Menu
RSS

კალაძემ უგულავას მერობის დროს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები K2 კოეფიციენტს ვეღარ შეცვლიან

თბილისში, პროექტით გათვალისწინებულ, დასაშვებზე მაღალ შენობებს ვეღარ ააშენებთ. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, მშენებლობის ნებართვის გაცემისას, კოეფიციენტების მომატება, განსაკუთრებით კი K2 კოეფიციენტის გაყიდვა იკრძალება. გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის ექსმერმა, გიგი უგულავამ 2005 წელს მიიღო და რომლითაც მშენებლებს K2 კოეფიციენტის შეცვლა შეეძლოთ, კახა კალაძემ გააუქმა. ეს რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე (გრგ), რომელსაც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან, წარმოებაში მიიღებენ.

K2 მიწის ნაკვეთის განაშენიანების ერთ-ერთი კოეფიციენტია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები. გარკვეულ ტერიტორიაზე K2 კოეფიციენტი შენობის სიმაღლესა და სიგანეს განსაზღვრავს. კიდევ უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, თუ მაგალითად, დედაქალაქის მერიაში დასამტკიცებლად შეიტანეთ პროექტი, რომლის K2 კოეფიციენტი, პირობითად, 720 კვ.მ-ია, მაგრამ ამაზე უფრო მეტი მოცულობის შენობის აგება გსურთ, ამიერიდან ამგვარ ნებართვას ვეღარ მიიღებთ. უხეშად რომ ვთქვათ, K2 კოეფიციენტს თქვენი ნება-სურვილის მიხედვით ვეღარ შეცვლით: 

,,მინდა, გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქის, თბილისის სწორად განვითარებისთვის. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა. ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები. ეს მოხდება გეგმა-ზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად'', _ განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ისიც აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებასა და ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას. კალაძის თქმითვე, ერთ წელზე მეტია, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ახალი მენეჯმენტი საქმიანობას შეუდგა: 

,,ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდით K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესია. წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა კი, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ გადაწყვეტილება სამართლებრივ დონეზე დაყრდნობით მივიღეთ, რაც K2 კოეფიციენტით მანიპულაციებს საერთოდ კრძალავს. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად, ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, რადგან ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას''. 

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა დარგის იმ სპეციალისტებს, რომელთა დახმარებითაც სწორი გადაწყვეტილების მიღება შეძლეს და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც კონსულტაციებში იყვნენ ჩართულნი: 

,,შესაძლოა, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, რომ სამშენებლო სექტორისთვის ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, მაგრამ სინამდვილეში, ქალაქში არსებული ურბანული ქაოსი, საერთო ჯამში, მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად, ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის ყველა გულშემატკივარს, კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია''. 

კალაძის თქმითვე, თბილისის მერია კიდევ არაერთ საინტერესო და სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია და რასაც კალაძე უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში