Menu
RSS

„ეს ისეთი ჭაობია, საიდანაც ამოსვლა შეუძლებელია!“ _ ლარის ვარდნა ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგია?!

რატომ უნდა შეწყვიტოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემა _ თემურ ბასილიას შეფასებები

 

ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში, მცირედით გამყარდა _ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.71 ლარია, თუმცა აგვისტო-სექტემბერში ლარის კურსი მკვეთრად გაუარესდა და წინა კვირას, 2.75-მდე დაეცა. პარალელურად, გაძვირდა საწვავი და პირველადი მოხმარების პროდუქტები _ კვერცხი, ზეთი, შაქარი. წინა კვირასვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის დასკვნაც გავრცელდა, რომლითაც საქართველოში სავალუტო რეზერვები შემცირდა. ოქტომბერში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 3 მილიარდ 152 მილიონი აშშ დოლარი იყო, რასაც თვის ბოლომდე კიდევ 57 მილიონი აშშ დოლარი მოაკლდა. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ წინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. მართალია, საპრეზიდენტო არჩევნებში ფულის ის მოცულობა არ იხარჯება, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიურად აისახება, მაგრამ ნოემბერ-დეკემბრის ცნობილი სეზონური ინფლაციაც გველის. რატომ დაეცა ლარის კურსი იმ დროს, როდესაც ამის ობიექტური საფუძვლები არ არსებობდა? _ ,,ვერსიას'' ეკონომიკის ექსპერტი თემურ ბასილია ესაუბრა, რომელსაც აშშ-ში, შკყპე-თი დავუკავშირდით.

_ ბატონო თემურ, ლარი მცირედით გამყარდა და გაცვლითი კურსი, აშშ დოლართან მიმართებაში, ოფიციალურად, 2.71-ია, მაგრამ ეროვნული ვალუტის გაუარესება აგვისტოდან დაიწყო, პიკს კი ნოემბრის დასაწყისში მიაღწია. რამ გამოიწვია ლარის მკვეთრი გაუარესება? 

_ ობიექტურად რომ შევაფასოთ, ლარის კურსის ცვალებადობის საფუძველი არ არსებობს. მაკროეკონომიკური გარემო საკმაოდ სტაბილურია, ეკონომიკური ზრდაც არის. სასურველია, უფრო მეტი იყოს, მაგრამ რაც არის, საკმაოდ ნორმალურია. ამდენად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გაუარესების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს. არც მეზობელ სახელმწიფოებში, იგივე თურქეთსა და რუსეთშია ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო, თუმცა საკმაოდ სერიოზული პრობლემა არსებობს, რაზეც, მინიმუმ, ხუთი წელია, ვსაუბრობ და ეს საბანკო სისტემაში არსებული პრობლემაა. მთავარი პრობლემა კომერციულ ბანკებშია, რომლებსაც საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ, რათა მიმდინარე ვალდებულებები დაფარონ. ამიტომ ისინი ეროვნული ბანკიდან იღებდნენ ე.წ. რეფინანსირების სესხებს... 

_ რატომ ,,ეგრეთ წოდებული''? 

_ იმიტომ, რომ სინამდვილეში, ეს სულაც არაა რეფინანსირების სესხი. რეფინანსირების სესხს ეროვნული ბანკი ერთკვირიანი ვადით გასცემს, თუ ბანკს შემთხვევით, ან გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, პრობლემა აქვს და კლიენტების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ეხმარება და ერთი კვირის განმავლობაში ეს თანხა უკან ბრუნდება, თუმცა რეალურად, რაც ბოლო წლებში ხდება, რეფინანსირების სესხები არაა. ობიექტურობი რომ ვიყოთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს პროცესი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, დაახლოებით, 5-6 წლის წინ, ეროვნული ბანკის ძველი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო. როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეიცვალა, თავდაპირველად ახალმა პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მკვეთრად შეამცირა რეფინანსირების სესხების გაცემა. მან შეძლო და პირველი ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ სტაბილური და ნორმალური მდგომარეობა ჩამოაყალიბა საფინანსო ბაზარზე, თუმცა ამის შემდეგ, როგორც ჩანს, სერიოზული ზეწოლა იყო ეროვნულ ბანკზე, რასაც ვერ გაუძლო და ისევ გაგრძელდა რეფინანსირების სესხების გაცემა. მაშინაც აღვნიშნავდი და ახლაც ვიმეორებ, რომ თუ ბანკებს დახმარება სჭირდებათ, დავეხმაროთ გრძელვადიანი, სპეციალური, ბანკების გაჯანსაღების პროგრამის საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში, ბანკებს საშუალებას მისცემს, რომ ფეხზე მყარად დადგენენ და, მეორეს მხრივ, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაც უზრუნველყონ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა, რის გამოც, დაახლოებით, ერთი წლის წინ, კრიტიკულ სიტუაციამდე მივედით. ბანკებს აღარ ჰყოფნით ეროვნული ბანკისგან მიღებული რეფინანსირების სესხები, რაც 1.5-დან 1.7-მდე მილიარდი ლარის ფარგლებში ტრიალებს. 

_ თქვენი აზრით, რა მიზნით გასცემს ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებს, რა არის ამის საფუძველი? 

_ რეალურად, ბანკებში ისეთი ლამაზი სიტუაცია არაა, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ. თუკი კომერციული ბანკების შენობებში შეხვალთ, შესაძლოა, იქ მიმზიდველი გარემო დაგხვდეთ, საბუღალტრო დოკუმენტებშიც ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რეალური სიტუაცია სხვაა _ მათი მდგომარეობა ისეთი სტაბილური და მყარი არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდს. თუ კარგად ჩავიხედავთ ბანკების ფინანსურ ანგარიშებში, ვნახავთ, რომ საკმაოდ სერიოზული ვალდებულებები აქვთ აღებული და არა ერთი შეცდომა აქვთ დაშვებული. არ ვამბობ, რომ ეს პრობლემა დღეს დაიწყო, ბანკებს 2008 წელსაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ, მაგრამ თუ ვინმემ ,,იხეირა'' აგვისტოს ომის შედეგად, ეს კომერციული ბანკები იყვნენ, რომლებმაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი 4 მილიარდიდან 1 მილიარდი საქართველოს მთავრობისგან უსასყიდლოდ მიიღეს. როგორც ჩანს, ამან კომერციული ბანკები გადაარჩინა, მაგრამ ისინი ამ ე.წ. ,,ნარკოტიკზე'' შეჯდნენ და სერიოზულად აღარ ზრუნავენ, რათა საბაზრო ფასით მოიზიდონ ფინანსური აქტივები. ეს იყო მათ მიერ დაშვებული შეცდომებისა და არასწორად გადადგმული ნაბიჯების შედეგი. ბანკების წინააღმდეგი კი არ ვარ, პირიქით, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი კომერციულ ბანკებს, მაგრამ ე.წ. ,,ნარკოტიკებზე'' შესმა დახმარება არ არის, პირიქით, ისეთ ჭაობში ჩათრევაა, საიდანაც შესაძლოა, ვეღარ ამოვიდნენ. ამიტომაცაა აუცილებელი ფინანსურ დოკუმენტაციაში კარგად ჩახედვა და ბანკებისთვის რეალური დახმარების გაწევა. ახლა იმდენად რთული სიტუაციაა, რომ ის თანხა, რასაც ბანკები ეროვნული ბანკისგან იღებდნენ, დაახლოებით, მილიარდ 700 ათას ლარს, საკმარისი აღარაა. ამიტომ ერთი წლის წინ, ბანკებმა უკვე ფინანსთა სამინისტროსგან დაიწყეს თანხების მოთხოვნა. შედეგად, დაახლოებით, მილიარდ 700 ათასი ლარის სესხი მისცა სამინისტრომ ბანკებს. 

_ რაში სჭირდებათ კომერციულ ბანკებს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ფული? 

_ არ აქვთ სამოძრაო თანხა, რათა საკუთარი ვალდებულებები დაფარონ. ამ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებზე ვსაუბრობ, მაგრამ აქცენტს ე.წ. დომინანტ ბანკებზე ვაკეთებ. 

_ სხვათა შორის, ეს დომინანტი ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-ლისტინგში არიან წარმოდგენილნი და იქ ივაჭრებიან... 

_ ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს! ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს თავისი აქტივები და აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, შეუძლია, საფონდო ბირჟაზე ივაჭროს. 

_ ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსის გაუარესება სპეკულაციური ფაქტორების ბრალია და ექსპერტებსაც მოუწოდა, თავი შეიკაონ პროგნოზებისგან... 

_ უკაცრავად, მაგრამ 100 წელი არ მაინტერესებს, რას აცხადებს ეროვნული ბანკი და რას მოუწოდებს ექსპერტებს. მე იმას ვიტყვი, რასაც სწორად ვთვლი, ასე ვცხოვრობდი ყოველთვის და ახლაც ასე ვცხოვრობ. ამიტომ არ მაინტერესებს, ვიღაცის უპასუხისმგებლო ქმედებას ავყვე და არაკომპეტენტური რჩევების გამო, გავჩერდე. ერთადერთი, რასაც ეროვნულ ბანკს ვურჩევ, წაიკითხოს დაწყებითი ეკონომიკის სახელმძღვანელოები, სადაც წერია, რა ახდენს გავლენას ინფლაციასა და ვალუტის გაცვლით კურსზე. დარწმუნებული ვარ, წაკითხული აქვთ, რადგან არაკომპეტენტურობას ვერ დავაბრალებთ, ზოგიერთ მათგანს ვიცნობ კიდეც, თუმცა როგორც ჩანს, არის გარემო, რაც ამ ხალხს აიძულებს, ტყუილი ილაპარაკოს. ტყუილია ის, რომ ფულის მასა და ფულის მიწოდება არ ახდენს გავლენას ინფლაციასა და ვალუტის გაცვლითYკურსზე. ტყუილია ის, რომ გაცვლითი კურსი და ინფლაცია ერთმანეთთან დაკავშირებული არაა. როდესაც ასეთ არასერიოზულ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, რაც ეკონომიკის ფაკულტეტის ნებისმიერმა სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომელიც დაწყებით კურსს სწავლობს, ფაქტია, სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ! 

_ ბატონო თემურ, ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ინფლაციასა და ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე და არა _ ლარის კურსზე, რომელსაც მცურავი რეჟიმი აქვს. შესაბამისად, მცირე რყევების დროს ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ვერ ჩაერევა. 

_ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს თავისუფალი რეჟიმი, ლარის მცურავი გაცვლითი კურსი. ცხადია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეროვნული ბანკი არ უნდა ჩაერიოს და ამაზე არაა საუბარი. ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას აბსოლუტურად ვეთანხმები და სწორია მისი პოზიცია, მაგრამ რა არის ყოველდღიური ცხოვრება და რა _ მკვეთრი ვარდნა? როდესაც 10%-იანი დევალვაციაა, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. იმის თქმა, 10%-იანი დევალვაცია მე არ მეხებაო, აბსოლუტური უპასუხისმგებლობა და კანონების არცოდნაა! ჩაიხედონ საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ ფინანსურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია! ასევე, წაიკითხონ ეკონომიკის ფაკულტეტის დაწყებითი კურსიც, სადაც განმარტებულია, რა არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ინფლაციასაც ითვალისწინებს, გაცვლით კურსსაც და საბანკო სისტემის სტაბილურობასაც! ვინც იცის, რას ნიშნავს ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, კარგად იცის, რომ ამ პოლიტიკაზე პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ბანკი! მისთვის ეს პასუხისმგებლობა არავის მოუხსნია, თვითონ მოუხსნა საკუთარ თავს და უნდა, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ეს მისი ფუნქცია არაა. არადა, სწორედ მისი ფუნქცია და პასუხისმგებლობაა! 

_ სსფ-ს მისიის დასკვნით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ოქტომბერში მკვეთრად შემცირდა, ლარის კურსზე ამანაც ხომ არ იქონია გავლენა? 

_ არა! მაგალითად, 15-20 წლის წინ, საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა რამდენიმე მილიარდიანი სავალუტო რეზერვები, მხოლოდ 300 მილიონი დოლარის რეზერვი ჰქონდა, თუმცა გარკვეულწილად, ფინანსური სტაბილურობა არსებობდა. ცხადია, ყველამ იცის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამი თვის საგრეო ვაჭრობის ოდენობის რეზერვი. სავალუტო ფონდმა დააფიქსირა ფაქტი, რომ უცხოური რეზერვები შემცირდა და მოდით, ვნახოთ, რატომ? _ ამის მიზეზი ისაა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. 3 მილიარდი ლარი არასწორად, ყოველგვარი ეკონომიკური დასაბუთების გარეშეა მიმოქცევაშია გაშვებული, რის გამოც ლარისა და დოლარის თანაფარდობა დაირღვა. ეროვნული ბანკი გასცემს რეფინანსირების სესხებს და პირობითად, რამდენიმე დღის შემდეგ, თვითონვე ყიდულობს კომერციული ბანკებისგან გაზრდილი პროცენტით! პრაქტიკულად, ეროვნული ბანკი ზარალზე მიდის, რათა კომერციულმა ბანკებმა მოგება მიიღონ. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ამას ძალიან სერიოზული პრობლემები მოჰყვება. ვშიშობ, სულ მალე საბანკო სისტემას ხაზინიდან გამოყოფილი თანხებიც აღარ ეყოფა! სამწუხაროდ, ეს ისეთი ჭაობია, საიდანაც ამოსვლა შეუძლებელია, ადრე თუ გვიან გასკდება და იგივე მოხდება, რაც საბერძნეთში, ან ისლანდიაში მოხდა. თუ ხელისუფლებამ ძალიან მკეთრი, რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ დაიწყო საბანკო სისტემის გასაუმჯობესებლად და მის დასახმარებლად, გამორიცხული არაა, ჩვენთანაც საბერძნეთის დეფოლტის სცენარი განმეორდეს. 

_ ამ მძიმე სიტუაციას საპრეზიდენტო არჩევნებიც დაემატა. ლარის კურსზე გავლენა შესაძლოა, პოლიტიკურ ფულსაც მოეხდინა? 

_ უკაცრავად, მაგრამ საქართველოში არჩევნების დროს მილიარდ ნახევარი ლარი ვერაფრით დაიხარჯება. დავუშვათ, მთლიანობაში, 10-15 მილიონი ლარი დაიხარჯა, მეტი ნამდვილად არ დაიხარჯებოდა, მაგრამ რატომ გვავიწყდება, რომ ეროვნულმა ბანკმა მილიარდ 700 ათასი ლარი გასცა რეფინანსირების სესხების სახით? თუ ეროვნული ბანკი ამტკიცებს, რომ ფულის მიწოდება და ფულის მასის ოდენობის ცვლილება კურსზე გავლენას არ ახდენს ანუ თუ ეროვნული ბანკის ლოგიკით, მილიარდ 700 ათას ლარს არ აქვს გავლენა, ამ 15 მილიონს რატომ ექნებოდა? რაც მთავარია, ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს საზოგადოებაში. ობიექტურად რომ ვთქ¬ვათ, ქვეყნის მთავარმა ბანკმა ეს ნდობა დაკარგა. არადა, ნოდარ ჯავახიშვილისა და ირაკლი მანაგაძის დროს, ფაქტია, ეროვნული ბანკი საკმაოდ ძლიერი ინსტიტუცია იყო, რომელსაც ნდობა ჰქონდა არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტებში, არამედ, მოსახლეობაშიც. ხმამაღლა უნდა თქვან, რა არის პრობლემა და ამის შემდეგ, ბევრად უფრო გაადვილდება მისი გადაჭრა. ნდობა უნდა აღდგეს, რისთვისაც სიმართლის თქმაა საჭირო. 

_ ერთი კვირის წინ, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდით, სადაც შტატის გუბერნატორის გარდა, ხაზინის ხელმძღვანელი, რომელიც ჩვენი გაგებით, ფინანსთა მინისტრია, პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციის უფროსიც აირჩიეთ. თქვენვე დაგესესხებით, როდესაც ბრძანეთ, რომ სწორედ ესაა დემოკრატიის ფუნდამენტი, როცა ხაზინის ხელმძღვანელი, პოლიციის უფროსი, პროკურორი და მოსამართლე კონკრეტული ჩინოვნიკის მიმართ კი არა, ამომრჩევლის წინაშეა პასუხისმგებელი. ფიქრობთ, რომ ამგვარი მოდელი შესაძლებელია, საქართველოშიც არსებობდეს? 

_ მერილენდის შტატში ვცხოვრობ, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანია. მერილენდის შტატი ტერიტორიითაც და მოსახლეობის რაოდენობითაც ცოტა უფრო დიდია, ვიდრე საქართველო. აქ ირჩევენ შტატის გუბერნატორსა და ვიცე-გუბერნატორს, შტატის დონეზე ირჩევენ ხაზინის უფროსს, ჩვენთან ამ ფუნქციას ფინანსთა მინისტრი ასრულებს. ეს იმიტომ, რომ მათი გაგებით, ხაზინის უფროსი არის ადამიანი, რომელმაც უნდა განკარგოს ამ ხალხის გადახდილი გადასახადებით აკრეფილი ფული. მოსახლეობა თვლის, ეს იმდენად სერიოზული თემაა, რომ მისმა არჩეულმა გუბერნატორმა კი არ უნდა დანიშნოს ხაზინის ხელმძღვანელი, ხალხმა უნდა აირჩიოს. ეს ადამიანი მხოლოდ გუბერნატორთან, შტატის სენატსა და კონგრესთან კი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, სადაც შეიძლება, პოლიტიკური ფაქტორებიც მოქმედებდეს, არამედ _ ხალხთანაც, რომელმაც აირჩია. ხალხი ირჩევს პოლიციის უფროსს, მოსამართლეებსა და პროკურორებს. მანამდე შიდაპარტიული პრაიმერები იმართება, სადაც საუკეთესო კანდიდატებს ირჩევენ. აღსანიშნავია, რომ უპარტიო ადამიანებსაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა. წარმოიდგინეთ, საქართველოში ასეთი სქემა რომ არსებობდეს, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ორწლიანი გამოსაცდელი ვადით, დანიშნოს მოსამართლეები, მაგრამ ორი წლის შემდეგ, მოქალაქეებში ჩაატარონ გამოკითხვა, კმაყოფილები არიან თუ არა ამ მოსამართლეების საქმიანობით ანუ ორი წლის შემდეგ, მოსამართლეებმა ხალხის ნდობის მანდატი უნდა მოიპოვონ. ასეთი სქემის პირობებში, საქართველოს სასამართლო სისტემა, მართლაც, დამოუკიდებელი იქნება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში