Menu
RSS

სკანდალური დასკვნა, რასაც ლევან იზორიას პოსტი შეეწირება?!

თავდაცვის სამინისტროს თაღლითური სქემა, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გააქტიურდა ხმა იმის შესახებ, რომ მთავრობაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. პრესაში იმ თანამდებობის პირთა ვინაობაც სახელდება, რომლებიც, სავარაუდოდ, პოსტებს დატოვებენ. მართალია, ამ ჩამონათვალში თავდაცვის მინისტრი არაა, მაგრამ ლევან იზორია შესაძლოა, მოხსნან. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამ მოსაზრებას უარყოფს. ,,მე ჩემი გეგმები გაგაცანით, ლოგიკური დასკვნები კი თავად გამოიტანეთ'', _ ასე მიმართა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს სამინისტროში გამართულ წლიური გეგმების პრეზენტაციაზე, მაგრამ იზორიას მოხსნის საფუძველი შესაძლოა, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ფინანსური ანგარიში გახდეს, რომელიც 2018 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნა. აუდიტის სკანდალური დასკვნა, რომელიც სამინისტროს 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის ფინანსურ მდგომარეობას ეხება, იმდენად სერიოზულ დარღვევებს ეხება, რომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა მთავარ პროკურატურას მაშინვე გადაუგზავნა. ამის შემდეგ, ლევან იზორიას შესაძლო გადადგომას მედიასაშუალებები აქტიურად განიხილავენ. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, პარტია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საკადრო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მართალია, თავდაცვის მინისტრი გადადგომას არ აპირებს, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ მისი პოსტი აუდიტის სკანდალურმა დასკვნამ შეიწიროს. მით უფრო მაშინ, როდესაც სახელმწიფო აუდიტორების გამოვლენილ დარღვევებს მთავარი პროკურატურაც სწავლობს.

ბალანსზე რიცხული აქტივები 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული 468 734 000 ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვანი ნაწილი აქტივად აღიარების კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულია, რომ საბინაო ფონდის 95% პრივატიზებულია _ ესენია საცხოვრებელი ბინები, რომლებიც წლების მანძილზე, სამხედრო მოსამსახურეების საკუთრებაშია გადაცემული, მაგრამ სამინისტროს ბალანსზე დღემდე ირიცხება. 

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის (ჯლუსი) აღმოსავლეთის ცენტრის ინფორმაციისა და შესაბამისი კორესპოდენციების საშუალებით, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ პრივატიზებული, რეესტრში გატარებული და სამხედრო პირებისთვის საკუთრებაში გადაცემული საბინაო ფონდის საერთო ღირებულება 85 მილიონი ლარია, გასხვისებული საყაზარმე შენობების ღირებულება _ 17 900 000 ლარი. ლოგისტიკის ცენტრის დასავლეთის რაიონებში ბალანსზე რიცხული გასხვისებული და გადაცემული ობიექტების (შენობა-ნაგებობების) ნაშთი 125 900 000 ლარია, გასხვისებული მიწის ფართი _ 7 474 კვ.მეტრი. 

აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის ღირებულება უცნობია, ვინაიდან სამინისტროს განმარტებით: „ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, ქონების გადმოცემის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, სამხედრო ქალაქებში არსებული შენობები ბალანსზე, ერთი მთლიანი თანხითაა აყვანილი და ცალკეული უფლების ობიექტების ღირებულება უცნობია. შესაბამისად, ობიექტების შეფასებისთვის საჭიროა გარკვეული რესურსი“. 

სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, კატეგორიების მიხედვით, არასწორადაა კლასიფიცირებული. მეტიც, უფლებამოსილმა პირებმა აუდიტორებს, ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების საწყისი ღირებულებების შესახებ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს! 

აქტივების არასწორი კლასიფიკაცია 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სააღრიცხვო პოლიტიკის სფეროში არსებული სისტემური პრობლემებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების მოწესრიგების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2017 წლის განმავლობაში, საბიუჯეტო კლასიფიკაციის სხვადასხვა მუხლზე არასწორად აღრიცხული აქტივი _ 38 მილიონი ლარის ოდენობით, რეკლასიფიკაციას დაექვემდებარა. 

კერძოდ, დეპარტამენტის მიერ დანერგილმა „რეპორტების“ (ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაცია) სისტემამ, წინა წლებში, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებზე არასწორად მიკუთვნებული აქტივები გამოავლინა. შედეგად, მოკლევადიანი არაფინანსური აქტივები 4 893 300 ლარით შემცირდა; გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები 3 992 700 ლარითY გაიზარდა; შენობა-ნაგებობები 353 400 ლარით შემცირდა; მანქანა-დანადგარები და ინვენტარი 1 241 300 ლარით გაიზარდა, თუმცა სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ არაფინანსური აქტივების სხვა მნიშვნელოვან ნაწილს, კლასიფიკაციაში დაშვებული უზუსტობების გამო, რაც გავლენას ახდენს ხარჯებსა და კაპიტალზე, შესაბამის მუხლებზე რეკლასიფიკაცია სჭირდება. 

,,კერძოდ, ფინანსურ ანგარიშგებაში, მოკლევადიანი არაფინანსური აქტივების „დაუმთავრებელი წარმოება/ მომსახურების“ #1622 ანგარიშზე, ნაშთად ირიცხება 873 164 300 ლარი; სამინისტროს აპარატს _ 869 218 900 ლარი; სსიპ „დელტას“ _ 3 945 400 ლარი. სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული თანხა, წლების მანძილზე, რეალურად მიღებულ განუბაჟებელ საქონელს (ძირითადად 2007-2008 წლებში, არარეზიდენტი მიმწოდებლებისგან უცხოურ ვალუტაში შეძენილი) უკავშირდება, რაც სამხედრო და სპეციალური ტვირთების განუბაჟებლობის მოტივით, ,,მოთხოვნებში'' აღირიცხებოდა. რეკლასიფიკაციის შედეგად, ეს თანხა „დაუმთავრებელი წარმოება/მომსახურების“ ანგარიშზე ასახეს. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო არ აწარმოებს რაიმე სახის პროდუქციას, ამ უწყების აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში, ეს ანგარიში არასწორია. ეს თანხა „სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების“ #1627 ანგარიშზე უნდა ასახულიყო!'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

2017 წელს, სამინისტროს აპარატმა, სხვა ქვეყნების მთავრობებიდან, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ებიდან, 10 466 500 ლარის ოდენობის სხვადასხვა დასახელების აქტივი მიიღო, რაც ანგარიშგებაში ,,გრანტის'' ფორმით უნდა ასახულიყო... აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სხვადასხვა მუხლზე აქტივები არასწორადაა აღრიცხული, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი სამართლიანი და უტყუარი არ არის! 

შრომის ანაზღაურება 

2017 წელს, თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ფულადი სახსრების ანალიზისას, სახელმწიფო აუდიტორებმა მაღალი რისკის შემცველი გარემოებები გამოკვეთეს. კერძოდ, შესაბამისი აუდიტორული პროცედურებით დაადგინეს, რომ ყოფილი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, მათი გათავისუფლების შემდგომ თვეებში, იმ საბანკო ანგარიშებზე, რომლებსაც მანამდე ამ პირების მიმართ არ იყენებდნენ, ხელფასებს ურიცხავდნენ! 

2017 წელს, ამ მიზნით, თანამშრომელთა საბანკო ანგარიშებზე, სავარაუდოდ, 140 543 063 ლარი ჩარიცხეს! ამასთან დაკავშირებით, აუდიტის მიმდინარეობისას, სახელმწიფო აუდიტორებმა საქართველოს მთავარ პროკურატურასაც აცნობეს. შედეგად, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შიდა კონტროლის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, ფულადი განაცემები მიმართული იყოს იმ პირებზე, რომლებიც შესაბამის პერიოდში სამინისტროს სისტემაში დასაქმებული თანამშრომლები არ იყვნენ. 

,,შრომის ანაზღაურების'' მუხლით გაწეული ხარჯი სამინისტროს აპარატის მთლიანი ხარჯის 60%-ია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური და ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები არსებობდეს, რათა თაღლითობისა და ადამიანური შეცდომის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს. 

,,ვინაიდან თაღლითობის მაღალი რისკის შემცველი სქემის განხორციელება, უკვე გათავისუფლებული თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებას უკავშირდება, სუსტი რგოლი, სწორედ ქვედანაყოფის მოსამსახურეების ნუსხის, საფინანსო და საკადრო სამსახურებს შორის შედარების პროცესში იკვეთება! ამას ისიც ადასტურებს, რომ ქვედანაყოფების ფინანსისტებისაგან, Eფლოწ-ს საშუალებით, ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიერ მიღებულ წერილებზე, ქვედანაყოფების საკადრო სამსახურის დასტურსაც ითხოვენ, რაც არცერთ შემთხვევაში, არ დასტურდება! ამასთან, სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს, ქვედანაყოფებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ბრძანებებს არ აწვდიდნენ! შესაბამისად, სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი, როგორც ზედა რგოლი, ამ პროცესზე ადეკვატურ კონტროლს ვერ ახორციელებს'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში ადამიანური შეცდომებით გამოწვეული უზუსტობებიც გვხვდება. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ზედმეტად/ნაკლებად (შეცდომით) გადახდილი თანხები, სამინისტროს სისტემაში წელთა ნამსახურების არასწორ დათვლას, ფულადი განაცემის სხვა თანამშრომლის ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხვასა და წინასწარ სარგოების სრულად დარიცხვას უკავშირდება. სამინისტროს ქვედანაყოფებში, გარდა სამოქალაქო ოფისისა, „შრომის ანაზღაურების“ მუხლიდან, ზედმეტად/ნაკლებად ჩარიცხულ თანხებს ბუღალტრულად არ ასახავდნენ. სამინისტროს პასუხისმგებელმა პირებმა აუდიტორებს განუმარტეს, რომ თანამშრომლებზე შეცდომით (ზედმეტად/ნაკლებად) ჩარიცხულ თანხებს, რაც სერიოზული ხარვეზია, ბუღალტრული გატარების გარეშე ასწორებდნენ! 

სამინისტროში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, 237 შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის კუთვნილი ფულადი განაცემები, მინდობილობის საფუძველზე, სხვა პირებზე ანუ მინდობილ პირებზე გაიცა! სხვადასხვა მოსამსახურის შემთხვევაში, ამგვარად გაცემული მინდობილობები, როგორც ვადიანია, ასევე უვადო/განუსაზღვრელი ვადითაა. სახელმწიფო აუდიტორებმა მინდობილობის ვადის გასვლის შემდგომ, თანხების გადარიცხვის ფაქტები ანუ არაუფლებამოსილ პირებზე განხორციელებული ტრანზაქციებიც გამოავლინეს. მეტიც, მინდობილობის გარეშე, სხვა პირებზე თანხების გადარიცხვის ფაქტებიც დაფიქსირდა. არადა, არსებული წესების თანახმად, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით, თანხების ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ მოქმედ მოსამსახურეებზე! შესაბამისად, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მინდობილობების საფუძველზე, ამ მუხლით გაწეული გადარიცხვები მაღალ რისკს შეიცავს და არ შეიძლება, მიზანშეწონილად ჩაითვალოს! 

წარმომადგენლობითი ხარჯები 

საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის #422 განკარგულებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს, 2015 წლიდან გასაწევ ხარჯებთან მიმართებაში, 2014 საბიუჯეტო წელთან შედარებით, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, 2014 წლის საკასო ხარჯთან შედარებით, არანაკლებ 20%-ით უნდა შემცირებულიყო. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წელს, თავდაცვის სამინისტროში, წარმომადგენლობითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, 2 739 400 ლარის საკასო ხარჯი გასწიეს. აქედან, 1 384 300 ლარის ანუ 51%-ის მომსახურება, შპს „ეი ბი სი _ სერვისმა“ გასწია. 

წარმომადგენლობითი მომსახურების შესყიდვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ეი ბი სი _ სერვისს“ შორის, 2017 წლის 28 თებერვალს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 200 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებული იყო, რომ 2017 წლის 1 მარტიდან, 2017 წლის 31 დეკემბრამდე, სტუმრებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებით მომსახურებოდა. ამ მომსახურების საფასური, კონკრეტულ შემთხვევაში, კვების ობიექტისგან გაწეული მომსახურების საფასურის არა უმეტეს 7%-ს მოიცავდა. ხელშეკრულების ფარგლებში, 10 მაისის ჩათვლით, სამინისტრომ შპს ,,ეი ბი სი _ სერვისს'' 199 900 ლარი გადაურიცხა, რაც სახელშეკრულებო ღირებულების, თითქმის 100%-ია! 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების გარდა, შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე ანუ ხელშეკრულებების გარეშე, შპს „ეი ბი სი _ სერვისის“, როგორც შუამავალ კომპანიას, წარმომადგენლობითი ღონისძიებებისათვის 1 184 400 ლარის მომსახურებაც დაუფინანსეს. თუმცა ამ შემთხვევებში, გაწეული მომსახურების საფასური 10%-დან, 35%-ის ფარგლებში მერყეობს. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შუამავალ კომპანიებთან, როგორც სახელშეკრულებო, ასევე ხელშეკრულების გარეშე სამინისტროს მიერ გადახდილი თანხების რაციონალურობა და აუცილებლობა დასაბუთებული და საკმარისად გამჭვირვალე არაა. ეს იმ პირობებში, როდესაც სამინისტროს ჰყავს პროტოკოლის სამსახური, რომლის მოვალეობა და ფუნქცია, სწორედ შესაბამისი ღონისძიებების მომზადებაა! 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ ყურადღება გაამახვილოს მიმწოდებლის გამოცდილებაზე! მომსახურების ღირებულებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, სამინისტრომ შესყიდვა ტენდერის საშუალებით განახორციელოს, რაც არაეკონომიური ხარჯვის რისკს შეამცირებს!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში