Menu
RSS

იტალიურმა კომპანიამ „ნენსკრაჰესის“ პროექტი დატოვა

განახლდა თუ არა პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და რას გეგმავს „ნენსკრა ჰიდრო“

რამდენიმე კვირის წინ, „ნენსკრაჰესის“ პროექტიდან იტალიური სამშენებლო კომპანია „სალინი იმპრეჯილო“ (Salini Impregilo) გავიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არაა, რომ იტალიურმა კომპანიამ პროექტი სვანეთში, ჰესის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გამო დატოვა. პროექტიდან ,,სალინი იმპრეჯილოს'' გასვლის გამო, ,,ნენსკრაჰესის'' მშენებლობის პროცესი დროებით შეფერხდა. ახალი სამშენებლო კომპანია კი ახალი ტენდერის საშუალებით უნდა გამოვლინდეს. ,,ვერსია'' დაინტერესდა, რეალურად, რა მიზეზის გამო დატოვა იტალიურმა კომპანიამ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და გამოცხადდა თუ არა ახალი ტენდერი.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის _ ,,ნენსკრაჰესის'' მშენებლობას გულისხმობს. ამ პროექტს სს ,,ნენსკრა ჰიდრო'' ახორციელებს, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაცია _ K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად, 2015 წელს შეიქმნა. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ,,ნენსკრაჰესი'' საქართველოს ყოველწლიურად 1 200 გიგავატ საათი ელექტროენერგიით მოამარაგებს, რაც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. 

დარგის სპეციალისტების შეფასებით, ამჟამად ჩვენი ქვეყანა ზამთრის პერიოდში, განსაკუთრებით კი ნოემბერ-იანვარში, ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ პერიოდში მდინარეებში წყლის დონე იკლებს, ხოლო შიდა ენერგომოხმარება იზრდება. ამასთან, ყოველწლიურად მატულობს იმპორტირებული ელექტროენერგიის ოდენობაც. ამ პირობებში, ,,ნენსკრაჰესს'' ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან მისი მშენებლობის მიზანი, სწორედ არსებული პრობლემის აღმოფხვრაა. 

უფრო კონკრეტულად, ეს ჰესი შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც კი საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საგრძნობლად შეამცირებს ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობას. შესაბამისად, ქვეყნის დანახარჯები შემცირდება, რაც პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, არამედ, მთელი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ამასთან, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სვანეთის რეგიონის მნიშვნელობის ზრდას, მის გამოცოცხლებასა და სოციალურ განვითარებას. ეს პროცესები ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზეც დადებითად აისახება. 

რაც მთავარია, ,,ნენსკრაჰესის'' პროექტი, ე.წ. BOთ სქემით ხორციელდება, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში, საქართველოს საკუთრებაში მის უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო მისი მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. 

* * * 

რა მიზეზით დატოვა ,,სალინი იმპრეჯილომ'' ,,ნენსკრაჰესის'' პროექტი და ცნობილი ევროპული კომპანიის მიერ პროექტის დატოვება დააზიანებს თუ არა ქვეყნის იმიჯს? გამოცხადდა თუ არა ახალი ტენდერი, რათა პროექტში სხვა სამშენებლო კომპანია ჩაერთოს? _ ,,ვერსია'' ამ და სხვა კითხვებით სს ,,ნენსკრა ჰიდროს'' დაუკავშირდა, რომელიც ამ პროექტს კორეელ ინვესტორთან _ ,,ქეი ვოთარსთან'' ერთად ახორციელებს. 

_ რა მიზეზით დატოვა იტალიურმა სამშენებლო კომპანია „სალინი იმპრეჯილომ“ „ნენსკრაჰესის“ პროექტი? 

_ „სალინი იმპრეჯილოსთან“ არსებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. 

_ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის იტალიური კომპანიის მიერ დატოვება ქვეყნის იმიჯს ხომ არ დააზარალებს? 

_ არა! ზოგადად, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მსგავსი შემთხვევები იშვიათობა არაა. შესაძლოა, ქვეყნის იმიჯს გაცილებით უფრო დიდი ზარალი ინვესტორის _ კორეული კომპანია ,,ქეი ვოთარსის'' გასვლამ მიაყენოს, რაც ჩვენს შემთხვევაში, არც კი განიხილება, რადგან ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ახლაც გრძელდება. ნოემბერში მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, კერძოდ, დაწყებულია გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია სოფელ ჭუბერში, უახლოეს მომავალში კი მდინარე ნენსკრაზე, სამი ხიდის მშენებლობა დაიწყება. გარდა ამისა, სს „ნენსკრა ჰიდრო“ აქტიურად მუშაობს სოციალურ პროექტებზე, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნაზე ჭუბერისა და ნაკრას თემებში, რასაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად განვახორციელებთ. 

_ იტალიური კომპანიის გადაწყვეტილება სვანეთის მოსახლეობის საპროტესტო აქციებს ხომ არ უკავშირდება? ცნობილია, რომ ადგილობრივები ჰესის მშენებლობას ეწინააღმდგებიან. 

_ არა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, „სალინი იმპრეჯილოსთან“ არსებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით შეწყდა. 

_ გამოცხადდა თუ არა ტენდერი ახალი სამშენებლო კომპანიის გამოსავლენად? 

_ დიახ, ახალი ტენდერი ამა წლის 1 ნოემბერს უკვე გამოცხადდა. დეტალები შეგიძლიათ, ჩვენი კომპანიისა და EBRD-ის ვებ-გვერდებზე იხილოთ. 

_ მიმდინარე წლის აგვისტოში, ჭუბერის წყალდიდობის დროს რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას სტიქიასთან კავშირი არ ჰქონია და ამ თემაზე „ვერსიაშიც“ დეტალურად ვწერდით, თუმცა ამის მიუხედავად, სვანეთის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას მაინც აპროტესტებს. თქვენ რა საპასუხო არგუმენტები გაქვთ? 

_ ამ პროექტთან მიმართებაში, მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება ზოგადად, ჰესების მიმართ პროტესტს, თითოეულ მათგანს თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს, თუმცა რიგ შემთხვევებში, ისინი მართული აქციების შთაბეჭდილებას ტოვებენ!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში