Menu
RSS

ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

პირველი ენერგოეფექტური სასტუმრო მთიან რეგიონში!

თიბისი ბანკისა და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, GRDC და „აჭარა ჯგუფი“ ბაკურიანში, ,,კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“ სასტუმროს ააშენებს. 

ამასთან დაკავშირებით, 19 დეკემბერს, სასტუმრო ,,რუმსში'', მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ხელშეკრულება ბაკურიანში, „კოხტა გორაზე“, ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე, არანაკლებ 92-ნომრიანი სასტუმროსა და 70 აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ ახალი პროექტი „აჭარა ჯგუფის“ მიერ შექმნილი ქართული ბრენდის _ Rooms Hotels-ის გაგრძელებაა. რაც შეეხება GRDC-ს, პროექტის მომდევნო ფაზაზე, ეს კომპანია დამატებითი საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსს ააშენებს. Rooms Hotels Kophta _ ესაა ოთხი კომპანიის ერთობლივი პროექტი, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურითა და დიზაინით, ამ რეგიონის ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 

თიბისი ბანკის ინფორმაციით, ახალი სასტუმრო _ Rooms Hotels Kophta ბაკურიანში, „კოხტა გორას“ ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან განთავსდება. აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო, სტუმრებს წელიწადის ოთხივე სეზონზე მოემსახურება და პირველ დამსვენებლებს უკვე 2019 წლის ზაფხულის სეზონამდე მიიღებს. კურორტის განვითარების მხოლოდ პირველ ფაზაზე, სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსი 17 000 კვ.მ-ზე გაშენდება, საიდანაც 5 000 კვ.მ _ აპარტამენტებს, ხოლო 12 000 კვ.მ _ სასტუმროს დაეთმობა. 

Rooms Hotels Kophta, შკი-ინ/შკი-ოუტ-ის ტიპის პირველი სასტუმრო იქნება, რაც სათხილამურო ტრასებზე ასვლა/დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, შკი-ინ/შკი-ოუტ-ის ტიპის სასტუმრო, სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლასაც მოიაზრებს, ოღონდ მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც უშუალოდ, სასტუმროს მომიჯნავე ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი. ეს სასტუმრო არანაკლებ 92 ნომერსა და 70 აპარტამენტს გააერთიანებს; აქვე იქნება 300 სტუმარზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი; სტუმრებზე გათვლილი რესტორანი; ლაუნჯ ბარი და ტერასა _ 360 გრადუსიანი ხედით; საცურაო აუზი და მომსახურების სხვა სერვისები. 

ამასთან, თიბისი ბანკის ინფორმაციით, ამ პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. აქედან, 5.4 მილიონი დოლარი _ თიბისი ბანკისა და EBRD-ის მიერ, ღFშ-ის პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი იქნება, ხოლო დანარჩენი _ GRDC-ისა და ,,აჭარა ჯგუფის'' კაპიტალი. 

,,აჭარა ჯგუფის'' აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ აღნიშნა, რომ ახალი სასტუმრო _ Rooms Hotels Kophta, სტუმრებს სრულიად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს: 

,,GRDC-თან ერთად, EBRD-ისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში, კიდევ ერთი Rooms Hotel-ი გაიხსნება, რომელიც განსხვავებულ კონცეფციასა და დიზაინს შესთავაზებს სტუმრებს. ამ პროექტის განხორციელებით, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, რათა მსოფლიოს წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტების სტანდარტებს დაუახლოვდეს'', _ განაცხადა ვალერი ჩეხერიამ. 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თხელიძის განცხადებით, ეს ინვესტიცია დამატებით მოტივაციას მისცემს ინვესტორებს, რომ რეგიონში, მსგავსი ტიპის საინტერესო პროექტები განახორციელონ: 

„მოხარულები ვართ, რათა შესაძლებლობა მოგვეცა, თავის დარგში ორი ლიდერი კომპანიის _ GRDC-ისა და ,,აჭარა ჯგუფის'' პარტნიორობით შექმნილი პროექტის მშენებლობა დაგვეფინანსებინა. დარწმუნებულები ვართ, ეს ინვესტიცია დამატებით მოტივაციას მისცემს ინვესტორებს, რათა ამ რეგიონში, მსგავსი ტიპის, სხვა საინტერესო პროექტებიც განახორციელონ“, _ განაცხადა გიორგი თხელიძემ. 

კავკასიაში ევრობანკის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, რომ ევრობანკის ფინანსური მხარდაჭერა საგრანტო კომპონენტს მოიცავს: 

,,გვიხარია, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ ევრობანკის სამ პარტნიორ კომპანიასთან _ თიბისი ბანკთან, „აჭარა ჯგუფთან“ და GRDC-თან, საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორების განსავითარებლად. ევრობანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს საგრანტო კომპონენტს და მიზნად ისახავს შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტური საიზოლაციო მასალებითა და განათებით აღჭურვას. ჩვენი მიზანია, ენერგოეფექტური მშენებლობის პრეცედენტი შევქმნათ მთიან რეგიონში და მხარი დავუჭიროთ მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას საქართველოში'', _ განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. 

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ ამჟამად, სასტუმროს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში