Menu
RSS

„ლისი დეველოპმენტმა“ 12 მილიონი აშშ დოლარის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

2018 წლის უმსხვილესი ტრანზაქცია "თიბისი კაპიტალის" დახმარებით განხორციელდა

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია ,,ლისი დეველოპმენტმა'', 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. 2018 წლის განმავლობაში, კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში, ეს ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციები საჯარო ემისიის გზით განთავსდა. ობლიგაციების ემისია, თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია ,,თიბისი კაპიტალმა'' უზრუნველყო.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, გოგა თხელიძის განმარტებით, ობლიგაციების ინვესტირება რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, ასევე ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა განახორციელეს: 

,,ამ ობლიგაციების მოცულობის უმეტესობა, არარეზიდენტებისგან მოზიდული სრულიად ახალი სახსრებია, რაც საქართველოში შემოსული ახალი საინვესტიციო კაპიტალია. ობლიგაციები დაილისტება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. თავის მხრივ, ეს გულისხმობს, რომ მომავალში, ფასიანი ქაღალდი, ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო დეპოზიტორი კომპანია ქლიარსტრიმის (ჩლეარსტრეამ Bანკინგ შ.A.) სისტემაში დაიშვება, რაც ობლიგაციებს ხელმისაწვდომს გახდის საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც'', _ განაცხადა გოგა თხელიძემ. 

,,ლისი დეველოპმენტის'' გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ადეიშვილმა აღნიშნა, რომ დაარსების დღიდან, ეს კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, საერთაშორისო სტანდარტებს ამკვიდრებს: 

,,ვიდრე საჯარო ობლიგაციებს განათავსებდა, კომპანია ,,ლისი დეველოპმენტი'' პირველი დეველოპერული კომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიიღო. კორპორაციული მართვის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით, ეს საქართველოში კიდევ ერთი, წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების უმეტესობა, რომლებმაც ჩვენი ფასიანი ქაღალდები შეიძინეს, არარეზიდენტი პირები არიან, რაც ჩვენს ქვეყანაში დამატებით მოზიდულ ინვესტიციას გულისხმობს. აქამდე კომპანიის პროექტები მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კერძოდ, FMO-ს მიერ ფინანსდებოდა. ვფიქრობთ, საქართველოს კაპიტალის მზარდი ბაზარი კარგი ალტერნატივა იქნება, რომ მომავალში, სხვადასხვა კომპანიები დაფინანსდნენ'', _ განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა. 

,,თიბისი კაპიტალის'' დირექტორის, ირაკლი ელაშვილის განცხადებით, კორპორაციული საჯარო ობლიგაციის სეგმენტში, ეს ტრანზაქცია ყველაზე მსხვილი გარიგებაა: 

,,მოხარულები ვართ, რომ ესაა მორიგი შემთხვევა, როდესაც ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან _ ,,ლისი დეველოპმენტთან'' ვმუშაობთ და კაპიტალის ბაზრის საშუალებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში ვეხმარებით. ობლიგაციების საერთო, ძირი თანხა 12 მილიონი აშშ დოლარია, რასაც მხოლოდ 8% ერიცხება, ვადამოსული ხდება 2021 წლის 17 დეკემბერს, გამოშვებულ იქნა 2018 წლის 17 დეკემბერს, 10 ათასი აშშ დოლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა 2021 წლის 17 დეკემბერს, ძირი ღირებულებით მოხდება'', _ განმარტა ირაკლი ელაშვილმა. 

ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია ორი მიმართულებით გამოიყენებს: პირველი _ მოზიდული სახსრების ნაწილით, შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ბუკნარში, პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაფინანსდება; მეორე _ ობლიგაციების მეორე ნაწილი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 ჰა მიწის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ასევე ,,მწვანე ქალაქი ლისზე'' ტერიტორიაზე, ვილების მეორე უბნის შემდგომ განაშენიანებას მოხმარდება. 

,,ლისი დეველოპმენტი'', უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 350 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობს. 2017 წელს, კომპანიამ მიწის ნაკვეთი შავი ზღვის სანაპიროზე შეიძინა, სადაც მულტიფუნქციური კომპლექსისა და სასტუმროს განვითარებას გეგმავს. 2018 წლის ივლისში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings Gmbh-მა, ,,ლისი დეველოპმენტს'' სტაბილური პერსპექტივით, B+ რეიტინგი მიანიჭა. შესაბამისად, ესაა ერთადერთი კომპანია საქართველოს უძრავი ქონების სექტორში, რომელსაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გააჩნია. 

,,თიბისი კაპიტალი'', თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს სთავაზობს. 2017 წლიდან, ,,თიბისი კაპიტალი'', თიბისი ბანკის კოპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნეს-მიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. ,,თიბისი კაპიტალი'', საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში