Menu
RSS

ევროკავშირმა სახელმწიფო ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი გადმორიცხა

რა მიზნით დაეხმარა ევროკავშირი საქართველოს მთავრობას და რას მოხმარდება ევროპული გრანტი

2018 წლის დეკემბერში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი (36 მილიონ 800 ათასი ევრო) გადმორიცხა. 17 იანვარს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში'', ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობის წინსვლა დაადასტურა იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, მართლმსაჯულებას, საჯარო სამსახურს, საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, ბიზნესის მხარდაჭერას, განათლებასა და შრომის ბაზარს ეხება. ეს რეფორმები 2917-2018 წლებში ჩატარდა, ხოლო ევროკავშირმა დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე შეაფასა. რაც მთავარია, ევროკავშირის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული 110 მილიონი ლარი გრანტია, რასაც ქვეყნის მთავრობა არ აანაზღაურებს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა მედიას განუცხადა, რომ 2018 წლის დეკემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა იმ პროგრესისთვის ჩაირიცხა, რასაც საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით მიაღწია. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება კი სამართალია: 

,,ამ მხრივ საყურადღებო ფაქტორი იყო წინასწარი პატიმრობების მაჩვენებელი, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან შედარებით, 2017 წელს, უჩვეულოდ მაღალი იყო. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან ერთად ვიმუშავეთ და პოზიტიური პროგრესიც დავინახეთ – 2918 წელს, ეს მაჩვენებელი 13.4%-ით შემცირდა''. 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ის ვალდებულებებიც ახსენა, რაც 2018 წელს საქართველოს მთავრობას შესასრულებელი დარჩა. ასეთი შეუსრულებელი ვალდებულება დამოუკიდებელი ორგანოს შექმნაა, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულს გამოიძიებს. საჯარო მმართველობის მიმართულებით, ევროკავშირი სამოქალაქო სამსახურის რეფორმის მეტ ეფექტურობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პირობების სრულად შესრულებას ითხოვს. 

კარლ ჰარცელის განცხადებით, მიმდინარე წელს, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის პრიორიტეტები ეკონომიკურ განვითარებას დაუკავშირდება. უფრო კონკრეტულად, სამუშაო ადგილების შექმნას, განათლებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მმართველობის გამჭვირვალობასა და გარემოს დაცვას. 

,,სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების ფარგლებში, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, იმ შედეგებს მიაღწიოს, რაც ჩვენი დაფინანსების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. მაგალითად, გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, სურსათისა და შრომის უსაფრთხოება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაშია, ხოლო ბიზნესის განსავითარებლად, მთავრობის მხარდაჭერა გაიზარდა. ველოდები, რომ ამგვარი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდება'', _ განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა სექტორის მიხედვით, 2017 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული კონკრეტული შედეგები ასეთია: 

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება _ სასოფლო-სამეურნეო კვლევების ელექტრონულ მონაცემთა შეგროვების ინიცირება, რაც საშუალებას აძლევს მონაცემების ეფექტურ შეგროვებას, შენახვასა და გამოყენებას; მდგრადი და სტაბილური სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების კამპანიის ჩატარება საქართველოს მასშტაბით, რაც პუბლიკაციებს, ვიდეო-რგოლებსა და ტრენინგებს მოიცავდა; თესლის სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ კანონის შესაბამისად, ხორბლისა და ქერის სათესლე მასალის 88%, სერტიფიცირებული და რეგისტრირებული იყო. 

საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება _ სურსათის მწარმოებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის (21 000-ზე მეტი) ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა, რამაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგი გაუადვილა; სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ნახევარზე მეტმა, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად ტრენინგები გაიარა; ფოთის სასაზღვრო გამტარი პუნქტი აღიჭურვა და მას შეუძლია უზრუნველყოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; საქართველოს ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე, სპეციალური შენაერთები განთავსდა, რაც უზრუნველყოფს არაცხოველური წარმოშობის სურსათის სასაზღვრო კონტროლის ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამის პროცედურებს; საქართველოში ბიოორგანული მწარმოებლების სერტიფიცირების სისტემის მხარდაჭერა (აქამდე სერტიფიცირებულია 66 ფერმერი/სურსათის მწარმოებელი); სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, 200-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა. 

სოფლად დასაქმების გაზრდა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება _ 2017-2018 წლებში, არასასოფლო-სამეურნეო დივერსიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, 6 ახალი სახელმწიფო პროგრამა შემუშავდა: ,,სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა'', ,,იმერეთის აგროზონა'', ,,დარგე მომავალი'', ხოლო უკვე არსებულ პროგრამებს ახალი ელემენტები დაემატა _ ,,შეღავათიანი აგროკრედიტი'', ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ინფრასტრუქტურის განვითარება'' და ,,მთის რეგიონებში საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა''; 2018-2020 წლების სოფლის განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის წარდგენა ბიუჯეტთან ერთად, დაინტერესებული მხარეებისთვის და მისი ჩართვა 2017 წელს, პარლამენტში შეტანილ მთავრობის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებში. 

,,ევროკავშირი ასევე, მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, 2020 წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის შერწყმის თაობაზე. შესაბამისად, მთავრობას რეკომენდაციას უწევს, დააჩქაროს მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტრუქტურული და დინამიური საერთო მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას მისცემს სექტორული სტრატეგიების განხორციელების შესახებ ანგარიშების გაუმჯობესებას'', _ განმარტა კარლ ჰარცელმა. 

საჯარო მმართველობა _ 2017 წელს, მთავრობის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმების 60%-ზე მეტი მრავალწლიანი პოლიტიკისა და ხარჯების ჩარჩოებს შეესაბამება, რაც მთავრობის მიერ გაწეულ დაგეგმვას უფრო ეფექტიანს ხდის; 

ყველა სამინისტროს ფუნქციური გადახედვა წარმატებით დასრულდა, რამაც მთავრობის ინსტიტუციონალურ რესტრუქტურიზაციას შეუწყო ხელი. 

ადამიანური რესურსების ეფექტიანობის ზრდის უზრუნველყოფა მთავრობაში _ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაზრდილი ზედამხედველობის ქვეშ, ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი წესები დაინერგა; საჯარო სამსახურებში დასაქმება, საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ხდება; საქართველოს საჯარო დაწესებულებებში გამჭვირვალე და სამართლიანი ანაზღაურების სისტემების დანერგვა 2018 წლის 1 იანვრიდან, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ; საჯარო მოხელეთა ქონების დეკლარაციების ფუნქციური მონიტორინგის ჩატარება; საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სოფლად, 54 სათემო ცენტრის ამუშავებისა და 51 მუნიციპალიტეტში თანამედროვე მუნიციპალური მართვის სისტემების გამოყენების საშუალებით, ასევე მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა. 

,,პოლიტიკის დაგეგმვის, სამოქალაქო სამსახურის რეფორმისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გარკვეული პირობები სრულად არ დაკმაყოფილებულა. კერძოდ, შერჩეულ სფეროებში მონიტორინგის ზოგიერთი სამთავრობო ანგარიში, პოლიტიკის დაგეგმვის ახალი ჩარჩოს მოთხოვნას არ შეესაბამება. საჯარო მოხელეებისთვის სასწავლო ცენტრების განხილვის პროცესში მყოფი ოფიციალური აკრედიტაციის მიღება ნიშნავს, რომ ახალი პერსონალის სწავლების სისტემა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. საქართველოს ქულები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო რეიტინგში არ გაუმჯობესებულა, რადგან ახალი კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, პარლამენტისთვის ჯერ არ წარუდგენიათ'', _ აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 

მართლმსაჯულება _ ამ მხრივ, 2017 წელს, საქართველოს მოქალაქეთათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, დაფინანსების გაზრდის საშუალებით, 10%-ით გაუმჯობესდა, ხოლო სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციართა რაოდენობა 22%-ით გაიზარდა; ბავშვთა მიმართ უფრო კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სისტემა შემუშავდა, დანაშაულის პირველად ჩამდენი პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოსწორებითი ზემოქმედების ალტერნატიული სახეობებით შეცვლის მაღალი პროცენტი (64%) დაფიქსირდა, არასრულწლოვანთა წინასწარი პატიმრობის მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა; მართლმსაჯულება ევროპის ადამიანის უფლებათა სტანდარტებს დაუახლოვდა; ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამოკლებით, წინასწარი პატიმრობის მაჩვენებელი 13.4%-ით შემცირდა, საპროკურორო საბჭოსა და პროკურატურაში საკონსულტაციო ორგანო შეიქმნა; ციხეებში პირობები გაუმჯობესდა. გარდა ამისა, ყველა ციხეში რისკებისა და საჭიროებების შეფასების გზით, პროფესიული განათლების პროგრამებში მონაწილეთა ოდენობა (893 პატიმარი) შენარჩუნდა, ციხეში სიკვდილიანობისა და დაავადებების გადაცემის მაჩვენებლები შემცირდა. რაც მთავარია, პატიმრების შემოწმებები და გათავისუფლების წინ, მათთვის მოქმედი მექანიზმის გამოყენება გაუმჯობესდა. 

,,ამ მიმართულებით რამდენიმე მიზანი არ მიღწეულა. კერძოდ, არასრულწლოვან და ახალგაზრდა დამნაშავეთათვის არ აშენებულა ციხის ახალი შენობა, არ დანერგილა დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიების მიზნით'', _ განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

ვაჭრობა და კერძო სექტორის განვითარება _ 2017 წელს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით, საქართველომ მიიღო 17 ეროვნული საკანონმდებლო აქტი სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროში ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების 2017 წლის წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით''. 

საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის გაუმჯობესება _ სამომხმარებლო პროდუქციის ბაზარზე ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა; ბოილერების, მაღალი წნევის რეზერვუარების, ლიფტებისა და საბაგირო გზების ინსპექტირება ჩატარდა; ბაზარზე ზედამხედველობის შესახებ, მიზნობრივი ბიზნესისა და სამომხმარებლო ორგანიზაციებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა; საქართველოს კანონში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტების ინსპექტირების პროცედურებისა და სანქციების შესახებ, შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტში შევიდა. 

საქართველოში უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება _ ახალი და შესწორებული კანონქვემდებარე აქტების დანერგვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს ახალი კანონისთვის ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შემსყიდველი ორგანიზაციების, საკონტრაქტო ორგანოების, ეკონომიკური ოპერატორების და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების ჩატარება და სახელმძღვანელო ცნობარების გამოცემა; ელექტრონული შესყიდვებისთვის შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის განახლება და სატენდერო პროცედურების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა. აგრეთვე, ახლად შექმნილ ვებგვერდზე http://opendata.spa.ge/ ინდივიდუალური შესყიდვების შესახებ ინფორმაციების განთავსება. 

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება _ კანონპროექტი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ; ფინანსური განათლების ტრენინგი 5 694 მეწარმისთვის; ტრენინგისა და გადამზადების შემდეგ 1 778 ადამიანის (8 433-დან) დასაქმება; 1 000-ზე მეტი მეწარმესთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული შეხვედრები რეგიონის ექსპერტებთან, ან ტრენინგები; ინოვაციის ხელშეწყობის მიზნით, 140 მცირე გრანტის გაცემა სტარტაპებისთვის; ბიზნესის მარეგულირებელ საკითხებზე საჯარო/კერძო პლატფორმის ოთხი შეხვედრა ჩატარდა; ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ეფექტიანობის გაუმჯობესება, სააგენტოს 2017 წლის ინსტიტუციონალური რეფორმის გეგმაში ასახული საქმიანობის განხორციელების გზით; კონკურენციის სააგენტოს ეფექტიანობის გაუმჯობესება, სააგენტოს 2017 წლის სასწავლო გეგმის განხორციელების გზით; 2017 წელს, ,,აწარმოე საქართველოში'' ინიციატივის ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებისა და ტრენინგების გაწევა 300-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოსთვის (2016 წელთან შედარებით, 38%-ით მეტი); ,,აწარმოე საქართველოში'' ინიციატივის ფარგლებში და ევროკავშირის მხარდაჭერით, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ავეჯის წარმოებისთვის, ორი კვლევა ჩატარდა. 

,,ერთადერთი პირობა, რომელიც ბოლომდე არ შესრულდა ის გახლდათ, რომ 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების საგზაო რუკის ფარგლებში, დასახული ქმედებები არ განხორციელებულა. კერძოდ, ჯერ არ შექმნილა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების განხილვის ორგანო'', _ დააზუსტა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 

გადახდები ახალი პროგრამების ფარგლებში _ პროფესიული განათლებისა და გადამზადების, შრომის ბაზრის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებში, სამთავრობო სექტორის სტრატეგიების განხორციელება 2018 წელსაც გაგრძელდა. ამასთან, მთავრობამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში მიღწეული დამაკმაყოფილებელი შედეგები შეინარჩუნა, რამაც შესაძლებელი გახადა პროგრამით გათვალისწინებული ყველა გადახდები. 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განმარტა, რომ სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტები, ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტია, რაც პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს მოიცავს. ევროკავშირი ყოველწლიურად გადარიცხავს თანხებს, როდესაც მთავრობა შეთანხმებულ შედეგებს იღებს: 

,,კერძოდ, მთავრობას მოეთხოვება შეინარჩუნოს დამაკმაყოფილებელი შედეგები მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში ყველა გადახდებისთვის, ამასთანავე, ერთვება დამატებითი მიზნები სხვადასხვა პოლიტიკის სფეროებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, განათლება, საჯარო ფინანსების მართვა და სხვა. თუ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რომელიმე ეს პუნქტი არასაკმარისად შესრულდა, თანხის ნაწილის, ან მთელი თანხის გადახდას იქამდდე აჩერებს, ვიდრე სანდო დასტური ან ზომები არ დადგინდება'', _ აღნიშნა კარლ ჰარცელმა. 

მისივე თქმით, ეს არის პარტნიორი ქვეყნებისთვის განვითარების პოლიტიკასა და რეფორმებზე საკუთარი პასუხისმგებლობის სტიმულირება, ხოლო არასაკმარისი განვითარების შემთხვევაში, პრობლემის მიზეზისა და არა სიმპტომების აღმოფხვრის გზა. საქართველოსთვის სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების უმრავლესობა, კონკრეტული სექტორისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია და გაერთიანებულია თანმხლები პროექტების დაფინანსებასთან, როგორებიცაა მაგალითად, კოოპერატივებისთვის გრანტებისა და ტექნიკური დახმარება სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო _ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში