Menu
RSS

სპორტით შენიღბული თაღლითობა _ ქართული ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობას პროკურატურა სწავლობს

ფედერაციის პრეზიდენტის შვილების კომპანიაში გადარიცხული დიდძალი თანხა, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, არჩატარებული ვიქტორინა და დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საქმიანობა მთავარმა პროკურატურამ უნდა შეისწავლოს. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობას ეხება, მთავარ პროკურატურაში უკვე გადაიგზავნა. სახელმწიფო შესყიდვებში, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად განკარგვაში, სხვადასხვა სახელობითი ტურნირების ორმაგ დაფინანსებასა და არჩატარებულ წამახალისებელ ვიქტორინაში სახელმწიფო აუდიტორებმა თაღლითობის რისკები შენიშნეს. მეტიც, ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში შიდა კონტროლის მექანიზმები საერთოდ არ არსებობს, რაც ამგვარ რისკებს კიდევ უფრო მეტად ზრდის. არადა, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და შესაბამისად, ფედერაციის ხელმძღვანელობა, რომლის ერთ-ერთი წევრი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელიცაა, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა განკარგავდეს საბიუჯეტო სახსრებს!

ხარვეზები შრომით ანაზღაურებაში 

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ანუ ააიპ-ია. 2016-2017 წლებში, ფედერაცია 687 426 ლარით დაფინანსდა. აქედან, მაშინდელი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან 669 701 ლარი, მუნიციპალიტეტებიდან _ 16 150 ლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო სტრუქტურებიდან _ 1 575 ლარი მიიღო. 

2016-2017 წლებში, სპორტის სამინისტროსა და ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მიღებული მიზნობრივი გრანტები, ფედერაციაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი ხელფასის წყაროა. 2016 წელს, თანამშრომელთა სახელფასო ფონდი 34 800 ლარი, ხოლო 2017 წელს 39 000 ლარი იყო. წესდების შესაბამისად, გენერალური მდივნის წარდგინებით, საშტატო განრიგსა და აპარატის კადრებს ფედერაციის პრეზიდიუმი ამტკიცებს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში წესდების ეს პუნქტი დარღვეულია, რადგან ბრძანებების საფუძველზე, საშტატო ერთეულები და სახელფასო განაკვეთები არაუფლებამოსილმა პირმა _ ფედერაციის პრეზიდენტმა დაადგინა. 

მეტიც, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ფედერაციაში, მონიტორინგის მენეჯერად, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციად ითვლება, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გელა ბერუაშვილის შვილი იყო დასაქმებული. მართალია, ფედერაციის პრეზიდენტის შვილი, ხელფასის სახით, 25 375 ლარს იღებდა, მაგრამ სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, ე.წ. ,,მონიტორინგის'' ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები არ განუსაზღვრავთ. 

,,აუდიტორული პროცედურებით, ვერ მოვიპოვეთ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც შესამოწმებელ პერიოდში, მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტს დაადასტურებდა'', _ განაცხადეს სახელმწიფო აუდიტორებმა. 

2017 წლიდან, ფედერაციაში მონიტორინგის მენეჯერის პოზიცია გაუქმდა, ხოლო შრომითი ანაზღაურება, რომელიც ამ პოზიციაზე იყო განსაზღვრული, უკვე ფედერაციის პრეზიდენტისთვის დაინიშნა. მოკლედ, 2017 წლამდე, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ოფიციალურად ხელფასს არ იღებდა, მაგრამ როდესაც მონიტორინგის მენეჯერის პოზიცია გაუქმდა, პრეზიდენტის საქმიანობაც ანაზღაურებადი გახდა. შესაბამისად, 25 375 ლარი, რასაც 2017 წლამდე, ხელფასის სახით, ფედერაციის პრეზიდენტის შვილი იღებდა, იმავე პერიოდიდან მამის ანუ ფედერაციის პრეზიდენტის ხელფასად იქცა. 

ცალკეული პოზიციების მიხედვით, ხელფასებში არსებითი შეუსაბამობები სხვა შემთხვევებშიც გამოვლინდა. მაგალითად, მონიტორინგის მენეჯერის შრომის ანაზღაურება თვეში 1 250 ლარია; 2016 წელს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ანაზღაურება 900 ლარი; 2017 წელს _ 625 ლარი, ხოლო ფედერაციის გენერალური მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის ანაზღაურება, რომლებიც ამავდროულად, პრეზიდიუმის წევრები იყვნენ და გაცილებით მეტი უფლება-მოვალეობები ჰქონდათ, 185 ლარი იყო. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელები პერსონალს წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების გვერდის ავლით ასაქმებდნენ. 

,,წესდების მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებთან კონსულტაციების საფუძველზე შეთანხმებულ საშტატო განრიგსა და აპარატის კადრებს, გენერალური მდივანი დასამტკიცებლად წარუდგენს ფედერაციის პრეზიდიუმს, ხოლო მუშაკთა სამსახურებრივი დატვირთვა ფედერაციის შინაგანაწესით უნდა განსაზღვრულიყო. 2016-2017 წლებში, ფედერაციის გენმდივანს ეს საკითხი პრეზიდიუმზე განსახილველად არ გაუტანია. ფაქტობრივად, ფედერაციის პრეზიდენტი პერსონალის სამუშაოზე აყვანისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის პროცედურებს წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტებით ახორციელებდა. ამასთან, არ იყო შემუშავებული შინაგანაწესი, რომელიც შრომითი საქმიანობის გარკვეული პროცესების კონტროლის საშუალებებს ფორმალურად მაინც განსაზღვრავდა'', _ მითითებულია აუდიტის დასკვნაში. 

თაღლითობის რისკი ფედერაციაში 

სახელმწიფო აუდიტორებმა ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, თაღლითობის რისკები შენიშნეს. მაგალითად, 2016-2017 წლებში, მონიტორინგის მენეჯერმა, მსაჯობის მომსახურების სახით, 4 560 ლარი მიიღო, ხოლო ბუღალტერმა _ 3 040 ლარი. არადა, შესაბამისი კვალიფიკაციისა და მათ მიერ მსაჯობის მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს. 

,,ამ პირების მიერ, მსაჯობის მომსახურების გაწევის ფაქტი, მუნიციპალიტეტებში განხორციელებული რამდენიმედღიანი ტურნირებისა და შეჯიბრებების დროს, მომსახურე სასტუმროების მიერ გაცემული დოკუმენტებითა და ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალებითაც არ დასტურდება. არადა, აღნიშნულმა პირებმა იმ მომსახურების სანაცვლოდ, რომლის განხორციელების ფაქტიც არ დასტურდება, ჯამში 7 600 ლარი მიიღეს'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

2016-2017 წლებში, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და ტურნირების დროს, მსაჯებზე 55 160 ლარი გასცეს. არადა, სახელმწიფო აუდიტორებმა ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, მსაჯების ტურნირებში ფაქტობრივად მონაწილეობისა და ღონისძიებებზე მსაჯთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის შესახებ მტკიცებულებები ვერ მიიღეს. მეტიც, 2017 წელს, 11 შემთხვევაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართული ერთდღიანი ღონისძიებების ფარგლებში მომსახურე მსაჯებს (3 პირი), ერთი დღის ნაცვლად, ორი დღის მომსახურების თანხა აუნაზღაურეს. შედეგად, 2017 წელს, ზედმეტად 900 ლარი გასცეს. 

2016 წლის დეკემბერში, ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, როგორც ღონისძიების _ „საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში“ ორგანიზატორმა, ანაზღაურების სახით, 1 000 ლარი მიიღო, ხოლო 2017 წელს, იგივე ღონისძიების ფარგლებში და იგივე მიზნით, ფედერაციის პრეზიდენტს 3 000 ლარი გადაუხადეს. არადა, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ ღონისძიების ორგანიზება ფედერაციის საწესდებო ვალდებულებაა. 

,,ღონისძიების დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, ფედერაცია მას ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად. აქედან გამომდინარე, მოცემული საწესდებო ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ხელფასის სახით, ისედაც ანაზღაურებენ, დამატებითი ფულადი „კომპენსაცია“ კანონშეუსაბამო ხარჯია'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ფედერაციაში დასაქმებულ პირებთან დადებული შრომითი, ხოლო მონიტორინგის მენეჯერთან და ბუღალტერთან გაფორმებული მსაჯობის მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები, ფიქტიური გარიგების ნიშნებს შეიცავს. ეს კი, თავის მხრივ, თაღლითობის რისკებს ზრდის! 

დარღვევები შესყიდვებში _ საჭიდაო ჩოხები 

2017 წლის 16 ივნისს, ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასა და ი/მ შურა მიქელაძეს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. მისი მიზანი, საქართველოში ქართული ჭიდაობის განვითარების, პოპულარიზაციის, ქართული ჭიდაობის სასწავლო-საწვრთნელო პროცესების სრულყოფილად წარმართვისა და საქართველოს რაიონებში მოქმედი ქართული ჭიდაობის სექციებში მომუშავე მწვრთნელ-მასწავლებლებისთვის საჭიდაო ჩოხებისა და ტრუსების შესყიდვა იყო. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს, 9 100 ლარის ღირებულების 130 კომპლექტი (ჩოხა, შორტი და ქამარი) შეისყიდეს. ხელშეკრულების შესაბამისად, ერთ ცალ კომპლექტში 70 ლარი გადაიხადეს. არადა, 2017 წლის 3 მაისს, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და შპს „სპორტი პლიუსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამინისტროს მიერ შესყიდული ქართული ჭიდაობის ჩოხების ერთ კომპლექტში 45 ლარია გადახდილი. 

2017 წლის ბოლოს, სამინისტროს ბალანსგარეშე ანგარიშზე, ნაშთად 60 კომპლექტი ჩოხა ირიცხებოდა. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სამინისტროსთან კოორდინაციით, ფედერაციის მიერ მოთხოვნილი 130 კომპლექტის ნაცვლად, მხოლოდ 70 კომპლექტი უნდა შეესყიდათ. ქართული ჭიდაობის ჩოხების შესყიდვასა და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე უსასყიდლოდ გადაცემას, ფედერაციასთან კოორდინაციის გარეშე, სპორტის სამინისტროც ახორციელებდა. კერძოდ, 2016-2017 წლებში, სამინისტრომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, 10 945 ლარის ღირებულების, საჭიდაო ჩოხის 199 კომპლექტი გადასცა. 

ბინის შესყიდვა 

2016 წლის 16-17 დეკემბერს, თბილისში, „ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა _ 2016“ გაიმართა. ამ ღონისძიების დაფინანსების მიზნით, 2016 წლის 8 ნოემბერს, ფედერაციასა და სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. განისაზღვრა, რომ პირველ ადგილზე გასული სპორტსმენისთვის, 68 650 ლარის ღირებულების ბინა უნდა გადაეცათ. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს, ფედერაციასა და სამშენებლო კომპანია შპს „ფალავანს“ შორის შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა. არადა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე, 5 თვით ადრე დარეგისტრირდა. სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ შპს ,,ფალავანის'' დამფუძნებლები, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, გელა ბერუაშვილის შვილები არიან. 

ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ანუ 2016 წლის 15 ნოემბერს, ,,ფალავნობა _ 2016''-ის გამარჯვებულზე ბინის გადაცემის მიზნით, სამშენებლო კომპანია ,,ფალავანს'' 54 920 ლარი გადაურიცხეს. ამ ტურნირში გიორგი კაციაშვილმა გაიმარჯვა და ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 1 სექტემბრამდე, საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ბინა თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, შპს ,,ფალავანის'' მშენებარე საცხოვრებელ სახლში არსებული 50 კვ.მ. ფართი, ე.წ. ,,შავი კარკასის'' მდგომარეობაში. 

 

,,ფედერაციის მიერ შესასყიდი უძრავი ქონების ოპტიმალური საბაზრო ფასისა და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით, ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა. მეტიც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, რადგან გამყიდველი ანუ შპს „ფალავანი“ და მყიდველი ანუ ფედერაცია, დაკავშირებული მხარეები არიან. კომპანიის დამფუძნებლები, ფედერაციის პრეზიდენტის შვილები არიან, რომლებსაც ფედერაციასთან შრომითი ურთიერთობა აქვთ. შესაბამისად, მათი ინტერესები დაემთხვა და მხოლოდ გამყიდველის ინტერესად ჩამოყალიბდა, რამაც ეს გარიგება ნორმალური საბაზრო, სამეურნეო პირობებიდან გამოიყვანა'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ გარიგების პირობებზე შეთანხმების დროს, ფედერაციამ მშენებლობის დასრულებასთან და მის შესაძლო უფლებრივ (იპოთეკა, გირავნობა) დატვირთვასთან დაკავშირებული რისკები არ გაითვალისწინა, რაც შესასყიდი ბინის ფასს საგრძნობლად შეამცირებდა; ანგარიშსწორება განხორციელდა წინასწარ, ხელშეკრულებით საცხოვრებელი ბინის გადაცემამდე ორი წლით ადრე ანუ 2016 წლის 15 ნოემბერს იმ დათქმით, რომ 1 კვ.მ-ის ფასი (,,შავი კარკასის'' მდგომარეობით) _ 1 098 ლარი იქნებოდა. არადა, იმ მომენტში, კომპანიის მიერ, ოფიციალურად გაცხადებული ფასი _ 1 050 ლარი (ანგარიშსწორების ფასზე 48 ლარით ნაკლები) იყო, რაც ორი წლის განმავლობაში, თითქმის არ შეცვლილა: 

,,ბინის ფასზე შეთანხმების დროს, წინასწარი გადახდის შემთხვევაში, ფედერაციამ არ გაითვალისწინა და არ გამოიყენა ფასდათმობის შესაძლებლობა. მეტიც, ორი წლის მანძილზე გაცხადებული ფასის უცვლელობის პირობებში, ფედერაციამ წინასწარ, ორი წლით ადრე, ანგარიშსწორება არსებულზე მაღალი ფასით განახორციელა. შესაბამისად, თავისი შინაარსით, ეს ოპერაცია სარგებლის გარეშე (ზარალით), კერძო სამეწარმეო სუბიექტის დაკრედიტებაა, რომლის წყარო საბიუჯეტო სახსრებია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში, ეს ბინა საკუთრების უფლებით, ტურნირში გამარჯვებულ გიორგი კაციაშვილს გადასცეს'', _ მითითებულია აუდიტის დასკვნაში. 

სატრანსპორტო მომსახურება 

2016-2017 წლებში, ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გაიმართა, სატრანსპორტო მომსახურების სახით, სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ჯამში 32 338 ლარი გადაიხადეს, აქედან პრეზიდენტის შვილს _ 29 987 ლარი ხვდა წილად. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მუნიციპალიტეტების მიხედვით, თითოეული ტურნირის ხარჯები განსხვავდება და საშუალოდ, 200-დან 900 ლარამდე მერყეობს. ხელშეკრულებების შესაბამისად, ფედერაციის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო აუდიტორებს განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ წარუდგინეს. შესაბამისად, გაურკვეველია, რა მეთოდებით, ან რა მონაცემების გათვალისწინებითა და რა პარამეტრებზე დაყრდნობით დაადგინეს სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები რეგიონების მიხედვით: 

,,2017 წლის დეკემბერში, ქართულ ჭიდაობაში ჩასატარებელი ღონისძიების ფარგლებში, საჭიდაო ლეიბების (მათი რაიმე სახით ფლობის შესახებ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ) ტრანსპორტირების ხარჯმა, ჭავჭავაძის გამზირიდან ამერიკის საელჩომდე და პირიქით _ ამერიკის საელჩოდან ჭავჭავაძის გამზირამდე (სულ 20 კმ.), 1 500 ლარი შეადგინა. არადა, ამ მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში, შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არაა. 2016-2017 წლებში, მივლინებებზე, ტრანსპორტირების სახით გაწეული 900 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ფედერაციამ ვერ წარმოადგინა'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრების და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით, ბაზრის კვლევას არ ატარებს. შედეგად, მიმწოდებელთან (ზოგიერთ შემთხვევაში, დაკავშირებულ მხარესთან ანუ ფედერაციის პრეზიდენტის შვილების კომპანიასთან) გაფორმებული კონტრაქტები, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, არაადეკვატურად მაღალ ფასზეა გაფორმებული, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვას იწვევს. ინტერესთა კონფლიქტის არსებობა, ფედერაციასა და შპს „ფალავანთან“ გაფორმებული გარიგების პირობებზეც აისახა, რასაც საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვა მოჰყვა. 

ორმაგად დაფინანსებული სახელობითი ტურნირები 

საქართველოს რეგიონებში გასამართი სახელობითი შეჯიბრებები და ტურნირები მუნიციპალიტეტებმა 15 800 ლარით დააფინანსეს, ხოლო ფედერაციის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, იგივე ღონისძიებები სამინისტრომ 21 345 ლარით დააფინანსა. მთლიანობაში, ამ ტიპის დაფინანსების ჯამური მოცულობა 37 145 ლარი იყო. 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ჯამში გამოყოფილი თანხიდან, მიზნობრივად მხოლოდ 23 860 ლარი გაიხარჯა. 13 285 ლარი კი არამიზნობრივად, ძირითადად იმ აქტივობებისთვის დახარჯეს, რაც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებით გათვალისწინებული არ ყოფილა. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საბიუჯეტო სახსრები გამოიყენეს მივლინებებში; პირადი სარგებლობის სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაში; საბურავების შეცვლასა და პრემიებისთვის. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც დაადგინეს, რომ მაგალითად, სპორტული ღონისძიება, რისთვისაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ,,სპორტულმა გაერთიანებამ'' 3 000 ლარი გამოყო, საერთოდ არ განხორციელებულა! 

წესდების შესაბამისად, ,,ფედერაციის შემოსავლები უნდა მოხმარდეს ფედერაციის საწესდებო მიზნების განხორციელებას, მისი წევრთა შორის განაწილება არ დაიშვება“. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სახელობითი ტურნირების ორგანიზების დასაფინანსებლად გამოყოფილი 13 385 ლარის საბიუჯეტო სახსრები, ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ არამიზნობრივად გახარჯა. 

წამახალისებელი ვიქტორინა 

2016 წლის 11 მარტს, სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული გრანტის გაცემის საფუძველზე, 2016 წლის 5 დეკემბერს, ფედერაციას 22 300 ლარი ჩაერიცხა. ამ თანხით, 2016 წლის ფალავნობაში ჩასატარებელი ღონისძიება უნდა დაფინანსებულიყო. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016 წლის დეკემბერში, სამინისტროში წარდგენილი საავანსო ანგარიშის შესაბამისად, 2016 წლის 20 დეკემბერს, ფედერაციამ გრანტის თანხიდან, 4 300 ლარის ღირებულების 12 ცალი მობილური ტელეფონი შეისყიდა. 

2016 წლის 16 დეკემბერს, ტელეფონების შესყიდვის მიზნით, ი/მ ნატო ბოჭორიშვილს, 4 300 ლარი გადაურიცხეს. სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 2016 წლის 23 დეკემბერს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი _ 2016 წლის 20 დეკემბერს. ფალავნობის ღონისძიება 2016 წლის 16-17 დეკემბერს გაიმართა, ამიტომ ვიქტორინაც ამ პერიოდში უნდა გაემართათ და გამარჯვებულებისთვის მობილური ტელეფონებიც მაშინ გადაეცათ: 

,,ჩამოწერის აქტის შესაბამისად, 4 300 ლარის ღირებულების საჩუქრების გამარჯვებულ მაყურებელზე გადაცემას, ფედერაციის გენერალური მდივანი, ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ხელმოწერებით ადასტურებენ. ფედერაციის გენერალური მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განმარტებებით, აღნიშნული ჩამოწერის აქტზე, მათი ხელმოწერები არ არის. მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებებით, წამახალისებელი ვიქტორინის ჩატარების ფაქტი არ დასტურდება. არ არის განსაზღვრული ვიქტორინის თემატიკა, არ არის შემუშავებული მისი გამართვისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი. ჩამოწერის აქტით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი არ დასტურდება'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აღნიშნული ხარჯი, ფიქტიური ოპერაციის ნიშნებს შეიცავს და თაღლითობის რისკებს ზრდის!

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში