Menu
RSS

თიბისის ანგარიში - 26 წლის მანძილზე, კომპანიამ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში 110 მილიონი ლარი დახარჯა

ახალი პროექტის ფარგლებში, 200 ნიჭიერი ახალგაზრდა თიბისის სტიპენდიას მიიღებს!

თიბისიმ განვლილი, 2018 წელი შეაჯამა. 26 დეკემბერს, ბანკის დაარსებიდან 26-ე წელს, საზოგადოებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნეს. თიბისის CSR  პროექტები ხუთი სხვადასხვა მიმართულების ირგვლივ ერთიანდება. ესენია: ბიზნესის მხარდაჭერა, მემკვიდრეობა, კულტურა, თიბისის გუნდი, მომავალი თაობა. 2019 წელს, მომავალი თაობის მხარდაჭერა თიბისისთვის განსაკუთრებული ნიშა იქნება. ახალი პროექტის - ,,თიბისის სტიპენდიანტების’‘ ფარგლებში, კომპანია 200 გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდას ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.

 ბიზნესის მხარდაჭერა - უკვე სამი წელია, რაც თიბისი ამ მიმართულებით ბიზნესდაჯილდოებას ატარებს. ესაა ბიზნესსექტორის ყველაზე დიდი და მასშტაბური ღონისძიება საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, საგანმანათლებლო და ინფორმაციული პლატფორმა www.tbcbusiness.ge შეიქმნა. ამ საიტის საშუალებით, ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივებისა, თუ პროდუქტების შესახებ მიიღებთ ინფორმაციას. რაც შეეხება პროგრამა სტარტაპერის თითქმის ორწლიან ისტორიას, ის 410 სტარტაპსა და ჯამში - 83 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას ითვლის.

თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას ძირითადად არასაბანკო საქმიანობის ანგარიში ჩააბარეს:

,,ესაა ქველმოქმედება, სპონსორობა, ჩვენი თანადგომა კულტურის, მწერლობის, ზოგადად ხელოვნებისა და ახალგაზრდების მიმართ. თიბისი ჯგუფს ათასამდე სტიპენდიანტი ჰყავს, თუმცა ამ მიმართულებით, დღეს სრულიად ახალი გადაწყვეტილება მივიღეთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან ბევრი, უნიჭიერესი ბავშვი მოკლებულია ელემენტარულ მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მთელი წლის განმავლობაში, თვეში 100 ლარით, 200 ნიჭიერი ბავშვი დავაფინანსოთ. გვინდა, პრეცენდენტი შევქმნათ და ამ ბავშვებს მივცეთ იმ საქმეების კეთების საშუალება, რომელიც გულით უყვართ, აქვთ მიზნები და ამ მიზნების განხორციელებაში შევუწყოთ ხელი’‘. 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ აღნიშნა, რომ თიბისი ბანკმა მრავალი კარგი პროექტი დააფინანსა:

,,თუმცა მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ თიბისი ხელს უწყობს ახალგაზრდების განათლებას. ეს ძალიან დიდი საქმეა, რადგან ზოგჯერ ისე ხდება, რომ ნიჭიერი ბავშვები სრულიად უდანაშაულოდ ისჯებიან. უდანაშაულოდ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საშუალება, თავისი ნიჭი განავითარონ და გამოამჟღავნონ. ის 200 ბავშვი, რომელიც თიბისის სტიპენდიას მიიღებს, ძალიან კარგი და კეთილი საწყისია ამ დიდ, სამამულიშვილო საქმეში’‘.

მემკვიდრეობა - თიბისის 26-წლიან ისტორიაში, მემკვიდრეობის შენარჩუნება დღემდე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ხოლო #წერექართულად - ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივებს აერთიანებს. ამ მხრივ, მაიკროსოფტთან ერთად შემნილი პირველი ქართულენოვანი პლატფორმა - kartulad.ge  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ პლატფორმის მიზანი კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის დანერგვაა.

მომავალი თაობა - მემკვიდრეობაზე ზრუნვის პარალელურად, თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის მხარდაჭერა. ამისთვის, საქველმოქმედო ონლაინ-პლატფორმა statusdonates.ge შეიქმნა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში ხელს უწყობს. თიბისი ისეთ ღონისძიებებსაც უდგას მხარში, როგორებიცაა გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - ლეონარდო და ვინჩი და ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი.

თითქმის 9 წელია, რაც დამწყები პიანისტი ბარბარე თათარაძე, თიბისის სტიპენდიანტია. 2019 წლის გაზაფხულზე, 15 წლის ბარბარე ესპანეთში, საკმაოდ პრესტიჟულ კონკურსზე მიემგზავრება და ცხადია, ამაში თიბისი ეხმარება:

,,ჩემი და თიბისის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც 6 წლის ვიყავი. მაშინ თბილისში, შოპენის სახელობის კონკურსი ტარდებოდა, რომელშიც ვმონაწილეობდი და თიბისი ბანკმა სპეციალური პრიზით დამაჯილდოვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიბისის ასეთი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის’‘. 

კულტურა - თიბისის ერთ-ერთი, მთავარი მიმართულება კულტურის მხარდაჭერაა. ამის მაგალითია ლიტერატურული პრემია ,,საბა’‘, რომლის რიგით მე-16 საზეიმო ღონისძიება ფრანკფურტში გაიმართა; ელექტრონული და ხმოვანი წიგნების ყველაზე დიდი ქართული პლატფორმა - www.saba.com.ge; არტარეა -  პირველი ქართული არხი კულტურაზე; მრავალი კულტურული ღონისძიება თიბისი გალერეასა და თიბისი არტ გალერეაში; პროექტი 12; ქოლგა - თბილისი ფოტო; თბილისის არქიტექტურული ბიენალე და სხვა.

მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ თიბისი ჯგუფის აქტოვებები და ხელოვნების ყველა მიმართულების მხარდაჭერა უდიდესი ქართული, ეროვნული საქმეა:

,,ამას ძალიან დიდი მუხტი აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რათა ისინი მხარდაჭერილები არიან და იმედი აქვთ, რომ მათ ნებისმიერ წამოწყებას თიბისი მხარში დაუდგება. პირველი დღიდან, როდესაც ფონდი ,,ლირა’‘ დავაარსე, თიბისი ბანკი ჩემი მხარდამჭერია, რისთვისაც თიბისის მენეჯმენტს მადლობას ვუხდი’‘.

თიბისის გუნდი - 26-წლიანი ისტორიის მქონე თიბისის, დღეს 8 000-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელია. 2009 წელს, თიბისელების ფონდი შეიქმნა, რომელმაც ერთმანეთის დახმარება ტრადიციად აქცია. ამ ფონდის საშუალებით, ჯამში, 4 000 000 ლარზე მეტი გაიცა. 2013 წელს, თიბისის მენეჯმენტის ინიციატივით, მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი შეიქმნა.

ამ ვრცელ ანგარიშში მამუკა ხაზარაძემ ორი, მნიშვნელოვანი პროექტი განსაკუთრებით გამოჰყო:

,,ესაა ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც წელს დავიწყეთ. მართალია, ბორჯომის ტყეში ხანძარი ორი წლის წინ გაჩნდა, მაგრამ ნიადაგის მომზადებას ზუსტად ორი წელი დასჭირდა. წელს დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება და გადამწვარი ტყის 10 ჰექტარი უკვე აღვადგინეთ. მეორე პროექტია ლიტერატურული პრემია ,,საბა’‘, რომელიც ფრანკფურტში გავიტანეთ. შედეგად, ეს პრემია საერთაშორისო გავხადეთ და ახალი მონაწილეებიც დავამატეთ. როგორც იცით, ლიტერატურული პრემია ,,საბას’‘ ფარგლებში, უკვე შეიქმნა ახალი საბჭო, სადაც სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაგვემატნენ, რომლებიც ლიტერატურისა და ზოგადად, ხელოვნების სფეროში არიან ჩართულები’‘.

26 წლის მანძილზე, თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში, მთლიანობაში, 110 მილიონი ლარ გაიღო და 1 000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.

 

 

დაბრუნება დასაწყისში