Menu
RSS

რატომ არ მოსწონს ოპოზიციას და რა შენიშვნები აქვს თბილისის საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტთან

თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტები _ ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და ეკოლოგია

15 ნოემბერს, საკრებულოში თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად შევიდა. ბიუჯეტის პირველი ვარიანტის მიხედვით, მისი მოცულობა 871 631 510 ლარია. მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. რაც შეეხება პრიორიტეტებს, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე ძირითადი მიმართულების დაფინანსებას ითვალისწინებს, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენაზე 105 860 000 ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე _ 174 მილიონი ლარი.

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, დედაქალაქში მოცულობითი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება: კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე _ გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე, 10-მდე ხიდისა და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 

2019 წელს, კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტში 93 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ამ მხრივ მომდევნო წლის ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტული პროგრამაა შენარჩუნებული. 2019 წელს, განათლების დაფინანსებას 159 მილიონი ლარი მოხმარდება. რაც მთავარია, საბავშვო ბაღების დაფინანსება 36 მილიონი ლარით იზრდება და თბილისს 11 ახალი ბაღი შეემატება. 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯებიც იზრდება, თუმცა ამ ხარჯების მნიშვნელოვანი წილი _ 13 მილიონი ლარი ახალი ავტობუსების შესაძენად აღებული სესხის მომსახურებას მოხმარდება. იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლიც, რაც ბიუჯეტის პროექტში 86 მილიონი ლარით განისაზღვრა. 

ცნობილია, რომ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მხარს არ დაუჭერს. ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მომდევნო წლის ბიუჯეტი 45 მილიონი ლარითაა შემცირებული: 

„იმ პირობებში, როდესაც ლარი გაუფასურდა, გაიზარდა ფასები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, თბილისის მერია აპირებს, მომავალ წელს უფრო ნაკლები დახარჯოს გზების, ტრანსპორტის განვითარებასა და სხვადასხვა სოციალურ პროექტზე. ამავდროულად, მერიამ გადაწყვიტა, ხელფასები მოუმატოს საკუთარ თანამშრომლებს. იმის ნაცვლად, რომ შემოეჭირათ ქამრები, კვლავ და კვლავ ზრდიან ანაზღაურების მუხლებს''. 

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიიციის შენიშვნებს არ იზიარებს და ,,ვერსიასთან'' საუბრისას განმარტავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, არც დედაქალაქის მერის, არც მისი მოადგილეებისა და არც რომელიმე დეპარტამენტის უფროსის ხელფასი არ იზრდება, თუმცა გარკვეული შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან მასაც აქვს. 

,,ვერსიას'' თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ესაუბრა. 

_ ბატონო ირაკლი, კონკრეტულად რა შენიშვნებს შეიტანთ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში? 

_ როგორც იცით, 15 ნოემბერს, დედაქალაქის მერიამ საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი შემოიტანა. მისი მოცულობა, დაახლოებით, 872 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტია. სხვათა შორის, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით, განათლებასა და სოციალურ მიმართულებებზე გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რაზეც ოპოზიაციას ჰქონდა შენიშვნები, მინდა ავუხსნა, რომ აქ საუბარია სხვაობაზე, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი და სპეცტრანსფერების ხარჯზე იყო ასახული, ვგულისხმობ 45 მილიონი ლარის სხვაობას. ყველას, ოპოზიციასაც და საზოგადოებასაც ვეუბნებით, რომ ესაა 2019 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, მაგრამ როგორც კი გადამუშავებული ვარიანტი შემოვა, ცხადია, ის გაცილებით მეტი მოცულობის იქნება და უკვე დაზუსტდება, რა მოცულობისა და ოდენობის ტრანსფერს მივიღებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის განსაზღვრა ახლა ძალიან ძნელია, მაგრამ შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე წელს მოქმედი ბიუჯეტია. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, უფრო მეტი თანხა დაიხარჯება განათლების, ეკოლოგიისა და სოციალური მიმართულებებით. 

რაც შეეხება რეკომენდაციებს, საკრებულოში მოქმედი ათივე კომისიის რჩევები და შენიშვნები ჩვენი კომისიის გაფართოებულ სხდომაზე მივიღეთ, გავიაზრეთ, შევაჯერეთ და ერთობლივი სახე მივეცით. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ მერიამ, შესაძლებლობების ფარგლებში, უფასო სასადილოების დაფინანსებას გადახედოს და გაზარდოს. მეორე რეკომენდაციით, ვითხოვთ, რომ გადახედონ და ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, საბავშვო ბაღების პედაგოგ-აღმზრდელების ხელფასებიც გაზარდონ. გარდა ამისა, მერიას ვთხოვთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში, მოიძიოს და გაიზარდოს დაფინანსება თუნდაც იმ უბნებში, სადაც ყველაზე მეტადაა ამის საჭიროება. იმედი მაქვს, დედაქალაქის მერია ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. 

_ თბილისის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი საკრებულოში როდის შემოვა? 

_ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ 10 დეკემბერს უნდა შემოვიდეს. ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება, კონკრეტულად შევაფასოთ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც ახალ წლამდე დამტკიცდება. 

* * * 

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა. მან ოპოზიციას მოუწოდა, დამშვიდდეს და ნუ ინერვიულებს, რადგან მომდევნო წლის ბიუჯეტი იზრდება, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება. კალაძის განმარტებით, ბიუჯეტის წარდგენილი, პირველადი ვარიანტი 50 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე: 

„ჩვენ წარვადგინეთ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რასაც ოპოზიციის მხრიდან არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ეს არავის გვიკვირს. ჩვენ მიჩვეულები ვართ ყველაფერ ამას. მინდა, თბილისის ბიუჯეტის რამდენიმე, მნიშვნელოვანი პარამეტრი გაგაცნოთ: ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური მოცულობა 871 მილიონი ლარია, ამაში შედის, როგორც დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის შემოსავლები, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული, ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერის კომპონენტები. ეს ორივე კომპონენტი, 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2019 წლის ბიუჯეტში 50 მილიონი ლარით მეტია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის დაზუსტებული ბიუჯეტი 912 მილიონი ლარია! აქვე პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იმაზე მეტი იყოს დაფინანსება, ვიდრე მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტშია. ასე უფრო მეტად შევძლებთ, გაცილებით მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ დედაქალაქისთვის. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომაც გვაქვს, რათა იმაზე მეტი პროექტი განვახორციელოთ, ვიდრე წელს განხორციელდა''. 

კახა კალაძის განმარტებით, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 340 მილიონია გამოყოფილი, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები 21 მილიონი ლარით იზრდება და მთლიანობაში, 327 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 11 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის ხარჯებიც: 

,,მნიშვნელოვნად იზრდება ხარჯები ეკოლოგიური მიმართულებით. შესაბამისად, მიმდინარე წელთან შედარებით, 2019 წელს, ამ მხრივ, 5 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. ჩვენ სხვადასხვა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასაც ვგეგმავთ და ამას დროდადრო გაგაცნობთ. მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ. ყველაფერი მიდის სწორად, დაგეგმილად, მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, ვიდრე წელს განხორციელდა''.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში