Menu
RSS

„სიშიშვლე არ მაშინებს, მთავარია, ესთეტიკური იყოს“

ინტერვიუ თამთა გოდუაძესთან

თამთა გოდუაძეს საზოგადოება კარგად იცნობს და მის შემოქმედებას თვალს ადევნებს. მან ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მისცა ბერძნულ ტელეარხს თOჩ თV-ს, რომელშიც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით.

_ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ უბრუნდები მიუზიკლს. ამბობდი, რომ ელოდი ვინმე კარგი ადამიანის გამოჩენას, რომელიც შენ შესახებ იფიქრებდა…. 

_ „კაბარეში“ თამაში შარშან შემომთავაზეს. მართალია, შემეშინდა, მაგრამ მერე გავიფიქრე, რომ რაც მაფრთხობს, სინამდვილეში, წინსვლაში მეხმარება – თუნდაც ნახევარი ნაბიჯით წინსვლაში-მეთქი და ამიტომაც დავთანხმდი. ვიცოდი, რომ ამ როლის შემსრულებლის მიმართ სერიოზული მოთხოვნები იქნებოდა, მე კი სამსახიობო გამოცდილება არ გამაჩნდა. სალის ხასიათი (იგულისხმება სალი ბოულზი, რომელსაც თამთა მიუზიკლში განასახიერებს – ნ. ბ.) ძალიან განსხვავდება ჩემი პიროვნული ხასიათისგან. ის ძალიან ხმაურიანია, მე კი ასეთი არ ვარ, თუმცა ჩემთვის მთავარი პრობლემა მაინც ტექსტის დამახსოვრება და ბერძნულად ზუსტად გადმოცემა იყო. ყველანი დამეხმარნენ, მათ შორის სოტირის ხაძაკისი. თითოეული მათგანისგან რაღაც ავიღე. 

_ გაგიხარდებოდა, ვინმემ „საბერძნეთის ლაიზა მინელი“ რომ გიწოდოს? 

_ ცხადია, არ მეწყინებოდა, ღმერთმა ქნას,… თუმცა ჩემთვის მთავარი იყო, როლი საკმარისად კარგად შემესრულებინა, იმედი არ გამეცრუებინა მათთვის, ვინც მენდო – პროდიუსერები, სოტირი (ხაძაკისი), მსახიობები, რომლებთანაც ერთად სცენაზე ვიდექი და იმდენად კარგი წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე, მეშინოდა, ეს დამოკიდებულება არ შეცვლოდათ. 

_ ცოტა ხნის წინ გამოვიდა შენი ახალი სიმღერის _ ''Πες μου αν τολμάς~ ოფიციალური ვიდეოკლიპი, რომელიც სიყვარულისა და სინანულის ისტორიის შთამბეჭდავი წარმოჩენაა და შენ არ მოერიდე, კლიპში შიშვლად გამოჩენას. გვიამბე ამის შესახებ. 

_ სრულად მივენდე რულას (კლიპის რეჟისორი რულა კუტრუბეი – ნ.ბ.) და როცა მითხრა, რომ მზად აქვს სცენარი, რომლის მიხედვითაც გახდა მომიწევდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. სიშიშვლე არ მაშინებს, მთავარია, ესთეტიკური იყოს. 

_ საქართველოში, როდესაც ჯერ კიდევ პატარა იყავი, ბევრი პრიზი მოიგე და ბევრი საუბრობდა „საოცარ ბავშვზე“. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც საბერძნეთში, მშობლებთან ერთად ჩამოხვედი, როგორ მოახერხე აქაურ გარემოსთან შეგუება და იმ ადგილის მოპოვება, რომელიც ახლა გაქვს? 

_ არაფერი გამოვა, თუკი არ იბრძოლებ და იშრომებ; ამავე დროს, ცოტა იღბალი და ჭკუაც არის საჭირო, რათა ეს ყველაფერი მოიპოვო. მე, ოთხმოციან წლებში დაბადებულსა და ოთხმოცდაათიან წლებში გაზრდილს, დედაჩემმა ისევე, როგორც ყველა დედამ საქართველოში, მოახერხა და მომცა საჭირო საფუძველი – დამეხმარა იმ გაჭირვების გადატანაში, რომელიც მაშინ ჩემს ქვეყანასა და ოჯახში იყო. დედა დამატარებდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, რათა ჩემი ნიჭი გამომევლინა. 

_ გყავს ქალიშვილი, რომელიც ძალიან გიყვარს. რას ეტყოდი, თუკი X-Fაცტორ-ში მონაწილეობას გადაწყვეტდა? 

_ შესაბამისი ნიჭი რომ ჰქონდეს, პირველი ვიქნებოდი, ვინც ამას მხარს დაუჭერდა, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი თვალსაზრისით, ნიჭიერია, ოღონდ სიმღერაში – არასაკმარისად. დაე, იპოვოს თავისი გზა და იყოს წარმატებული. დედაჩემისა და ჩემს შემდეგ, ოჯახში კიდევ ერთი ენერგიული ქალი იზრდება. 

_ რას იტყვი საბერძნეთის საიმიგრაციო პრობლემასთან დაკავშირებით? საკმარისად სტუმართმოყვარე ქვეყანაა? 

_ პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი: ცხადია, ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა. როდესაც ჩემს ქვეყანაში გაჭირვების პერიოდი დადგა, ბევრი ქალი, მათ შორის დედაჩემიც წამოვიდა აქ. დედები, რომლებიც აქ მუშაობდნენ, ჩვენ გვივლიდნენ. ბევრი ქვეყანა არ იძლევა ასეთ შესაძლებლობას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მიმართ რაიმე რასისტული დამოკიდებულება არ მიგრძვნია. არ ვიცი, შესაძლოა, იღბლიან ადამიანებს მივეკუთვნები, თუმცა ზოგჯერ თავად განვსაზღვრავთ ხოლმე ჩვენს იღბალს,… ღმერთმა ქნას, რასისტული დამოკიდებულება საერთოდ გამქრალიყოს დედამიწაზე. 

_ თამთა, რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებისგან მიიღე? 

_ არაფერია წარმოუდგენელი და ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. როდესაც მომავალზე მეკითხებიან, ვამბობ ხოლმე, რომ არასდროს იცი, რა მოხდება. მაქვს სამსახური, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ რა იცი, რა მოხდება ხვალ?! არაფერი მაშინებს, შემიძლია შევეგუო ცვლილებებს და გადავრჩე ისეთ პირობებშიც კი, რისი წარმოდგენაც რთულია.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში