Menu
RSS

მამუკა ხაზარაძე ფულის გათეთრების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

რა საქმეს იძიებს პროკურატურა, ეროვნული ბანკის რა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბანკმა სასამართლოში და რას ამბობენ თიბისიში ანაკლიის პროექტზე

თიბისი ბანკის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი გასულ კვირას ახალ ფაზაში შევიდა: ჯერ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რასაც თიბისი ბანკის პასუხი მოჰყვა, შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო საფინანსო ინსტიტუტი პრემიუმ-სეგმენტშია განთავსებული, თიბისის აქციების ფასი დაეცა. საქმე, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს, 2007-2008 წლების ტრანზაქციას, უფრო კონკრეტულად კი, 17 მილიონ აშშ დოლარს ეხება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-ი) ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 13 თებერვალს, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად, სებ-მა გადაწყვეტილება მიიღო და ''თიბისი ბანკის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე მის მოადგილეს, ხელმოწერის უფლება შეუჩერა. სებ-მა თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას ორთვიანი ვადა მისცა, რათა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე, საბჭოდან გაიწვიოს. 

''ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია, თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა გამოვლინდა. ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანასა და რეგიონში ერთ-ერთი, წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება, არ არის მიმართული თიბისი ბანკზე'', _ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

 

მეორე დღეს, სებ-ის ამ განცხადებას თიბისი ბანკი გამოეხმაურა. ბანკის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ძირითად საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს, სასამართლო დავა მიმდინარეობს. მეტიც, სებ-ის გადაწყვეტილება თიბისიმ სასამართლოში გაასაჩივრა. 

''რეგულატორის (იგულისხმება სებ-ი, _ ავტ.) მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. თიბისი ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას. თიბისი ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას, ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად. 

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც აქამდე, საქმიანობას აგრძელებენ თიბისი ჯგუფის ბრიტანული ჰოლდინგის TBC BANK GROUP PLC (თიბისი ბანკის მფლობელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე. თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ-სეგმენტში (FTSE 250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში. აღნიშნული გარემოება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის განვითარებაზე და სტრატეგიაზე. ბანკი გააგრძელებს დასახული გეგმების განხორციელებას'', _ აღნიშნულია თიბისი ბანკის განცხადებაში. 

გამოძიება, რომელიც მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრებას ეხება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს ტრანზაქციები 2007-2008 წლებში განხორციელდა და საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს, 17 მილიონ აშშ დოლარს ეხება. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა ორმა კომპანიამ _ „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი მიიღო. 

გამოძიების ინფორმაციით, სესხად აღებული თანხის კომპანიების ანგარიშებზე განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ამავე კომპანიებიდან 17 მილიონი აშშ დოლარი ისესხეს. პროკურატურისვე ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ეს თანხა დღემდე არ დაუბრუნებია. სხვათა შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით, ხაზარაძეცა და ჯაფარიძეც პროკურატურამ უკვე გამოჰკითხა. 

როგორც აღვნიშნეთ, თიბისი ბანკმა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თიბისი სასამართლოსგან, სებ-ის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს. 

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ-ლისტინგშია განთავსებული და ერთ-ერთი მსხვილი ბანკია, რომელსაც 27-წლიანი გამოცდილება აქვს. ბანკის აქტივების მთლიანი ოდენობა 12 მილიარდ ლარს აღემატება. ამჟამად, თიბისი ბანკს ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი და 7 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 

თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულ წრეებში მიიჩნევენ, რომ საქმე შერჩევით სამართალთან გვაქვს. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ პროკურატურა 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ჩაუჯდა. სხვათა შორის, საგამოძიებო უწყების განმარტებით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება იმდენად მნიშვნელოვანი სამართალდარღვევაა, რომ ამ ტიპის საქმეებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნიათ. კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს ებრძვის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი _ ანაკლიის პორტია, რომელსაც თიბისი ჯგუფი ახორციელებს. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ასე არ ფიქრობს. ''იმედი LIVE''-ის პირდაპირ ეთერში მინისტრმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ისეა წარმოჩენილი, თითქოს ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძისაა: 

''ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. შესაბამისად, თითქოს, მამუკა ხაზარაძემ, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ასე არ არის! როდესაც სახელმწიფო ახორციელებს პროექტს და დაქირავებული, ტენდერში გამარჯვებული ადამიანი ჰყავს, სახელმწიფოს საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს? ამიტომ მე ერთ ფაქტს, მეორესთან არ დავაკავშირებდი. ის კითხვები, რაც ხაზარაძის მიმართ, საბანკო საქმიანობის ნაწილში დაისვა და რასაც ანაკლიის პორტს უკავშირებენ, სპეკულაციაა _ ოპოზიცია საკუთარ თემად ქცევას ცდილობს. მე არ მგონია, რომ ეს ადამიანი (მამუკა ხაზარაძე) იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას''. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტი სტარტაპია, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის რეალობა შეცვალოს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა: 

„ის გამოცდილება და საპარტნიორო მხარდაჭერა, ასევე საერთაშორისო ბანკების ნდობა მაძლევს იმედს, რომ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. მთავარი მამოძრავებელია ის, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში აღარ ვიხილო, მოხდეს გარღვევა და ამაში ჩემს გუნდთან ერთად, წვლილი შევიტანო. მთელი ჩემი კარიერა, იმიჯი, ფინანსები, სასწორზეა შეგდებული, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ეს პროექტი გამოვა, რადგან მთელ საქართველოს სჭირდება. სწორედ ახლა ვმუშაობთ მოდელზე, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რადგან ეს უნდა იყოს ყველას პროექტი. ასე ერთობლივად უნდა გავიტანოთ ანაკლიის პროექტი, რადგან სწორედ მას შეუძლია ახალი რელობის გაჩენა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის''. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის საბოლოო გამტარუნარიანობამ, წელიწადში, 100 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს, ხოლო პირველი პანამაქსის ტიპის გემი 2020 წლის ბოლოს უნდა მიიღოს. 

18 იანვარს, დღის ბოლოს, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს. ხაზარაძის თქმით, 11 წლის წინანდელ საქმეზე ეროვნული ბანკის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და ახლა მართლმსაჯულებას ელოდება: 

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა საზოგადოებას, პარტნიორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ, რომ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კანონს. თიბისის დაარსების დღიდან, ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, თიბისი ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე, რეგულატორის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება და ახლა ველოდებით მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, მზად ვართ, ეროვნულ ბანკთან ერთად, დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალის ძიება, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკაზე''. 

რაც შეეხება პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით, ხაზარაძე ასეთი ფაქტის არსებობას კატეგორიულად უარყოფს. მეტიც, როგორც ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათ უკვე გადასცეს ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამის ორგანოებს, რაც ასეთი დანაშაულის არარსებობას ცხადჰყოფს. 

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მასალა გაგზავნილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო იურიდიული კომპანიის _ ''ენტონსის'' დასკვნა, რომელშიც ამ საკითხთან დაკავშირებით, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის, ან ინტერესთა კონფლიქტის დარღვევასთანაც კი, არანაირი კავშირი არ აქვს. მზად ვართ, აღნიშნული დასკვნა და ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, ყველა დაინტერესებულ მხარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გავუზიაროთ. მზადყოფნას გამოვთქვამთ, არჩეულ იქნას თქვენს მიერ შერჩეული ადგილობრივი, თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, „ენჯეოები“, საელჩოს წარმომადგენლები და შედგეს სპეციალური კომისია, რომელსაც ნებისმიერ ინფორმაციას, ან ნებისმიერ ამონაწერს გადავცემთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, _ აღნიშნა ხაზარაძემ.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში