპატიურების საქმეს, უცნურობა იმაში მდგომარეობდა, რომ გაუპატიურების შემდეგ, მოძალადე, გოგონებს პირში ლურჯ ძაფს ჩრიდა და გარბოდა. ძაფი საკმაოდ მსხვილი იყო და ექსპერტიზამ დაადგინა, ის ქალის თავსაფრის ბოლოებზე მიმაგრებული ქსოვილი გახლდათ. ასეთი თავსაფარი ათასობით გამოდიოდა და მხოლოდ მისი საშუალებით იდენტიფიცირება გამორიცხული იყო. სამართალდამცავებს დღე და ღამე არ ეძინათ, რადგან კვირაში ერთხელ, მთელი დედაქალაქის მასშტაბით, დამნაშავე ახალ მსხვერპლს პოულობდა და უკვე რვა საქმე დაგროვდა, თანაც მილიციას ეჭვი ჰქონდა, რომ რამდენიმე მსხვერპლმა განცხადება, უბრალოდ, არ დაწერა, რადგან სახელს გაუფრთხილდა.

„აზრი არ ჰქონდა, ჩვენს რომელიმე თანამშრომელ ქალს ემორიგევა და გავყოლოდით, რადგან მოძალადე მთელი თბილისის მასშტაბით მოქმედებდა - სხვადასხვა უბანსა და ლოკაციაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი ამოჩემებული ადგილი არ ჰქონდა. შემთხვევითობის შესაძლებლობა კი იმდენად მცირე იყო, ამისთვის პერსონალის მოცდენა არ ღირდა. ერთადერთ ვარიანტად ის რჩებოდა, რომ დამნაშავე ან ცხელ კვალზე დაგვეკავებინა, ან ისეთი სამხილი დაეტოვებინა, რომ მისი მოძებნა და გაშიფვრა ადვილი ყოფილიყო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

საინტერესო ის გახლდათ, რომ რამდენიმე ქალბატონს მოძალადე პირდაპირ კი არ დაესხა, არამედ, გაეცნო, სახლამდე გაცილება შესთავაზა, მეორე დღეს პაემანი დაუნიშნა და შემდეგ გააუპატიურა. მილიციას ფოტორობოტი ჰქონდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ლამის ჯიბის ქურდების სახეებიც კი შეადარეს, დაასკვნეს - მოძალადე ძალოვნებისთვის უცნობი პიროვნებ იყო ანუ ნასამართლევი არ ყოფილა.

კვანძი მოულოდნელად გაიხსნა: ერთ დღეს, პირდაპირ შს სამინისტროში, ქალი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მოძალადე იპოვა და ის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა.

„უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეჭვმიტანილი მორგის თანამშრომელი, პათანატომი გახლდათ. ერთ-ერთი მსხვერპლის მეგობარს შვილი დაეღუპა, მორგში გაჰყვა და სწორედ იქ დაინახა კაცი, რომელმაც გააუპატიურა. საბედნიეროდ, მან არაფერი მოიმოქმედა, მაქსიმალურად შეეცადა, კაცს არ შეემჩნია და შემდეგ, იმის გამო, რომ სამართალდამცავებსაც ბოლომდე არ ენდობოდა, პირდაპირ სამინისტროში მივიდა. მის მიერ ამოცნობილი პიროვნების პირდაპირ დაკავება არ გამოდიოდა, რადგან  სამხილი არ გვქონდა, ამიტომ თვალთვალი გადაწყდა“,-იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა გეგმაც შეიმუშავეს, სამინისტროს სამბოს ინსტრუქტორი ქალბატონი შესაბამისად გამოაწყვეს და იმ გზაზე გაუშვეს, სადაც ეჭვმიტანილი მოძრაობდა ხოლმე. ქალბატონს ექვსი ოპერმუშაკი დაჰყვებოდა და აკონტროლებდა. პათანატომი ანკესს მესამე დღეს წამოეგო, სკამზე ეულად მჯდომ ქალს მიუახლოვდა და გაიცნო, შემდეგ სახლამდე მიაცილა და მეორე დღისთვის პაემანი დაუთქვა. სამბოს ინსტრუქტორი გაოცებული იყო, რომ არ ვიცოდე, ვინ არის, ეგებ, შემყვარებოდა კიდეც, ისეთი თავაზიანი და დახვეწილიაო.

მეორე დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მესამე დღეს კი კაცმა პაემანი შებინდებისას დანიშნა. ოპერმუშაკები შორიდან უყურებდნენ, როგორ შევიდა სკვერის სიღრმეში წყვილი, ისიც კარგად დაინახეს, როგორ ამოიღო კაცმა ჯიბიდან ლურჯი თავსაფარი, როგორ შემოხვია ყელზე და როგორ არ უშვებდა თავსაფრის ბოლოებს ხელს. მხოლოდ ნახევარი წუთის შემდეგ მიხვდა ერთ-ერთი ოპერმუშაკი, რომ კაცი ქალს ხელსახოცით ახრჩობდა და დანარჩენებს ნიშანი მისცა. რამდენიმე წამის შემდეგ, ეჭვმიტანილი ბორკილებდადებული მიწაზე ეგდო, გრძნობადაკარგულ ქალს კი კოლეგები ასულიერებდნენ. მერე გაირკვა, ადამიანის სხეულის ზედმიწევნით მცოდნე პათანატომი, ქალებს ყელის არეში აჭერდა თითებს, აძინებდა, შემდეგ კი აუპატიურებდა. დაკავებული განყოფილებაში მიიყვანეს და 24 საათის განმავლობაში, კითხვა არ დაუსვამთ. ეს გამომძიებლის გადაწყვეტილება იყო, სურდა, დაკავებულს მშვიდად ეფიქრა, შესაბამისი დასკვნები გაეკეთებინა და ან ბოლომდე ჯიუტად დაეცვა საკუთარი თავი და უდანაშაულობა ემტკიცებინა, ან პირველივე დაკითხვაზე, ყველაფერი ეღიარებინა.

„როცა დაკავებული დაკითხვაზე შემოიყვანეს, მაგიდაზე, გამჭვირვალე ცელოფანში ჩადებული ლურჯი თავსაფარი მედო. ცალი თვალით დახედა, ცოტა შეცბა და მაშინ ვიგრძენი, აღსარებას ჩამაბარებდა. ასეც მოხდა, დაიწყო და აღარ გაჩუმდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

თურმე, პათანატომი დაქორწინებას აპირებდა და ქალმა პირდაპირ მმაჩის ბიუროს ეზოში მიატოვა, სხვას მივყვებიო. წინა დღეს, ეს თავსაფარი დიდი მოწიწებით აჩუქა, დედაჩემს ზუსტად ასეთი ჰქონდა, ძლივს ვიშოვეო და თავსაფარი საცოლემ მმაჩის ეზოში უკან დაუბრუნა. შურისძების გეგმაც მაშინ დაებადა და გადაწყვიტა, რაც შეიძლება მეტი ქალისთვის მიეყენებინა ტკივილი, რადგან მისთვის უკვე ყველა ქალი უწმინდური იყო. ისიც თქვა, გარდაცვლილების გაუპატიურებაც მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, გული არ მიმივიდაო. სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ, დაკავებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. ექიმებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ ჯანმრთელი გახლდათ.

პათანატომს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ, ის ციხის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.