Menu
RSS

პრეზიდენტის განულებული სარეზერვო ფონდი

რა მიზნით იქმნება პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები და რა პროექტები დააფინანსა გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდიდან?

ქვეყნის ახლადარჩეულ მეხუთე პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი არ აქვს! ყოველ შემთხვევაში, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა ნული ლარითაა განსაზღვრული. საქართველოს პარლამენტი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს მეორე მოსმენით, 12 დეკემბერს განიხილავს. სწორედ ამ პროექტში არ გაითვალისწინეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯები და შესაბამის კოდზე ნული ლარი მიუთითეს, 2018 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის 5 000 000 ლარი გამოყვეს. ისევე, როგორც 2018 წელს, 2019 წელსაც, ბიუჯეტში მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის 50 000 000 ლარია გამოყოფილი.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებიც შემცირდა და მხოლოდ 6 000 000 ლარით განისაზღვრა. მომდევნო წელს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60-მდე შეამცირეს. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში _ 5 900 000 ლარით, შრომის ანაზღაურება 2 300 000 ლარით განსაზღვრეს. 

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 800 000 ლარით დაფინანსდა, მომუშავეთა რიცხოვნობა _ 140 იყო, ხარჯები _ 9 602 000 ლარი, ხოლო შრომის ანაზღაურება _ 4 692 000 ლარი; 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია 13 194 600 ლარით დაფინანსდა, მომუშავეთა რაოდენობა მაშინ 150 იყო, ხარჯები _ 13 087 700 ლარი, ხოლო შრომის ანაზღაურება _ 4 622 400 ლარი. 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს უნდა დაამტკიცოს. იმის გამო, რომ ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა უკვე შემცირებულია, რის გამოც ხარჯებმაც მოიკლო, მთავრობა ფიქრობს, რომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც უნდა შემცირდეს, თუმცა კონკრეტულად, რა ოდენობით უნდა განისაზღვროს სარეზერვო ფონდის მოცულობა, ეს საკითხი ქვეყნის მეთაურმა ინაუგურაციისა და ფიცის დადების შემდეგ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. 

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის ბოლო პარასკევამდე, სავარაუდოდ, 28 დეკემბრამდე, ან 28 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, უკვე ფიცდადებულ პრეზიდენტსა და მთავრობას ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩებათ, რათა ბიუჯეტის დამტკიცებამდე ანუ მეორე მოსმენიდან მესამე მოსმენამდე ვადაში, გარკვეული ცვლილებები შეიტანონ და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განსაზღვრონ. 

ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიც მტკიცდება. კანონის მიხედვით, ეს ფონდები საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს მიეკუთვნება; ამავე კანონით, მათი მოცულობა ერთობლივად, წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ,,საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს ფინანსთა სამინისტრო. თუ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტილება მიიღოს'', _ აღნიშნულია ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში. 

როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდებს, ქვეყანაში შექმნილი ფორს-მაჟორული სიტუაციების, მაგალითად, სტიქიური უბედურებების, ან საომარი მოქმედებების დროს იყენებენ. გარდა ამისა, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილნი არიან, სარეზერვო ფონდები სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლადაც გამოიყენონ, თუმცა ირკვევა, რომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა, სარეზერვო ფონდი არც კი ჰქონდეს. 

ექსპერტი იურიდიულ და ეკონომიკურ საკითხებში, ლევან ალაფიშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებამდე საკმარისი დროა, რათა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა აისახოს. მისი თქმით, მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატთან, რადგან მომდევნო წლის ბიუჯეტში არათუ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა გაითვალისწინა, არამედ, ადმინისტრაციის ხარჯებიც მასთან შეუთანხმებლად შეამცირა. ექნება თუ არა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი? ,,ვერსიას'' ლევან ალაფიშვილი ესაუბრა. 

_ ბატონო ლევან, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა რატომ არ განსაზღვრეს? 

_ კონსტიტუციის იმ ვარიანტში, რომელიც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება, არათუ პრეზიდენტის უფლებამოსილებები, არამედ მისი ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს ხსენებაც კი აღარაა! სხვათა შორის, მმართველი პოლიტიკური პარტიისთვისაც უხერხულია, როდესაც ის მხარს უჭერდა დამოუკიდებელ კანდიდატს, რომლისთვისაც ყველაფერი გააკეთა და ასეთი ძვირი თანხა გადაიხადა, რათა პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ მასვე არ სცა პატივი. მთავრობამ, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს მხარს უჭერდა, პარლამენტში წარადგინა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანხა არ გაითვალისწინა და 0 ლარი დაუწერა! შესაძლოა, პარტიულ პრეზიდენტს ეთქვა კიდეც, რომ ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი თანხა ბევრია და დიახ, ჩამომაკელითო, მაგრამ ინსტიტუციური თვალსაზრისით, ასეთი მიდგომა, როდესაც ახლადარჩეულ პრეზიდენტს არაფერი ჰკითხეს, ცუდია. ეს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, როგორც პარტიული პოლიტიკის მიღმა მყოფი ერთადერთი ინსტიტუტის მნიშვნელობის საბოლოო დაკნინებაა! 

სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება, როგორც მისი მომზადება, ასევე მასში ცვლილებების შეტანა ორ პოლიტიკურ ორგანოს _ მთავრობასა და პარლამენტს შორის მიმდინარე პროცესია, მაგრამ კომპეტენციები მათ შორისაც გამიჯნულია. თუკი მთავრობის კომპეტენცია მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის პროექტის მომზადება და პარლამენტში წარდგენაა, პარლამენტის კომპეტენციაა, რომ ეს ბიუჯეტი განიხილოს, მხარი დაუჭიროს ან არა. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, მაგრამ დამოუკიდებლად, პარლამენტი ვერც ცვლილებებს განახორციელებს ბიუჯეტის პროექტში და ვერც ახალს დაწერს, თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში არის ჩანაწერები და მათ შორის, საბიუჯეტო კოდექსშიც, რომელიც სხვა ინსტიტუტების საბიუჯეტო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მაგალითად, კანონი სახელმწიფო აუდიტის შესახებ, კანონი სახალხო დამცველის შესახებ. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი თვითონ, მთავრობისგან დამოუკიდებლად შეიმუშავებენ საკუთარ ბიუჯეტს, შემდეგ მონაცემებს უგზავნიან მთავრობას, რომელიც ამ უწყებების მონაცემებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახავს. ასეთი მიდგომა ნამდვილად ცივილიზებულია, ვწუხვარ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სარეზერვო ფონდის მოცულობების განსაზღვრასთან დაკავშირებით ასე არ მოხდა. 

_ მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებს კონკრეტული დანიშნულება აქვთ და მათ ქვეყანაში შექმნილ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში იყენებენ, ფონდებიდან გადაუდებელ ღონისძიებებსაც აფინანსებენ. თუ სარეზერვო ფონდი არ ექნება, სალომე ზურაბიშვილი ღირსების ორდენითაც ვერავის დააჯილდოვებს? 

_ კონსენსუსი იმაზე, რომ პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს სარეზერვო ფონდი, სრულიად ლეგიტიმურია. რა მოცულობით განისაზღვრებოდა ეს ფონდი, უკვე მთავრობასა და პარლამენტს შორის, ან მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კონსენსუსის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა პირველივე ჯერზე, ახლადარჩეულ პრეზიდენტს, თან ისე, რომ საერთოდ არაფერი ჰკითხო და სარეზერვო ფონდი ჩამოაჭრა და მხოლოდ ამაზე კი არ გაჩერდე, ადმინისტრაციაც გაუნახევრო, აქაც არ გაჩერდე და უთხრა, რომ შენივე ადმინისტრაციის ხარჯებსაც ჩამოგაკლებო, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია! კონსტიტუციის ფარგლებში, ეს პროცესი, თუნდაც თანხის განახევრების, ან საერთოდ ჩამოჭრის შესახებ, შეიძლებოდა სწორად წარმართულიყო კიდეც. არ ვიცი, რამდენად მოესწრება სახელმწიფო ბიუჯეტში ამ ცვლილებების განხორციელება, რომელიც დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს, მაგრამ უკვე საკმაოდ ცუდი მოცემულობა მივიღეთ, როდესაც პრეზიდენტს არაფერი ჰკითხეს, ისე დაუგეგმეს მისივე ბიუჯეტი. ამის მიუხედავად, თუ პოლიტიკური ნება იქნება, ორი კვირა კი არა, ერთი დღეც საკმარისია, რათა სახელმწიფო ბიუჯეტის მესამე მოსმენამდე ანუ დამტკიცებამდე მასში ცვლილებები შევიდეს. 

* * * 

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის შესრულების ანგარიში გამჭვირვალეა და ყოველწლიურად ქვეყნდება. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა საზოგადოებას უკვე წარუდგინა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2017 წლის შესრულების ანგარიში. ამ ანგარიშის ფინანსური ნაწილის მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 000 000 ლარი იყო, მისი შესრულება ადმინისტრაციის გარეშე _ 4 195 031 ლარი. 2017 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 138 პროექტი დაფინანსდა, მათი საშუალო ღირებულება 30 398 ლარი იყო. 

ახლა, იმ პროექტების პრიორიტეტული მიმართულებებიც ვნახოთ, რომლებიც 2017 წელს, გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსა: 

დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ინტეგრაციული პროექტების განმტკიცება _ ამ მხრივ 7 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც ჯამში, 196 580 ლარი გამოყვეს; საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის პოპულარიზაცია _ 13 პროექტი, ჯამში _ 333 257 ლარი; რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა _ 41 პროექტი, ჯამში _ 1 172 530 ლარი; ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება _ 13 პროექტი, ჯამში _ 557 329 ლარი; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობა _ 33 პროექტი, ჯამში _ 762 365 ლარი; ბავშვთა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცება _ 11 პროექტი, ჯამში _ 345 869 ლარი; სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ქვეყნის უშიშროების დაცვის გაძლიერება _ 5 პროექტი, ჯამში _ 226 701 ლარი; კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა _ 19 პროექტი, ჯამში _ 813 128 ლარი; ადმინისტრაცია _ 13 პროექტი, ჯამში _ 562 251 ლარი.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში