Menu
RSS

პირველი ჯგუფის ინვალიდი ,,ოცნების'' დეპუტატს ქონების წართმევაში ადანაშაულებს

რატომ ჭიანურდება საქმის გამოძიება და რას პასუხობს დაზარალებულს ჩინოვნიკის ადვოკატი

 

ბათუმის ცენტრში, შპს ,,პურის სახლს'' ქვეიჯარით აქვს აღებული ფართი, რომელსაც ორი მესაკუთრე ჰყავს _ ქეთევან დოლიძე და დავით ვარშანიძე. ქალბატონი ქეთევანი ბავშვობიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია და ზღვისპირა ქალაქის ცენტრში არსებული 636.03 კვ.მეტრის ფართი მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დავით ვარშანიძე ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილეა, რომელიც ამავდროულად, შპს ,,პურის სახლის'' დირექტორიცაა. ამ შპს-საც ორი მესაკუთრე ჰყავს, სადაც 50%-ს დავით ვარშანიძე, ხოლო მეორე 50%-ს მისი სიდედრი, დარეჯან აბაშიძე ფლობს. სამიოდე წლის წინ, დავით ვარშანიძემ ქეთევან დოლიძის ხელმოწერა გააყალბა და მის კუთვნილ ქონებას დაეუფლა. ცხადია, ქეთევან დოლიძემ სასამართლოს მიმართა, სადაც მის ინტერესებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იცავს და ეს ამბავი ,,ვერსიას'' სწორედ მან უამბო. ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში მიხეილ რამიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ დავით ვარშანიძეს გავლენიანი სიმამრი ჰყავს _ ანზორ დევაძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია ,,ქართული ოცნებიდან''.

_ ბატონო მიხეილ, კონკრეტულად, რა ზიანი მიადგა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ ქეთევან დოლიძეს? 

_ ბათუმის ცენტრში, შპს ,,პურის სახლს'' თანასაკუთრებაში ფლობენ ქეთევან დოლიძე და დავით ვარშანიძე. ქონებას, რომელიც სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ 2 175 223 ლარად შეაფასა, მთლიანად, თვითნებურად განკარგავს დავით ვარშანიძე, რის გამოც ქეთევან დოლიძეს ქონებრივი ზიანი ადგება. დავით ვარშანიძემ გააყალბა ქეთევან დოლიძის ხელმოწერა, რასაც გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. ასევე, თანამესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე, დავით ვარშანიძემ შპს ,,პურის სახლი'' კაპიტალურად გაარემონტა და ქვეიჯარით, საერთო საკუთრებაში გადასცა თურქეთის მოქალაქეებს. სავარაუდოდ, დავით ვარშანიძე სახელმწიფო გადასახადებს მალავს! 

_ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გამოძიება 2017 წლის 7 ივლისიდან მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტულად რასთან დაკავშირებით? 

_ 2015 წლის 29 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ქეთევან დოლიძის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დავით ვარშანიძეს 17 500 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც დღემდე არ შესრულებულა. ამასთან დაკავშირებით, 2017 წლის 7 ივნისს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტისა და 381-ე მუხლებით, რაც დავით ვარშანიძის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას გულისხმობს. გამოძიება უკვე წელიწადი და ხუთი თვეა მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო მოქმედებებისთვის საჭირო, ყოველგვარ გონივრულ ვადას აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო გავიდა, დღემდე არ გვაქვს პასუხი, თუ რა საგამოძიებო ღონისძიებები გატარდა ამასთან დაკავშირებით, ან გამოძიება რა ეტაპზეა. შესაბამისად, გამოძიების მიმართ, უნდობლობა გვიჩნდება. 

_ როგორ ფიქრობთ, რატომ ჭიანურდება ამ საქმის გამოძიება? 

_ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ საქმის დასრულებას ხელს უშლის დავით ვარშანიძის გავლენიანი სიმამრი, ანზორ დევაძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია ,,ქართული ოცნებიდან''. სხვათა შორის, ასლან აბაშიძის დროს, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. გამორიცხული არაა, რომ ანზორ დევაძე მფარველობს თავის სიძეს. სხვათა შორის, დავით ვარშანიძე და მისი სიდედრი, დარეჯან აბაშიძე, თანაბრად ფლობენ წილებს შპს ,,პურის სახლში'', რომელიც სწორედ იმ ფართის ნაწილზე მდებარეობს, რის გამოც ქეთევან დოლიძესა და ვარშანიძეს შორის დავა მიმდინარეობდა. აქვე, ისიც მინდა გითხრათ, რომ ქეთევან დოლიძე, ბავშვობიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია და ის ფართი, რომელსაც დავით ვარშანიძესთან ერთად თანასაკუთრებაში ფლობს, მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. აქედან გამომდინარე, არაერთხელ მივმართეთ ბათუმის პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარა-გურიის სამმართველოს, აჭარის ა/რ ფინანსურ პოლიციას, მერიას, მაგრამ უშედეგოდ. 

_ ბრძანეთ, რომ დავით ვარშანიძე სახელმწიფოს გადასახადებსაც უმალავს, მაგრამ ამას როგორ ამტკიცებთ? 

_ ამასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს. სხვა შემთხვევაში, იმ ფართს, რომელზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ფლობს, თურქეთის მოქალაქეებზე 500 და 1 000 ლარად როგორ გააქირავებდა? დღეს არსებული საბაზრო ფასიდან გამომდინარე, ამ ფართის ღირებულება 10 000 აშშ დოლარია. ესაა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. 

_ რას წარმოადგენს ანზორ დევაძის სიძე? 

_ ის ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილეა. სხვათა შორის, თავდაპირველად, ქეთევან დოლიძის თანამესაკუთრე ანზორ დევაძის ძმა, შუქრი დევაძე იყო. ისინი ამ ფართში თანაბრად, 50%-50%-იან წილებს ფლობდნენ. შემდეგ, შუქრი დევაძემ თავისი კუთვნილი 50% ძმას, ანზორ დევაძეს გადაუფორმა, ამ უკანასკნელმა კი სიძეს, დავით ვარშანიძეს. ბატონი დავითი აცხადებს, ეს ქონება ვიყიდე და მასში ნახევარი მილიონი დოლარი გადავიხადეო, რაც რეესტრშიც დაფიქსირებულია, თუმცა თუ ეს ქონება მართლაც გასხვისდა ანუ თუ დავით ვარშანიძემ მართლაც იყიდა, თავად ანზორ დევაძეს საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) უნდა გადაეხადა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გარდაუვალი პირობაა, თუმცა ეს გადასახადები სახელმწიფოს დაუმალეს და არც ქონების გადასახადს იხდიან. 

_ რა რეაგირება მოჰყვა საჩივარს? 

_ ამ საქმეში მე, როგორც ადვოკატი, მოგვიანებით ჩავერთე და როგორც გითხარით, თითქმის ყველა ოფიციალურ უწყებას, პირველ რიგში, ბათუმის პროკურატურას მივმართე. მხოლოდ ერთი წინადადებით გვიპასუხეს, გამოძიება მიმდინარეობსო. ამის შემდეგ ახალი წერილით მივმართე ბათუმის პროკურატურას, რომლითაც ვითხოვდი, რომ თუ გამოძიება მიმდინარეობს, ანზორ დევაძე, მისი მეუღლე _ დარეჯან აბაშიძე და სიძე, დავით ვარშანიძე გამოკითხულები რატომ არ არიან-თქო. სხვათა შორის, არც თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც ეს ფართი იქირავეს, არ დაუკითხავთ. საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებაა, რაც ანზორ დევაძემ დაარღვია. სამწუხაროდ, მას დიდი გავლენა აქვს ბათუმში და რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენელია, ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს. 

გარდა ამისა, ბათუმის პროკურორს მივმართე, გამირკვიეთ ქეთევან დოლიძის სტატუსი, რადგან თუ ეს ქალბატონი დაზარალებულია და გამოძიება მოტყუებით, ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, სტატუსის შესაბამისად, დაზარალებულად რატომ არ სცნეს? ამაზეც მიპასუხეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობსო. რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ისეთი, რომ აჭარაში, კერძოდ ბათუმში, ოთხი პირი ვერ გამოკითხეს აქამდე? მას შემდეგ, რაც საქმის მასალებს გავეცანი, მივხვდი, რომ ეს ადამიანი ანუ ანზორ დევაძე დიდი გავლენით სარგებლობს, ჩანს, მისი ერიდებათ კიდეც, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა. ,,პურის სახლი'' მუშაობს და როგორ გგონიათ, 17 000 ლარი არ აქვს, რომ ქეთევან დოლიძეს გადაუხადოს? უბედურება ისაა, რომ ამ კომპანიის შემოსავლები არსად ფიქსირდება, ხოლო მისი წარმომადგენლები შეურაცხყოფაზე, დაბრალებაზე, შანტაჟსა და მუქარაზე არიან გადასულები. თავიდან, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქალაქის პროკურატურამ ძალიან ოპერატიულად იმოქმედა _ დაიდო მასალები, მაგრამ ამის შემდეგ საქმე გაჭიანურდა. 

_ მიგაჩნიათ, რომ ანზორ დევაძე ჩაერია გამოძიებაში და საქმე ამიტომ გაჭიანურდა? 

_ დიახ, ასეა. საქმის მასალების მიხედვით, აშკარაა, რომ წელიწადი და შვიდი თვეა, ეს პროცესი ჭიანურდება. როდესაც წერილს გწერ და გეუბნები, დანაშაულის ნიშნები იკვეთება, სასამართლოს გადაწყვეტილება შეუსრულებელია, ამ დროს დადგენილი არაა დანაშაულის ჩამდენი პირები, სხვა რაზე უნდა ვიფიქროთ? თან ქალბატონი ქეთევანი პირველი ჯგუფის ინვალიდია და მისთვის ყველაფერს არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სრულიად იგნორირებულია. მისი ძმა ბიზნესმენია, რომელიც პურის ქარხანას ფლობს და თავდაუზოგავად შრომობს. პრობლემა მისი დის საკუთრებაშია, რომელიც მამამ დაუტოვა, რათა ვიდრე ცოცხალი იქნებოდა, არაფერი გასჭირვებოდა. ესაა 650 კვ.მეტრის ფართი ბათუმში, რომელსაც დავით ვარშანიძე მოტყუებით, ქეთევან დოლიძის ხელმოწერის გაყალბებით დაეუფლა. 

*** 

,,ვერსია'' დავით ვარშანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვიპასუხა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მის ადვოკატს გავსაუბრებოდით. შპს ,,პურის სახლისა'' და დავით ვარშანიძის ინტერესებს სასამართლოში იურისტი მინდია ალელიშვილი იცავს: 

_ ბატონო მინდია, დავით ვარშანიძემ ქეთევან დოლიძის ხელმოწერა გააყალბა და შპს ,,პურის სახლში'' ამ ქალბატონის კუთვნილი წილი მიითვისა? 

_ არა, გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. ეს იყო ძველი შენობა, ბლოკებით ამოშენებული, რომელსაც რემონტი სჭირდებოდა. ამისთვის საჭირო იყო შენობის გარე ფასადიდან კედლების ამოღება და ვიტრინების ჩასმა. დავით ვარშანიძე ამ საკუთრების ერთ-ერთი მეწილეა, რომელმაც დაწერა განცხადება, რათა შენობის რეკონსტრუქციის ნებართვა მიეღო. გრაფა, სადაც ქონების თანამესაკუთრეები არიან მითითებული, ბატონმა დავითმა შეავსო და დაწერა, რომ ამ ქონებას ორი მესაკუთრე ჰყავს _ ქეთევან დოლიძე და თვითონ. მოწინააღმდეგე მხარემ ჩათვალა, რომ ბატონმა დავითმა ხელმოწერა გააყალბა, თორემ მას ქალბატონი ქეთევანის ნაცვლად ხელი არ მოუწერია. ამის შემდეგ, ვარშანიძემ შენობის რეკონსტრუქციის ნებართვა მიიღო, თუმცა ქეთევან დოლიძემ დაწერა განცხადება, შენობის რეკონსტრუქცია ჩემი თანხმობის გარეშე განხორციელდაო. ბათუმის მერიის სამსახურმა გააუქმა ის ნებართვა, რომლის საფუძველზეც შენობის იერსახე უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ამასობაში, დავით ვარშანიძეს რეკონსტრუქცია უკვე დასრულებული ჰქონდა. შენობა კი არ გადააკეთა, გაარემონტა და მხოლოდ გარე ფასადი შეცვალა _ უსახური კედლების ნაცვლად, შენობას ვიტრაჟები ამშვენებს, თუმცა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ვარშანიძე 3 000 ლარით დააჯარიმა და ეს საქმე დასრულდა. 

_ გამოდის, ქეთევან დოლიძის კუთვნილი ქონება დავით ვარშანიძეს ხელში მოტყუებით არ ჩაუგდია? 

_ ქეთევან დოლიძე ტანჯულისა და დაჩაგრულის როლში გამოჰყავთ და ეს პროცესი მისმა ძმამ, გიორგი დოლიძემ დაიწყო. თავის დროზე, შპს ,,პურის სახლის'' დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი სწორედ ქეთევანის ძმა, გიორგი დოლიძე იყო. 2011 წელს, მას მეორე მეწილის, დარეჯან აბაშიძის ბიზნესიდან ჩამოცილება სურდა, ამის ერთ-ერთი კლასიკური მეთოდი ის იყო, რომ გიორგი დოლიძემ უვადო ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,პურის სახლთან'', რომლის დირექტორიც თვითონვე იყო. ქეთევან დოლიძემ, როგორც მესაკუთრემ, შპს ,,პურის სახლს'', იჯარის ხელშეკრულებით, უვადოდ გადასცა ქონება, თვეში 2 000-ლარიანი სარგებლით. 2012 წელს, დარეჯან აბაშიძემ გიორგი დოლიძეს მოსთხოვა, რომ ამ ქონებიდან დივიდენდის სახით, 50% მიეღო, რადგან როგორც გითხარით, ის ამ ქონების თანამესაკუთრე იყო. გიორგი დოლიძემ ალტერნატიული საწარმო, პურის საცხობი _ შპს ,,დიამო'' გახხსნა. ,,პურის სახლიდან'' ატკატის გასაკეთებლად, ქვეიჯარით აიღო შპს ,,დიამოს'' ფართი 30 000 ლარად, ხოლო ,,პურის სახლს'', დაახლოებით, 7-8 თვის მანძილზე, მოგება არ რჩებოდა. როდესაც ქალბატონმა დარეჯანმა ჰკითხა, ,,პურის სახლს'' რატომ აკოტრებო, აღმოჩნდა, რომ მთლიანი ბაზა, საკასო და სალარო აპარატები, რაც ,,პურის სახლს'' ეკუთვნოდა, გია დოლიძეს უკვე შპს ,,დინამოზე'' ჰქონდა გადაფორმებული. გიორგი დოლიძემ ,,პურის სახლი'' ხელოვნურად გააკოტრა და 2013 წლის ზაფხულში ეს კომპანია პარტნიორებს _ დარეჯან აბაშიძესა და დავით ვარშანიძეს გადაულოცა, თუმცა შპს ,,პურის სახლი'', დაახლოებით, 2 თვე მუშაობდა და იმის გამო, რომ გია დოლიძემ გააკოტრა, ამ კომპანიას ბიუჯეტისა და კრედიტორების მიმართაც დიდი დავალიანება ჰქონდა. საქმის მასალების მიხედვით, დაახლოებით, 160 000 ლარის ღირებულების პურის ფქვილი წაიღო გია დოლიძემ სხვადასხვა ქარხნიდან, რაც შპს ,,პურის სახლს'' ვალად დააწერა, ფქვილი კი შპს ,,დიამოში'' წაიღო და იქ აცხობდა პურს. შპს ,,პურის სახლის'' დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, დაახლოებით, 100 000 ლარი იყო. აქედან გამომდინარე, დავით ვარშანიძემ, რომელიც შპს ,,პურის სახლის'' დირექტორია, კომპანიას პროფილი დროებით შეუცვალა, რათა დავალიანება დაეფარა. შესაბამისად, იმ ფართში, რომლის თანამესაკუთრეები ქეთევან დოლიძე და დავით ვარშანიძე არიან, ახლა სასადილოა, რაც ნამდვილად არაა დაფარული. შპს ,,პურის სახლმა'' ცოტა ამოისუნთქა, ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება დაფარა და კრედიტორების დავალიანების ნაწილიც გაისტუმრა. ამჟამად, დავით ვარშანიძეს ეს ქონება გაქირავებული აქვს და ჩემი ინფორმაციით, ქალბატონი ქეთევანი თავის კუთვნილ წილს ყოველთვიურად იღებს, თუმცა თუ ქალბატონ ქეთევანს ქირასთან აქვს პრეტენზია, აგერაა ბატონი დავით ვარშანიძე, მივიდეს და მოურიგდეს!

_ 17 000 ლარი, რომლის გადახდა დავით ვარშანიძეს სასამართლომ დააკისრა ქეთევან დოლიძის სასარგებლოდ, დღემდე რატომ არ გადაუხდია? 

_ რას ამბობთ? ეს თანხა გადახდილია და ქალბატონი ქეთევანის ანგარიშზეც ჩარიცხულია. რა მოხდა, იცით? როდესაც აღსრულების ბიუროში განაცხადი შეგაქვთ, ერთ-ერთი კრიტერიუმი საბანკო რეკვიზიტების მითითებაა, მაგრამ ქალბატონ ქეთევანს საბანკო რეკვიზიტები მითითებული არ ჰქონდა. როდესაც კითხვა დაგვისვეს, რატომ არ გადაიხადეთ ეს თანხაო, ვუთხარით, რომ თუ ადამიანი აღსრულების ბიუროს საშუალებით არ გთხოვს თანხას, იფიქრებთ, რომ გაპატიათ, გაჩუქათ, ან აღარ სჭირდება ეს თანხა, თუმცა როგორც აღსრულების ბიუროში მიიტანეს განაცხადი, ერთ კვირაში ჩავურიცხეთ თანხა ქალბატონ ქეთევანს და იცით, როგორ დავადგინეთ მისი რეკვიზიტები? ეს ქალბატონი, როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდი, პენსიას იღებს, მივედით ბანკში, იქ მისი პირადი ნომერი მითითებულია და ასე ჩავურიცხეთ თანხა. მოწინააღმდეგ მხარე ამ ინფორმაციას მალავდა და შეგნებულად ქმნიდა ისეთ ილუზიას, თითქოს ჩვენ ამ თანხას არ ვიხდიდით. 

_ შპს ,,პურის სახლს'' თურქეთის მოქალაქეებზე აქვს გაქირავებული შენობა, მაგრამ ქეთევან დოლიძეს მის კუთვნილ წილს არ უხდით, რატომ? 

_ ქვეიჯარის საშუალებით, ქეთევან დოლიძემ ქონება შპს ,,პურის სახლს'' გადასცა, ,,პურის სახლმა'', ასევე, ქვეიჯარის საშუალებით, ეს ქონება გადასცა თურქეთის მოქალაქეებს. უშუალოდ, ქეთევან დოლიძეს თურქებზე გაქირავებული არ აქვს ქონება და შესაბამისად, მას არავინ არაფერს უმალავს. შპს ,,პურის სახლმა'' ეს ფართი ქეთევან დოლიძის ძმისგან 2 000 ლარად აიღო მაშინ, როდესაც საწარმოს დირექტორი გია დოლიძე იყო. შესაბამისად, ქალბატონი ქეთევანის დავა გაუგებარია, რადგან ხელშეკრულება მისმა ძმამ გააფორმა. ესაა შპს ,,პურის სახლის'' შემოსავალი. 

_ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დავით ვარშანიძე ქეთევან დოლიძეს ჩაგრავს, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია. 

_ არავინ არავის ჩაგრავს. დამიჯერეთ, ქალბატონი ქეთევანი დაჩაგრული ნამდვილად არაა, რადგან საკმაოდ შეძლებული ძმა ჰყავს. იცით, გია დოლიძე რატომ დაობს მისი დის სახელით? _ იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, ყოველგვარი სახელმწიფო ბაჟისგანაა გათავისუფლებული. ქეთევან დოლიძეს არავინ ჩაგრავს, ეს ქალბატონი პირველი ჯგუფის ინვალიდია, მაგრამ მისი მდგომარეობით, სწორედ გია დოლიძე სარგებლობს. დავით ვარშანიძე ქეთევან დოლიძეს მის კუთვნილ წილს უხდის. 

_ დავით ვარშანიძეს მისი გავლენიანი სიმამრი, ანზორ დევაძე მფარველობს? 

_ დამიჯერეთ, ბათუმის საკრებულოს წევრობა ისეთი მაღალი თანამდებობა არაა, რომ ვინმეს მფარველობა გაუწიოს. გარდა ამისა, ბატონი ანზორი ბათუმის ძველი კოლორიტია და დაფასებული პიროვნებაა, თუ ამას გულისხმობთ, მერწმუნეთ, არც ესაა საკმარისი, რომ ვინმეზე გავლენა ჰქონდეს. 

_ ბათუმის პროკურატურა, რომელიც წელიწადნახევარია ამ საქმეს იძიებს, ანზორ დევაძის გავლენისგან თავისუფალია? 

_ ჩვენთან, აჭარაში, წამყვან ხელმძღვანელ პირებად ადგილობრივებს არ ნიშნავენ. ყველა საკვანძო თანამდებობაზე თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან მოვლენილი პირები არიან დანიშნულნი. შესაბამისად, ვისზე უნდა ჰქონდეს გავლენა ბატონ ანზორს? 

_ დავით ვარშანიძე სახელმწიფო გადასახადებს მალავს? 

_ ესეც ტყუილია, ბატონი დავითი ყველა გადასახადს იხდის.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში