Menu
RSS

ახალი წლიდან შესაძლოა, ლომბარდები დაიხუროს?

რატომ აპროტესტებენ ლომბარდის მეპატრონეები ეროვნული ბანკის ახალ დებულებას და ემუქრებათ თუ არა ლომბარდების თანამშრომლებს უმუშევრობა

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ-ი) განმარტავენ, ეს დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად შევა ძალაში. დებულების მიზანი საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისებაა, რაც ხელს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს. სესხის გაცემის ახალი წესი, რომელიც 2018 წლის 15 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო, სებ-მა ჯერ შეაჩერა, ამის შემდეგ კი 2019 წლის 1 იანვრამდე გადაავადა, თუმცა ირკვევა, რომ სალომბარდე ბიზნესის წარმომადგენლები ახალი რეგულაციის კიდევ ორი წლით გადავადებასა და ლიბერალიზაციას ითხოვენ. არასაბანკო ფინანსურ ორგანიზაციათა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნებში ბევრი შეუსაბამობაა, რასაც ლომბარდები ვერ დააკმაყოფილებენ.

2019 წლის 1 იანვრიდან, სებ-ის ახალი დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისთვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის, მათ შორის, ლომბარდებისთვის. დებულების მთავარი პრინციპები უცვლელია, კერძოდ, მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების აუცილებლობა, რაც დოკუმენტის საფუძველს წარმოადგენს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ახალი რეგულირებით, სესხის გამცემებს პასუხისმგებლობა ექნებათ, შეამოწმონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და არ დააკისრონ მას ვალდებულების მომსახურების შესაძლებელზე მეტი ტვირთი, მათ შორის, სესხი და თავდებობა. 

 

მთავარი კითხვა, რაც ეროვნული ბანკის ახალ დებულებასთან დაკავშირებით მსესხებლებს აწუხებთ, ასეთია: რა იცვლება ამ რეგულაციით? სებ-ის განმარტებით, სესხის გაცემის მომენტში, სესხის გამცემს ეზღუდება ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის _ სესხის, ან სხვა ვალდებულების, მაგალითად, თავდებობის დაკისრება, ვიდრე ფიზიკურ პირს მისი გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს. დებულებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც, მაგალითად, სალომბარდე სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არაა, თუმცა ამ შემთხვევაში, ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით იფარგლება. 

მსესხებლები ინტერესდებიან, კრძალავს თუ არა ეროვნული ბანკის ახალი დებულება სალომბარდე სესხებს? ქვეყნის მთავარ ბანკში განმარტავენ, რომ სალომბარდე სესხები არ იკრძალება, თუმცა სესხის გამცემის მოთხოვნა მხოლოდ უზრუნველყოფაში წარმოდგენილი ქონებით შემოიფარგლება, რაც ნიშნავს, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, სალომბარდე სესხის პრობლემური გადახდის ან, სულაც, გადაუხდელობის შემთხვევაში, ლომბარდები მსესხებლების სხვა ქონებას ვეღარ დაისაკუთრებენ! 

როგორც უკვე ვთქვით, სალომბარდე ბიზნესის წარმომადგენლები სებ-ის ახალი დებულების ორი წლით გადავადებასა და მის ლიბერალიზაციას ითხოვენ. ნოემბრის დასაწყისში, არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციამ და მისმა წევრებმა ეროვნული ბანკის ოფისთან საპროტესტო აქციაც კი გამართეს. აქციის მონაწილეებს მაშინ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი შეხვდა. მართალია, აქციასთან დაკავშირებით სებ-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალი დებულება ჯერ 15 ნოემბრამდე შეჩერდა, შემდეგ კი 2019 წლის 1 იანვრამდე გადავადდა. არასაბანკო საფინანსო სექტორს, კონკრეტულად კი, სალომბარდე ბიზნესს საკუთარი მოთხოვნები არ შეუცვლია. 

 

რატომ აპროტესტებს სებ-ის ახალ დებულებას სალომბარდე ბიზნესი? რა არის მთავარი პრობლემა, რაც ლომბარდების მფლობელებს აწუხებთ? უმთავრესი პრობლემა ლომბარდის ფართთან დაკავშირებული საკითხია. ახალი რეგულაციის მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალის საოპერაციო ფართი არანაკლებ 20 კვ.მეტრი უნდა იყოს. არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია კი მის 15 კვ.მეტრამდე შემცირებას ითხოვს. ამ ნაწილში, ეროვნული ბანკი დათმობაზე წავიდა და დებულების ეს მოთხოვნა 15 კვ.მეტრამდე შეამცირა. მეტიც, სრულიად შესაძლებელია, რომ სავალუტო ოპერაციები და ლომბარდი ერთ სივრცეშიც კი განთავსდეს. 

კიდევ ერთი პრობლემა სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის პროცესია. ლომბარდის სარეგისტრაციო თანხა 10 000 ლარია. გარდა ამისა, 1 იანვრამდე, ნებისმიერმა სუბიექტმა, გამსესხებელმა, ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს საბუთები, რაც საკმაოდ დიდ ინფორმაციას მოიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2019 წლის 31 მარტიდან, ლომბარდებს სესხების ამოღებაც კი ეკრძალებათ! 

ახალი რეგულაციით, ლომბარდები ვალდებულები იქნებიან, რომ საგადასახადოსთან ერთად, გარკვეული სახის ინფორმაცია ეროვნულ ბანკშიც წარადგინონ. ლომბარდებს ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ „კრედიტ ინფოსთანაც“, თუმცა სებ-ის ახალი დებულებით, უცნობია, რა ფორმით უნდა ითანამშრომლონ ლომბარდებმა ,,კრედიტ ინფოსთან''. 

რაც მთავარია, თუ კომპანია სებ-ის ახალი დებულებით დაწესებულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, იძულებული გახდება, პორტფელი გაყიდოს! არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამგვარ პორტფელებს კომერციული ბანკები მიზერულ ფასად იყიდიან. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ბოლო დროს ბანკები, საცალო სალომბარდე დაკრედიტების მიმართულებით, საგრძნობლად გააქტიურდნენ და ამ ბაზარზე დემპინგურ ფასადაც კი ოპერირებენ! 

აქედან გამომდინარე, ლომბარდების მფლობელები შიშობენ, რომ სებ-ის ახალი დებულებით, ისინი ან დაიხურებიან, ან მათ პორტფელებს კომერციული ბანკები იაფად ჩაიგდებენ ხელში, ხოლო ლომბარდებში დასაქმებულები უმუშევართა მრავალრიცხოვან არმიას შეურთდებიან! საქართველოს მასშტაბით, საფინანსო ბაზარზე, ამჟამად 600-მდე ლომბარდი ოპერირებს, თითოეულ მათგანში, მინიმუმ, 4 ადამიანია დასაქმებული.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში