Menu
RSS

„ხელისუფლებას პირდაპირ ვეუბნები: ამ საზიზღრობის ცივილიზებული დემონტაჟი გამორიცხულია!“

ამომრჩევლების მოსყიდვა, "ბელადის" მატარებელს შემხტარი უმრავლესობა და კომკავშირულ-ბოლშევიკური მეთოდები ბიზნესის წინააღმდეგ _ დემურ გიორხელიძე 2018 წლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე

ამბობს, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პერიოდია. ასეთ დროს ადამიანები ცდილობენ, რაღაც გააკეთონ და, როგორც წესი, ნელ-ნელა აუმჯობესებენ საკუთარ მდგომარეობას. საქართველოშიც ზუსტად ამგვარი ვითარებაა, ოღონდ პრობლემა ისაა, რამდენად მისაღებია „ნელ-ნელა განვითარება“ ქვეყნისთვის, ან რამდენად ეფექტურ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება. ასევე ამბობს, რომ ბიზნესზე ზეწოლა იმ მასშტაბების არაა, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, თორემ ოლიგოპოლიური ჯგუფები არავის დაუშლია და არც ამ ჯგუფებს მოუშლიათ ერთმანეთში კარტელური გარიგებები. შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესი, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ქვაკუთხედი და უმუშევრობის პრობლემის მთავარი გასაღებია, ისევ იჩაგრება. კონკურენციის სააგენტო კი მკვდრადშობილი უწყებაა და ამიტომაც ფერხდება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, იზრდება ფასები მედიკამენტებზე, პროდუქტებზე, ლარის კურსი კი „სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა“ გარბის და არ ჩერდება... 

2018 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების შეფასება ეკონომიკის ექსპერტს, პროფესორ დემურ გიორხელიძეს ვთხოვეთ.

_ ბატონო დემურ, გასული წლის ბოლოს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებამ, ძალიან კარგად ცხოვრობთ, მაგრამ ამას ვერ ხვდებითო, საზოგადოება შოკში ჩააგდო. გიორგი ქობულიას მხედველობაში ბიზნესის კეთების მხრივ, ქვეყნის გაუმჯობესებული რეიტინგი ჰქონდა? 

_ რა თქმა უნდა, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი პირისთვის ეს განცხადება ძალიან არასწორი იყო. საქმე ის კი არაა, რომ მინისტრმა იცრუა, არა, რადგან საქართველოს ეკონომიკამ ფანტასტიკური ვარდნა განიცადა. ისეთი, რომელიც მაშინდელ საბჭოთა სისტემაში შემავალი 15 რესპუბლიკიდან, არცერთს განუცდია და ეს რეალობაა, თუმცა პრობლემა მარტო ეს კი არაა, არამედ, ისიც, რომ პოლიტიკური ელიტები მზად არ იყვნენ ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის. ეს იყო შევარდნაძის გარემოცვისა და მისი ელიტის ტრაგედია, რადგან ისინი ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დროს ასცდნენ. შედეგად, ხელისუფლებაში მივიღეთ ადამიანები, რომლებიც თითქოს ეროვნული ლიდერები იყვნენ, თუმცა იმავდროლად, ეროვნულ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარეს, როდესაც ფეხაუმდგარ, გაუმაგრებელ სახელმწიფოში, საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს, ის კარგი იყო თუ ცუდი, იარაღის ძალით დაამხეს. ეს იყო ტრაგედია, რომელიც დღემდე ვერ გადავლახეთ და ესაა სწორედ არაპროფესიონალიზმი. 90-იან წლებში მეორე ტრაგედია განათლების სისტემის სრული დეგრადაცია იყო. ამ პერიოდში, თითქოს საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტალური კურსების წაკითხვა დაიწყეს ადამიანებმა, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ თანამედროვე ეკონომიკაზე. ამ ადამიანებმა მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ნეოკონსერვატორული, ორთოდოქსული იდეოლოგიის (და არა მეცნიერების!) სწავლება დაიწყეს და, ფაქტობრივად, 20 წლის განმავლობაში, ორი თაობა გაანადგურეს. იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებმაც მაშინ ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრეს, წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკურ მეცნიერებაზე, რადგან იდეოლოგიურ სქემაში არის მოთავსებული. ბუნებრივია, პროფესიონალიზმის დეფიციტმა გამოიწვია ეს უბედურება. 

_ ვერ დაგეთანხმებით, რადგან იმ ხალხის უმრავლესობამ, რომელმაც ეკონომიკური მეცნიერება საქართველოში „დამახინჯებით“ ისწავლა, განათლება საზღვარგარეთ გაიმყარა. 

_ როდესაც საზღვარგარეთ მიღებულ განათლებაზე ვსაუბრობთ, დააკვირდით, იქ რა სპეციალობებს ეუფლებიან _ თითო-ოროლა კაცის გარდა, თითქმის არავინ სწავლობს ეკონომიკას, როგორც სპეციალობას. ბიზნესის მართვის ფაკულტეტებზე არაფერს ვამბობ, რადგან ამას ეკონომიკისა და ფინანსების მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს. საზღვარგარეთ ბიზნესის მმართველები ბიზნესის მართვის სპეციალობადამთავრებული ადამიანები არიან, ძალიან კონკრეტული, ვიწრო სპეციალობით, რასაც ეკონომიკასთან, როგორც ფუნდამენტალურ და თანამედროვე მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს. 

_ თემას რომ არ ავცდეთ, კითხვას გაგიმეორებთ: რა გაკეთდა კარგი 2018 წელს, რის გამოც საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გაუმჯობესდა? 

_ კარგია ის, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე პირდაპირი ზეწოლა არ ხდება. გარდა ამისა, რეგისტრაცია და ზოგადად, საგადასახადო სისტემა გამარტივდა, მაგრამ სიკარგე აქ მთავრდება. ამის შემდეგ იწყება გარემო, რომელშიც თანამედროვე, ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკა არ გვაქვს. არანაირი ინსტიტუტები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის მექანიზმის ფარგლებში, მომხმარებლებისა და მწარმოებლების თვითორგანიზაციას ახდენენ არ გვაქვს. სამაგიეროდ, გვყავს ოლოგოპოლიები, რომლებსაც მხარს უჭერს და ამაგრებს ბიზნესი... 

_ მართალია, მმართველი პარტიის ლიდერს ოქუაშვილის არ სჯერა, მაგრამ უკაცრავად, „ომეგას“ საქმე და ზოგადად, ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებული სკანდალი იყო თუ არა ბიზნესზე ზეწოლა? 

_ თუ ჩემი ინტერპრეტაცია გაინტერესებთ, ეს იყო ოლიგოპოლიურ ჯგუფებში ინტერესთა დაჯახება, სადაც სახელმწიფო ყველაზე ცუდი ფორმით იქნა გამოყენებული ანუ ერთმანეთთან დავაში სახელმწიფო ჩარიეს. აკი გითხარით, რომ ოლიგოპოლიური ჯგუფები გვყავს და რატომ გიკვირთ, რომ ისინი ხელისუფლების გარეშე, უბრალოდ, ვერ არსებობენ და ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდებათ?! ვერ გეტყვით, ვინ უფრო ახლოს იყო და ვინ უფრო კარგად უყურებდა ხელისუფლების ლიდერებს თვალებში, მაგრამ აშკარაა, ასეთ ქვეყანაში მხოლოდ ეს შეიძლება მოხდეს. ეს რომ კონკურენტებს შორის ჯანსაღი ბრძოლა და ომი იყოს, ხელისუფლება რატომ უნდა დაინტერესდეს ასეთი საქმის დეტალებით? კანონი ხომ არსებობს, თუ გაკოტრებაა, გაკოტრდება კომპანია, თუ არადა, სასამართლოში გაარჩევს საქმეს. რატომ უნდა დაიბაროს ხელისუფლების წარმომადგენელმა ბიზნესმენები და მტყუან-მართალი გაარჩიოს? ეს სასამართლოს საქმეა, მაგრამ რა თქმა უნდა, მსოფლიოს მასშტაბით, არიან ისეთი ბიზნესმენებიც, რომლებიც არალეგალურად, კრიმინალების დახმარებით არჩევენ საქმეებს. მაშინ გასაგებია, ესე იგი, კრიმინალშიც უნდა გქონდეს ხელი ჩაყოფილი, თუ ხელისუფალი ხარ და ამ ტიპის დავას არჩევ! 

_ რეიტინგებს და ციფრებს დავუბრუნდეთ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და 5%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა სულ სხვაა რეალობაა, ამიტომაც არ ესმის ხალხს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების საუბარი. 

_ ესაა ინტერპრეტაცია. ის, რომ ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, არ ნიშნავს, რომ ჯამურად, ამან ქვეყანაში რაიმე სოციალური პრობლემა მოაგვარა. შენ გაქვს აღრიცხვის სისტემა, სადაც 1 100 000-ზე მეტი ადამიანი თვითდასაქმებულად ითვლება. ისინი ან უმუშევრები, ან უღარიბესი ადამიანები არიან, რომლებიც სოფლად მიწის მცირე ნაკვეთებს ფლობენ და შესაძლოა, 900 ლარის შემოსავალიც არ ჰქონდეთ, ჩვენ კი მათ თვითდასაქმებულებს ვუწოდებთ. როდესაც მინისტრი დასაქმებულების ზრდაზე საუბრობს, აქაც ერთი ნიუანსია _ მთელ მსოფლიოში დასაქმებულობას ითვლიან არასასოფლო-სამეურნეო სფეროში, ამიტომ როდესაც მინისტრი ამბობს, დასაქმებულთა რაოდენობა 38 000-ით გაიზარდაო, მაინტერესებს სტრუქტურა, სად დაასაქმეს ეს ადამიანები. აღრიცხვის ცივილიზებული სისტემა უნდა გვქონდეს, სადაც ზუსტად მეცოდინება ყველაფერი. ეს ციფრი არაფერს მეუბნება, რადგან მის შესახებ არაფერი ვიცი. გარდა ამისა, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მონაცემი ქვეყნდება, მას კიდევ 5 პარამეტრიც უნდა ახლდეს. შესაბამისად, იმის თქმა, მშპ რამდენიმე პროცენტით გაიზარდა და ყველაფერი კარგადააო, არაფერს ნიშნავს. ჯერ არ შემხვედრია მთავრობა, რომელიც იტყოდა, რომ პრობლემა აქვს, მაგრამ რასაც პარლამენტში ვუყურებ, ეს გუნდურობის არასწორი გაგებაა, რაკიღა უმრავლესობა ვარ, ჩემი მთავრობა უნდა დავიცვაო, მაგრამ ასეთი მიდგომა არ ვარგა. ამ ადამიანებს ასეთ ანალოგს ვეტყვი: დავუშვათ, ოთხი მეგობარი სხდებით „პრეფერანსის“ სათამაშოდ, მაგრამ თუ „დურაკას“ წესებით ითამაშებთ, თამაში არ შედგება. მერე რა, რომ ესა თუ ის მინისტრი შენი გუნდის წევრია, თავში უნდა ურტყა კონტროლის მექანიზმები იქამდე, ვიდრე სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

_ როგორც კი ცალკეულმა დეპუტატებმა ამგვარი ნაბიჯები გადადგეს, ზოგი პარტიიდან გარიცხეს, ზოგი გარიცხვას ელოდება და მათ ბრალს არაგუნდურობაში სდებენ . 

_ ესაა გუნდურობის კომკავშირული გაგება. პოლიტიკაში ასეთი გუნდურობა კი არა, ინტერესები არსებობს. ინტერესები კი ის არის, რომ ხელისუფლებაში იყო და შედეგი დატოვო. ხელისუფლებაში დიდხანს ვერ იქნები, მაგრამ ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე მდგომარეობაა, ხელისუფლებაში მოხვედრილ ხალხს სურს, დიდხანს იყოს ხელისუფლებაში. საქართველოსგან განსხვავებით, იქ საზოგადოება და პარტიებს შორის კონკურენცია აიძულებთ, რაღაც მაინც გააკეთონ. საქართველოში ოღონდ მოვიდეს ხელისუფლებაში, მით უმეტეს, ბელადის მატარებელს შეახტეს და ვიდრე ბელადი იქნება, უნდა მოასწროს, სახლებიც აიშენოს, ფულიც იშოვოს, ქრთამიც აიღოს. ამ 28 წლის განმავლობაში, ყველა ხელისუფლებას ერთი და იგივე დაემართა, რადგან ყველა „ბელადს“ მოჰყვა. ესენი არ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ხალხში იშრომეს ხმების მოსაპოვებლად. ასეთი არჩევნები ერთხელ ჩატარდა, 1990 წელს, ისიც კომუნისტებისა და მაშინდელი ეროვნული მოძრაობის შეთანხმებით. სხვათა შორის, კომუნისტებმა წესი დაიცვეს და არჩევნები სამართლიანად ჩაატარეს, მაგრამ ამის შემდეგ საქართველოში წესიერი არჩევნები არ ჩატარებულა. ხალხი ბელადის მატარებელსაა შემხტარი და რა რეფორმებსა და გადაწყვეტილებების მიღებას სთხოვთ? 

_ ბატონო დემურ, ოლიგოპოლიური ჯგუფები ახსენეთ და გაგაწყვეტინეთ, დააკონკრეტეთ, ბიზნესის რომელ სფეროს გულისხმობდით? 

_ რას და, თუნდაც საბანკო სისტემას, სადაც ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა! ხელისუფლებას პირდაპირ ვეუბნები, რომ ამ საზიზღრობის ცივილიზებული დემონტაჟი გამორიცხულია და არა _ ბოლშევიკური ექსპროპრიაციები, ბანკების დახურვა და მეპატრონეებზე ზეწოლა! ასეთ პირობებში ეკონომიკა არ განვითარდება! თუ მშვიდობა იქნება, ნელ-ნელა განვვითარდებით და 100 წლის შემდეგ, რაღაცას მივაღწევთ, რადგან მწირი ეკონომიკა გვაქვს. შეერთებული შტატების ეკონომიკა 4%-5%-ით რომ ვითარდებოდეს, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჩვენთვის 5%-იანი ზრდა ადგილზე ტკეპნაა. ამიტომ ეკონომიკის მინისტრი, ერთი მხრივ, რაღაცას სწორად ამბობს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში შექმნილი სიტუაცია არ ესმის და აბსურდულ განცხადებას აკეთებს. სამაგიეროდ, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ძალიან კარგი განცხადებები, რადგან მისი თქმით, საქართველოს უპირველესი სტრატეგია განათლებაა. განათლების სისტემა, როგორც უდიდესი ინდუსტრია, ასაგებია, რადგან ამაზე უკეთეს სფეროში ფულს ვერ ჩავდებთ, განათლებაში ჩადებული ფულის უკუგება კი ძალიან მაღალი იქნება. ეკონომიკის განვითარება უნდა დაჩქარდეს და ესეც ცხადია. ინფრასტრუქტურა, რაც ავითარებს ქვეყანას, ცუდ მდგომარეობაშია. ხელისუფლებას ორი რამ აქვს გასააზრებელი _ ის, რომ თითქოსდა გონებასაღი ადამიანები ვართ, მაგრამ ღარიბები ვართ, ასე რატომაა? ამაზე პასუხი უნდა გასცეს მთავრობამ და მეორე _ მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ სიღარიბე, საზოგადოების არაერთგვაროვნება და საშინელი დიფერენციაცია, უთანასწორობა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება. ამიტომ მაკროეკონოკური პოლიტიკა უნდა განისაზღვროს და ამ მხრივ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგას. ისე, ის, რასაც ოპოზიცია გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას უკიჟინებს, მხოლოდ იდეოლოგიური შეხედულებებია. 

_ მოდით, ორი ბანკის თემა განვავრცოთ _ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე, ბიძინა ივანიშვილმაც ეს ბანკები ისეთივე კონტექსტში ახსენა, როგორც თქვენ, ამას მოჰყვა მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ანალოგიური განცხადება და დღეს ვხედავთ, რომ პროკურატურა საქმეს იძიებს 10 წლის წინანდელ ფინანსურ ტრანზაქციაზე, რომელიც თიბისი ბანკში განხორციელდა. სწორია ასეთი დარტყმა, ეს ბოლშევიკური მეთოდი ხომ არაა? 

_ ვერ გეტყვით, რა ხდება. ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი სტუმრად, სადაც ადვოკატი, ბატონი ზვიად კორძაძეც მონაწილეობდა, რომელიც საკმაოდ გონიერი კაცია. მან თქვა, რომ პროკურატურას ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებია, თიბისი ბანკის დამფუძნებლები მოწმის სახით დაკითხეს. არ ვიცი, რატომ და ვინ გაახმაურა ყველაფერი ეს, მაგრამ პროკურატურა პირველად არ უშვებს ამგვარ შეცდომას. საქმე ისაა, რომ არ გამიკვირდება, თუ ბანკებში დანაშაულის ნიშნები აღმოჩნდება, რადგან მსოფლიოს ბანკების ტოპ-ათეულში შემავალი ფინანსური ინსტიტუტებიც კი, 2008 წლის შემდეგ, საშინელებებში იყვნენ გახვეულნი და ყველაფერი ეს 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კარგად გამოავლინა. უამრავი ბანკის ტოპ-მენეჯერია მსოფლიოში დაჭერილი, ამიტომ ეს ბანკის კი არა, კონკრეტული პიროვნების თემაა. თუ ხელისუფლება რომელიმე ბანკის მფლობელს, ან მენეჯერს, რომელიც აღმასრულებელ ფუნქციას ასრულებს, დაიჭერს და ამას კანონის ფარგლებში განახორციელებს, ხმას ვერავინ ვერ ამოიღებს, მსოფლიოში ეს არავის უკვირს, ყველამ კარგად იცის, რომ ბანკები ფულის გათეთრებაში, ათას მაქინაციაში არიან გახვეულნი. მთავარია, რომ ბანკები, უბრალოდ, წესიერ, ცივილიზებულ თამაშის წესებში მოვაქციოთ, რადგან ახლა ისინი უწესოდ თამაშობენ და ძალიან ხარბობენ, რაც ცუდია. 

_ წესიერი და ცივილიზებული თამაშის წესები ეროვნულმა ბანკმა არ უნდა შექმნას? 

_ ეს ეროვნული ბანკის დონეზე კი არა, კანონმდებლობის დონეზე წყდება. ეროვნული ბანკი კანონის აღმსრულებელია.

ქართული საბანკო სისტემის სიმახინჯე, პირველ რიგში, ისაა, რომ 90-იან წლებში, ლობირებულ იქნა უნივერსალური საბანკო სისტემის ჩამოყალიბება ისეთ დაქცეულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ბანკების უნივერსალობის ნაცვლად, საკანონმდებლო დონეზე უნდა გაიმიჯნოს კლასიკური საბანკო ინსტიტუტები და საბანკო საქმიანობა ანუ მიიღოს დეპოზიტი და გასცეს ფული, მაგრამ სხვაგან გახედვა და რაიმე ბიზნესის წამოწყება უნდა აეკრძალოს, რადგან ეს ყველგან კატასტროფაა. ასეთ შემთხვევაში, ბანკები კონკურენციის კანონს არღვევენ, რადგან საკუთარ კომპანიებს აფუძნებენ, თვითონ აშენებენ, ტურიზმშიც ერევიან, ღვინის წარმოებაშიც და წყლის კომპანიებიც აქვთ, ყველაფერი მათია, რაც დაუშვებელია. ბანკი, რომელსაც დეპოზიტებთან შეხება არ ექნება და მოქალაქეს არ შეეხება, ესაა საინვესტიციო საბანკო სისტემა. ჩვენთან ყველაფერი ეს ერთადაა თავმოყრილი. კიდევ ერთი სიმახინჯე კონკურენციის შესახებ კანონია, რომლის შექმნაც, ევროკავშირის ზეწოლით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. მაშინ მეც მიმიწვიეს და პირდაპირ ვთქვი, რომ კანონის მიღება იმ ფორმით, როგორც მიიღეს, მასხრობა იქნებოდა. ვგულისხმობ ბაზრის წილს, მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია, რომ კომპანია ბაზრის 40%-ზე მეტს არ უნდა ფლობდეს. აშკარაა, რომ ეს კანონი ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად კი არა, ვიღაცისთვის მიიღეს. აშშ-ში დაუშვებელია, რომ კომპანია ბაზრის 13%-ზე მეტს ფლობდეს. გარდა ამისა, ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ანტიმონოპოლურ სამსახურს, გნებავთ, კონკურენციის სააგენტოს უფლება ჰქონოდა, დამოუკიდებლად, ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოში საქმე წამოეწყო, რათა ოლიგოპოლიური ჯგუფები და კარტელური გარიგებები დაეშალა. 

_ უკაცრავად, მაგრამ ოთხი წლის წინ, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზარი შეისწავლა და მსხვილი კომპანიები დააჯარიმა კიდეც... 

_ პირმა, რომელიც ამ სააგენტოს პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა, სწორი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ვიდრე ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლას დაიწყებდა, კონსულტაციებიც კი მთხოვა ამ საკითხზე, მაგრამ ხელისუფლებამ იქიდან გამოაგდო. 

_ გიორგი ბარაბაძეს გულისხმობთ? 

_ დიახ, მან ნავთობპროდუქტების ბაზარი შეისწავლა და გადაწყვეტილი ჰქონდა, ფარმაცევტული და ხორბლის ბაზრებიც შეესწავლა, სადაც კიდევ უფრო უარესი ჯოჯოხეთია, ვიდრე _ საბანკო სექტორში, განსაკუთრებით Yფარმაცევტულ ბაზარზე. ეს უკვე მაფიაა, რომელიც ქვეყნისთვის ისეთივე საშინელა წურბელაა, როგორც ბანკები და ნავთობპროდუქტების იმპორტიორები. ისინი დიდ წურბელებად გადაიქცნენ, რომლებიც ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი ხელისშემშლელები არიან. მერე რა, რომ ქვეყანაში გადასახადები არცთუ მაღალია? ხელისუფლებისგან ხელშეწყობილი ოლოგოპოლიები ხალხს ძარცვავენ, რადგან ხელისუფლების გარეშე, ეს ბიზნესები მკვდარია. იცით, დასავლეთის ყველაზე დიდი მიღწევა რა არის, რასაც ჩვენ ვკლავთ? _ ჩვენ სიტყვით გვინდა დასავლეთი, რადგან იქიდან გრანტები გვინდა, მაგრამ არ გვინდა ის, რამაც დასავლური ცივილიზაცია განავითარა _ თამაშის საერთო წესები და კონკურენცია! თამაშის წესების დამცველი და დიდი კომბლის (კანონების) ყველასთვის თავში ,,ჩამცხები'' კი სახელმწიფოა! 

_ არცერთ სფეროში, რომელიც ჩამოთვალეთ, კონკურენციის ნაკლებობას არ ვუჩივით, რადგან საბანკო, ფარმაცევტულ და ნავთობპროდუქტების ბაზარზე ერთი და ორი კი არა, რამდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი. 

_ არანაირი კონკურენცია, რადგან საქართველოს საბანკო სექტორი ჩაკეტილია, შემოვიდა აქ ვინმე? წლების წინ, HSBC შემოვიდა და წავიდა, შემოვიდა ფრანგული ,,სოსიეტე ჟენერალი'' და ისიც წავიდა. სიმართლე გითხრათ, მათი სტრატეგიები დიდად არ მომწონდა, მაგრამ ბაზარი დატოვეს... 

_ ,,სოსიეტე ჟენერალს'' ევროპასა და საფრანგეთშიც სერიოზული პრობლემები შეექმნა და ,,ბანკ რესპუბლიკაში'' კუთვნილი წილი ამიტომ გაყიდა. 

_ გაყიდა, რადგან არასწორი პოლიტიკა ჰქონდა _ ბაზრის ექსპანსიასა და კრედიტებზე არ მუშაობდა, უფრო ქონებებს ყიდულობდა. ცნობილია, რომ ,,სოსიეტე ჟენერალი'' განვითარებად ქვეყნებში შედიოდა და ქონებებს ყიდულობდა, რაც არასწორია, მაგრამ შემოვიდა ბრიტანული HSBC და რა გააკეთა? მხოლოდ სიგარეტისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს აფინანსებდა. საქართველოს საბანკო სფეროში არავინ შემოდის და დღევანდელ სიტუაციაში, არც არავის შემოუშვებენ! ბაზარი გახსნილი უნდა იყოს, ამ ორ ბანკს მთლიანი ბაზრის 40% კი არა, 12%-13% უნდა ეჭიროს. ჩვენ გვჭირდება ბევრი კომპანია, რომელიც ერთიან თამაშის წესებშია მოქცეული. ბაზრის 13% ნიშნავს, სულ ცოტა, 6 ჯგუფის არსებობას. რატომ ღირს საქართველოში მედიკამენტები ოთხჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში? იმიტომ, რომ ესენი ოლიგოპოლიური ჯგუფები არიან, რომლებიც ერთმანეთში კარტელურ გარიგებებს ათანხმებენ, თანაც ეს ფასები მუდმივად იზრდება და არ ჩერდება, თუმცა ბანკირებსა და იმპორტიორებს კი არ ვადანაშაულებ, ეს ხელისუფლების ბრალია. 

_ როგორც კი ხელისუფლება ბიზნესში ჩაერევა, ეს ხომ უკან, საბჭოეთში გადადგმული ნაბიჯი იქნება? 

_ არა, ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს! აქ საუბარი თამაშის იმ წესების შემოღებაზეა, რაც დასავლური სამყაროს ფუნდამენტია. თამაშის წესები არ არსებობს. ჩვენ გვაქვს კანონგამოყენების პრობლემა ანუ ის, რასაც ,,ინფორსმენტი'' ქვია. აქ კანონი შერჩევით მუშაობს, სასამართლოები ცალკე პრობლემაა. დასავლეთში, მოსამართლე საზოგადოების ელიტაა, რადგან უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. სამუდამოდ არჩეული მოსამართლეები უკონტროლოები არ არიან, მათ უამრავი მაკონტროლებელი ჰყავთ, მათ შორის, თავისუფალი პრესა. ყველაზე ცუდი, რაც არ მომწონს, ისაა, რომ ვერ ვხედავ ამბიციურ ადამიანებს, რომლებსაც მოსამართლის წონა კარგად ესმოდეთ. ისინი ინერციით მიეჩვივნენ, რომ კონკრეტული დავალებები უნდა შეასრულონ. ეს უნდა მოკვდეს ამ ქვეყანაში, რადგან მოსამართლე დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელსაც ვერავინ თითს ვერ შეახებს. როგორც კი ამ სისტემას ავაწყობთ, ბელადებიც მოკვდებიან და ოლოგოპოლიებიც გაქრებიან. არ გვინდა სასამართლოს აწყობა, რადგან ვისაც ქვეყნის ძარცვაზე დიდი ფული აქვს ნაშოვნი, ამას ეწინააღმდეგება. თავში ქვა უხლიათ, სამაგიეროდ გაჩნდებიან ამბიციური ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის მოდერნიზაცია სურთ. რაც მთავარია, საბანკო სექტორს კლასიკური საბანკო საქმიანობით უნდა ჰქონდეს ფულის გამომუშავების საშუალება. ის უნდა იყოს გუგული, რომელიც ბანკში ზის და ცხვირს არ ჰყოფს გარეთ, რადგან იცის, როგორც კი გარეთ გამოყოფს, იმ ცხვირს წაატეხენ! საქართველოში ასე არაა. თუ დასავლური ტიპის საბაზრო ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, სწორი საბაზრო რეგულაციები გვჭირდება. ესაა მნიშვნელოვანი, თორემ მერე რა, რომ შეხვალთ იუსტიციის სახლში და ორ საათში დაარეგისტრირებთ კომპანიას. 

_ ჭარბვალიანობა რომ ამ ქვეყნის პრობლემაა, ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ,,ქართუ ფონდის'' ის აქცია, რომელიც ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შემოგვთავაზა, პრობლემური სესხების განულებას ვგულისხმობ, გამართლებულია? 

 

_ ეს ამომრჩევლის მოსყიდვა იყო და სხვა არაფერი, რომელიც არაფერს ცვლის, რადგან არ ვიცით ტექნოლოგია, რა და როგორ გაკეთდა. ერთმა ადამიანმა დამირეკა, რომლიც ძალიან გაჭირვებულია, სამი წლის წინ აუღია ლომბარდიდან 400 ლარი, თვეში 40 ლარს სთხოვენ და ვერ ისტუმრებს. სინამდვილეში, ხუთჯერ მეტი ფული აქვს გადახდილი, მაგრამ სიაში ვერ მოხვდა. მეორემ დამირეკა და მითხრა, რომ 600 ლარამდე სწრაფი სესხი ჰქონდა აღებული ,,პრივატ ბანკიდან'', რომელიც ახლა საქართველოს ბანკმა იყიდა, ამ აქციის გამო კი, თურმე, 10 000 ლარი ჩამოაწერეს. მიზანი მხოლოდ ამომრჩეველთა კარგი განწყობის მოპოვება იყო, რაც რეალურად, არაფერს შეცვლის. ,,ქართუ ფონდს'' მივმართავ, შე დალოცვილო, დაქცეული ადამიანი არ გაგითავისუფლებია, რომელსაც ლომბარდიდან 400 ლარი ჰქონდა აღებული და აბა, ვინ გაათავისუფლე? ისე, ამ ხალხმა საკუთარი, კერძო ფული გადაიხადა რაღაცაში და ეს რა ჩემი გასარჩევია, კერძო ფულს არასდროს შევეხები.

 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში