Menu
RSS

რა ხდება თამბაქოს ადგილობრივ ბაზარზე

ქართული კომპანიების გაკოტრების რა სქემა შეიმუშავეს ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა?

რა ხდება თამბაქოს ადგილობრივ ბაზარზე? ქართული კომპანიების გაკოტრების რა სქემა აქვთ შემუშავებული ტრანსნაციონალურ კომპანიებს? მფარველობენ თუ არა ექს-პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ექს-ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი თამბაქოს მსხვილ, საერთაშორისოკომპანიებს? რა შავი პიარი აგორდა ცალკეულ მედია-საშუალებებში უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტების დაბეგვრის ერთიან რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებით? რას ითხოვენ ადგილობრივი მეწარმეები, როგორ აფასებენ თამბაქოს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ეკონომიკის ექსპერტები და რა პასუხი აქვს ამ პრობლემაზე ხელისუფლებას?

თამბაქოს ბაზარი 

2018 წლის თებერვალში, „ვერსიაში“ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც თამბაქოს ბაზარზე არსებული სიტუაცია დეტალურად მიმოვიხილეთ. ვწერდით, რომ ბაზარზე, ოთხი ძირითადი მოთამაშეა: „ფილიპ მორისი“, რომელსაც საქართველოში 2015 წლის ბოლომდე, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის „ომეგა ჯგუფი“ წარმოადგენდა („პარლამენტი“, „მარლბორო“, „ფილიპ მორისი“, „ჩესტერფილდი“, „ბონდი“); „ჯაპან თობაქო ინტერნეშენალი“, რომელსაც საქართველოში ელიზბარაშვილების კუთვნილი კომპანია „ელიზი“ წარმოადგენს („სობრანიე“, „ვინსტონი“, „ქემელი“, „მაგნა“); „ბრითიშ-ამერიქან თობაქო“, რომელსაც საკუთარი წარმომადგენლობა საქართველოშიც აქვს, მაგრამ ამავდროულად, კომპანია „თ ენდ რ დისტრიბუშენიც“ მისი წარმომადგენელია („კენტი“, „როტმანსი“, „პალმალი“, „ვაისროი“, „ვოგი“) და „იმპერიალ თობაქო“ („დავიდოვი“, „ვესტი“, „გალუაზი“). 

„თ ენდ რ დისტრიბუშენი“, აქამდე ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სახელთან ასოცირდებოდა, თუმცა ამ კომპანიის 100%-იან წილს ექს-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მეგობარი, რაფიელ სურამელაშვილი ფლობს. წლების მანძილზე, „თ ენდ რ დისტრიბუშენის“ 70%-იანი წილი _ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას, ხოლო 30% _ რაფიელ სურამელაშვილის საკუთრებაში იყო, სურამელაშვილი კი ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორად გვევლინებოდა. ერთი წლის წინანდელი ფინანსური ტრანზაქციის შედეგად, ჭყონიამ საკუთარი წილი პარტნიორს დაუთმო და საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, „თ ენდ რ დისტრიბუშენის“ 100%-იანი წილი, კვირიკაშვილის მეგობრის, რაფიელ სურამელაშვილის საკუთრებაში გადავიდა, რომელიც ამავდროულად, კომპანიის გენერალური დირექტორია... 

დემპინგი თამბაქოს ბაზარზე 

საინფორმაციო პორტალ FOR.GE-ზე, თამბაქოს ქართული კომპანიების გაკოტრების სქემა გამოქვეყნდა, რომელსაც ტრანსნაციონალური კომპანიები მიმართავენ და რაც მთელ მსოფლიოში, იდენტურია. ამ სქემის მიხედვით, ტრანსნაციონალური კომპანიები განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე დემპინგური ფასებით შედიან და ადგილობრივ კონკურენტებს ბაზრიდან აძევებენ. ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა ადგილობრივ ბაზარზე იერიში 2014 წლიდან მიიტანეს და ეს, თამბაქოს ქართულ კომპანიებს მაშინვე დაეტყო _ ზოგი მათგანი, ლამის გაკოტრების პირას მივიდა და ბიუჯეტში შენატანებმაც კატასტროფულად იკლო. 2017 წლიდან, „თბილისის თამბაქომ“ ახალი კომერციული სტრატეგია აირჩია და უფილტრო სიგარეტის წარმოება გაზარდა, რითაც შეეცადა, წარმოება განადგურებისგან ეხსნა და უფილტრო სიგარეტი გამოუშვა. გაყიდვაში, ცალკე გამოვიდა ფილტრიც. ვინაიდან ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი დაბეგვრის სხვადასხვა რეჟიმშია მოქცეული (უფილტრო თითქმის 3-ჯერ ნაკლებად იბეგრება), ამან ქარხანას ამოსუნთქვის საშუალება მისცა. 

პარალელურად, სასამართლო დავა ზაზა ოქუაშვილის „ომეგასა“ და „ბრითიშ-ამერიქან თობაქოს“ შორის მიმდინარეობდა. „ვერსიაში“ ვწერდით, რომ „ომეგა“ კონკურენტებს დემპინგში სდებდა ბრალს, რის გამოც კომპანიას 100 მილიონის ზარალი მიადგა. საქალაქო სასამართლოში „ომეგას“ სარჩელი დააკმაყოფილეს, სააპელაციო სასამართლომ „ბრითიშ-ამერიქან თობაქოს“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო უზენაესმა სასამართლომ დაუსაბუთებელი არგუმენტების გამო, საქმე წარმოებაში არც კი მიიღო. ამის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბრითიშ-ამერიქან თობაქოს“ ფარულად, საქართველოს ექს-პრემიერი Gგიორგი კვირიკაშვილი ლობირებდა, რადგან რაფიელ სურამელაშვილი მისი მეგობარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კვირიკაშვილთან მეგობრობის გამო, ჭყონია იძულებული გახდა, მისი კუთვნილი წილი პრემიერის მეგობრისთვის დაეთმო. 

სტატიის მომზადების დროს, „ვერსია“ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას დაუკავშირდა და სცადა, გაერკვია, რატომ გაყიდა კუთვნილი, 70%-იანი წილი „თ ენდ რ დისტრიბუშენში“. თემურ ჭყონიამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი და ცილისწამება უწოდა, ხოლო რაც შეეხება წილის გაყიდვას, გვიპასუხა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურდა. 

კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის ფაქტორი 

ადგილობრივი წარმოების დემპინგით „ჩაკვლა“, ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაა. სწორედ ამ დარღვევის გამო, Philip Morris International-ს, ადგილობრივ მწარმოებლებთან სასამართლო გარჩევებიც ჰქონდა, მაგრამ FOR.GE-ს ინფორმაციით, აქ მთავარი ის იყო, რომ კვირიკაშვილის მთავრობის პერიოდში, ყველაზე მსხვილი ადგილობრივი წარმოებები მუდმივ შევიწროებას განიცდიდნენ. მსხვილ „ზვიგენებს“ მაშინდელი პრემიერი და მისი კაბინეტის ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ლობირებდნენ, რაც სამთავრობო კულუარებში, არაერთხელ გახდა განხილვის საგანი. მართალია, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი მთავრობაში აღარ არიან, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება დღემდე არ შეცვლილა _ ტრანსნაციონალურ კომპნიებს ლობისტები დღემდე შემორჩათ მთავრობაში. მედიაში აქტიურად მიმდინარეობს განხილვა თემაზე, რომ ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი, ფილტრიანი სიგარეტის დაბეგვრის რეჟიმში მოექცეს და ამასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსში სპეციალური ცვლილება შევიდეს. თემამ უკვე მიიღო ერთგვარი კამპანიის სახე, რომლის უკან, აშკარად, ექს-ფინანსთა მინისტრის ხელი იგრძნობა. 

FOR.GE-ს ინფორმაციით, მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის მომხრე კვირიკაშვილს, ქართული წარმოების განვითარება დიდად არ აინტერესებდა. ბიზნეს-წრეებში ამიტომაც საუბრობენ აქტიურად, რომ სწორედ მაშინდელი ეკონომიკისა და მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აგვარებდა ტრანსნაციონალური კომპანიების „პრობლემებს“. საგულისხმოა, რომ რამდენიმე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიაზაცია, ამ პოლიტიკას ღიად უჭერდა მხარს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“, ბაზარზე დემპინგური პროდუქციის გასაღების გამო, ქართული კომპანიის სასარგებლოდ დაჯარიმებულ ტრანსნაციონალურ კომპანიას მხარდაჭერა გამოუცხადა და სასამართლოს გადაწყვეტილება საჯაროდ გააპროტესტა. 

ცნობილია, რომ სწორედ თამბაქოს ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის გარკვეული დაპირისპირებაც არსებობდა, მაგრამ კვირიკაშვილის მთავრობა ამ საკითხში პრინციპულობას იჩენდა. 

რაფიელ სურამელაშვილის ,,სინდრომი'' 

„ვერსიასთან“ ინტერვიუში, რომელიც 2018 წლის თებერვალში, თამბაქოს ბაზრის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთი ნაწილი იყო, „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ლევან აღდგომელაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ხელისუფლების ხელშეწყობით, „თ ენდ რ დისტრიბუშენს“ მინიმუმ, 50 მილიონის ქონება „ჩამოკიდეს კისერზე“, რადგან ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თემურ ჭყონიასგან კომპანიის 70%-იანი წილი, 200 000 ლარად იყიდა! გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ ინტერვიუდან: 

_ ბატონო ლევან, რატომ უნდა გაეყიდა თემურ ჭყონიას მისი კუთვნილი 70%-იანი წილი „თ ენდ რ დისტრიბუშენში“? 

_ 2017 წლის თებერვალში, როდესაც საქალაქო სასამართლომ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო, ორ-სამ დღეში, ჭყონიამ განაცხადა, რომ მზადაა, დაახლოებით, 20 მილიონის ინვესტიცია ჩაედო, რათა „ბრითიშ-ამერიქან თობაქოს“ ნატახტარში თამბაქოს ქარხანა აეშენებინა. თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ პროცესი შეჩერდა, მაგრამ არ განმარტა, რატომ და სწორედ ამის შემდეგ გაყიდა კუთვნილი წილი. 2017 წლის 22 მაისს, რაფიელ სურამელაშვილმა, რომელიც ამავე კომპანიაში 30%-იან წილს ფლობდა, ჭყონიასგან 70% იყიდა. ჭყონიამ რომ გაყიდა, გასაგებია, ამხელა ვალდებულება ჰქონდა კომპანიას და მოიშორა, მაგრამ რაფიელ სურამელაშვილი, რომელსაც იგივე კომპანიაში 30% ჰქონდა და მასაც ამ წილის მოშორებაზე უნდა ეფიქრა, რატომ გახდა 100%-იანი წილის მფლობელი? რა გარანტიების სანაცვლოდ იყიდა ეს წილი 200 000 ლარად? მხოლოდ ის ვიცი, რომ რაფიელ სურამელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მეგობარია. პრემიერი აცხადებს, რომ თურმე, შანტაჟს ვუწყობთ! 

_ თქვენსავე ლოგიკას ვაგრძელებ, კვირიკაშვილის მეგობარ სურამელაშვილს რატომ უნდა ეყიდა 70%-იანი წილი კომპანიაში, რომელსაც 50 მილიონის ვალდებულება ჰქონდა გასასტუმრებელი? 

_ ზუსტად ამაშია საქმე და ესაა საეჭვო! როგორც ჩანს, სურამელაშვილს გარანტია ჰქონდა, რომ თუ „თ ენდ რ დისტრიბუშენის“ 70%-საც იყიდდა, სააპელაციო სასამართლოში ეს პროცესი ძალიან კარგად დასრულდებოდა და ასეც მოხდა! 

ამის შემდეგ, „ვერსია“ „ბრითიშ-ამერიქან თობაქოს“ კორპორატიულ დირექტორს, ზვიად სხვიტარიძესაც დაუკავ

შირდა. ეს ინტერვიუც იმავე სტატიის ერთ-ერთი ნაწილი იყო და ამ შემთხვევაშიც, მცირე ამონარიდით შემოვიფარგლოთ: 

_ ბატონო ზვიად, შესაძლოა, ამ კითხვის პირდაპირი ადრესატი არ ხართ, მაგრამ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბრითიშ-ამერიქან თობაქოს“ დისტრიბუტორ კომპანიაში „თ ენდ რ დისტრიბუშენ“, რაფიელ სურამელაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მეგობარია, ამავე კომპანიაში თემურ ჭყონიასგან 70%-იანი წილი იყიდა. რა იცით ამ ტრანზაქციის შესახებ? 

_ დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს დისტრიბუტორ კომპანია „თ ენდ რ დისტრიბუშენს“, საერთო არაფერი აქვს სასამართლო დავასთან. ესაა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი და ყურით მოთრეული ფაქტები, რადგან როგორ შეიძლება დააკავშირო სადისტრიბუციო კომპანიის ჩვეულებრივი, ფინანსური ტრანზაქციები მსოფლიოში ცნობილ, საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობასთან? 

_ თქვენი ოპონენტების არგუმენტი ისაა, რომ ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებს, რადგან კვირიკაშვილის მეგობარმა რაფიელ სურამელაშვილმა, აიძულა ჭყონია, რომ 70%-იანი წილი დაეთმო. 

_ სრული აბსურდია მათი არგუმენტი და რა უნდა გიპასუხოთ! ჩვენ ვართ მსოფლიოში უდიდესი კომპანია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ზოგადად, რა ზეწოლაზეა საუბარი, არ მესმის. დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ბრალდებაა, რომ თითქოს ზეწოლა განახორციელა მთავრობამ. პრობლემა რომ მართლაც არსებობდეს ანუ კონკრეტული ფაქტი იყოს, რომ ჩვენ ზიანი მივაყენეთ „ომეგას“, რაც რეალურ ციფრებში იქნებოდა გამოსახული, ცხადია, ამ თეორიულ „დაშენებებს“ მთავრობის ზეწოლასთან დაკავშირებით, ასე თუ ისე, გავიგებდი და შესაძლოა, ლოგიკურადაც ჩამეთვალა. თუმცა გიმეორებთ, არავითარი ზიანი არ არსებობს, ის 100 მილიონიც მათივე მოგონილი ციფრია, პრობლემა თვითონვე მოიგონეს და ახლა უკვე ტელევიზიასაც ფარად იყენებენ, თითქოს ხელისუფლება მედიას და ბიზნესს ავიწროებს! არ მესმის, „თ ენდ რ დისტრიბუშენის“ ჩვეულებრივ ფინანსურ ტრანზაქციას რა კავშირი აქვს „ბრითიშ-ამერიქან თობაქოსა“ და „ომეგას“ დავასთან? ეს ყველაფერი ხელისუფლებასთან იმიტომ დააკავშირეს, რომ ჩვენთვის ჩირქი მოეცხოთ, თითქოს საერთაშორისო კომპანიის უკან მთავრობა დგას, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს... რაც მთავარია, „თ ენდ რ დისტრიბუშენ“ ჩვენი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაგრამ სრულიად დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტია. შესაბამისად, „ბრითიშ-ამერიქან თობაქო“ ამ კომპანიის საქმიანობაში არ ჩარეულა და არც ახლა ერევა. 

ქართველი მეწარმეები უკონკურენტო გარემოში 

2018 წლის 9 ნოემბერს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქოს“ გენერალური დირექტორი, ზვიად მუკბანიანი მედიაში, ქართული წარმოების წინააღმდეგ აგორებულ „შავ პიარზე“ საუბრობს. „რეზონანსის“ კითხვაზე, რამდენად შეესაბამება რეალობას, თითქოს უფილტრო სიგარეტის წარმოებით ქარხანა კანონის გვერდის ავლით, ბიუჯეტს 26 მილიონს უმალავს, მუკბანიანი პასუხობს: 

_ სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქო“ არანაირ კანონს არ არღვევს. საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის სრული დაცვით ვაწარმოებთ ჩვენს პროდუქციას... რაც შეეხება პრესაში აგორებულ, ჩემთვის გაურკვეველ და გაუგებარ კამპანიას, აბსოლუტურად მოკლებულია სიმართლეს. დავიწყოთ იქიდან, რომ არავინ არავის არაფერს არ ჩუქნის. ჩვენ ჩვეულებრივად ვაწარმოებთ და რეალიზაციას ვუკეთებთ უფილტრო სიგარეტს, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით არ იკრძალება და არ იზღუდება. მომხმარებელს, ამ სიგარეტის გარდა, ცალკე შეუძლია შეიძინოს აქსექსუარები ამ კონკრეტული პროდუქციის მოსახმარებლად. მაგალითად, ფილტრი, სანთებელა, მუნდშტუკი და სხვადასხვა სახის აქსექსუარი, რომლის რეალიზაცია არანაირი კანონდარღვევით არ ხდება... 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი კომპანია სრულად იცავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და აბსოლუტურად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნურად, სხვადასხვა მედიასაშუალებაში, ამ კონკრეტული პროდუქტის ირგვლივ აგორდა. ჩვენ ვართ მეწარმეები, რომლებიც ვცდილობთ, ურთულეს საკონკურენციო გარემოში, ქართული წარმოება გადავარჩინოთ, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის დასაქმება და ბიუჯეტში ფულის გადახდა. 

რაც შეეხება ტრანსნაციონალურ კომპანიებს, აბსოლუტურად გეთანხმებით, მსგავსი ტაქტიკა მათთვის ჩვეულებრივი ამბავია. 2014 წლის ბოლოდან მოყოლებული, ისინი თვითღირებულებაზე ბევრად უფრო იაფად ახდენდნენ თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციას, რითაც, სხვათა შორის, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ერთ-ერთ მთავარ მუხლს უხეშად არღვევდნენ. თუმცა ეს მათი ტაქტიკაა _ „ინვესტორებს“ ამოფარებული მანტიებით შემოდიან ქვეყანაში, ადგილობრივ წარმოებას ანადგურებენ იმისათვის, რომ ბაზარი მთლიანად დაიკავონ და შემდეგ, როდესაც აღარ იქნება კონკურენტი ადგილობრივი მეწარმე, თავისთავად, ფასსაც გაზრდიან და ათმაგად ამოიღებენ იმ მოგებას, რასაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ წაგებით გაეყიდათ. ეს ცნობილი ტაქტიკაა. 

ექსპერტების შეფასებით 

ეკონომისტ ლევან კალანდაძის განმარტებით, ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მოსაპოვებლად, სხვადასხვანაირი ხერხები არსებობს და ერთ-ერთი ასეთი, სწორედ დემპინგია: „შეიძლება, დაისვას მარტივი შეკითხვა: მომხმარებელს პროდუქციას, ან მომსახურებას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რატომ აწვდი? იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას ძლიერი ფინანსური ზურგი და, გრძელვადიან პერსპექტივაში, გარკვეულ ფინანსურ დანაკარგებზე წასვლის შესაძლებლობა აქვს, ურჩევნია, მოკლევადიან პერსპექტივაში წააგოს და ფინანსები დაკარგოს, ამით კონკურენტები „მოკლას“ და ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა მოიპოვოს, შემდეგ კი, კონკურენციის არარსებობის პირობებში, ფასის აწევაში ხელს აღარავინ შეუშლის და აქედან გამომდინარე, მოკლევადიან ზარალს გრძელვადიანი მოგებით ჩაანაცვლებს. ეს, თავისთავად, გარკვეული საბაზრო წესების დარღვევაა“. 

ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ერთიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, არასდროს, არცერთ ხელისუფლებას ჰქონია, მაგრამ შესანიშნავად ლობირებდა დიდ ბიზნესს: „როდესაც შენ, ხელისუფლება, ლობირებას უწევ იმპორტიორებს, ქვეყნის ეკონომიკის 80% ჩამოკიდებულია იმპორტზე, ამ დროს იგნორირებული გყავს შენი ბიზნესი, რას მიიღებ შედეგად? ის, რაც გაკეთდა, ვგულისხმობ პროექტს „აწარმოე საქართველოში“, ეპიზოდური პროექტებია _ ან ხედვა არ გააჩნდათ, ან შეგნებულად გაუწიეს იმპორტს ლობირება და ამიტომ მივიღეთ ასეთი ვითარება“. 

ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის შეფასებით, შეიძლება ვისაუბროთ ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირებაზეც, მაგრამ გასათვალისწინებელია არსებული რეალობაც _ საერთაშორისო ეკონომიკის კონიუნქტურა, რომელიც რეგიონშია. ვაჟა ბერიძის განმარტებით, საქართველო მჭიდროდაა დაკავშირებული ამ ეკონომიკასთან და ამდენად, შეუძლებელია დამოუკიდებელი ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა: „თამბაქოს წარმოებას რაც შეეხება, აქ ძალიან ძნელია ტრანსნაციონალურ კომპა-ნიებთან ბრძოლა, მათ შეუძლიათ დემპინგის მეშვეობით ნებისმიერი ადგილობრივი კომპანია გააკოტრონ და შემდეგ ამოიღონ მოგების დანაკარგი“. 

ხელისუფლების პოზიცია 

გეგმავს თუ არა ხელისუფლება უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის დაბეგვრის ერთიან რეჟიმში მოქცევას? „ვერსიას“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ესაუბრება. 

_ ბატონო რომან, ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ გვაქვს, მაგრამ თავისუფალი ბაზრის დაცვის მექანიზმები სხვადასხვა კანონებშია გაწერილი. პარალელურად, ტრანსნაციონალური კომპანიები ადგილობრივ წარმოებას ზღუდავენ, რა შეიძლება დაუპირისპირდეს მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს? 

_ ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ, ეს კანონი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ შემოიღო. თუმცა ეს დამცავი მექანიზმი, არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს კონკურენციას! ეს გამოგონილი მითია, რადგან ყველა ქვეყანას, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანდებოდა, ანტიდემპინგური კანონმდებლობა ჰქონდა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ გააუქმა, ვინაიდან ევროკავშირში ლიბერალური ბიზნეს-გარემოა, მაგრამ ბაზრის დამცავი მექანიზმებიც აქვს. ეს ნიშნავს, რომ დამცავი მექანიზმების გარეშე, არავითარი თავისუფალი ბაზარი არ არსებობს! თუ გავაკეთებთ ასეთ ბაზარს, მაშინ საზოგადოებას ისიც უნდა ვუთხრათ, რა ტიპის შედეგები დადგება, რადგან მხოლოდ მშპ-ს ზრდა და წარმოების განვითარება ამ საზოგადოების მიზანი არაა. 

ამ საზოგადოების მიზანია იმ ეთნო-კულტურული გარემოს შენარჩუნებაც, რომელშიც ვცხოვრობთ. არ შეიძლება, რომ ეკონომიკა მხოლოდ მშპ-ს ზრდითა და განვითარების პროცენტით განვიხილოთ. პირობითად, ისეთი პროექტებიც შეგვიძლია განვახორციელოთ, რომლითაც ხუთ წელიწადში, ეკონომიკას გავაორმაგებთ, მაგრამ შესაძლოა, მოსახლეობა ერთნახევარჯერ შემცირდეს, ამიტომ ყველაფერი ერთ მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. აქედან გამომდინარე, ანტიდემპინგურ კანონმდებლობას აქვს თავისი გამოწვევებიც, რაც ერთი მხრივ, ინვესტორების განწყობასთანაა დაკავშირებული, მეორე მხრივ _ ჩვენი მეწარმეების რეალურ პრობლემებთან. 

ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არაკეთილსინდისიერად, ოღონდ კანონის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, უცხოელ ინვესტორს დისკომფორტი შევუქმნათ, ეს დისკომფორტი რაში გამოიხატება? ხომ შეიძლება, მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაგრამ თუ ადგილობრივი მეწარმე სიმართლეს ამბობს, მაშინ იმის გამო, რომ ვიღაცას დისკომფორტი არ შეექმნას, მოკვდეს ადგილობრივი წარმოება და განადგურდეს, რათა თავისუფალი ბაზრის სახელი შევინარჩუნოთ?! ვფიქრობ, ეს არასწორია. ის, რომ კანონის აღსრულებაში პრობლემები გვაქვს, სულ სხვა თემაა. 

_ ანტიდემპინგური კანონი არ გვჭირდება, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ბაზრის დაცვის მექანიზმები ამოქმედდება, მაგრამ თუ კონკრეტული ფაქტი არსებობს, რომ ტრანსნაციონალური კომპანიები ადგილობრივ წარმოებას ზღუდავენ, ამგვარი ქეისები სასამართლომ უნდა განიხილოს? 

_ რა თქმა უნდა, აბა, პირდაპირ ტერორზე ხომ არ წავალთ? გარდა ამისა, კვალიფიკაციის დაგროვებას, არის თუ არა დემპინგი ამა თუ იმ ბაზარზე, ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, როდესაც შედარებით ლიბერალურ ბიზნეს-გარემოში მოგვიწევს შესვლა, ამგვარი კვალიფიკაცია სად უნდა დაგროვდეს? ვფიქრობ, ეს იმ კომპანიებმა უნდა განახორციელონ, რომლებიც პირობითად, ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ამა თუ იმ პროდუქტთან მიმართებაში, დემპინგის შესაძლო არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა კვლევებს დადებენ. 

_ აპირებს თუ არა ხელისუფლება უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის დაბეგვრის ერთიან რეჟიმში მოქცევას? 

_ ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ამ ეტაპზე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება იგეგმება, ამიტომაც ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში