რა მოვინახულოთ ვენაში - ავსტრიის დედაქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვენა, ავსტრიის ულამაზესი დედაქალაქი, რომლის ქუჩების და ღირშესანიშნაობების მონახულება ისტორიაში მოგზაურობას ჰგავს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია, რომელსაც მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ულამაზესი შენობები, ფეხით გასავლელი ქუჩები, გემრიელი კერძები და სხვა ბევრი სანახაობა, ვენას შესანიშნავ დასასვენებლად აქცევს. იგი გთავაზობთ, იმპერიული ტრადიციების, ისტორიის, ხელოვნების, მუსიკისა და მიმზიდველი არქიტექტურის ნაზავს. „მუსიკის ქალაქადწოდებულ ვენაში ცხოვრობდნენ კომპოზიტორები: შუბერტი, მოცარტი, ჰაიდნი, შტრაუსი, ბრამსი და ბეთჰოვენი.

ქალაქის მშვენიერი სილამაზის გარდა, ყველაზე მიმზიდველი მშვიდი, სტრესისგან თავისუფალი ატმოსფეროა. ევროპის სხვა დედაქალაქებისგან განსხვავებით, ვენა არ არის გადატვირთული ტურისტებით. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკმაოდ ძვირი ქალაქია. თითქმის ყველა ღირშესანიშნაობის შიგნიდან დათვალიერება ფასიანია, მუზეუმებში შესვლის ღირებულება 17 ევროდან 30-მდე მერყეობს, ეკლესიების 9 ევროდან 15-მდე, ბიბლიოთეკა და ოპერა 10-დან 15 ევრომდე. „ვერსია“  გიზიარებთ 7 ღირშესანიშნავ ადგილს, რომელიც ვენაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ბელვედერი

უნიკალური კომპლექსი, ზემო და ქვემო ბელვედერის ორი სასახლით, ვრცელი ბაღებით და ორანჟერიით ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი ბაროკოს არქიტექტურული საოცრებაა მსოფლიოში. როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული ინსტიტუტი და ავსტრიის ღირსშესანიშნაობა, ის ერთ-ერთი წამყვანი და უძველესი მუზეუმია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.  მუზეუმის და სასახლის ორი შენობა განთავსებულია ბაროკოს პარკის ლანდშაფტში ქალაქის მესამე უბანში, მისი ცენტრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე. ბელვედერი აშენდა მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ცნობილი ბაროკოს არქიტექტორის იოჰან ლუკას ფონ ჰილდებრანდტის მიერ და გამოიყენებოდა პრინც ევგენის (1663–1736) საზაფხულო რეზიდენციად. მფლობელის მდიდრული ბრწყინვალება აისახება გროტესკის დარბაზში, მარმარილოს გალერეასა და ოქროს ოთახში.

ბელვედერში ინახება ხელოვნების უდიდესი კოლექცია, რომელიც თარიღდება შუა საუკუნეებიდან, მას ავსებს ისეთი საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან კლოდ მონე, ვინსენტ ვან გოგი,  ეგონ შილე და ა.შ.  ბელვედერის კოლექციის გულს კი ქმნის გუსტავ კლიმტის 30-მდე ნახატი (მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია) მისი ოქროს სურათებით "კოცნა" და "ჯუდიტი".

ზემო ბელვედერში სულ 500-მდე ნამუშევრის ნახვაა შესაძლებელი, რომლებიც განაწილებულია სამ სართულზე. თემატურად, ტური იწყება ბელვედერის ისტორიით. დანარჩენ ოთახებში ნაჩვენებია შუა საუკუნეების, ბაროკოს, კლასიციზმისა და ბიდერმაიერის პერიოდის ხელოვნების ნიმუშები. ცალკე, დიდი ფართობი პირველ სართულზე ეძღვნება ვენის მოდერნიზმს და 1900 წლის ხელოვნებას, სადაც კლიმტის „კოცნას“ შეხვდებით.  მეორე სართულზე კი ნაჩვენებია ომისშემდგომი პერიოდის ხელოვნება. სპეციალური გამოფენები იმართება ქვედა ბელვედერსა და ორანჟერეაში.

წმინდა სტეფანის ტაძარი

წმინდა სტეფანეს ტაძარი არის ვენის სიმბოლო და ქალაქის ცენტრი. 136 მეტრის სიმაღლეზე, ის არის ყველაზე მაღალი ეკლესია ავსტრიაში. მისი საწყისი საძირკვლის ქვა თარიღდება 1137 წლით,  ტაძრის მეორე უძველესი ნაწილია მთავარი შესასვლელი კარი, რომელიც შეიქმნა 1263 წელს. საუკუნეების განმავლობაში შენობას რამდენიმე კოშკი და სხვადასხვა დეტალი დაამატეს, რომლებიც მისი კლასიკური გოთური იერსახის გასაუმჯობესებლად შეიქმნა. ტაძრის ყველაზე მაღალი კოშკის ოთახამდე, საიდანაც ვენის გიგანტური ხედი იშლება, 343 საფეხურით არის მისასვლელი. აქ სულ 13 ზარი კიდია, თუმცა, მათგან ყველაზე ცნობილი, პუმერინი, 68 მეტრი სიმაღლის ჩრდილოეთის კოშკშია. ეს არის სიდიდით მეორე თავისუფლად რხევადი ეკლესიის ზარი ევროპაში. აქვე, საკათედრო ტაძრის შთამბეჭდავი საგანძურიც შეგიძლიათ ნახოთ, მათ შორის ოქროთი და ძვირფასი ქვებით მორთული რელიქვიები, ლიტურგიული ტექსტები და წიგნები, ასევე სამოსი. წმინდა სტეფანეს ტაძარში უკანასკნელი განსასვენებელი მიენიჭა მრავალ მნიშვნელოვან ადამიანს, მაგალითად იმპერატორ ფრიდრიხ III-ს, მისი საფლავის საფარის ფილა რვა ტონას იწონის. ტაძარში დაკრძალულია სავოიის პრინცი ევგენი, ჰერცოგი რუდოლფ IV, "დამფუძნებელი", რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტაძრის გოთურ რეკონსტრუქციას 1359 წელს. ის ასევე არის მრავალი სხვა ჰაბსბურგისა და ვენის კარდინალისა და არქიეპისკოპოსის სამარხი.

შონბურნის სასახლე

შონბრუნის სასახლე, იმპერატორ ფრანც ჯოზეფისა და იმპერატრიცა ელისაბედის (სისი) ყოფილი სახლი, იმპერიული ბრწყინვალებისა და სამეფო კარის დიდებულების ძეგლია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სასახლე უდავოდ ვენის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი არქიტექტურული, კულტურული და ისტორიული ძეგლია ქვეყანაში. ეს არის ევროპაში ბაროკოს ეპოქის  ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზი შენობა.

იმპერატორ ფრანც ჯოზეფსა და მის მეუღლეს სისის სულ ჰქონდათ 1441 ოთახი შონბრუნის სასახლეში. მნახველებს ახლა აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ ამ მდიდრული ოთახიდან 45 და იმოგზაურონ იმპერიულ ეპოქაში. სასახლისა და მისი უზარმაზარი ბაღების ისტორია 300 წელზე მეტს მოიცავს, რაც ასახავს ჰაბსბურგელი მონარქების გემოვნებას, ინტერესებსა და მისწრაფებებს.

სასახლის ნაწილია მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, პალმების სახლი, რომელიც დაყოფილია სამ პავილიონად სხვადასხვა კლიმატური ზონებით.  გამოფენილ მცენარეებს შორის განსაკუთრებულია 23 მეტრიანი პალმის ხე და მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის შროშანა, რომლის ფოთლის დიამეტრი 1,20 მეტრია.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საკმარისი დრო დაუთმოთ სასახლის პარკს. შთამბეჭდავი შადრევნები, ქანდაკებები, ძეგლები ბუჩქებთან, ხეებთან და ყვავილებთან ერთად კვლავ აღვიძებს იმპერიული ხანის ხიბლს.  ეს შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და  სეირნობისთის.

კარლსკირხე

მდიდარი მარმარილოს ქვის ნაკეთობებით, კედლის მხატვრობით, რელიეფებით, ქანდაკებებით, გრაგნილების ნამუშევრებითა და ჩუქურთმებით Karlskirche (წმინდა ჩარლზის ეკლესია) არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდა ნაგებობა ცენტრალურ ევროპაში და ვენის  სიმბოლო.

წმინდა ჩარლზის ეკლესია არის გამოჩენილი ბაროკოს არქიტექტორის იოჰან ბერნჰარდ ფიშერ ფონ ერლახის ბოლო დიდი ნამუშევარი. დასრულდა 1739 წელს, იგი აშენდა იმპერატორ ჩარლზ VI-ის მიერ ჭირის დროს დადებული პირობის საფუძველზე. ტაძარი ეძღვნება ჰაბსბურგების იმპერატორის სახელს, წმინდა კარლ ბორომაუსს. მისი ცხოვრება და ნამუშევრები გამოსახულია ორ გიგანტურ სვეტზე (47 მეტრი სიმაღლის) შესასვლელთან.

გარე არქიტექტურა შთაბეჭდილებას ახდენს თავისი დიდი გუმბათით და ორი გიგანტური სვეტით. მიჩნეულია ვენის ყველაზე გამორჩეულ ბაროკოს ეკლესიად, ისევე როგორც ქალაქის ერთ-ერთ უდიდეს ნაგებობად. შიგნით მარმარილოს იერსახე დომინირებს წითელი, ოქროსფერი აქცენტებით და მდიდრულად მორთული მაღალი საკურთხევლით. ტაძარშივე გამოფენილია ისტორიული სამოსი. ორღანის გალერეის გავლით მნახველებს შეუძლიათ ავიდნენ ტერასაზე, საიდანაც ფანტასტიური ხედი იშლება.

რჩევა კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის: საეკლესიო კონცერტები - მაგალითად, მოცარტის რეკვიემი ან ვივალდის ოთხი სეზონი, რეგულარულად ტარდება კარლსკირხეში (წმინდა ჩარლზის ეკლესიაში).

ავტრიის ეროვნული ბიბლიოთეკა

შვიდი სამკითხველო ოთახით და დაახლოებით 3,9 მილიონი წიგნით, ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკა საიმპერატორო სასახლეში პირველ ადგილზეა არა მხოლოდ ვენის, არამედ მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკების სიაში, ძირითადად შთამბეჭდავი მთავარი ოთახის გამო. შენობა ააგეს იოჰან ბერნჰარდ ფიშერ ფონ ერლახმა და მისმა ვაჟმა ჯოზეფ ემანუელ ფიშერ ფონ ერლახმა. მე-18 საუკუნეში ბაროკოს სტილში აშენებულ ოთახს ამშვენებს მდიდრულად მორთული გუმბათი, ვენეციური გრანდიოზული გლობუსები და 200000-ზე მეტი ისტორიული ტომი.

ჰაბსბურგების მიერ დაარსებულ ბიბლიოთეკას თავდაპირველად ერქვა საიმპერატორო სასამართლო ბიბლიოთეკა, ამჟამინდელი სახელის შეცვლა მოხდა 1920 წელს, ჰაბსბურგის მონარქიის დასასრულისა და ავსტრიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ. ბიბლიოთეკის კომპლექსი მოიცავს ოთხ მუზეუმს, ასევე მრავალ სპეციალურ კოლექციას და არქივს.

ვენის სახელმწიფო ოპერა

ვენის სახელმწიფო ოპერა არის უზარმაზარი ნაგებობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოპერის თეატრს წარმოადგენს. აშენდა 1869 წელს არქიტექტორების ავგუსტ სიკარდ ფონ სიკარდსბურგისა და ედუარდ ვან დერ ნულის მიერ  და ხელახლა გაიხსნა 1955 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურების შემდეგ, იგი საერთაშორისო აუდიტორიას სთავაზობს უმაღლესი კალიბრის მუსიკალურ თეატრს წელიწადში 300 დღე. ვენის ოპერის თეატრში დაახლოებით 1709 ადგილია 567 დამატებით ადამიანზე დასადგომი ოთახით, საერთო ტევადობა 2284.

ვენის ოპერას ყოველწლიურად მსოფლიოში ყველაზე მეტი საოპერო სპექტაკლის ტიტული აქვს.  ისინი ცნობილია გამორჩეული შესრულებით,  წარმოუდგენელი აკუსტიკის წყალობით. ვენის ოპერის სახლი პრაქტიკულად ქალაქია, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული სრული განაკვეთით. რაც უფრო სასწაულია, ისინი არასოდეს იმეორებენ სპექტაკლს ზედიზედ ორი ღამე.

თუ მხოლოდ შენობის შიგნიდან დათვალიერება გსურთ, ყოველდღიურად იმართება 40-წუთიანი ექსკურსია გიდის თანხლებით, რომლის წყალობითაც  შეგიძლიათ მოინახულოთ საოცარი ოპერის კულისები და ულამაზესი ქანდაკებებიანი დარბაზები.

ჰუნდერტვასერი

Hundertwasserhaus არის საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც პოპულარულია თავისი უჩვეულო გარეგნობით.  ორიგინალური არქიტექტურული სტილით, რომელიც ძალიან განსხვავდება ტრადიციული ვენისგან. თითოეული ფანჯარა განსხვავებული და უნიკალურია. შენობა დააპროექტა მხატვარმა ფრიდრიხსრაიხ ჰუნდერტვასერმა, რომელიც თვლიდა, რომ ბუნებაში სწორი ხაზები არ არსებობს. თავის თანამშრომელ არქიტექტორ ჯოზეფ კრავინასთან ერთად მან დაასრულა მშენებლობა 1986 წელს. ბინები და სართულები შიგნით ისეთივე არათანაბარია, როგორც თავად სახლი. იმის გამო, რომ ის ჯერ კიდევ ჩვეულებრივი მაცხოვრებლებით არის დასახლებული, ნახვა მხოლოდ გარედან შეიძლება. თუმცა, ჰუნდერტვასერის სახლის მოპირდაპირედ არის ჰუნდერტვასერის „სოფელი“ ბარით და რამდენიმე მაღაზიით, იგი თავდაპირველად საბურავების სერვისი იყო , რომელიც ხუთი წლის შემდეგ „ავსტრიელმა გაუდიმ“ დააპროექტა და სავაჭრო ცენტრად აქცია. აქ უამრავი თემატური სუვენირია შესაძენად.

ავტორი: ია გრიგალაშვილი