Menu
RSS

აუდიტმა ქეთევან ციხელაშვილის უწყებაში საბუღალტრო ხარვეზები აღმოაჩინა

რაში დაიხარჯა მთავრობის სარეზერვო ფინდიდან გამოყოფილი თანხები და რატომ არ ჩატარდა სახელმწიფო მინისტრის აპარატში ინვენტარიზაცია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აპარატის 2017 წლის ფინანსური მდგომარეობა შეისწავლა და გაირკვა, რომ ქეთევან ციხელაშვილის უწყებაში უხეში საბუღალტრო შეცდომები დაფიქსირდა. მეტიც, სხვა უწყებების მსგავსად, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები არამიზნობრივად გამოყვეს.

აპარატის შესახებ 

სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაცია; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი შთამომავლების ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; სამოქალაქო ინტეგრაციული პროცესების წარმართვა. 

სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი, სამი დეპარტამენტის უფროსი, მრჩევლები, რომლებიც უზრუნველყოფენ აპარატის დებულებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. 

2017 წლის განმავლობაში, აპარატს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან 601 644 ლარი გამოუყვეს, აქედან, „საქონელი და მომსახურების მუხლით“ _ 28 350 ლარი, „სუბსიდიების“ მუხლით _ 213 644 ლარი, „სოციალური ხარჯების“ მუხლით _ 138 000 ლარი, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით კი _ 221 650 ლარი. 

 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წელს, აპარატში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, რაც არსებულ რეგულაციებს არ შეესაბამება. მეტიც, სახელმწიფო აუდიტორებმა, ალტერნატიული პროცედურებითაც კი ვერ მიიღეს საკმარისი მტკიცებულება, რომ მაგალითად, ფორმა #1-ში, „სხვა მანქანა-დანადგარების“ საბალანსო ანგარიშზე დაფიქსირებული 46 709 ლარი, ხოლო საცნობარო მუხლებში ფიქსირებული 301 355 ლარის ნაშთი ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აპარატის 2017 წლის ბალანსში საწყის ნაშთად არასწორად იყო კლასიფიცირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამისათვის _ UNDP, გადასაცემად განკუთვნილი 37 452 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ეს 37 453 ლარი აპარატის ბალანსში, ,,მოკლევადიანი აქტივების'' ნაცვლად, „გრძელვადიან აქტივებად'' აღრიცხეს. 

შრომის ანაზღაურება 

როგორც წესი, ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს წლის განმავლობაში ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობას. ამის გამო, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული გადასახდელები, შესაძლოა, აუთვისებელი დარჩეს, ან მუხლს შიგნით, პრემიებისა და დანამატების გასაცემად გადანაწილდეს, რაც არ შეიძლება, მისაღებ პრაქტიკად ჩაითვალოს. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2017 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატში ფაქტობრივად დასაქმებულთა საშუალო წლიური რიცხოვნობა 26 თანამშრომლით შედგებოდა. შესაბამისად, 97 670 ლარის ეკონომია წარმოიქმნა, საიდანაც 36 890 ლარი _ პრემიის, ხოლო 60 670 ლარი დანამატის სახით გასცეს. 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს, მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად, შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში, სხვა დანამატები დაუწესოს. დანამატის გაცემისას უნდა დასაბუთდეს თითოეული მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო, ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა. 

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატში „დანამატები“ „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული მთლიანი ხარჯის 25%-ს შეადგენდა. დანამატებს, ყოველთვიური ბრძანების საფუძველზე, გარკვეულ თანამშრომლებს აძლევდნენ, რასაც აპარატში ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვით ხსნიან, თუმცა დამატებითი საზღაურის გაცემის დასაბუთება ანუ მოხსენებითი ბარათები აუდიტორებს ვერ წარუდგინეს, რადგან ეს ბრძანებები ზოგადი ხასიათის იყო და არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის მიიღო მოხელემ „დანამატი“. ამ ქვემუხლით გაწეული ხარჯი კი, ბალანსის მიხედვით, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს შინაარსს ატარებდა. 

არასწორი ხარჯები 

საბიუჯეტო კლასიფიკატორის მიხედვით, წარმომადგენლობით ხარჯებს მიეკუთვნება სტუმრების მიღებაზე გაწეული სუვენირების შეძენა/დამზადების ხარჯები. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ აპარატის მიერ, 2017 წელს, სხვადასხვა ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირზე, საჩუქრის სახით გადაცემული 5 602 ლარის ღირებულების აქტივები, არასწორად იყო კლასიფიცირებული „წარმომადგენლობითი ხარჯების“ ქვემუხლით. სინამდვილეში, ეს ხარჯები „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ ქვემუხლით უნდა გატარებულიყო: 

,,აღრიცხვის ინსტრუქციის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს ეკონომიკური მოვლენების ამსახველი დოკუმენტების წარმოების მექანიზმები და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. სახელმწიფო მინისტრის აპარატში, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას, ერთგვაროვანი მიდგომა დაცული არაა, ხარჯების ნაწილი გაწეულია მინისტრის შესაბამისი ბრძანების გარეშე. წარმომადგენლობითი ხარჯების საფუძვლად მომზადებული მოხსენებითი ბარათები, ხშირ შემთხვევაში, სრულად არ ასახავს მოწვეული სტუმრების ვინაობას, სტატუსს, რაოდენობას, გასაწევი ხარჯის სავარაუდო ოდენობას. შესაფერისი კონტროლის მექანიზმის არარსებობის გამო, შეზღუდულია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობა'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

კანონის თანახმად, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის რაციონალობისა და ეფექტიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად, ხარჯის გაწევამდე, ორგანიზაციამ სათანადო დაგეგმვის პროცედურები უნდა ჩაატაროს და წინასწარ განსაზღვროს, როგორც გასაწევი ხარჯიდან მისაღები შედეგი, ასევე ეკონომიკური სარგებელი. 

2017 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, 37 732 ლარით დააფინანსა პროექტი „დაჩაგრულები''. ამ პროექტით, 2017 წლის 28 აგვისტოსთვისთვის, 24-ტომიანი „კომიქსები“ უნდა შეექმნათ და დაებეჭდათ, რომელიც შუასაუკუნეების ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ასახავდა და ორ მოძმე ერს შორის შექმნილ ურთიერთობას მოაგვარებდა. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ხელშეკრულების პირობებში, კომიქსების ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, უფრო ზუსტად, განსაზღვრული არ იყო დაბეჭდილი კომიქსების ტირაჟი და გავრცელების პირობები. მიუხედავად იმისა, რომ კომიქსები შექმნეს, 2017 წლის განმავლობაში, არ დაუბეჭდავთ! მეტიც, მათი ბეჭდვის ხარჯი არც 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. შესაბამისად, 2017 წლის განმავლობაში, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 37 732 ლარი უშედეგოდ დახარჯა! 

ხარვეზები აქტივების მართვაში 

კანონის მიხედვით, აქტივების გადაცემისა და განკარგვის დოკუმენტაცია, ამ აქტივების მიზნობრივად განკარგვასა და მათ მაქსიმალურ დაცულობას უნდა უზრუნველყოფდეს. რაც მთავარია, სათანადოდ უნდა იყოს ასახული ინფორმაცია გადასაცემი აქტივების დანიშნულების, გამოყენების არეალისა და საბოლოო მიმღების შესახებ. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დოკუმენტაცია კონტროლის ქმედით მექანიზმებსაც უნდა შეიცავდეს. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2017 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ორი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ჯამური ღირებულებით _ 74 548 ლარი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამისთვის _ UNDP, მოსახლეობაზე გადასაცემად გამოყო. ხელშეკრულებების თანახმად, UNDP-ს ვალდებული იყო, ამ ტექნიკის მიღებიდან არაუმეტეს 15 დღის ვადაში, მოსახლეობისთვის გადაეცა, ხოლო გადაცემიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში, აპარატისთვის შესაბამისი ინფორმაცია წარედგინა, რაც არ განხორციელებულა! შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა, ამ ტექნიკის განკარგვით მიღებული შედეგების შესახებ, საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს! 

2011 წლიდან, „მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით“, აპარატის საბალანსო ნაშთზე, დანაკლისად ირიცხება 1 468 ლარი, რაც ,,ლეპტოპისა'' და მობილური ტელეფონის თანხას წარმოადგენს. თუმცა აუდიტორებმა დაადგინეს, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატს, დანაკლისის მიღების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული არავითარი ღონისძიება არ გაუტარებია! 

სარეზერვო ფონდები 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, სახსრები გამოიყოფა გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. 

2017 წელს, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატს, არაქართულენოვანი გაზეთების, მათ შორის, სომხურენოვანი „ვრასტანისა“ და აზერბაიჯანულენოვანი „გურჯისტანის“ დასაფინანსებლად, თითოეულისთვის 60 000 ლარის, ხოლო ჯამში 120 000 ლარის დაფინანსება გამოუყვეს. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2014 წლიდან, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეს გაზეთები სისტემატურად ფინანსდება, რაც გაუთვალისწინებელ გადასახდელებს არ წარმოადგენს! მეტიც, აუდიტორთა რეკომენდაციით, სავსებით შესაძლებელია, რომ სომხური და აზერბაიჯანული გაზეთები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში