Menu
RSS

არჩევნების მეორე ტური 21 მილიონ ლარზე მეტი გვიჯდება!

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. შარშან, როდესაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კონკრეტული თანხა გაითვალისწინეს, ცხადია, ვერავინ გათვლიდა, რომ მეორე ტურიც გაიმართებოდა. შესაბამისად, ,,ვერსია'' დაინტერესდა, როგორ, რა მექანიზმით, ან რა თანხა უნდა გამოყოს სახელმწიფომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად?

 

ზოგადად, არჩევნების ჩასატარებლად თანხის გამოყოფის მექანიზმსა და პროცედურებს ,,საარჩევნო კოდექსის შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლი არეგულირებს, რომელიც არჩევნების ან რეფერენდუმისთვის საჭირო ფულად სახსრებს ეხება: 

,,ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ცესკო-ს მიერ, მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, უზრუნველყოფს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკო-ს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე; საარჩევნო კომისიების მიერ, არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს ცესკო; კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა, ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე; საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა, წყვეტს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ყოველგვარ ანგარიშსწორებას და 10 დღის ვადაში, სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს ჩარიცხავს. ამ ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში, საოლქო საარჩევნო კომისია ცესკო-ს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს''. 

,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის'' 53-ე მუხლი საერთო არჩევნებს ეხება და მასში მეორე ტურის შესახებ არაფერია ნათქვამი. საინტერესოა, როგორ და რა მექანიზმით უნდა გამოყოს სახელმწიფომ არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო თანხა? ,,ვერსიას'' საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბუსკივაძე ესაუბრა: 

,,საარჩევნო კოდექსის 53-ე მუხლი თანხის გამოყოფის პროცედურას საერთო არჩევნებისთვის აღწერს, სადაც მეორე ტურის შემთხვევა დაკონკრეტებული არაა, თუმცა მეორე ტურის შემთხვევაშიც ამავე ნორმით ვხელმძღვანელობთ, რადგან ფაქტობრივად, ჩვენთვის მეორე ტურიც ისეთივე ტიპის არჩევნებია, როგორც საერთო არჩევნები, ან საერთო არჩევნების პირველი ტური. შესაბამისად, ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის'' 53-ე მუხლით ვხელმძღვანელობთ, რაც გულისხმობს, რომ ცესკო დაფინანსების გეგმას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეს უკანასკნელი კი, ცესკო-ს შესაბამის საბიუჯეტო კოდზე გარკვეული ასიგნების გამოყოფას უზრუნველყოფს''. 

ოთარ ბუსკივაძემ ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასაფინანსებლად ცესკო-მ ფინანსთა სამინისტროს უკვე მიმართა. არჩევნების მეორე ტურის ბიუჯეტი ცესკო-ს 2018 წლის 14 ნოემბრის #54 დადგენილებით დამტკიცდა. შესაბამისად, ამ დადგენილების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრომ ცესკო-ს უკვე გამოუყო 10 583 022 ლარი. აქედან შრომის ანაზღაურებაზე 7 121 568 ლარი დაიხარჯება, საქონელსა და მომსახურებაზე _ 1 480 004 ლარი, სხვა ხარჯებზე კი _ 1 981 450 ლარი. 

არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის, ფინანსთა სამინისტრომ შესაბამის საბიუჯეტო კოდზე 10 034 752 ლარი გაითვალისწინა, საიდანაც შრომის ანაზღაურება _ 7 056 768 ლარით, საქონელი და მომსახურება _ 1 377 804 ლარით, ხოლო სხვა ხარჯები _ 1 600 000 ლარით დაფინანსდა. 

არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადების სპეციალურ, საბიუჯეტო კოდზე ფინანსთა სამინისტრომ 167 000 ლარი ჩარიცხა, აქედან შრომის ანაზღაურების მუხლით _ 64 800 ლარი, საქონელი და მომსახურების მუხლით 102 200 ლარია გათვალისწინებული; არჩევნების მეორე ტურში, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დასაფინანსებლად 381 450 ლარია გამოყოფილი. 

სახელმწიფო ბიუჯეტში ცესკო-ს სპეციალურ, საბიუჯეტო კოდზე 10 583 022 ლარია ჩარიცხული, ამას არჩევნების ჩატარების ღონისძიებების კოდზე მითითებული _ 10 034 752 ლარი, არჩევნების მოხელეთა მომზადება-გადამზადების კოდზე არსებული _ 167 000 ლარი და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დასაფინანსებლად ჩარიცხული 381 450 ლარიც რომ დავუმატოთ, ჯამში, 21 166 044 ლარს მივიღებთ. ეს სწორედ ის თანხაა, რაც სახელმწიფოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაუჯდება. 

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს, ოთარ ბუსკივაძემ ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ პირველი ტურის ბიუჯეტი ცესკო-ს 2018 წლის 10 აგვისტოს #41 დადგენილებით დამტკიცდა. ამის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრომ ცესკო-ს 42 667 518 ლარი გამოუყო. აქედან შრომის ანაზღაურების მუხლით _ 20 326 517 ლარი, საქონელი და მომსახურების მუხლით _ 9 408 277 ლარი, სხვა ხარჯების მუხლით კი 12 007 724 ლარი დაიხარჯა. 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის, ფინანსთა სამინისტრომ 32 127 177 ლარი გამოყო. აქედან ხარჯებისთვის _ 31 202 177 ლარი, შრომის ანაზღაურებისთვის _ 19 968 700 ლარი, საქონელი და მომსახურებისთვის _ 8 525 477 ლარი, სხვა ხარჯების მუხლით კი 2 658 000 ლარი იყო გათვალისწინებული. 

არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადების მუხლით, ფინანსთა სამინისტრომ პირველ ტურში 1 190 617 ლარი გამოყო. აქედან შრომის ანაზღაურების მუხლით _ 357 817 ლარი, საქონელი და მომსახურების მუხლით 832 800 ლარი დაიხარჯა. 

საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების მუხლზე 2 111 674 ლარი დაიხარჯა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებაზე _ 7 238 050 ლარი. 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ცესკო-ს საბიუჯეტო კოდზე 32 127 177 ლარი ჩაირიცხა, არჩევნების ჩატარების ღონისძიებების კოდზე _ 32 127 177 ლარი, მოხელეთა მომზადება-გადამზადების კოდზე _ 1 190 617 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზო რეკლამებისთვის _ 2 111 674 ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დასაფინანსებლად _ 7 238 050 ლარი. ამ ციფრების დაჯამებით, 85 335 036 ლარს ვიღებთ და ეს სწორედ ის თანხაა, რაც სახელმწიფოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დაუჯდა.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში