Menu
RSS

ანტისაოკუპაციო სლოგანი ღვინის ბოთლზე

„საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული!“ _ რატომ არ ბაძავს სახელმწიფო ქართველ მეწარმეს

სოციალურ ქსელ Facebook-ში, ორიგინალურად შეფუთული ქართული ღვინის ბოთლის ფოტო გავრცელდა. ბოთლის ეტიკეტზე საქართველოს ოკუპაციაზე ინგლისურენოვანი წარწერაა დატანილი _ ,,20% Of Georgia Occupied By Russia! '' ამ ანტისაოკუპაციო მარკეტინგული კამპანიის შესახებ ინფორმაცია სააგენტო ,,ჰოთნიუსმა'' გაავრცელა. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, არცთუ ცნობილი მწარმოებლის ამ, მართლაც, ღირსეულ ნაბიჯს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სააგენტო ,,ჰოთნიუსმა'' გაარკვია, რომ უჩვეულოდ შეფუთულ ღვინის ბოთლში, ხაშმის ,,საფერავია'' ჩამოსხმული. ესაა მცირე, საოჯახო მეურნეობა, რომელსაც ივა ელბაქიძე აწარმოებს. მისი თქმით, ოჯახს მცირე წარმოება აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, სადაც „საფერავის“ ვენახი აქვს გაშენებული. 

,,ესაა გაუფილტრავი ღვინო, რომელსაც ტრადიციული მეთოდით, ოჯახში ვამზადებთ და საშუალოდ, 300 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე, მხოლოდ „საფერავს“ ვასხამთ, მაგრამ სამომავლოდ, „შარდონეს“ ღვინის წარმოებასაც ვაპირებთ“, _ განუცხადა „ჰოთნიუსს“ ივა ელბაქიძემ. 

სააგენტოს ცნობითვე, ხაშმის ,,საფერავი'', რომლის ეტიკეტზეც ოკუპაციის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა მცირე საოჯახო მეურნეობის მესვეურნი იმედოვნებენ, რომ მათი წარმოება გაიზრდება და უცხოური ბაზრების ათვისებასაც შეძლებენ. 

„ჯერჯერობით, იმ ოდენობის წარმოება არ გვაქვს, რომ უცხოურ ბაზარზე გავიდეთ. თუმცა ამგვარი ეტიკეტით, ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე _ რუსეთში ვერ მოვხვდებით. ევროპის ბაზარზე გასვლა შესაძლებელია, მაგრამ ბიზნესი მხოლოდ ორი წლის წინ, პატარა წარმოებით დავიწყეთ. ღვინის მაღაზიებს თითო ყუთ ღვინოს ვაბარებთ, ყუთში კი 6 ბოთლი დევს“, _ ამბობს ივა ელბაქიძე. 

„ჰოთნიუსმა“ ისიც გაარკვია, რომ ოკუპაციის თემა, რომელიც „საფერავის“ ბოთლზე გვხვდება, ერთჯერადი აქცია არაა. ივა ელბაქიძის განმარტებით, მის მიერ წარმოებული ,,საფერავი'' ყოველთვის ასე იქნება წარმოდგენილი ბაზარზე. ინიციატივა კი პირადად მას ეკუთვნის. ღირსეული მწარმოებლის მიერ ჩამოსხმული ღვინის შეძენას თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ღვინის მაღაზიაში შეძლებთ... 

ორ საუკუნეზე მეტია, საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, არაერთი ქართველი შეეწირა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას. მარტო ქაქუცა ჩოლოყაშვილის თავდადება რად ღირს, თუმცა რუსულმა ოკუპაციამ განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში იჩინა თავი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ისტორიული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაპყრობით უპასუხა... 

2008 წელს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გამწვავდა და 100-ზე მეტი ქართული სოფელი რუსეთმა მიწასთან გაასწორა, ეგრეთ წოდებულ საზღვრებზე მავთულხლართები გააბა და მას შემდეგ ნელ-ნელა და მზაკვრულად, მცოცავი ოკუპაციით, თითო გოჯ მიწას გვტაცებს. 

შემზარავი და ღალატის ტოლფასია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებსაც საქართველოს დაუძინებელი მტერი _ რუსეთი, ერთმორწმუნე მეზობლად მიაჩნია, თუმცა გასაკვირი არც ესაა _ თითქმის ორიათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, საქართველოს მტერი არც ქვეყნის შიგნით აკლდა და მით უმეტეს, არც გარეთ. საკუთარი კეთილდღეობისთვის საქართველოს მტრებთან ფარულად გარიგებული დიდგვაროვანი მთავრებისა და თავად-აზნაურების ამბებიც გვახსოვს, თანაც თითქმის ყოველ საუკუნეში და მთელი საქართველოს მასშტაბით... 

ამ მოკლე ისტორიული ექსკურსის გათვალისწინებით, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ერთი, დამწყები მეწარმის ღირსეული საქციელი. მეტიც, დავინტერესდი, იცოდნენ თუ არა ხაშმის ,,საფერავის'' ანტისაოკუპაციო პიარ-კამპანიის შესახებ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოში''. მიპასუხეს, რომ დიახ, იციან, თუმცა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავეს. ამიხსნეს, რომ ეს ერთი, კონკრეტული მეწარმის კერძო ინიციატივაა. 

დიახ, ასეა: ერთი, კონკრეტული მეწარმის კერძო ინიციატივაა, რომელსაც თავისი სამშობლო მხოლოდ სუფრაზე, ღვინის თასით ხელში, დაყენებული რიხითა და ომახიანი ტემბრით, ქვეყნის სიყვარულში დამაშვრალი გამომეტყველებით ნათქვამ გრძელ სადღეგრძელოში კი არ უყვარს, ამას საქმითაც ამტკიცებს. ჩვენი ქვეყნის იდენტობასთან გაიგივებულ იმ პროდუქტს აწარმოებს ვაზისგან, რომლის სამშობლოდაც საქართველო, მთელმა მსოფლიომ უკვე აღიარა. რაც მთავარია, ამ პროდუქტის ეტიკეტზე, შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 

ბოთლის ეტიკეტზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის დატანა საკმაოდ აპრობირებული და კარგად ნაცადი ხერხია. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ, იაპონიის ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ ინფორმაციების გავრცელება მინერალური წყლის ბოთლის ეტიკეტებით დაიწყო. ძალიან ჭკვიანები და მოხერხებულები არიან იაპონელები და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ჯერ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს და ნახეს, რომ იაპონელმა ახალგაზრდებმა ჟურნალ-გაზეთების კითხვას მოუკლეს, სამაგიეროდ, მინერალური წყლების გაყიდვები გაიზარდა. ბევრი აღარ უფიქრიათ და გადაწყვიტეს, რომ პატარ-პატარა ინფორმაციები, ე.წ. ნიუსები, სწორედ მინერალური წყლის ბოთლის ეტიკეტებზე დაეტანათ. ჰოდა, ასე გამოჩნდა სხვადასხვა ,,ნიუსიანი'' მინერალური წყლის ბოთლები იაპონიის ბაზარზე... 

კარგი იქნება, თუ ერთი, რიგითი, დამწყები ქართველი მეწარმის ამ მართლაც პატრიოტულ ნაბიჯს გაცილებით სერიოზულად გამოეხმაურება, როგორც ,,ღვინის ეროვნული სააგენტო'', ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც. ბევრად უკეთესი იქნება, თუ ივა ელბაქიძეს ღვინის მწარმოებული სხვა, მსხვილი კომპანიებიც აუბამენ მხარს. კარგად გვესმის, რომ ასეთი ეტიკეტებით ქართულ ღვინოს რუსეთის ტერიტორიაზე არავინ დაუშვებს, მაგრამ ხომ შეიძლება, მსხვილმა მწარმოებლებმა ასეთი ბოთლები ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, იაპონიასა და ჩინეთში გაიტანონ?! იმ ბაზრებზე, სადაც წლების განმავლობაში, წარმატებით ახორციელებენ ქართული ღვინის ექსპორტს. 

,,ვერსიამ'' ამ კითხვით ღვინის კომპანია ,,თელავის ღვინის მარნის'' დამფუძნებელ ზურაბ რამაზაშვილს მიმართა. ბატონმა ზურაბმა გვითხრა, რომ ხაშმის ,,საფერავის'' ანტისაოკუპაციო პიარ-კამპანიის შესახებ ჩვენგან შეიტყო და დასძინა, ეს ერთი მეწარმის კონკრეტული, ბიზნეს-იდეა და მარკეტინგული სვლააო... 

დიახ, კონკრეტული მეწარმის კერძო ინიციატივაა და მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგად გათვლილი მარკეტინგული ნაბიჯიცაა. დარწმუნებული ვარ, ეტიკეტზე ასეთი წარწერით, ივა ელბაქიძე ხაშმის ,,საფერავის'' გაყიდვებს თუ არ გააორმაგებს, საგრძნობლად გაზრდის მაინც. რაც მთავარია, ,,ჰოთნიუსს'' უკვე დაუდასტურა, რომ მისი ეს ნაბიჯი ერთჯერადი არაა და ვიდრე ამ ღვინოს აწარმოებს, ეტიკეტზე ყოველთვის დააწერს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%, რუსეთის მიერაა ოკუპირებული! 

ასე რომ, სახელმწიფოს მესვეურებო, მიბაძეთ ერთ რიგით ქართველს, საქართველოს ოკუპაციის თემა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეთ და დიდსა თუ პატარას, შინაურსა თუ გარეულს, მტერსა თუ მოყვარეს კიდევ ერთხელ უთხარით და გააგებინეთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, რუსეთის იმპერიის მიერ არის ოკუპირებული!

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში