Menu
RSS

ექსომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო აუდიტმა ფინანსურ დარღვევებში ამხილა

დაუსაბუთებელი დანამატები, გაბერილი შტატები და სამი თვის განმავლობაში ავტოსადგომზე გაჩერებული ბოლო მოდელის ავტომობილი _ რა წერია აუდიტორთა დასკვნაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატი შეამოწმა. აუდიტი 2016-2017 წლებს ანუ იმ დროს ეხება, როდესაც ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი იყო. სახელმწიფო აუდიტორები სახალხო დამცველის აპარატის მიერ, სწორედ ამ პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებიათა და შრომის ანაზღაურებით დაინტერესდნენ. დაუსაბუთებლად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე გათავისუფლებული თანამშრომლისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; დადგენილზე მეტი ოდენობით შტატგარეშე თანამშრომლები; შესყიდვების დაგეგმვაში არსებული ხარვეზები; საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა _ ეს იმ დარღვევების ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ომბუდსმენის აპარატში გამოავლინა.

 

დაუსაბუთებლად გაცემული დანამატები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016-2017 წლებში, სახალხო დამცველის აპარატში დანამატს მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად გასცემდნენ. უფრო კონკრეტულად, დანამატის კატეგორია მოიცავდა არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისთვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს. 

,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონით კი, მოხელეს სახელფასო დანამატი ეძლევა: ,,ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად; დამატებითი ფუნქციების დაკისრებისას, მათ შორის, ღამის საათებში; დასვენების/ უქმე დღეს და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის გამო. დანამატის გაცემისას, სათანადოდ უნდა დასაბუთდეს თითოეული მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო, ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა''. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2016 წელს, სახალხო დამცველის ბრძანებებით, აპარატის 24 თანამშრომელზე 44 035 ლარის დანამატი გასცეს, საფუძვლად კი თანამშრომელთა წახალისება მიუთითეს. 2017 წელს, სახალხო დამცველის ბრძანებით, საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის, აპარატის 112-მა თანამშრომელმა 69 537 ლარის დანამატი მიიღო, ხოლო 2017 წლის 22 ნოემბრის ბრძანებებით, 107 თანამშრომელსა და ხელშეკრულებით დასაქმებულ 17 პირზე 222 565 ლარის დანამატი გასცეს, თუმცა რის საფუძველზე მიიღეს აპარატის თანამშრომლებმა ამ ოდენობის პრემია, არ დაუსაბუთებიათ. 

,,აქედან გამომდინარე, 2016-2017 წლებში, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე გაცემულ 113 572 ლარის ოდენობის დანამატზე მითითებული საფუძვლები, საბიუჯეტო კლასიფიკაციასა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს არ შეესაბამება, ხოლო 222 565 ლარის ოდენობის დანამატის გაცემის საფუძვლები, საერთოდ არ მიუთითებიათ'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

უმიზეზოდ გათავისუფლებული თანამშრომელი 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმძღვანელს მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება აქვს, თუმცა შესაბამისი დასაბუთების გარეშე მოხელის გათავისუფლებამ შესაძლოა, გაუთვალისწინებელი დამატებითი ხარჯი გამოიწვიოს, რაც იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაში გამოიხატება. 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016 წლის 11 ივლისს, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მიმართ დისციპლინური ზომები გამოიყენა და შესაბამისი ბრძანებით, სამსახურიდან გაათავისუფლა. 

დეპარტამენტის უფროსმა ომბუდსმენის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

ჩანს, უჩა ნანუაშვილმა საკუთარი თანამშრომელი უმიზეზოდ გაათავისუფლა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამივე ინსტანციის _ საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 3 იანვრიდან, ამ ადამიანს ძველ თანამდებობაზე არ აღადგენდნენ. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ომბუდსმენის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსს იძულებით განაცდური ხელფასიც აუნაზღაურეს, რაც მთლიანობაში 50 560 ლარი იყო. 

მას შემდეგ, რაც შესაბამისი დოკუმენტაცია შეისწავლეს, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატმა 50 560 ლარის ხარჯი ზედმეტად გასწია. 

შტატგარეშე თანამშრომლები 

,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა, საშტატო რიცხოვნობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, გამონაკლისიც დაიშვას. 

საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, სახალხო დამცველის აპარატს თანხმობა მისცეს, რომ 2016 წელს, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 22 ერთეულით, ხოლო 2017 წელს 18 ერთეულით განესაზღვრათ. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2016 წლის განმავლობაში, აპარატის შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 49 ერთეული, ხოლო 2017 წელს 43 ერთეული იყო. შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში, აპარატის შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 27 ერთეულით, ხოლო 2017 წელს 25 ერთეულით აჭარბებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ რაოდენობებს. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2017 წელს, შტატგარეშე თანამშრომლად დასაქმებული 9 პირი დაკისრებულ სამუშაოებს 2016 წელსაც ასრულებდა. ისინი აპარატში ხელშეკრულების მოქმედების გახანგრძლივებით იყვნენ დასაქმებულნი. 

,,ეს თანამშრომლები, 2017 წლის მარტიდან და ივლისიდან, საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იდენტურ პოზიციებზე, სამუშაოთა ანალოგიური აღწერილობებით დანიშნეს. შტატგარეშე მომუშავეთა საქმიანობის შინაარსის გაანალიზების მიზნით, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოვითხოვეთ. აპარატის წარმომადგენელთა განმარტებით, კომპიუტერული სისტემის დაზიანების გამო, თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ, ინფორმაციის ნაწილი დაიკარგა. სამწუხაროდ, ვერც სხვა, ალტერნატიული პროცედურებით შევძელით მიგვეღო რწმუნება, რომ 2016-2017 წლებში, 12 შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 247 010 ლარი შეადგინა, იყვნენ თუ არა დასაქმებულნი კანონმდებლობით გათვალისწინებული, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც განმარტეს, რომ კომპიუტერული სისტემის ისეთი დაზიანება, რასაც ინფორმაციის დაკარგვა მოჰყვა, ამ ორგანიზაციაში კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს. 

რეკომენდაცია: სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა, შიდა კონტროლის სისტემები დაინერგოს, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია, მომზადებული ანგარიშები და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია უსაფრთხო გარემოში ინახებოდეს, რომელიც არასანქცირებული შეღწევისა და ინფორმაციის დაკარგვისგან მაქსიმალურად დაცული იქნება. 

შესყიდვებში არსებული ხარვეზები 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს, შემსყიდველმა უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2017 წელს განსახორციელებელი შესყიდვების თავდაპირველ და დაზუსტებულ გეგმებს შორის 427 931 ლარის ცვლილებიდან, 328 001 ლარის ცვლილება გამოცხადებული ტენდერის კლასიფიკაციის კოდით, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების თანხის შემცირებითაა განპირობებული. 

მაგალითად, სასტუმრო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერის თავდაპირველი გეგმა 420 000 ლარი იყო, საბოლოო გეგმა _ 151 899 ლარი, სხვაობა _ 268 101 ლარი; ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცხადებული ტენდერის თავდაპირველი გეგმა 60 000 ლარი იყო, საბოლოო გეგმა _ 100 ლარი, ხოლო სხვაობა _ 59 900 ლარი. 

როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს განუმარტეს, ეს ცვლილებები შესყიდვების გეგმაში ხელმძღვანელობის მითითებით, შესყიდვის საჭიროების არარსებობის გამო შეიტანეს. ცვლილებები კი 2017 წლის დეკემბერში განახორციელეს. 

,,აშკარაა, რომ სახალხო დამცველის აპარატში, ზოგიერთი კლასიფიკაციის კოდებით დაგეგმილი შესყიდვების განხორციელება უცილებლობას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ეს ყოველივე საჭიროების განსაზღვრასა და შესყიდვების დაგეგმვაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს'', _ მითითებულია აუდიტის დასკვნაში. 

რეკომენდაცია: საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა შესყიდვები, მისი აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს, რათა აპარატის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება უზრუნველჰყოს. 

დამატებითი სატენდერო მოთხოვნები 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საჭიროებისთვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში კი ჯანსაღი კონკურენციის განვითარება. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016-2017 წლებში, სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ცამეტი ტენდერიდან, ოთხ მათგანში, მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ისიც გაირკვა, რომ იმ ტენდერებში, სადაც ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, ფაქტობრივად, ფასის კლება არ დაფიქსირებულა, ხოლო ორი და მეტი პრეტენდენტის მონაწილეობის შემთხვევაში, ტენდერის სავარაუდო ღირებულება 16%-ით შემცირდა.

მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, მხოლოდ ერთი პრეტენდენტი 4 შესყიდვაში მონაწილეობდა, ამ შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 213 315 ლარი იყო, ხელშეკრულება 213 235 ლარზე გაფორმდა და შესაბამისად, 80-ლარიანი ეკონომია დაფიქსირდა; 2 და მეტი პრეტენდენტი, აპარატის მიერ გამოცხადებულ 9 ტენდერში მონაწილეობდა, ამ შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 389 820 ლარი იყო, ხელშეკრულება 327 083 ლარზე გაფორმდა და შესაბამისად, 62 737 ლარის ოდენობის ეკონომია დაფიქსირდა. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2016-2017 წლებში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობისათვის განსაზღვრული ღონისძიებებისთვის, სასტუმრო მომსახურების შესყიდვებზე, სახალხო დამცველის აპარატმა ელექტრონული და გამარტივებული ტენდერები გამოაცხადა. 2016 წლის იანვარში, სასტუმრო მომსახურების ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 151 500 ლარი იყო, ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა. თუმცა ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 38 550 ლარით შემცირდა. 

2016 წლის აპრილში, ანალოგიურ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 151 000 ლარი იყო, სატენდერო წინადადებით, დამატებით მოითხოვეს ადაპტირებული სასტუმრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ამ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რომელმაც სავარაუდო ღირებულების ფასით გაიმარჯვა. 

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო აუდიტორებს განუმარტეს, რომ ამ ტრენინგში შშმ პირები არ მონაწილეობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, კერძო სექტორისთვის შშმ პირთათვის ადაპტირებული სასტუმროების საჭიროების ჩვენებისა და ამ მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ტენდერში ამის დამადასტურებელი დამატებითი პირობა მაინც ჩადეს. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორები ეჭვობენ, რომ ტენდერში ამ ტიპის დამატებითი მოთხოვნა კონკურენციის შეზღუდვის მიზნით ჩაიდო. 

რეკომენდაცია: ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, შესყიდვების განხორციელებისას, მიზანშეწონილია, საკვალიფიკაციო მოთხოვნები მხოლოდ კონკრეტული შესყიდვის საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდეს. 

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა 

სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა/ექსპლოატაციის ხარჯების მინიმიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე, ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვა საჭიროების გათვალისწინებით, არგუმენტირებული დასაბუთებების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016 წლის 23 მარტს, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატმა, 2009 წელს გამოშვებული და 7 000 ლარად შეფასებული ავტომანქანა HYUNDAY TUCSON, საკმაოდ ძვირადღირებული, კერძოდ, 2016 წელს გამოშვებული, 105 500-ლარიანი ავტომანქანა _ MERCEDES-BENZ GLA  250 4MATIC-ით ჩაანაცვლა. ფასთა სხვაობის შესავსებად, მიმწოდებელ კომპანიას, „შპს „ავტო თრეიდ ინ“-ს, სახალხო დამცველის აპარატმა 98 500 ლარი აუნაზღაურა. 

,,ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახალხო დამცველის აპარტმა, საჭიროებების შესწავლის გარეშე განახორციელა. ამას ის გარემოებაც მოწმობს, რომ ჩანაცვლებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში, ძვირადღირებული ავტომანქანა გაჩერებული იყო ავტოსადგომზე, ხოლო 2017 წლის დეკემბერში, განსაკარგად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სსიპ ,,მომსახურების სააგენტოს'' გადაეცა. ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენის საჭიროების არარსებობას, ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტემენტის უფროსის მოხსენებითი ბარათიც ადასტურებს. ამ ბარათში მითითებულია, რომ შენახვის დიდი ხარჯიდან გამომდინარე, ასეთი მონაცემებისა და მოდელის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა მიზანშეწონილი არ იყო'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

რეკომენდაცია: ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციისა და ეკონომიურად შესყიდვის მიზნით, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შიდა ინსტრუქცია შეიმუშაოს, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს დაზოგავს, ან მის რაციონალურად ხარჯვას შეუწყობს ხელს.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში