Menu
RSS

2019 წლის ბიუჯეტი 13 მილიარდს აღემატება

91 ხმით 9-ის წინააღმდეგ _ პარლამენტმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, 91 ხმით 9-ის წინააღმდეგ, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა. შესაბამისად, დეპუტატებს მომდევნო წლის ბიუჯეტი სწორედ 12 დეკემბერს უნდა დაემტკიცებინათ, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა გადადო. ირაკლი კობახიძემ კოლეგებს უპასუხისმგებლოებიც უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, პარლამენტის სხდომებზე დასწრება-არდასწრებაც გამკაცრდება. საბოლოოდ, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 13 მილიარდ ლარს აღემატება, პარლამენტმა 13 დეკემბერს დაამტკიცა.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 13 მილიარდ 90 მილიონი ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 3 მილიარდ 416 მილიონი ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა _ 4.5%-ზე, მშპ-ს დეფლატორი _ 3.5%-ზე, ხოლო ინფალაცია 3%-ზეა გათვლილი. 

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები _ 12 863 800 000 ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში _ 11 470 000 000 ლარით, საინვესტიციო გრანტების ნაწილში _ 92 700 000 ლარით, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 1 301 100 000 ლარით განისაზღვრა. 

როგორც აღვნიშნეთ, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 13 090 000 000 ლარითაა განსაზღვრული, რაც ქვეყნის ფინანსური დოკუმენტის მეორე წარდგენასთან შედარებით, 92 400 000 ლარით გაიზარდა. კონკრეტულად, მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების სოციალური დახმარების 20 ლარით ზრდის გამო, ბიუჯეტის გადასახდელები 18 000 000 ლარით გაიზარდა; თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 50 000 000 ლარია განსაზღვრული; სკოლების რეაბილიტაციისთვის, დამატებით გათვალისწინებულია 30 000 000 ლარი. 

მომდევნო წელს, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 3 416 000 000 ლარით განისაზღვრა, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი _ 3 166 000 000 ლარი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 250 000 000 ლარია; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი _ 781 000 000 ლარით, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) საპროგნოზო მაჩვენებელი 4 982 000 000 ლარით განსაზღვრეს. 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 863 800 000 ლარია, მათ შორის, შემოსავლები _ 10 487 700 000 ლარი; არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა _ 70 000 000 ლარი; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი _ 120 000 000 ლარი; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები საბიუჯეტო სახსრების გეგმა _ 2 186 100 000 ლარი. 

იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ვალის დასაფარად, ბიუჯეტში 930 000 000 ლარია გათვალისწინებული, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა _ 1 256 100 000 ლარია. 2019 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 219 600 000 ლარით გაიზარდა და 9 641 100 000 ლარს შეადგენს. 

,,ვერსიაში'' ვწერდით, რომ 2019 წელს, გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად, რეგიონებში გაზიფიცირებისათვის 40 მილიონი ლარი დაიხარჯება; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება 34 მილიონი ლარით გაიზარდა, მათ შორის, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 1 მილიარდ 400 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მათ შორის, 2018-2024 წლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალისა და ე.წ. ტურისტული გზების მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი მონაკვეთების დასასრულებლად.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში