ანდრია სარია: „სინოდს პატრიარქის განკვეთა შეუძლია!“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა მიზნით იკრიბებიან 11 თებერვალს მღვდელმთავრები და რა ინფორმაცია აქვს მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას _ სკანდალის უცნობი დეტალები

„რელიგიურ ექსპერტთა ასოციაცია“ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 11 თებერვალს, წმინდა სინოდის სხდომაზე, პატრიარქ ილია მეორის გადაყენება და მოსაყდრე შიოს აღსაყდრება იგეგმება. ექსპერტები, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, პატრიარქს გარკვეული კომპრომატები წაუყენონ და ტახტს ამ გზით ჩამოაცილონ. ექსპერტები, ასევე, იუწყებიან, რომ ყველაფერ ამის უკან რუსული ინტერესი დგას. საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს უარყოფს, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა: „ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს და არ შეიძლება ამაზე საუბარი ასე, ძალიან გთხოვთ, ასეთი განცხადებებით არ იხელმძღვანელოთ, უნდა იხელმძღვანელოთ ყოველთვის იმ პოზიციით, რაც საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა“.


არის თუ არა „რელიგიურ ექსპერტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე? _ „ვერსია“ მღდელ-მონაზონ ანდრია სარიას ესაუბრა, რომელიც აღნიშნული ასოციაციის წევრი არ გახლავთ, თუმცა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, წმინდა სინოდის მიერ განხილვის მთავარი თემა მეუფე პეტრე ცაავას მიერ, პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდება გახდეს:

_ მოდი, რეალისტურად შევხედოთ - პატრიარქის თეორიული გადაყენება შეუძლებელია, თუ თვითონ არ თქვა, გადავდგებიო ანუ ეს თავად უნდა უნდოდეს, გადაყენება ძალისმიერი მეთოდებით შეუძლებელია. მეორე მხრივ, რაც ბრალდების სახით, მეუფე პეტრემ წაუყენა, თუ სინოდზე ეს ბრალდება იქნება განხილული და დაუდასტურდება კიდეც _ ის მოწმეები მოვლენ, რომლებიც ამბობენ, რომ იყვნენ მსხვერპლნი, მაშინ სინოდს შეუძლია, განკვეთოს პატრიარქი და იქნება გადაყენებული. თუ არ დაუდასტურდება, მაშინ მეუფე პეტრე უნდა განკვეთონ.

_ დიახ, ეს ინფორმაციაც გავრცელდა, რომ შესაძლებელია, ხუთშაბათს, წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე განკვეთოს...

_ განკვეთა ასე არ ხდება _ „მინდა და განვკეთავ“... ის პროცედურა უნდა ჩატარდეს, რაზეც ვისაუბრე, თან მეუფე პეტრეს გარეშე ეს შეუძლებელია _ უნდა დაიბარონ და მოსთხოვონ, რომ მოიყვანოს მოწმეები, ვისზეც ლაპარაკობდა და დაამტკიცოს. თუ ვერ დაამტკიცებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, საუბარი განკვეთაზე იყოს.

_ თქვენი ინფორმაციით, სინოდზე ეს საკითხი იქნება განხილული?

_ ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხი სინოდის მიერ იყოს განხილვის საგანი, მაგრამ მეორე საკითხია სინოდის წევრების ანუ მღვდელმთავრების გამორჩევა _ ვინ შეიძლება, მხარს უჭერდეს შიოს, რომელიც მოსაყდრედ ვიღაცების სურვილის დონეზეა დანიშნული და ეს უკანონობაა. საეკლესიო კანონმდებლობით, მათ შორის, მართვა-გამგეობის დებულებით, რაც საქართველოს ეკლესიაში გვაქვს, ეს შეუძლებელია. არ აქვთ უფლება, მით უმეტეს, პატრიარქს, რომ გამოსულიყო და ეთქვა, მოსაყდრე დავინიშნეო. მარტო ამის გამო შეიძლებოდა პატრიარქის განკვეთა, სხვა თუ არაფერი. სინოდი არაა პრივატული სახლი, როცა მინდა, რემონტს ჩავატარებ, ვისაც მინდა, გავასახლებ ან მოვიყვან და დავნიშნავო.

_ ზემოხსენებულ განცხადებაში წერია, რომ კომპრომატებს წაუყენებენ პატრიარქს. რომელ კომპრომატებზე შეიძლება იყოს საუბარი?

_ თუ ვინმე ასე ამბობს, კომპრომატი ცოცხალი მოწმეებია იმ საქმეში, სადაც პატრიარქი ფიგურირებს. სინოდის წევრს რა დაინტერესება უნდა ჰქონოდა, რომ გამოვიდა და ეს თქვა? შეიძლება, ეს საზოგადოებისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ საეკლესიო წესისა და კანონმდებლობის მიხედვით, ეს ნორმალური პროცედურაა. არავინ არავის სექსუალურ ცხოვრებას არ განიხილავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობაა, რომელიც მოითხოვს: თუ სასულიერო პირები იმ წესებს არღვევენ, რასაც ნებაყოფლობით ემორჩილებიან და როცა ეკურთხებიან, იციან, რომ ეს მთავარი კანონია, სწორედ ეს იწვევს განკვეთას.

_ ესე იგი, ელოდებით, რომ სინოდზე, მეუფე პეტრეს მიერ წაყენებული ბრალდება განიხილონ?

_ მეუფე პეტრეს გარეშე ეს შეუძლებელია.

_ ანუ, შესაძლოა, საეკლესიო სასამართლო გაიმართოს?

_ რეალურად ასეა ანუ სინოდზე უნდა მოხდეს ამ თემის განხილვა. შეეძლოთ, პროცედურა მანამდეც დაეწყოთ, სანამ სინოდის კრება ჩაინიშნებოდა, 12 ეპისკოპოსი გამოეყოთ და მათ ემსჯელათ, მოწმეები დაეკითხათ, ოქმები შეედგინათ და მერე იძულებულნი იქნებოდნენ, ყველაფერი ეს, სინოდზე წარედგინათ.

_ მეუფე პეტრემ სკანდალური განცხადება დიდი ხნის წინ გააკეთა და საინტერესოა, ეს საკითხი ახლა რატომ გააქტიურდა?

_ ერთია, რომ წაუყენა ბრალი, მაგრამ მეორეა, რომ არავის განუხილავს.

_ გასაგებია, მაგრამ ახლა ვის წინააღმდეგ შეიძლება აგორდეს ეს თემა _ პატრიარქის თუ მეუფე პეტრეს?

_ არავინ არავის წინააღმდეგ არაა. აქ ერთადერთი ფაქტორია, რომ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ გაიაზრონ, დაძველებული საკითხები ეკლესიაში არ არსებობს. მასე მაცხოვარსაც წაუყენეს ბრალდება და ჯვარცმა მოხდა. მაგალითად, სტალინს ძალა-უფლება ჰქონდა, მაგრამ ხოცავდა ყველას და ისტორიას შემორჩა, როგორც სტალინი ანუ ძალა-უფლება არ ნიშნავს, რომ დღეს თუ შენ ძალმომრეობით ვიღაცას სძლევ, ისტორია მაინცდამაინც სწორ ხაზზე დაგაყენებს. ეს ჩვენთვის არ ყოფილა ერთი დღის საგანი, ეს იყო პროცედურა, რომელიც უნდა განხილულიყო და სანამ არ განიხილება, მანამდე დარჩება ღია საკითხად.