Menu
RSS

„შავ სიაში“ მყოფ 600 ათას პირს მილიარდ 500 მილიონი ლარის დავალიანება გაუნულეს!

კონკრეტულად ვის ეხება მთავრობის მასშტაბური ინიციატივა, რატომ თქვა დავალიანების განულებაზე  „ვივუსმა“ უარი და როგორ უნდა გავიგოთ, გაგვინულდა თუ არა საბანკო ვალი

ე.წ. ,,შავ სიაში'' მყოფი 600 ათასი ადამიანის დავალიანებას მთლიანად ფონდი ,,ქართუ'' დაფარავს. ჭარბვალიანობის აღმოსაფხვრელი მთავრობის ახალი ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას 19 ნოემბერს ამცნო. 600 ათას ადამიანის დავალიანება მთლიანობაში, 1 მილიარდ 500 მილიონი ლარია. მიმდინარე წლის 15-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, ეს დავალიანება მთლიანად განულდება. მნიშვნელოვანია, რომ დავალიანების მქონე, 600 ათას, ადამიანიდან 150 ათასი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირია.

19 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელზეც საქართველოს მთავრობა კომერციულ ბანკებსა და ონლაინ-სასესხო კომპანიებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ასობით ათას ოჯახს მძიმე ტვირთს მოუხსნის. მისივე თქმით, ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე, სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია და ამის დასტურია გაერო-ს ბავშვთა ფონდის _ ,,იუნისეფის'' ბოლო კვლევა: 

,,ეს კვლევა პირდაპირ მიუთითებს ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადჰყოფს, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი ბევრი ქართული ოჯახისთვის საკმაოდ მძიმეა, რაც უარყოფით ასახვას ჰპოვებს ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე. წლების მანძილზე, ეს პრობლემა ბორკილებად ედო ჩვენს საზოგადოებას და დღეს თითქმის 700 000-ზე მეტი მოქალაქე, ე.წ. ,,შავ სიაში'' იმყოფება, რის გამოც, პრაქტიკულად, მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას. 

ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში მობრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ამაზე ვსაუბრობდი მეც ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში, ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც, საქართველოს პარლამენტში და შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე დავდეთ პირობა, რომ წლის ბოლომდე, ე.წ. ,,შავი სიის'' პრობლემის მოსაგვარებლად პრინციპულ ნაბიჯებს გადავდგამდით. 

მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. მოხარული ვარ, რომ საბანკო და არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა, ასევე, სესხების ამომღებმა ბიუროებმა ჩვენი პრინციპული პოზიცია გაიზიარეს, გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს''. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზაცია ვერ მოხდებოდა. 

მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ ,,შავ სიაში'' დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც 2 ათას ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში, შეადგენს, დაახლოებით, მილიარდნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, სწორედ ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე შედის. მიმდინარეობს მუშაობა მევალეთა რეესტრის ბაზებზე, ხოლო ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვლენ მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდებიან ახალ წელს. ამ 600 ათასი მოქალაქის ვალდებულების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად, ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით, უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ. ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი, ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ თავისი შემოსავლების უდიდეს ნაწილს, მოქალაქეები ვალების მომსახურებას არ ახმარდნენ და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი, ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას გავუტოლოთ. 

ჭარბვალიანობის აღმოფხვრა, სიღარიბის დამარცხების წინაპირობაა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს საშუალებას მისცემს, სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს უფრო ჯანსაღს. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა'', _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ე.წ. ,,შავ სიაში'' მოხვედრის გარდა, კიდევ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომლის დავალიანებაც 15-დან 31 დეკემბრამდე განულდება? საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ,,შავ სიაში'' მოხვედრილი 600 ათასი ადამიანი შემდეგი კრიტერიუმით შეირჩა: ვისაც ერთ წელზე მეტი, ხანდაზმული და გადაუხდელი ვალი აქვს, რომლის ძირი 2 ათას ლარს არ აღემატება. 

,,ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს, მამუკა ბახტაძემ რამდენჯერმე წამოჭრა ჭარბვალიანობის პრობლემა, რადგან ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი და მნიშვნელოვანი საკითხია სიღარიბის კონტრიბუციაში. დაახლოებით, 700 000-მდე პირი იყო ე.წ. ,,შავ სიაში'' და ეს შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედია, რომლებიც გამოთიშულნი იყვნენ ეკონომიკური ცხოვრებიდან. მეტიც, მათ არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ, სამსახური მოეძებნათ. ვალის ეს ბორკილი ამ ხალხს ხელს უშლიდა, ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულიყვნენ. ამ მდგომარეობამდე კი უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ მიგვიყვანა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ტიპის საფინანსო ინსტიტუტი, ძალიან იოლად, შეუმოწმებლად გასცემდა კრედიტებს, იყო დიდი ჯარიმები, დიდი პროცენტი და ბევრი ადამიანი ვერ იხდიდა. პრემიერ-მინისტრობის დროს მამუკა ბახტაძემ არაერთხელ თქვა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო. რომ არა ფონდი ,,ქართუ'', ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით'', _ განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მისი თქმით, ონლაინ-სესხების კომპანია ,,ვივუსის'' კლიენტებს, რომლებიც ,,შავ სიაში'' არიან, მთავრობის ეს ინიციატივა არ შეეხება. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამ პროგრამაში ჩართვა თავად ,,ვივუსმა'' არ ისურვა: ,,ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ,,ვივუსმა'' უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. შესაბამისად, დავალიანების ჩამოწერა ამ კომპანიის კლიენტებს არ შეეხება“. 

,,ვერსია'' შეეცადა, გაერკვია, რა მიზეზით განაცხადა უარი მიკროსაფინანსო კომპანია ,,ვივუსმა'', რომლის 100%-იან წილს ლატვიური შპს ,,4 ფინანსი'' ფლობს, თუმცა ,,ვივუსის'' დირექტორმა, ლაშა ბზარაშვილმა ჩვენს ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. 19 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში კი ,,ვივუსის'' განცხადება გავრცელდა: 

,,დაახლოებით, ორი კვირის წინ, მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ, სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღოთ. გასული კვირის დასაწყისში, პორტფელის ნაწილზე, ელექტრონული ფოსტით, კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ჩვენი წინადადება, რომელიც ჩვენი აზრით, სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ, ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში, ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე“. 

მთავრობის ახალი ინიციატივა ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვად შეაფასა ქვეყანაში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, თუმცა ტელეკომპანია ,,პირველის'' ეთერში ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ამომრჩეველთა მოსყიდვა ვუწოდოთ ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ: 

,,ვინც აპელირებს, რომ ეს გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვაა, დააკვირდით და ნახეთ, ბოლო ორი-სამი კვირის მანძილზე, რამდენიმე დაპირება ,,გამოაცხვეს'' ჩვენმა ოპონენტებმა. თუ ერთი წლის მანძილზე ჩვენ ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე და არაერთხელ დავპირდით მოსახლეობას, რომ მას 2018 წლის შემოდგომაზე გადავჭრიდით, ეს რატომაა მოსყიდვა, ვერ მივხვდი! გარდა ამისა, დავალიანება განულდება 15 დეკემბრიდან, წლის ბოლომდე ანუ რეალურად, ეს ტრანზაქცია განხორციელდება არჩევნების შემდეგ! გარდა ამისა, დაანონსებული იყო, რომ ეს პრობლემა, სწორედ მიმდინარე წლის შემოდგომაზე გადაიჭრებოდა. რაც მთავარია, ასეთ მასშტაბურ გადაწყვეტილებას ერთ კვირაში ნამდვილად ვერ მივიღებდით!'' 

რასაკვირველია, გადაწყვეტილების მიღებას, რაც 600 ათასი მოქალაქის 1 მილიარდ 500-მილიონიანი დავალიანების განულებას ეხება, მინიმუმ, რამდენიმე თვე სჭირდებოდა. ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკაში მობრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ განცხადებაში ჭარბვალიანობის პრობლემა ახსენა და არც ისაა საკამათო, რომ ამ პრობლემაზე მუშაობა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო, თუმცა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელსა და ცალკეულ ექსპერტებს შორის უკმაყოფილება მაინც მოჰყვა. 

მიზეზი ისაა, რომ სხვადასხვა სახის სესხის მქონე პატიოსანი გადამხდელები ხელისუფლების ამ თითქოს ჰუმანური აქტით დაიჩაგრნენ. სინამდვილეში, არც ამ ადამიანებს ულხინთ და ლამის კაბალურ პროცენტში აღებული სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხები მათაც მძიმე ტვირთად აწევთ, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი პატიოსნად, თვეში ერთხელ იხდიან სესხის გადასახადს და ცდილობენ, არ ,,გაშავდნენ''. რა დააშავეს ამ ადამიანებმა? სამწუხაროდ, დავალიანების განულებით, ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას პოპულიზმის ელფერი დაჰკრავს. რეალურად, ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება, თუ მთავრობის (და აქ ეროვნული ბანკიც იგულისხმება) გადაწყვეტილებით, სესხებზე არსებულ, მართლაც, კაბალურ საპროცენტო განაკვეთებს დასწევენ, ხოლო ბანკები და სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მხოლოდ იმ პირებზე გასცემენ სესხებს, რომლებიც დასაქმებულები არიან, საკმარისი შემოსავალი აქვთ და სესხის მომსახურებაც შეუძლიათ. 

რაც მთავარია, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ერთგვარი მოტივაციაა, რათა ნებისმიერი პატიოსანი გადამხდელი მოხვდეს ,,შავ სიაში'', მით უმეტეს, რომ წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია. სხვათა შორის, ხელისუფლების ეს ,,საკრედიტო ამნისტია'' გარკვეულ რისკსაც შეიცავს, რადგან იმ იმედით, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ კიდევ ერთხელ გაუნულებენ დავალიანებას, მოქალაქეები სესხებზე არსებულ გადასახადებს აღარ გადაიხდიან! ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ასე არ მოხდება: 

„უპასუხისმგებლო დაკრედიტება იყო, არ ხდებოდა ადამიანების შემოსავლების შემოწმება. ამის ნაცვლად, დრაკონულად დიდ ჯარიმებსა და პროცენტებს არიცხავდნენ. ახალი საბანკო რეგულაციები (რაც 15 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა შეაჩერა, _ ავტ.) 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ეხება. ამიერიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები _ ასეთი სესხების აღებას! შესაბამისად, სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ ყველაფერს, ხოლო ამის შემდეგ, პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს, როგორც საფინანსო ინსტიტუტებმა, ისე _ მსესხებლებმა. ეს ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხს არ გადაიხდით, რადგან ამას არავინ წაახალისებს. ეს არის ერთჯერადი აქტი, რომელიც მიბმულია იმასთან, რომ თამაშის წესები იცვლება. სამომავლოდ, თუ ვინმე, ე.წ. ,,შავ სიაში'' მოხვდება, არ ნიშნავს, რომ მის მაგივრად გადაიხდიან დავალიანებას!'' 

ყველაფერ ამაზე საინტერესო მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას. ტელეკომპანია ,,პირველის'' ეთერში პაპავამ აღნიშნა, რომ იმ 600 ათას ადამიანს, რომელსაც 15-დან 31 დეკემბრამდე დავალიანებას ჩამოაწერენ, სასურველი იქნება, მინიმუმ, სამი წლის მანძილზე, არცერთმა კომერციულმა ბანკმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ სესხი აღარ მისცეს. 

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნება, სადაც მოქალაქეები შეძლებენ შეამოწმონ, ჩამოეწერათ თუ არა საბანკო დავალიანებები. ვებ-გვერდი მზად 3 დეკემბერს იქნება. ივანე მაჭავარიანმა არ დააკონკრეტა, როგორ და რა პრინციპით გადაიხდის ფონდი ,,ქართუ'' 1 მილიარდ 500 მილიონი ლარის დავალიანებას, მაგრამ განაცხადა, რომ ეს საკითხი ,,ქართუს'', კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების დროს შეჯერდა, რაც კომერციული საიდუმლოა. 

როგორც ჩანს, 1 მილიარდ 500 მილიონი ლარის დავალიანების პორტფელი ფონდმა ,,ქართუმ'' ბანკებისა და ონლაინ-სასესხო კომპანიებისგან გაცილებით ნაკლებ ფასად ,,იყიდა''. პრინციპში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა 19 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ფონდი ,,ქართუს'' გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა დავალიანების ჩამოწერა ასე განმარტა: 

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საინტერესო ინიციატივა გამოაცხადა, რომელზეც ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. რაც შეეხება ფონდის მომავალი წლის ბიუჯეტს, ამ ეტაპზე, ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს მოგახსენებთ''.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში