Menu
RSS

სემეკმა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი შეამცირა

გაიაფდება თუ გაძვირდება გაზი?

ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა. 10 დეკემბერს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემკ-ი) ეს გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე მიიღო. სემეკმა შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გეგმიური ტარიფის დადგენაზე იმსჯელა. როგორც წესი, ტარიფთან დაკავშირებით, სემეკი საჯარო სხდომებს წელიწადში ერთხელ, წლის ბოლოს, დეკემბერში მართავს.

სემეკის გადაწყვეტილებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა. შესაბამისად, 2018 წლის 10 დეკემბრიდან, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 1.870 თეთრი იქნება დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე. აქამდე 1 კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1.884 თეთრი იყო. 

გაზის ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან, მათ შორის შესყიდვის, ტრანსპორტირების, გატარება/განაწილებისგან შედგება. ცხადია, ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, გაიაფდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი, თუმცა ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტის _ ტრანსპორტირების გაიაფება, აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. ცალკეული ექსპერტები უფრო შორს მიდიან და სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებას პროგნოზირებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არაა, გაზის ტარიფი გაძვირდეს, რასაც სემეკში არ ადასტურებენ. ვიდრე სეკემი შესაბამის გადაწყვვეტილებას არ მიიღებს, გაზის გაძვირება-არგაძვირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეფასება, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

რაც შეეხება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფს, ,,ვერსიას'' სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, რომ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების 2019 წლის გეგმიური ტარიფების დადგენის მიზნით, მიმდინარე წლის ივლისში, კომისიაში საჯარო-ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო: 

,,სატარიფო საკითხებზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება განპირობებული იყო იმით, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, ამ კომპანიებს ტარიფები მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის უნდა დაუდგინდეთ. კომისიის გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადა, მიმდინარე წლის 31 დეკემბერია. აქედან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებას სემეკი, სწორედ 31 დეკემბრამდე, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ მიიღებს'', _ განუცხადეს ,,ვერსიას'' სემეკში. 

ამ ეტაპზე, სემეკის წევრები, კომპანიების მიერ წარდგენილ სატარიფო დოკუმენტაციას დეტალურად სწავლობენ. შესაბამისად, ,,ვერსიას'' სემეკში დაუზუსტეს, რომ ვიდრე მონაცემების ანალიზი არ დასრულდება, შეუძლებელია პროგნოზირება, თუ როგორი იქნება სამომხმარებლო ტარიფი _ გაძვირდება, თუ პირიქით, გაიაფდება. 

მართალია, სემეკმა ,,გაზის ტრანსპორტირების კომპანიას'' ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი შეუმცირა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ფასის წარმოქმნის სისტემაში სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტებიც შედის. რაც მთავარია, გაზის შესყიდვის ნაწილში, ვალუტის კურსსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა სემეკში განმარტავენ, რომ გაზის ტარიფში, ლარის დოლართან გაცვლის კურსი ერთ-ერთი კომპონენტია და არა ერთადერთი. შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფის საბოლოო ფორმირებაზე გავლენას ყველა კომპონენტი ახდენს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში