Menu
RSS

სიგარეტი კიდევ 2.00 ლარით გაძვირდება!

რატომ გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ფასი, კონტრაბანდის რა საფრთხე არსებობს და რატომაა აუცილებელი საქართველო-სომხეთის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა

1 იანვრიდან, ყველა სახის სიგარეტი 0.50 ლარით გაძვირდა. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასი თებერვალშიც გაიზრდება და არაა გამორიცხული, სიგარეტი თითქმის 2.00 ლარით გაძვირდეს. მიზეზი ისაა, რომ 2018 წლის დეკემბრის ბოლოს, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი 10-დან 30%-მდე, ხოლო უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 0.60-დან 1.70 ლარამდე გაიზარდა. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ევროდირექტივის შესაბამისად, 2024 წლისთვის, ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის თანდათანობით მატებაა მოსალოდნელი. ამ გადაწყვეტილების მიზანი კი თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირებაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სიგარეტის გაძვირება მწეველთა რაოდენობის შემცირების პირდაპირპროპორციული არ არის. სამაგიეროდ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა მოიმატებს.

 

ანტინიკოტინური პოლიტიკა 

ადვალური გადასახადი პროდუქტის ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს ნიშნავს. ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის გადასახადი პირველად 2016 წლის ივლისიდან შემოვიდა და 5%-ს არ აღემატებოდა. 2017 წლის იანვრიდან, ადვალური გადასახადი 10%-მდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 27 დეკემბრიდან _ 30%-მდე. ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთებიც გათანაბრდა _ 2019 წლის 1 იანვრიდან 1 კოლოფი უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 1.70 ლარი გახდა. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აქციზის გადასახადის გაძვირებას ფილტრიანი სიგარეტის მოხმარების შემცირება მოჰყვა. მაგალითად, თუ 2014-2015 წლებში 450-460 მილიონი ფილტრიანი სიგარეტი გაიყიდა, 2017 წელს ეს რაოდენობა 318 მილიონ კოლოფამდე შემცირდა. რაც შეეხება აქციზს, 2015 წელს, 25.6 მილიონ უფილტრო სიგარეტის კოლოფზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს _ 79 მილიონზე, ხოლო 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით _ 40 მილიონზე. 

ბოლო წლებში საქართველოში სიგარეტი რამდენჯერმე გაძვირდა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ სიგარეტის გაძვირებით, ხელისუფლებას ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირება სურს, თუმცა თუ საერთაშორისო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, უმჯობესია, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ხალხს რეალური შემოსავალი გაუჩნდეს და ცხოვრების დონე უკეთესობისკენ შეიცვალოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაჩნდება სხვა ინტერესი და მოქალაქეებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს აირჩევენ, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ ,,მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის'' და ,,მოწევა კლავს''. 

ექსპერტები და დარგის სპეციალისტები კიდევ ერთ, საკმაოდ სერიოზულ საფრთხეზე ამახვილებენ ყურადღებას და ეს კონტრაბანდული ტვირთების ზრდაა. თამბაქოს ნაწარმი და აქციზის გადასახადი მხოლოდ საქართველოში იზრდება, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში _ რუსეთსა და სომხეთში, ამ მხრივ სხვა ვითარებაა. მეტიც, სიგარეტის ფასში იმდენად დიდი სხვაობაა, რომ კონტრაბანდა საქართველოში, აფხაზეთის გავლით, სწორედ სომხეთსა და რუსეთიდან შემოდის. მართალია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს და პერიოდულად კონტრაბანდულ ტვირთსაც აკავებს საზღვარზე, მაგრამ ეს ინტენსიური მუშაობაც მეტყველებს, რომ ქვეყანაში კონტრაბანდა სულ უფრო მზარდია. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც სიგარეტის გაძვირებას უკავშირდება, ევროკავშირის დირექტივაა, რომლის თანახმადაც, 2024 წლისთვის, ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა დარგის სპეციალისტების განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც დღეს, ხვალ ან ზეგ უნდა გაძვირდეს სიგარეტი 2 ლარით. ევროკავშირის დირექტივა თამბაქოს გაძვირებას ეტაპობრივად, ნელ-ნელა გულისხმობს, თანაც ისე, რომ ამით არც სახელმწიფო დაზარალდეს და არც _ ამ დარგის ინდუსტრია. 

სიგარეტი 2.00 ლარით გაძვირდება? 

,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' კორპორაციული დირექტორი, ზვიად სხვიტარიძე ,,ვერსიასთან'' საუბრისას, უახლოეს მომავალში სიგარეტის კიდევ ერთხელ გაძვირებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეს პროცესი გარდაუვალია, რადგან ადვალური გადასახადი 10-დან 30%-მდე გაიზარდა, თამბაქოს პროდუქციაზე ეს პროცესი 0.50 ლარით გაძვირებაში აისახა, თანაც არა მარტო იანვარში, არამედ _ თებერვალშიც. 

_ ბატონო ზვიად, რის საფუძველზე ასკვნით, რომ სიგარეტი კიდევ უფრო მეტად გაძვირდება? 

_ რეალურად, აქციზის გადასახადი 50%-ით გაიზარდა, რადგან 5-ლარიანი სიგარეტის პირობებში, ადვალური კომპონენტი, 1.50 ლარით ზრდის ტოლფასს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ თუ სიგარეტი 5 ლარი ღირდა, მისი ფასი 6.50 ლარი გახდება. შესაბამისად, იანვარსა და თებერვალში, სიგარეტი 50-50 თეთრით ანუ 1.00 ლარით უკვე გაძვირდა. ახლა მოსალოდნელია, რომ დამატებით 0.50 ლარით, ან მეტით გაძვირდეს, გააჩნია კომპანიას და კონკრეტულ ბრენდს. აქედან გამომდინარე, ფასის ზრდა მოსალოდნელია, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, არამედ _ აქციზის გადასახადი გაძვირდა და ეს პროცესი ჯერჯერობით სიგარეტის ფასში არ ასახულა. 

_ იყავით თუ არა ინფორმირებული, რომ 2018 წლის დეკემბრის ბოლოს ადვალური გადასახადი 10-დან 30%-მდე იზრდებოდა? 

_ სამწუხაროდ, აქციზის ასეთი რადიკალური ზრდის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავით და მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ. 

_ თავისთავად, სიგარეტის გაძვირება კონტრაბანდის ზრდას იწვევს. რა საფრთხეებს ხედავთ ამ მხრივ? 

_ ზოგადად, თამბაქოს აქციზის გადასახადის ზრდა რეგიონალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ და გავაანალიზოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ რუსეთსა და სომხეთში. მაგალითად, სომხეთთან მიმართებაში, სიგარეტის კოლოფებს შორის, 1 დოლარშია განსხვავება. ეს კი ძალიან დიდი ცდუნებაა არაკეთილსინდისიერი ადამიანებისთვის, რათა სიგარეტის არალეგალურად შემოტანა დაიწყონ. კარგად იცით, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რეგულარულად ავლენს კონტრაბანდულ ტვირთებს, განსაკუთრებით სიგარეტის ნაწილში. ეს ნიშნავს, რომ სიგარეტის გაძვირებასთან ერთად, არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების რაოდენობაც იზრდება. ერთ მაგალითს გეტყვით, ბრიტანეთი კუნძულია, მის გარშემო წყალია და საბაჟო სერვისების მხრივ, საკმაოდ სერიოზული დაცვის სისტემა აქვს დანერგილი, მაგრამ ამის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთიც კი ვერ ახერხებს, რომ მის ტერიტორიაზე კონტრაბანდული ტვირთი არ მოხვდეს და იქ არალეგალური ვაჭრობის მაჩვენებელი 20-25%-ია. შესაბამისად, დაცვის რა სისტემაც უნდა დავნერგოთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, კონტრაბანდულ ტვირთებს საბოლოოდ ვერ ავკრძალავთ. 

რაც შეეხება საფრთხეებს, ერთი მიმართულებაა სომხეთი და მეორე _ რუსეთი, აფხაზეთის გავლით, რაც სამწუხარო რეალობაა. 

_ რა გამოსავალი არსებობს? 

_ გამოსავალი ისაა, რომ ჩვენ უნდა გავწეროთ აქციზის სამოქმედო გეგმა 3-დან 5 წლამდე. ვალდებულება ევროკავშირიდან არ გვაქვს, რომ სიგარეტი აუცილებლად ხვალ და ზეგ გავაძვიროთ. ყველაფერი ეს მოლაპარაკების საგანია, რასაც ძალიან კარგად ახერხებს მოლდოვა, რომელიც ასოცირების შეთანხმების წევრია და იგივე ვალდებულებები აქვს, თუნდაც თამბაქოსთან დაკავშირებით, რაც ჩვენ. თუ მოლდოვა ახერხებს მოლაპარაკებას და ამ პროცესის გრძელ დროში გაწერას, ჩვენ რატომ ვჩქარობთ? პირველ რიგში, ფინანსთა სამინისტრომ აქციზის სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს 3-დან 5 წლამდე, რათა საერთაშორისო კომპანიებს დაგეგმარების უკეთესი შესაძლებლობა მოგვეცეს, არც ბიუჯეტმა დაკარგოს შემოსავლები და ეკონომიკის ჩრდილოვან ნაწილში არ წავიდეს ის ლეგალური თანხა, რომელიც ბიუჯეტში უნდა გადაგვეხადა. 

_ ბატონო ზვიად, სიგარეტის გაძვირება მწეველთა რაოდენობას შეამცირებს? 

_ არა და ამას საერთაშორისო გამოცდილებაც აჩვენებს. ერთადერთი, რაც ამ მხრივ გადამწყვეტია, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. სასურველია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 1 სულ მოსახლეზე 10 000-ზე მაღალი იყოს. ისეთი ეკონომიკური გარემო უნდა შევქმნათ, რომ ადამიანებმა სიგარეტის მოწევაზე აღარ იფიქრონ და ცხოვრების ჯანსაღ სტილზე გადაერთონ. სხვა შემთხვევაში, სიგარეტის გაძვირებით, მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირდება, იგივე დარჩება, ოღონდ სამწუხაროდ, გაძვირებულის ნაცვლად, შედარებით ნაკლებფასიან, უხარისხო, ან თუნდაც კონტრაბანდულ სიგარეტზე გადავა. 

ექსპერტის შეფასება 

წლების განმავლობაში, თამბაქოს ინდუსტრიაში მუშაობდა, უფრო კონკრეტულად, ,,ჯაპან თობაქო ინტერნეშენალის'' წარმომადგენელი იყო. მართალია, ხუთი წლის წინ, ამ ბიზნესიდან წამოვიდა, მაგრამ თამბაქოს ბაზრის კონიუნქტურაში საკმაოდ კარგად ერკვევა. ,,ვერსიას'' ექსპერტი, ნიკო მჭედლიშვილი ესაუბრა. 

_ მართალია, ევროკავშირის დირექტივით, სიგარეტი 2024 წლამდე უნდა გაძვირდეს, მაგრამ არ შეიძლებოდა, რომ ფასი ეტაპობრივად, ნელ-ნელა გაგვეზარდა? 

_ გეთანხმებით, ნელ-ნელა უნდა გაძვირებულიყო. საერთოდ, ფასის ზრდა ეტაპობრივი, მაგრამ პროგნოზირებადი უნდა იყოს. ის, რომ ადვალური გადასახადი გაიზარდა, ინდუსტრიამ საერთოდ არ იცოდა და ჩემი ინფორმაციით, პირდაპირ, ფაქტის წინაშე დააყენეს. არადა, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები გადასახადის

ზრდის წინააღმდეგნი არასდროს ყოფილან, ყოველთვის ამბობდნენ, გაზარდეთ გადასახადი, მაგრამ ისე, რომ ამის შესახებ წინასწარ ვიცოდეთო. 

იცით, გამოსავალი რა არის? _ სახელმწიფომ და თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთად შეიმუშაონ 5-წლიანი, ან საუკეთესო შემთხვევაში, 10-წლიანი გეგმა, რათა ორივე მხარემ კარგად იცოდეს, რამდენით გაძვირდება გადასახადი ყოველწლიურად. სამწუხაროდ, ასეთი გეგმა არ არსებობს, მთავრობამ ვერ შეძლო ინდუსტრიასთან შეხვედრა და ამ საკითხზე საუბარი, თორემ აქციზის გადასახადი რომ იზრდება, ეს პრობლემა არ არის. 

რაც შეეხება ევროდირექტივას, ევროკავშირის ქვეყნებში არა თუ 5 ან 10-წლიანი, არამედ 20-წლიანი გეგმა აქვთ შემუშავებული და ინდუსტრიამ ზუსტად იცის, რა იქნება 20 წლის შემდეგ. თუ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას ვიყენებთ, ბოლომდე მაინც გამოვიყენოთ, სადაც 20-წლიანი გეგმით, მშვიდად და სტაბილურად მუშაობს მთავრობა, ინდუსტრია და მომხმარებელიც კი. სიურპრიზების კეთება ევროპული პრაქტიკა არ არის. 

_ ,,ბრითიშ-ამერიქან თობაქოს'' წარმომადგენელი ამბობს, რომ სიგარეტის გაძვირებას კონტრაბანდის ზრდა მოჰყვება, ეს მართლაც ასეა? 

_ დიახ. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გავზარდოთ აქციზის გადასახადი და გარკვეული პროგნოზირება და დაგეგმარება შემოვიტანოთ ამ მხრივ, მაგრამ აქციზის განაკვეთი აუცილებლად უნდა შევადაროთ მეზობელ ქვეყნებში არსებულ განაკვეთებს. ამ მხრივ ყველაზე მძიმე სიტუაცია გვაქვს, რადგან კონტრაბანდა გახშირდა. მიზეზი კი ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ფასთა სხვაობაა, განსაკუთრებით სომხეთთან მიმართებით. შედეგად, უფრო მეტი მოტივაცია ჩნდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მეტი კონტრაბანდა შემოვიდეს. საერთოდ, რაც უფრო მეტი სხვაობა იქნება ქართული და სომხური სიგარეტის ფასში, კონტრაბანდა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ეს სულაც არაა გასაკვირი _ ევროპაშიც დიდია კონტრაბანდული პროდუქცია. 

_ გამოსავალი რა არის? 

_ საქართველოს ხელისუფლებამ აქტიური მოლაპარაკება უნდა დაიწყოს მეზობელ ქვეყნებთან. ვფიქრობ, საქართველოსა და სომხეთის ფინანსთა მინისტრები უნდა შეხვდნენ, გნებავთ _ თბილისში, გნებავთ _ ერევანში და აუცილებლად მოილაპარაკონ. მეტიც, ერთობლივი გეგმა უნდა შეიმუშაონ. სასურველია, რომ სომხეთსა და საქართველოში თამბაქოს აქციზის ერთნაირი განაკვეთი არსებობდეს და ჩემი დაკვირვებით, ეს სულაც არაა გადაუჭრელი პრობლემა. დიდი ხანია, თამბაქოს ინდუსტრიაში აღარ ვარ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, სომხეთში აქციზის გადასახადი ბოლო წლებში არ გაზრდილა. ჩვენთან 85% იმპორტირებული სიგარეტია, სომხეთში კი პირიქით _ გაცილებით ძლიერია ადგილობრივი წარმოება. ამიტომ ადგილობრივ სომეხ მწარმოებლებს მეტი ლობისტური შესაძლებლობები აქვთ მთავრობასთან ურთიერთობაში, სომეხი მეწარმეები მთავრობას საშუალებას არ აძლევენ, რომ აქციზის გადასახადი გაიზარდოს. შესაბამისად, სომხეთის მთავრობა ადგილობრივ მეწარმეებს უფრო უწყობს ხელს, ვიდრე _ იმპორტიორებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მოლაპარაკება სრულიად შესაძლებელია. ახლა ისევ თამბაქოს ინდუსტრიაში რომ ვიყო, აქტიურად დავაყენებდი სომხეთთან მოლაპარაკების საკითხს და, ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი, სწორედ ესაა.

მაია მიშელაძე

 

დაბრუნება დასაწყისში