Menu
RSS

საქსტატის „შტატგარეშე“ შტატიანი თანამშრომლები და სახელმწიფო შესყიდვებში აღმოჩენილი დარღვევები

რა პასუხი აქვთ უწყებაში სახელმწიფო აუდიტორების დასკვნაზე

ხარვეზები შრომის ანაზღაურებისას, შტატიანი თანამშრომლები, რომლებიც შტატგარეშე მოსამსახურეთა ფუნქციებსაც ითავსებენ, დარღვევები სახელმწიფო შესყიდვების დროს _ ეს ხარვეზები სახელმწიფო აუდიტორებმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გამოავლინეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქსტატის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა. ,,ვერსია'' საქსტატის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ უწყება ყველა იმ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტორებმა შეიმუშავეს.

შრომის ანაზღაურება 

2016-2017 წლებში, შრომის ანაზღაურების მუხლით, საქსტატის შტატიანმა მოსამსახურეებმა 7 143 044 ლარი, ხოლო შტატგარეშე მოსამსახურეებმა 7 404 023 ლარი მიიღეს. შტატგარეშე თანამშრომლებს კონკურსის საფუძველზე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ნიშნავენ. 

2016 წელს, საქსტატის შტატიან თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოს სახით, 2 795 048 ლარი, 2017 წელს _ 2 733 646 ლარი, ჯამში, 5 528 694 ლარი გაიცა; პრემიის სახით 2016 წელს _ 583 950 ლარი, 2017 წელს _ 380 150 ლარი, ჯამში, 964 100 ლარი მიიღეს; დანამატის სახით 2016 წელს _ 324 450 ლარი, 2017 წელს _ 325 800 ლარი, ჯამში _ 650 250 ლარი გასცეს; შტატიან თანამშრომელთა საშუალო რიცხოვნობა 2016 წელს _ 213, ხოლო 2017 წელს _ 217 თანამშრომელი იყო. 

 

2016 წელს, საქსტატის შტატგარეშე თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოს სახით _ 3 337 148 ლარი, 2017 წელს _ 4 029 255 ლარი, ჯამში _ 7 366 403 ლარი გასცეს; პრემიის სახით 2016 წელს _ 20 300 ლარი, 2017 წელს _ 17 320 ლარი, ჯამში _ 37 620 ლარი მიიღეს; შტატგარეშე თანამშრომელთა საშუალო რიცხოვნობა 2016 წელს _ 352, ხოლო 2017 წელს _ 354 თანამშრომელი იყო. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქსტატის საბჭოს დადგენილებასა და უწყების აღმასრულებელ დირექტორის ბრძანებებში, დანამატების გაცემის საფუძვლად მოყვანილი არგუმენტები, საბიუჯეტო კლასიფიკაციისა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არაა. 

2016-2017 წლებში, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, დანამატები ყოველთვიურად, „განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის“ მოტივით გაიცემოდა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ პერიოდში, ჯამში, 650 250 ლარი გასცეს. რეალურად, თავისი შინაარსით, საქსტატის თანამშრომელთა მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვის წინასწარ განსაზღვრული დანამატი თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებდა. 

,,შტატგარეშე'' შტატიანი თანამშრომლები 

კანონით, შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს, სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება შეუძლია. სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016 წელს, საქსტატის 20, ხოლო 2017 წელს _ 81 თანამშრომელი, შეთავსებით, შტატგარეშე მოსამსახურეებად იყვნენ გაფორმებულნი და თანამდებობრივი სარგოს პარალერულად, როგორც შტატგარეშე მოსამსახურეები, შესრულებული სამუშაოსთვის შრომის ანაზღაურებასაც იღებდნენ. 

,,საქსტატში არ ხდებოდა აღრიცხვა, თუ როდის ასრულებდნენ შტატიანი თანამშრომლები შეთავსებით ნაკისრ სამუშაოებს, ვინაიდან საქსტატში, ზეგანაკვეთური საათებით ნამუშევარი დრო ტაბელით არ ფიქსირდება. შტატიანი თანამშრომლების მიერ შეთავსებით, შტატგარეშედ მუშაობის პერიოდში ანაზღაურებულმა თანხამ 306 117 ლარი შეადგინა. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება, ძირითად სამუშაოზე განკუთვნილი დრო შტატიანმა თანამშრომლებმა სრულად დაუთმეს ძირითადი სამუშაოს შესრულებას, თუ ეს დრო შეთავსებით სამუშაოზეც გამოიყენეს. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ საქსტატში მოსამსახურეთა ნამუშევარი დროის აღრიცხვის არასრული და გაუმჭვირვალე პრაქტიკაა დამკვიდრებული'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

სხვადასსხვა კვლევასა და საველე სამუშაოებზე დაკავებული შტატგარეშე თანამშრომლების სარგოების განაკვეთებს საქსტატში ყოველწლიურად, საბჭოზე განხილვის გარეშე, აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით ადგენენ. ამგვარი სტატისტიკური სამუშაოებისთვის, შტატგარეშე მოსამსახურეებზე 7 366 403 ლარი გასცეს, რაც ამ უწყების საერთო ხარჯების 45%-ია. 

,,საქსტატში არ არის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი მიდგომა, რის მიხედვით განისაზღვრება საველე სამუშაოებზე შრომის ანაზღაურება. შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურების გაანგარიშებისას, ეს ყოველივე სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკს ქმნის, მით უფრო, რომ ამ საკითხს საქსტატის საბჭო არ განიხილავს'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

სახელმწიფო შესყიდვები 

საქსტატის მიერ, 2016 წელს განხორციელებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ _ 606 800 ლარი, ხოლო 2017 წელს 500 520 ლარი შეადგინა. შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად, შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე, წლიური გეგმის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალებისა და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით. ამასთან, ბაზრის კვლევის შედეგები დადოკუმენტირებული უნდა იყოს. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქსტატში არასრულყოფილად ტარდება ბაზრის კვლევა და მისი დადოკუმენტირება, რის გამოც ხშირია შემთხვევები, როდესაც ელექტრონული ტენდერებით განხორციელებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები საგრძნობლად აღემატება სახელშეკრულებო ღირებულებებს. ტენდერში დაფიქსირებული სავარაუდო ფასი კი მასში მონაწილე პრეტენდენტების რაოდენობის ხარჯზე მცირდება. შესყიდვებში, სადაც ერთ პრეტენდენტზე მეტი მონაწილეობდა, სახელშეკრულებო ღირებულება სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით, საშუალოდ, 31%-ით შემცირდა. 

მაგალითად, ტენდერში, რომელიც სადაზღვევო მომსახურებებზე 2016 წელს გამოცხადდა და 7 პრეტენდენტი მონაწილეობდა, გაიმარჯვა ,,ჯი პი აი ჰოლდინგმა''. მისი სავარაუდო ღირებულება 10 000 ლარი იყო, ხოლო ხელშეკრულება 7 500 ლარზე გაფორმდა; კედლის კონდიციონერების მიწოდებასთან დაკავშირებით, 2016 წელს გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,ინტერსერვისმა'' გაიმარჯვა. მასში 3 პრეტენდენტი მონაწილეობდა, ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება _ 23 000 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 17 000 ლარი იყო; მომსახურებაზე _ ბეჭდვა და ადგილზე მიწოდება ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა, მასში 3 პრეტენდენტი მონაწილეობდა და შპს ,,ჯეო ქლინ პლიუსმა'' გაიმარჯვა, სავარაუდო ღირებულება _ 2 500 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 1 900 ლარი დაფიქსირდა; საკანცელარიო ნივთების მომსახურებაზე ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა, მასში 4 პრეტენდენტი მონაწილეობდა, გაიმარჯვა შპს ,,ჯეოესემმა'', სავარაუდო ღირებულება _ 4 000 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 2 000 ლარი იყო; ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურებაზე ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, მასში 4 პრეტენდენტი მონაწილეობდა, გაიმარჯვა სადაზღვევო კომპანია ,,უნისონმა'', სავარაუდო ღირებულება _ 8 000 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 5 373 ლარი იყო; ავტოტრანსპორტის შეკეთებაზე ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, გაიმარჯვა ,,სენა მოტორსმა'', სავარაუდო ღირებულება _ 10 000 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 7 000 ლარი დაფიქსირდა; ბეჭდვის მომსახურებაზე ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, რომელშიც გამომცემლობა ,,სამშობლომ'' გაიმარჯვა, სავარაუდო ღირებულება _ 2 800 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 1 399 ლარი იყო; საოფისე მანქანა-დანადგარების მომსახურებაზე ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, რომელშიც შპს ,,ალფა ფორვარდმა'' გაიმარჯვა, სავარაუდო ღირებულება _ 3 000 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 1 717 ლარი დაფიქსირდა. 

იმ ტენდერებში, სადაც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, ფასის კლება უმნიშვნელო იყო, რამაც საშუალოდ 4.7% შეადგინა. მაგალითად, 2016 წელს, სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელშეკრულება სს ,,სილქნეტთან'' გაფორმდა, ტენდერის სავარაუდო ღირებულება _ 33 000 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 29 610 ლარი იყო; 2016 წელს, მონაცემთა მომსახურებებზე ხელშეკრულება შპს ,,აი ფი ემ კვლევებთან'' გაფორმდა, ტენდერი სავარაუდო ღირებულება _ 7 200 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 7 200 ლარი დაფიქსირდა; ახალი ამბების მომსახურებაზე ხელშეკრულება შპს ,,ახალ ამბებთან'' 2016 წელს გაფორმდა, ტენდერის სავარაუდო ღირებულება _ 8 450 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 8 400 ლარი იყო; საოფისე მანქანა-დანადგარების მომსახურებაზე ხელშეკრულება 2016 წელს, შპს ,,კოპი რუმთან'' გაფორმდა, ტენდერის სავარაუდო ღირებულება _ 10 700 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 9 660 ლარი დაფიქსირდა; კომპიუტერული მოწყობილობების მომსახურებაზე ხელშეკრულება 2016 წელს, შპს ,,ულტრასთან'' გაფორმდა, ტენდერის სავარაუდო ღირებულება _ 5 000 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 4 595 ლარი იყო; მონაცემთა მომსახურებაზე ხელშეკრულება შპს ,,აი ფი ემ კვლევებთან'' ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა, ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება _ 8 400 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო 8 400 ლარი იყო; 2017 წელს, ახალი ამბების მომსახურებაზე ხელშეკრულება შპს ,,ახალ ამბებთან'' გაფორმდა, ტენდერის სავარაუდო ღირებულება _ 8 400 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო 8 400 ლარი იყო; სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ხელშეკრულება 2017 წელს, სს ,,სილქნეტთან'' გაფორმდა, ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება _ 30 000 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო 29 610 ლარი დაფიქსირდა; საოფისე მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობისა და საკანცელარიო ნივთების მომსახურებაზე ხელშეკრულება 2017 წელს, შპს ,,დეკორთან'' გაფორმდა, ტენდერის სავარაუდო ღირებულება _ 5 400 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო 5 200 ლარი იყო.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2016-2017 წლებში, სხვადასხვა მიმწოდებლებთან, საქსტატმა 1 107 320 ლარის ღირებულების, 273 ხელშეკრულება გააფორმა. 2016 წელს _ 606 800 ლარზე 126 ხელშეკრულება, ხოლო 2017 წელს, 500 520 ლარზე 147 ხელშეკრულება გაფორმდა. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ 2016-2017 წლებში, საქსტატის თანამშრომლებმა, მათზე გაფორმებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში, საწვავი შვებულების (605 ლიტრი) და ქვეყნის გარეთ მივლინების (406 ლიტრი) დროსაც გამოიყენეს. 

,,საქსტატის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესწავლისას, სახელმწიფო აუდიტორებმა შემდეგი ნაკლოვანებები გამოავლინეს: არასრულყოფილად ჩატარებული ბაზრის კვლევის გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც ტენდერებით განხორციელებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები საგრძნობლად _ 31%-ით აღემატება სახელშეკრულებო ღირებულებებს; სუსტი შიდა კონტროლის პირობებში, ვერ მივიღეთ რწმუნება, საქსტატის მიერ შესყიდული 1 011 ლიტრი საწვავი მოხმარდა თუ არა ორგანიზაციის საჭიროებებს'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

საქსტატი ხარვეზებს აღიარებს 

ეთანხმება თუ არა საქსტატი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასახულ ნაკლოვანებებს და აპირებს თუ არა უწყება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რაც აუდიტორებმა შეიმუშავეს? ამ მიზნით, ,,ვერსია'' სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის _ საქსტატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, მარიამ ყაველაშვილს დაუკავშირდა. აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, საქსტატმა საკმაოდ ვრცელი პასუხი გამოგვიგზავნა, რომელსაც ,,ვერსია'' უცვლელად გთავაზობთ:

,,აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, გვსურს, დეტალურად წარმოგიდგინოთ ჩვენი მოსაზრებები ანგარიშში ასახული ნაკლოვანებების შესაბამისად. შტატიან მოსამსახურეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება: 

ა) დანამატი _ საქსტატში დანამატების გაცემა განპირობებული იყო საქსტატის ზედა და საშუალო მმართველობითი რგოლის სამუშაო დატვირთვითა და პასუხისმგებლობით. აღნიშნულ პირებს, ფაქტობრივად ზეგანაკვეთურად მუშაობა უწევდათ, როგორც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ისე უქმე დღეებშიც. გარდა ამისა, საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯმენტის თანამშრომლები ასრულებდნენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, საქსტატის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ კატეგორიის თანამშრომლებზე დანამატის დაწესების თაობაზე, რომლის საფუძველზეც აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების შესაბამისად გაიცემოდა დანამატები. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევებში, ცალკეულ პირებზე დანამატი არ გაიცემოდა, ან გაიცემოდა ნაწილობრივ. 2018 წლის იანვრიდან, დანამატები საერთოდ არ გაცემულა. შესაბამისად, ეს რეკომენდაცია ისედაც შესრულებულია. 

ბ) შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების შეთავსებით მუშაობა _ ვინაიდან საქსტატის თანამშრომლები არ ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად და მათზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, დასაშვებია იმავე სამსახურში შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება. შტატიანი თანამშრომლები შეთავსებით, შტატგარეშე ფუნქციებს, ძირითადად მიზნობრივი გრანტებისა და სხვა დამატებით კვლევების ფარგლებში ასრულებდნენ. სამუშაოები ხორციელდებოდა ძირითადი სამუშაო საათებისგან თავისუფალ დროს (შესვენებისა და არასამუშაო დროს, უქმე დღეებში, ან დისტანციურად _ სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე, რაზეც დგებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი). აღნიშნულ კვლევებში თანამშრომელთა ჩართულობას ხელი არ შეუშლია მათი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთვის. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გრანტები წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებს. 

ხარვეზი მდგომარეობდა იმაში, რომ საქსტატში არ იყო დანერგილი ამ სამუშაოებზე გამოყენებული დროის ცალ-ცალკე აღრიცხვის სისტემა. ასევე, მკაფიოდ არ იყო გაწერილი, სამუშაოების რა ნაწილი სრულდებოდა დისტანციურად და რა _ არასამუშაო საათებში. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, ცენტრალურ ოფისში უკვე დანერგილია სამსახურში ყოფნისა და ზეგანაკვეთური მუშაობის აღრიცხვის ახალი პროგრამა. 

საქსტატი ითვალისწინებს რეკომენდაციას და უკვე მუშაობს შესაბამისი დოკუმენტის ფორმირებაზე, რომელიც დაადგენს შეთავსებით მუშაობის პრინციპებს, სამუშაოს შესრულების მეთოდებსა და მათზე გაწეული დროის აღრიცხვის სისტემას. 

საველე სამუშაოებზე დაკავებული შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება: საველე სამუშაოების განმახორციელებელი თანამშრომლების ანაზღაურების დადგენა ხორციელდება კონკრეტულ კვლევაში არსებული პრაქტიკის, გამოცდილებისა და სამუშაო დატვირთვის შესაბამისად, კვლევის ბიუჯეტის ფარგლებში. ხელფასის გაანგარიშებას საფუძვლად უდევს შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, გეოგრაფიული მდებარეობა, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში საწარმოთა, ასევე მოსახლეობის რაოდენობა, განფენილობა და ა.შ. 

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, სამუშაოს ერთეული ღირებულების ფასწარმოქნის (კალკულაციის) რაიმე სისტემა ჩამოყალიბებული არ არის, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ის სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. ამასთან აღსანიშნავია, რომ გასული ორი წლის განმავლობაში, საქსტატში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა კონკრეტული კვლევების სამუშაო პროცესების დეტალური აღწერის დოკუმენტებზე, რაც მომავალში შეიძლება გამოყენებული იქნას სამუშაოს ერთეული ღირებულების გაანგარიშების პრინციპების ჩამოსაყალიბებლად. რაც შეეხება საქსტატის საბჭოს მიერ, აღნიშნული პრინციპების განხილვასა და ნორმატიული სახის დოკუმენტის შექმნას, ეს არ მიეკუთვნება მის კომპეტენციას (საბჭო იხილავს საშტატო განრიგს და საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სახელფასო ფონდს). 

ამასთან, საქსტატი მაინც ითვალისწინებს აუდიტის რეკომენდაციას და უკვე შექმნა უწყებრივი კომისია, რომელსაც დაევალა 2019 წლის პირველ ნახევარში, საველე პერსონალის შრომის ანაზღაურების გამოანგარიშების ახალი სისტემის შექმნა. 

სახელმწიფო შესყიდვები: 

ა) არასრულყოფილად ჩატარებული ბაზრის კვლევა _ ბაზრის კვლევა ტარდება ჩვეული წესით, არანაკლებ სამ პოტენციურ მომწოდებელთან დაკავშირებით და მათგან მიღებული შესაბამისი წინადადებების განხილვით. დროის ეფექტიანობიდან და გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში, შესყიდვები ხორციელდება შემჭიდროვებულ ვადებში. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მომწოდებელთა დიდი სპექტრის მოცვა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან და შესაბამის ბაზარზე მოღვაწე მომწოდებელთა სიმრავლიდან გამომდინარე, ტენდერის მიმდინარეობის პროცესში, ვაჭრობის შედეგად, ხშირ შემთხვევაში, ფასები მართლაც მნიშვნელოვნად მცირდება, რაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება. რაც შეეხება ზოგიერთ ტენდერში პირიქით, პრეტენდენტთა სიმცირესა და ფასების უმნიშვნელო ცვლილებას, ამ შემთხვევაშიც, განმსაზღვრელ გარემოებას წარმოადგენს შესყიდვის ობიექტი და იმ დროისათვის ბაზარზე არსებული სუბიექტური, თუ ობიექტური გარემოება. 

ბ) რესურსების მიზნობრივად გამოყენებისას კონტროლის სისუსტეები _ 2016-2017 წლებში, ცალკეულ შემთხვევებში, მართლაც ჰქონდა ზოგიერთ ავტომანქანაში საწვავის ჩასხმას ადგილი, მაშინ როდესაც თანამშრომლები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ მივლინებაში და შვებულებაში (თუმცა ამ მანქანების მძღოლები, ჩვეულებრივ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას). ამ პერიოდში საწვავის ჩასხმის ფაქტი (სულ 1 011 ლიტრი) გამოწვეული იყო სამსახურში, იმ მომენტში დამატებითი მანქანების გარდაუვალი საჭიროებით, რაც სამსახურეობრივი საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას მოითხოვდა. სამწუხაროდ, მძღოლების გამოძახების დოკუმენტირება თავის დროზე ვერ განხორციელდა, შესაბამისად, განპიროვნებული მანქანების მორიგე ფუნქციით გამოყენების აქტი ვერ შედგა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი მექანიზმების შემუშავება, რაც ამ მიმართულებით, რესურსების მიზნობრივ და გამჭვირვალე გამოყენებას უზრუნველყოფს. 

გვსურს ავღნიშნოთ, რომ საქსტატი ითვალისწინებს რა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, უკვე მუშაობს ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და დახვეწაზე, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის ჩვენს მუშაობას. საქსტატმა უკვე შეიმუშავა რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა/გრაფიკი და წერილობით წარუდგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს''.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში