Menu
RSS

თხილის სკანდალის ახალი დეტალები

მართლა მავნებელია თუ არა, რატომ დაბლოკა ევროკავშირმა ქართული თხილის ექსპორტი და ამოწმებს თუ არა სურსათის ეროვნული სააგენტო პროდუქციას

ევროკავშირის ბაზარზე ქართული თხილის მორიგი პარტია დაბლოკეს. საექსპორტოდ გამზადებულ თხილში აფლატოქსინის (თხილის სოკო) შემცველობა ნორმაზე მეტი აღმოჩნდა, რის გამოც, ევროკავშირმა უკვე ქართული თხილის მეშვიდე პარტია დაბლოკა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სკანდალის გამო, ქართული თხილის საექსპორტო ღირებულება დაეცემა. მეტიც, ცალკეული ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირიდან მობრუნებული თხილის პარტია საქართველოში გაიყიდება, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს-ი) ადგილობრივ ბაზარს არ ამოწმებს. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში თხილის რეგლამენტი ამოქმედდა, სეს-მა, როგორც საექსპორტო, ასევე, ადგილობრივი ბაზრის კონტროლიც გაამკაცრა. ,,ვერსია'' საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ლევან ქარდავას დაუკავშირდა.

_ ბატონო ლევან, რატომ დაბლოკა ევროკავშირმა საექსპორტოდ გამზადებული ქართული თხილი? 

_ იმის მიუხედავად, რომ წელს ეს ქართული თხილის მეშვიდე პარტია იყო, რომელიც ევროკავშირში დაიბლოკა, საგანგაშო არაფერი მომხდარა. მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანში, ევროკავშირის სწრაფი შეტყობინების სისტემის საშუალებით, გაცილებით მეტი შეტყობინება შედის, ვიდრე _ საქართველოში... 

_ საექსპორტოდ გამზადებულ თხილში რომ აფლატოქსინის შემცველობა აღმოჩნდა, ეს საგანგაშო რატომ არაა? 

 _ აგიხსნით: მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ბაზარზე, ამ შემთხვევაში, ბულგარეთში, რომელიც პირველი საზღვარია ევროკავშირთან, თხილში აფლატოქსინის ნორმაზე მეტი შემცველობა დაფიქსირდა, პროდუქცია უკან ბრუნდება. საქართველოში მობრუნებული თხილი საწყობში მიაქვთ და ლუქავენ, ამ პროცესს კი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადევნებენ თვალყურს. ამის შემდეგ, თხილზე განმეორებით ატარებენ ანალიზებს და საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც საქართველოში გაკეთებული ანალიზის პასუხები საზღვარზე გაკეთებულ ანალიზებს არ ემთხვევა ანუ საბოლოოდ, თხილში აფლატოქსინის არსებობა არ დასტურდება. თუ აფლატოქსინის ფაქტი დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში, ექსპორტიორი თხილს გადაარჩევს და ამ პროცესსაც სეს-ის წარმომადგენლები აკვირდებიან. რაც შეეხება აფლატოქსინს, ესაა თხილის სოკოვანი დაავადება, რომელიც სიდამპლეში გადასულ, ან ფერშეცვლილ თხილს ახასიათებს. როდესაც საექსპორტო პარტიას დაავადებული თხილისგან გაასუფთავებენ, მეწარმეს საშუალება აქვს, ისევ ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს. 

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირიდან მობრუნებული, აფლატოქსინიანი თხილი ადგილობრივ ბაზარზე ხვდება, ასეა? 

_ არა, მტკნარი სიცრუეა! ასეთი რამ ვერ მოხდება, რადგან თხილი საკმაოდ მკაცრად კონტროლდება, სურსათის უვნებლობის სააგენტო ამოწმებს და ვიდრე შესაბამისი ლაბორატორიიდან დასკვნას არ მივიღებთ, რომ თხილი აფლატოქსინს არ შეიცავს, მეწარმეს მისი განკარგვის უფლება არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ თხილი აფლატოქსინს არ შეიცავს, მეწარმეს პროდუქციის განკარგვის უფლება ეძლევა, მაგრამ მას ისევ ექსპორტზე გააქვს და არა _ ადგილობრივ ბაზარზე. ყოველ შემთხვევაში, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებს საქართველოს ბაზარი არ აინტერესებთ. პირობითად, თუ საუბარია 20 ტონა თხილის ექსპორტზე, რომელიც ევროპაში გადის, შესაძლოა, ეს რაოდენობა საქართველოში, წლების განმავლობაში ვერ გაყიდოთ. შესაბამისად, არცერთ ექსპორტიორს ადგილობრივი ბაზარი არ აინტერესებს. 

_ სხვათა შორის, სპეციალისტები ამბობენ, რომ კონკრეტული ჩინოვნიკები ურჩევენ მეწარმეებს, აფლატოქსინიანი თხილი ჩვეულებრივ, ჯანმრთელ პროდუქციაში გაურიონ... 

_ ტყუილია! ბოლო დროს, ბევრი არაკომპეტენტური განცხადებები გავრცელდა. უფრო დეტალურად აგიხსნით: არსებობს ევროკავშირის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, თხილში აფლატოქსინის არსებობის კონკრეტული ზღვარია დადგენილი. შესაბამისად, საუბარი იმაზე კი არაა, რომ თხილში აფლატოქსინის შემცველობა ნულს გაუტოლდეს, არამედ, ევროკავშირის დადგენილ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. მეტსაც გეტყვით, სპეციალისტები და ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ აფლატოქსინი ღვიძლის დაავადებებს იწვევს, მაგრამ ადამიანმა დიდი ოდენობით აფლატოქსინიანი თხილი (სიდამპლეში გადასული და ფერშეცვლილი) უნდა ჭამოს, თანაც ერთ ჯერზე, რომ ღვიძლი დაუავადდეს, რაც დამეთანხმებით, პრაქტიკულად, გამორიცხულია. 

_ ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი თხილი თუ მოწმდება სეს-ის მიერ? 

_ როგორც წესი, სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე განთავსებულ პროდუქციას ამოწმებს. რაც შეეხება ქართულ თხილს, ის საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება, რადგან ძირითადად, ექსპორტზე გადის. პირობითად, თუ თვეში, ევროპის ბაზარზე 60 ტონა თხილს ვაგზავნით, შესაძლოა, საქართველოში მხოლოდ 100 კგ. გავყიდოთ. 

_ ის, რომ ევროკავშირში თხილის ექსპორტის მეშვიდე პარტია დაიბლოკა, შეუშლის თუ არა ექსპორტიორებს ხელს, ან აისახება თუ არა ეს ფაქტი თხილის ფასზე? 

_ ვიდრე გიპასუხებთ, იმასაც გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ორი თვეა, რაც სეს-მა თხილში აფლატოქსინის კონტროლი შეწყვიტა, მაგრამ ესეც მტკნარი სიცრუეა. პირიქით, მას შემდეგ, რაც თხილის რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, ქართულ საექსპორტო თხილში აფლატოქსინის მკაცრი კონტროლი დაიწყო, მანამდე მხოლოდ მოხალული პროდუქცია (დაჭრილი და ფქვილის სახით) მოწმდებოდა, ისიც მიწის თხილის შემთხვევაში. 

აფლატოქსინის შემოწმება სექტემბრიდან დაიწყო, მანამდე ამას სახელმწიფო არ ამოწმებდა. რაც შეეხება მეწარმეებს, ისინი ყოველთვის ამოწმებდნენ და ახლაც ამოწმებენ საკუთარ პროდუქციას აფლატოქსინის შემცველობაზე ჯერ კიდევ წარმოების პროცესში. სექტემბრიდან შემოვიდა ახალი რეგლამენტი, რომ ყველა კომპანიას, რომელიც ექსპორტზე მუშაობს, HACCP-ის ანუ საფრთხის ანალიზის სისტემა უნდა ჰქონდეს დანერგილი. საფრთხის ანალიზში თხილის კომპანიებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე აფლატოქსინია. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს, რა ტემპერატურაზეა დასაწყობებული პროდუქცია, შრობისას რა ტენიანობაა დაცული, ეს ყველაფერი მოწმდება კომპანიებში, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ და მოწმდება საბოლოო პროდუქციაც. შესაბამისად, თუ კომპანიას HACCP სისტემა აქვს დანერგილი, მის მიერ ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებული თხილი უვნებელია. აქედან გამომდინარე, ცილისწამება და ტყუილია ის ფაქტი, თითქოს აფლატოქსინიან თხილს ჯანმრთელ პროდუქციაში ურევენ, რადგან ასეთი რამ გამორიცხულია. 

*** 

,,ვერსია'' სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს-ი) წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ მიმდინარე წელს, ევროკავშირის ბაზარზე ქართული თხილის მეშვიდე პარტია დაიბლოკა, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთში გაცილებით მეტი შეტყობინება შედის. 

,,მიმდინარე წელს, ქართული წარმოშობის თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე, ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით _ RASFF, საქართველომ 7 შეტყობინება მიიღო, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. თხილის ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. 2016 წლის ივნისიდან, ამოქმედდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხისა და ეტიკეტირების საკითხებს არეგულირებს. 2017 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2018 წლიდან, ის ბიზნეს-ოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის გადამუშავებულ თხილსა და თხილის გულს ამზადებს, ვალდებულია, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს'', _ აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

სეს-ის ინფორმაციით, აკრედიტებული ლაბორატორია, საექსპორტოდ განკუთვნილი თხილის ნიმუშებს უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებელზე იკვლევს, მათ შორის, მიკროტოქსინებზე (აფლატოქსინი), ხოლო გადამუშავებულ თხილს _ არადეკლარირებული მიწის თხილის შემცველობაზე. უწყებაში იმასაც აცხადებენ, რომ თხილის დაბინძურება აფლატოქსინებით შესაძლებელია გამოიწვიოს არასათანადო პირობებმა ტრანსპორტირებისას: 

,,მნიშვნელოვანია, აგროღონისძიებების დროულად და სწორად ჩატარება, შესაბამისი წესების დაცვა თხილის მოკრეფის, დასაწყობებისა და შრობის პროცესში. თხილს აფლატოქსინების შემცველობაზე იკვლევს მიმღები ქვეყანაც და აღმოჩენის შემთხვევაში, აგზავნის შეტყობინებას ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF). უნდა აღინიშნოს, რომ მეორე წელია, ქართული წარმოშობის თხილში არადეკლარირებული მიწის თხილის შემცველობა არ აღმოჩენილა''. 

,,ვერსიას'' სეს-ში განუცხადეს, რომ 2016-2017 წლებში, თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF), საქართველომ 9-9 შეტყობინება, ხოლო 2018 წელს _ 7 შეტყობინება მიიღო. ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით შეტყობინებები თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე, ყოველწლიურად ეგზავნება თხილის მწარმოებელ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის, ისეთ მსხვილ მწარმოებლებს, როგორებიცაა თურქეთი და იტალია. მაგალითად, 2016 წელს, RASFF-ის სისტემით, თურქეთმა თხილსა და კაკლოვან კულტურებში აფლატოქსინების შემცველობაზე 74 შეტყობინება მიიღო და აქედან 37 შემთხვევა თხილში დაფიქსირდა. 2016 წელს, თხილსა და კაკლოვან კულტურებზე იტალიამ 58 შეტყობინება მიიღო. 

რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრის კონტროლს, ,,ვერსიას'' სეს-ში განუმარტეს, რომ სახელმწიფო კონტროლი, მხოლოდ საექსპორტოდ განკუთვნილ პროდუქციას არ ეხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების თანახმად, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დამტკიცებული აქვს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პოროგრამა, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება და მოიცავს საქართველოს ბაზარზე არსებულ პროდუქციას.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში